წმიდა შიო მღვიმელის ცხოვრება

(გაგრძელება)

6. იმ ხანებში გარდაცვლილიყო ორი ეპისკოპოსი: წილკნისა და ნეკრესისა. ამიტომ კათოლიკოზმა და ეპისკოპოსებმა განიზრახეს, რომ ახალი ეპისკოპოსები მამებიდან გამოერჩიათ. და გადაწყვიტეს, ვინც იმ დღეს უფალს უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, ეპისკოპოსებად იმათ დაადგენდნენ ყოველგვარი ცილობის გარეშე. დადგა წირვის დრო, და აბიბოსს მოუწია მღვდლობა, ხოლო ისე იყო დიაკონი.

როცა დასრულდა წირვა, კათოლიკოზმა ერთი ხელი მოჰკიდა ისეს, მეორე კი - აბიბოსს, ემთხვია აბიბოსს და უთხრა: „გიხაროდენ, აბიბოს, ეპიკოპოსო ნეკრეს ქალაქისაო!“ შემდეგ ეამბორა ისეს და უთხრა: „გიხაროდენ, ისე, ეპისკოპოსო წილკნისაო“. ხოლო ისინი განაცვიფრა მოსმენილმა, რასაც არ მოელოდნენ, დიდად შეწუხდნენ, თავიანთ უღირსებას აცხადებდნენ, კათოლიკოსს ფეხქვეშ ჩაუვარდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ, რომ ამ მძიმე საქმეს მორიდებოდნენ. მაგრამ კათოლიკოზმა ასე თქვა: „დიდია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არ შევცვლი ამ სიტყვას, რომელიც ღვთის განგებით ითქვა ჩემ უღირსის მიერ“.

მოისმინა რა ეს იოანემ, უთხრა მამებს: „შვილებო, ნუ ეურჩებით ღვთის განგებას და ჩვენს წმიდა მეუფეს, რადგან აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ღვთისათვის ადგილ-ადგილ ვიმოღვაწოთ, რაც მისგანვე ნაბრძანები გვაქვს“. მოისმინეს რა მოძღვრის სიტყვა, დაემორჩილნენ მის ბრძანებას და კათოლიკოზმა ისინი წაიყვანა თან და ორივე ეპისკოპოსად აკურთხა. დაადგინა აბიბოსი ნეკრესში, ხოლო ისე - წილკნის საყდარში, სადაც დასვენებულია ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რადგან ასეთი მღვდელმთავარი ჰშვენოდა ღვთისმტვირთველი ქალწულის საყდარს, მისი კურთხეული ძისა და ღვთის სისხლით შეკრებილი სამწყსოს მწყემსად.

ეპისკოპოსად დადგენის შემდეგ, წმიდა ისემ უფრო უმატა შრომასა და გარჯას, რადგან ახლა უკვე მოუწია სამწყსოს სწავლა და მწყემსვა დიდი გულმოდგინებით. მარტო ახლომახლო კი არ განამტკიცა ხალხი მართალ რწმენაში, არამედ აენთო საღმრთო შურით და წავიდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც ჯერ კიდევ მოუქცეველნი იყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე და კერპების მსახურებით შემცდართ, სულიერი თვალი დაბნელებოდათ.

ღირსი მამა ისე ბევრს ასწავლიდა მათ მშვიდად და ტკბილად მეტყველი, უყვებოდა ხალხს ღმერთის ზეციდან გადმოსვლაზე, რათა გამოეხსნა ადამიანები ეშმაკებისა და კერპების მონებისაგან და უმტკიცებდა მათ ამაოებას და სიცრუეს მათი ღმერთებისას. ევედრებოდა, რომ მიეტოვებინათ ცთომილი რწმენა და შედგომოდნენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. და ამგვარად, ღონე იხმარა და კეთილი სწავლითა და მრავალი სასწაულებით მოაქცია ისინი ქრისტეს რწმენაზე, რადგან სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა ქრისტეს სახელის მოწოდებით, ამიტომ ამ ღირსი მამის მოძღვრებით, ბევრმა მიიღო ქრისტეს სარწმუნოება. ბევრი საკერპო დაარღვია მან, ბომონები შემუსრა და ეკლესიები ააშენა, ხალხი მონათლა და ქრისტეს მცნებაში განამტკიცა, დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები და ამის შემდეგ თავისსავე ტაძარში დაბრუნდა, საღვთო მოძღვრებითა და სწავლით ბოროტ ძალებზე გამარჯვებული.

