ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფხიზლობა სიმდიდრის გამო ხორცს განლევს და მასზე ზრუნვა ძილს აფრთხობს. |
||
2 | ფხიზელი ზრუნვა რულს განაგდებს და მძიმე სნეულებას ძილი მიაქვს. | ||
3 | დაშვრება მდიდარი დოვლათის მოხვეჭაში და განსვენების ჟამს გულსაც მოიჯერებს ნაჭირნახულევით. | ||
4 | დაშვრება ღატაკი ცხოვრების სიდუხჭირეში და განსვენების ჟამსაც ღატაკად დარჩება. | ||
5 | ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი. | ||
6 | მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა. | ||
7 | იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით. | ||
8 | ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს. | ||
9 | ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში. | ||
10 | ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მისთვის საამაყო. ვინ იყო, რომ შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა? ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა? | ||
11 | მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებებს გამოაცხადებს საკრებულო. | ||
12 | მდიდრულ სუფრას მიუჯექი? ნუ დააღებ პირს და ნუ იტყვი: რა უხვი სუფრააო. | ||
13 | გახსოვდეს, რომ ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს. | ||
14 | საითკენაც გაიხედავს, ხელს ნუ გაიწოდებ, და ლანგარზე ნუ შეეხლები მეზობლის ხელს. | ||
15 | მახლობელზე საკუთარი თავის მიხედვით იმსჯელე და ყოველ საქმეს დაუფიქრდი. | ||
16 |
როგორც კაცმა, ისე შეჭამე, რაც წინ გიწყვია და ნუ იცოხნები, რომ არ შეგიძაგონ. |
||
17 | პირველმა შეწყვიტე ჭამა ზრდილობის გამო და გაუმაძღარი ნუ იქნები, რომ არასოდეს ჩავარდე საცთურში. | ||
18 | თუ მრავალთა შორის დაჯდები, ხელს პირველი ნუ გაიწოდებ. | ||
19 | კარგად აღზრდილი კაცი მცირედსაც იკმარებს და საწოლზე ქშენას არ მოჰყვება. | ||
20 | ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს. | ||
21 | სასმელ-საჭმელი თუ დაგამძიმებს, სუფრიდან ადექი და შეისვენე. | ||
22 | მისმინე, შვილო, და ნუ უგულებელმყოფ მე და ბოლოს დააფასებ ჩემს სიტყვებს. ყველა შენს საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი ისინი არ შეგეყრება. | ||
23 | პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა. | ||
24 | პურადძვირზე ქალაქი დრტვინვას დაიწყებს და მტკიცება მისი სიავისა სწორია. | ||
25 | ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს. | ||
26 | ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში. | ||
27 | კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა. | ||
28 | გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო. | ||
29 | სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში. | ||
30 | სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს. | ||
31 | ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ. |