1 |
უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.
|
|
|
2 |
საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა,
გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს. |
|
|
3 |
თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას
წინ ვინ დაუდგება? |
|
|
4 |
ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე
სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის
ბრწყინვალე სხივებით. |
|
|
5 |
დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის
თავის სარბიელზე. |
|
|
6 |
მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის
ნიშნებს. |
|
|
7 |
მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს
გავსების შემდეგ. |
|
|
8 |
თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება
ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი. |
|
|
9 |
ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული
უფლის ზესკნელში. |
|
|
10 |
წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე. |
|
|
11 |
შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი,
უმშვენიერესია თავისი ელვარებით. |
|
|
12 |
დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი.
|
|
|
13 |
თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი
მსჯავრისა. |
|
|
14 |
ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები,
როგორც ფრინველები. |
|
|
15 |
თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ
სეტყვის ლოდები. |
|
|
16 |
მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი. |
|
|
17 |
მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის
ქარიშხალიცა და გრიგალიც. |
|
|
18 |
ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად
და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და
გულს იტაცებს მისი ბარდნა. |
|
|
19 |
მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას
ეკალივით წაიმახება. |
|
|
20 |
დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა;
დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს. |
|
|
21 |
გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით
გადატრუსავს ბალახს. |
|
|
22 |
მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი
ცვარი აგრილებს ხორშაკს. |
|
|
23 |
თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები.
|
|
|
24 |
ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს,
რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ. |
|
|
25 |
იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი
ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი. |
|
|
26 |
მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით
ყოველივე ერთიანდება. |
|
|
27 |
ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით
მხოლოდ: ყველაფერია იგი. |
|
|
28 |
საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის
ქმნილებაზე დიდია. |
|
|
29 |
საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება. |
|
|
30 |
უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და
მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა,
მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ. |
|
|
31 |
ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია
იმგვარად, როგორიც არის? |
|
|
32 |
ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ
მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან. |
|
|
33 |
რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს
მისცა. |
|
|