7. ხოლო ჩვენ თხრობას დავუბრუნდეთ. ნეტარი აბიბოსა და ისეს წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მრავლად იწყეს ნეტარ იოანესთან მისვლა, ტოვებდნენ ქვეყნიურ ცხოვრებას და იღებდნენ მონაზვნობას, როგორც ეს წმიდა ცხოვრებაშია აღწერილი, ისე რომ მთა, რომელიც ადრე უღრანი ტყით იყო დაფარული, ახლა გაშიშვლდა იქ მისული და დამკვიდრებული ძმებისაგან. ასე აივსო ეს ადგილი ღვთის მადიდებლებისაგან.

ერთ ღამეს ნეტარ იოანეს ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმიდა დედა ნინო და უთხრეს იოანეს, რათა თავისი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. გამოღვიძებულმა იოანემ ეს ჩვენება მოუთხრო თავის სულიერ ძმებს და უბრძანა მათ, რათა მომზადებულიყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად. თითოეული მათგანი უნდა წასულიყო იქ, სადაც გაუძღვებოდა მათ სულიწმიდა. მამები დიდად შეაწუხა მოსმენილმა, რადგან მეტად უმძიმდათ მოძღვართან განშორება, მაგრამ წინააღმდეგობა ვერავინ იკადრა, არამედ დაემორჩილნენ ღვთის ნებასა და მოძღვრის ბრძანებას და წავიდა თითოეული იმ მხარეს, სადაც მიუთითა სულიწმიდამ. წასვლამდე ნეტარმა იოანემ ისინი მიიყვანა კათოლიკოს ევლავიოსთან და აუწყა მას ჩვენება და სთხოვა, რათა მიეცა მათთვის კურთხევა და დაელოცა. კათოლიკოზის დალოცვის შემდეგ ნეტარი იოანე დიდხანს ასწავლიდა, როგორც ეს მის ცხოვრებაში წერია. წავიდნენ მამები და თან გაიყოლეს ახლად ნაკუთხი ქართველი ბერ-მონაზვნებიც, როგორც ეს მათ წმიდა იოანემ უბრძანა.

8. ნეტარი შიო იყო დაყუდების მოყვარე, ამიტომ ევედრებოდა წმ. იოანეს, რათა მიეცა მისთვის ნება დაყუდებისათვის. იოანემ უთხრა მას: „შვილო შიო, წადი, სადაც უფალი გაგიძღვება, რადგან მე ღმერთმა გამომიცხადა, რომ დაყუდებული ცხოვრებითაც იმოღვაწებ და კიდევ მამა იქნები დიდი ლავრისა. ახლა მიიღე კურთხევა ჩვენი ნეტარი მეუფის კათოლიკოზისაგან და იყოს უფალი შენთან, როგორც მე უღირსი არასოდეს მიმატოვა უკეთური სულებისაგან ბრძოლებისას, ასევე შენც იგი დაგიცავს და გაგიძღვება დღისითა და ღამით, და ნუგეშსაც მიიღებ მისგან და შენს მაგიერ იგი შეებრძოლება ყოველგვარ სივერაგეს ეშმაკისას და დაამარცხებს მას.

