1 |
მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს
წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება,
|
|
|
2 |
ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა
ნართაულობას ჩაწვდება; |
|
|
3 |
გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს
გამოიცნობს; |
|
|
4 |
დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე
წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს
სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის; |
|
|
5 |
თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც
შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და
ცოდვათა მიტევება შესთხოვოს. |
|
|
6 |
თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით,
გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს. |
|
|
7 |
კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და
შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს. |
|
|
8 |
წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის
აღთქმის რჯულით იამაყებს. |
|
|
9 |
მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ
უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში
იცოცხლებს. |
|
|
10 |
მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო. |
|
|
11 |
სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და
როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის. |
|
|
12 |
კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას. |
|
|
13 |
ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით.
|
|
|
14 |
და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით,
როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით
უფალი აკურთხეთ. |
|
|
15 |
მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას
ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე
წარმოთქვით: |
|
|
16 |
ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი
ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე
თავის დროზე გაირკვევა. |
|
|
17 |
მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან
თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი. |
|
|
18 |
მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის
ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა. |
|
|
19 |
მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი
თვალებისთვის დაფარული. |
|
|
20 |
ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია
მისთვის საკვირველი. |
|
|
21 |
არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან
ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა. |
|
|
22 |
კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით
არწყულებს ხმელეთს. |
|
|
23 |
მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც,
როცა წყლები მლაშობად აქცია. |
|
|
24 |
ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი
შემაბრკოლებელი. |
|
|
25 |
დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო
ცოდვილთათვის - ბოროტება. |
|
|
26 |
ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და
ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი,
ზეთი და სამოსელი - |
|
|
27 |
ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა.
|
|
|
28 |
არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ
ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი
შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. |
|
|
29 |
ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს
შურისგებადაა შექმნილი. |
|
|
30 |
მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი
შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად. |
|
|
31 |
მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან
მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა. |
|
|
32 |
ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე, |
|
|
33 |
რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად
მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ, |
|
|
34 |
და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან
ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება. |
|
|
35 |
ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის
სახელი. |
|
|