ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წარმოშვა მისგან გულმოწყალე კაცი, მადლის მპოვნელი ყოველი ხორციელის თვალში, ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საყვარელი მოსე, რომლის ხსენებაც კურთხეულია. |
||
2 | დიდებით წმიდებს დაამსგავსა და გაადიადა იგი საქმეთა წყალობით მტრების დასაშინებლად. | ||
3 | მისი სიტყვებით შეწყვიტა ნიშები და განადიდა იგი მეფეთა წინაშე; მისი მეშვეობით მბრძანებლობდა თავის ხალხს და მასვე აჩვენა თავისი დიდება. | ||
4 | ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი ხორციელისგან გამოარჩია; | ||
5 | მოასმენინა მას თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ მისცა მას მცნებანი - რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისათვის ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისთვის მისი სასჯელები. | ||
6 | აამაღლა აარონი, მისი მსგავსი სიწმიდით, მისი ძმა, ლევის ტომიდან; | ||
7 | დაუდვა მას საუკუნო აღთქმა და ერის მღვდლობა ჩააბარა მას. აკურთხა იგი მშვენიერ სამოსელში და შემოარტყა სარტყელი დიდებისა. | ||
8 | შემოსა იგი სანაქებო სრულყოფილებით და გამოაწყო მდიდრული სამოსელით: საწმერთულით, ტალავარით და ეფოდით. | ||
9 | შემოარტყა მას ბურთულაკები და ოქროს მრავალი ეჟვანიც შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმები გამოეცათ და ტაძარში რეკვა ამტყდარიყო მისი ხალხის შვილებისთვის შესახსენებლად. | ||
10 | შემოსა წმიდა სამოსით, ოქროთი ლურჯით და ძოწეულით - ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის სიტყვით და ურიმითა და თუმიმით, ოსტატის ნახელავი მეწამული ქსოვილით; | ||
11 | პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ბეჭდით ოქრომჭედლის ნახელავ ოქროს ბუდეში, რომელზედაც სამახსოვროდ ამოკვეთილია წარწერები ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით; | ||
12 | თავსაბურავს ზემოთ ოქროს გვირგვინით ნიშნად სიწმიდის ბეჭდისა ღირსების სადიდებლად - ეს არის ქმნილება ხელოვნებისა და სამკაული, თვალებისთვის სანატრელი. | ||
13 | მის დრომდე არ იყო მშვენებანი და ვერც უცხოტომელი შეიმოსება ამგვარად ვერასოდეს, არამედ მხოლოდ მისი შვილები და მისი შთამომავლობა სამარადჟამოდ. | ||
14 |
მისი მსხვერპლი ყოველდღე შეიწირება, მუდმივად, ორჯერ. |
||
15 | აუვსო მოსემ ხელი და სცხო მას წმინდა ზეთი; მიეცა მას და მის თესლს საუკუნო აღთქმა ცის დღეებში, რათა ემსახურონ უფალს და აკურთხონ მისი ხალხი მისი სახელით. | ||
16 | გამოარჩია იგი ყოველი ცოცხალისაგან, რათა უფლისათვის ძღვენი მიერთმია: საკმეველი და კეთილსურნელება იმის სამახსოვროდ, რომ თავისი ხალხი შეიწყალა. | ||
17 | მისცა მას თავისი მცნებებით ხელმწიფება მსჯავრის გამოსატანად, რათა დაემოძღვრა იაკობი მოწმობებით და თავისი რჯულით გაენათლებინა ისრაელი. | ||
18 | წინ აღუდგნენ მას უცხონი და შეშურდათ მისი უდაბნოში - დათანი, აბირონი და მათი ხალხი, და კორახის კრებული სიშმაგითა და გულისწყრომით. | ||
19 | იხილა უფალმა და არ მოეწონა, და აღესრულნენ ისინი გულისწყრომის სიშმაგეში. მოახდინა მათზე სასწაული და თავისი ცეცხლის ალით შემუსრა ისინი. | ||
20 | შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა; უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური საძღომად, | ||
21 | რადგან ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მას და მის შთამომავლობას მისცა. | ||
22 | მაგრამ მას არა აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და არც წილი ხალხს შორის, რადგან თავად უფალია მისი წილი და მემკვიდრეობა. | ||
23 | ფინხაზი, ელეაზარის შვილი, მესამეა დიდებით, რადგან მოშურნე იყო იგი უფლის შიშში, მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას სულის სიქველით და ივედრებოდა ისრაელის შეწყალებისთვის. | ||
24 | ამიტომაც მიეცა მას მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში ჩადგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რომ მის შთამომავლობას საუკუნოდ ჰქონოდა მღვდლობის ღირსება. | ||
25 | დავითსაც, იესეს შვილს, იუდას ტომიდან, მიეცა აღთქმა, რომ სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე. ასევე მემკვიდრეობა აარონისა მისი შთამომავლობისაა. | ||
26 | ღმერთმა თქვენც ჩაგიგდოთ სიბრძნე გულში, რომ მისი ხალხი სიმართლით განსაჯოთ, რომ არ წარიხოცოს მისი სიკეთენი და მისი დიდება თაობიდან თაობაში გადავიდეს. |