მას შემდეგ, რაც ნეტარმა იოანემ დალოცა, შიო წავიდა კათოლიკოზთან, მიიღო მისგან კურთხევა და გაემართა მცხეთის დასავლეთით, ადამიანისათვის უვალი, უღრანი და კლდოვანი ადგილებისაკენ. იგი მიადგა ერთ ღრმა უწყლო და უნუგეშო ხევს, მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ადგილს, რაც დასანახადაც კი აძრწუნებდა ადამიანის ბუნებას. როცა დაათვალიერა იქაურობა, თქვა: ეს იქნება შენი მონის მოსასვენებელი, ქრისტე ღმერთო ჩემო, და შენი მადლი - ჩემი შემწე, და ჩემი სულიერი მამის იოანეს ლოცვით დამიფარე მე. იპოვა მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით გამოქვაბული, მეტად მცირე, რომელიც ეყოფოდა მხოლოდ სხეულის დასაფარად. ამ გამოქვაბულში დამკვიდრდა ნეტარი შიო მარტო, მხოლოდ ღმერთს მინდობილი, საზრდელისა და სასმელის და ყოველგვარი ქვეყნიური ნუგეშის გარეშე, რითაც ადამიანები ცხოვრობენ. ასე გაატარა ორმოცი დღე და, ნახა რა ღმერთმა მისი გულმოდგინება, და ის, რომ შიომ მას მიანდო სრულიად თავისი საზრუნავი, მხალეულიც კი არ მოიძია, რომ იმით მაინც გაეძლიერებინა სხეული, მისცა მას ძალა კიდევ უფრო მეტი - ყოველგვარი საჭმლისა და სასმელის გარეშე გაატარებინა შიოს სამოცი დღე. და ასე, ღვთის სასოებას მინდობილმა დიდი სურვილითა და მონდომებით შეიყვარა ყოფნა გამოქვაბულში თავისთვის. ყოველივე ქვეყნიური ზრუნვა, ხორციელი მოსვენება და საკუთარი სხეული გაიმეტა დიდი სივიწროვისა და გაჭირვებისათვის, რითაც სხეულის სულისადმი დამორჩილება შეძლო. იმედი მარტო ღვთის ჰქონდა მას და მისგან ელოდა შეწევნას და გაძლიერებას მტრის ყოველი სივერაგისა და საფრთხისას.

ვის შეუძლია სრულად გამოთქვას ის დიდი სიძნელეები, რომელიც მან ეშმაკისაგან დაშვებული განსაცდელებისას გადაიტანა. არ დარჩენილა არც ერთი სახე ბოროტებისა, რომელთანაც წმინდანს შებრძოლება არ მოუწია. იგი მრავალნაირად, უამრავი გულითქმებით, ჩვენებებითა და ოცნებებით გამოიცდებოდა.

და, როცა ამით ვერაფერს გახდა, ეშმაკმა დაიწყო მისი დაშინება ხან მხეცის სახით, ზოგჯერ - ქვეწარმავლის, ხან იღებდა ლომისა და ვეფხვის, დათვისა და რქოსანი ურჩხულის სახეს და ცდილობდა დღისით და ღამით მის გამოცდას და, ნახა რა ბოროტებამ, რომ განსაცდელებით წმიდანს, როგორც გრდემლს, ისე სჭედდა და აძლიერებდა და როგორც უსხეულოს ისე ეკვეთებოდა, ისევ შეცვალა ბრძოლის სახე და ერთ ღამეს მოახდინა შემდეგი საცდური: შეიკრიბნენ იქ დამკვიდრებული ეშმაკები და მოაწყეს დიდი შეტევა, თავს დაესხნენ წმიდა შიოს, ისე რომ თითქოს მოკვლა უნდოდათ მისი. მაგრამ ნეტარი მამა არ შეირყა მათგან, გულმოდგინედ და წყნარად დაასრულა თავიის ლოცვა, შემდეგ გამოვიდა გამოქვაბულიდან და მიმართა მათ: „უბედურებო, არ იცით, რომ სადაც მოქმედებს ქრისტეს ძალა, თქვენ იქ ვერაფერს გახდებით? აი, რამდენი დღეა, რაც ასე იქცევით და ვერც ჩემთან მოახლოებას ვერ ახერხებთ, რადგან ქრისტე ღმერთია ჩემი ძალა, ცხოვრება და სიქადული, ამიტომ მე თქვენი სრულიად არ მეშინია. პირიქით, ახლა მე გეტყვით თქვენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით: წადით და მომშორდი ყველა, უსჯულოების მომქმედნი!“ ამ სიტყვებზე ეშმაკები გარბოდნენ მისგან და ეუბნებოდნენ: „შიო, ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი მთავარი მოვა აქ, ახლა იგი შენი მოძღვრის იოანეს მოსაკლავად არის წასული, ხვალ იმას მოკლავს, შემდევ მოვა აქ და მოგკლავს შენც“. ეს უთხრეს და მაშინვე წავიდნენ.

ხოლო ნეტარმა შიომ ხელაღპყრობილმა დაიწყო ღვთისადმი ვედრება და შესთხოვდა დახმარებას მის ძალას და ის ღამე ასე გაატარა ლოცვაში გამოქვაბულის გარეთ. როცა მოახლოვდა ცისკარი, შეამჩნია თავის გამოქვაბულში გამოუთქმელი ნათელი, რომლის განცდაც მისთვის შეუძლებელი იყო. ირგვლივ საოცარი სურნელება დატრიალდა, რომელმაც მისი სული სიხარულით აავსო. გამოქვაბულიდან მოისმა ხმა: „შიო, ჩემი ძის ერთგულო მონაო, მოდი“. და დაინახა გამოქვაბულის კართან მდგარი საოცრად დიდებული ქალი, რომლის აღწერა მას არ შეეძლო. და ერთი მამაკაციც, მოღვაწის სახით, ისიც დიდებული, და უამრავი ზეცის ანგელოზები, რადგან კლდის ზემოთ, სადაც გამოქვაბული იყო, ზეცამდე იყო გახსნილი და ჩანდნენ ანგელოზები, რომლებიც სამწმიდაოს გალობდნენ ტკბილი და გამოუთქმელი ხმით და ყველა ჯვრით იყო შეიარაღებული. ამ საშინელი სანახაობით შეძრწუნებული ნეტარი შიო ძირს დაემხო, რადგან არ შეეძლო აქამდე განუცდელი ბრწყინვალებისათვის გაეძლო, რომელიც იმ ქალისაგან მოდიოდა. დიდებულმა დედოფალმა კვერთხის წვერი შეახო მას, გაამხნევა და უთხრა: „ადექი!“ წამოაყენა იგი და მისცა ხელში თოვლის მსგავსი რაღაც მცირეოდენი და უთხრა: „მე ვარ მშობელი ქრისტე ღმერთისა, რომელიც შენ შეიყვარე, ხოლო ჩემთან მდგომი არის იოანე ნათლისმცემელი. მოვედი შენი ნუგეშის საცემად, რადგან დავინახე სრული სიყვარული შენი ჩემი ძისადმი. შეჭამე, რაც ხელში გაქვს და ამიერიდან იმას შეჭამ, რასაც ზეციდან მიიღებ. ნუ შეგაშინებს ეშმაკის ბრძოლები, რადგან მდიდარი ხარ ღვთის მადლით. მალე ამ უდაბნოს აავსებენ ღვთის მოშიში ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებას მიბაძავენ და იქნება შენი ქება უკუნისამდე“.

როცა ნეტარი შიო გონს მოეგო და მიხვდა ღვთისა და მისი უბიწო დედის მისადმი ზრუნვას, შეჭამა, რაც ხელში ჰქონდა, თოვლის მსგავსი, რომელიც მისაც მას ბრწყინვალე ქალბატონმა და მაშინვე დაუტკბა პირი რაღაც უცხო სიტკბოებით და გაძლიერდა სიხარულით. ილოცა ღვთის მიმართ და თქვა: „ჰოი, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელიც წმიდა ქალწულისაგან დაიბადე, რათა ეშმაკისაგან შემცდარნი გადაარჩინო და იხსნა ხორცშესხმული ღვთისმოსავნი ბოროტის მანქანაებისაგან. შენ, მეუფეო უფალო, მომეც მე, შენს უღირს მონას მოთმინება, რომ გავჩერდე ამ ადგილზე, რათა შენს მოსაწონად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღენი, და ღირსი გამხადე სხვებთან ერთად, რომელთაც შენ შეიწყალებ, საუკუნო სიკეთის ხილვის, ყოვლადუხრწნელი ჩვენი დედოფლის და შენი უბიწო დედის, წმიდა დიდებული მოციქულებისა და ჩვენი წმიდა მამა იოანეს მეოხებით“.

ამ სიტყვებით მეტყველი, ხანგრძლივი ლოცვებითა და მუხლთა მოყრით მადლობას შესწირავდა უფალს მრავალი დღის განმავლობაში. ასე შეუორგულებელ ლოცვასა და მარხვაში ნეტარმა შიომ, გაატარა რამდენიმე დღე და ღმერთმა, ნახა რა გულმოდგინება და მოთმინება მისი, რომელიც არ ერიდებოდა ხორცისათვის ასეთ დიდ გასაჭირს, და ყოველგვარი სახმარის უქონლობაში საკუთარი თავის დასჯას, ღმერთმა, რომელიც სახიერია და კაცთმოყვარე, არ დაივიწყა თავისი ერთგული მონა და როგორც ადრე ელია გამოზარდა უდაბნოში ყორნის დახმარებით, ისე საღვთო შურით აღვსილი შიოს გამოზრდა იწყო ყოველდღე მტრედის მოვლინებით, რომელსაც მოჰქონდა შიოსთან ხორცისათვის ნუგეშის საცემი. წყალიც კი გამოუდინა მშრალი კლდიდან თავის გამოქვაბულის მარჯვნივ. ნახა რა ნეტარმა შიომ, რომ მასზე ასე ზრუნავდა უფალი, მადლობასა და ქებას შესწირავდა შემდეგი სიტყვებით: „ჰოი, უფალო დიდებისაო და ყოველგვარი ნუგეშის მცემელო ღმერთო, შენი სახელი კურთხეულია უკუნისამდე, დიდია შენი წყალობა ჩვენზე, რადგან ადამიანთაც და მათ საცხოვრებელსაც შენ აცოცხლებ შენი უხვი წყალობით, რომელმაც ინებე ჩემ უღირსსა და უნდოზე ზრუნვა, რისთვისაც ყველაფრისათვის ვმადლობ შენს სახიერებას, რითაც მე ცოდვილსა და უხმარ მონას შენსას არ მტოვებ.

ასე ზეციური ზრუნვის ქვეშ მყოფი ღვთისაგან ხარობდა სულით და ადიდებდა ყოველივეს მფლობელ მეუფეს, რომელმაც წყალობით მოიხედა მისკენ. ამიერიდან უმატა მღვიძარებასა და ლოცვას სხვა დანარჩენ მოღვაწეობასთან ერთად, რადგან უხილავად გრძნობდა ბოროტი მტრის, ეშმაკისაგან დაპირისპირებას, რადგან გაძლიერებული იყო ღვთის ძალით და მიცემული ჰქონდა სულიწმიდის ძალა მზაკვარი გველის თავის დასათრგუნავად და მისგან ნასროლი ისრების მოსაგერიებლად და განდევნა ისინი ყოველდღე ფსალმუნებითა და ფეხზე დგომით, ღვთის მიმართ ლოცვით. პირზე ყოველთვის ეკერა წინასწარმეტყველ დავითის სიტყვები: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის, უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე... აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთვისცა მე შენ გესავ“ (ფს. 26,1-3). და კიდევ: „მომადგეს მე და მომიცვეს მე „და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ“ (ფს. 117,11). და „საფრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით“. და ასეთ ლოცვებს მინდობილი, ეშმაკის ბოროტ ძალებს განდევნიდა საუფლო ჯვრის გამოსახვით მარტო მყოფი და მხოლოდ ღმერთს უგალობდა და მყუდროებით ქებას აღუვლენდა.

9. ასეთ ყოფაში გავიდა დიდი დრო და ღვთის განგებულებამ ინება ბრწყინვალე ნათლის გამოჩენა, რადგან არც იყო შესაძლებელი, რომ სათნოებების მთაზე აშენებული ქალაქი უმეცრებას დაეფარა. ამიტომაც მაღალ სასანთლეზე იქნა დადგენილი ეს დიდი მნათობი, რათა ყველასათვის გაენათებინა და მის მოძღვრებას მორწმუნეთა სულები გაენათლებინა. ამიტომაც დიდხანს დაფარული ეს საუნჯე გამოცხადა ღმერთმა შემდეგნაირად: იმ დროს იყო ერთი წარჩინებული კაცი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, ღვთისმსახურებასა და საღვთო წერილის კითხვაში აღზრდილი. იგი ერთ დღეს თავის შვილებთან და მსახურებთან ერთად სანადიროდ იყო გამოსული მტკვრის იქითა მხარეს, სადაც იმყოფებოდა სანატრელი შიო. როცა მიუახლოვდნენ იმ ადგილს, ნადირის საძებნელად ყველანი დაიფანტნენ მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო ევაგრე ერთ ადგილზე მდგარი იყურებოდა აქეთ-იქით, რათა ეპოვა მის მიერ ძებნილი რომელიმე ნადირთაგანი. და ღვთის განგებით დაინახა მტრედი, რომელსაც მიჰქონდა ნეტარი შიოსათვის საზრდელი თავისი ჩვეულების მიხედვით. ევაგრემ თვალი მიადევნა მტრედს და კარგად დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც შეფრინდა მტრედი. მას შემდეგ, რაც გაარკვია ნადირთა სამყოფელი, დაბრუნდა თავის სახლში.

მეორე დღეს ისევ გავიდნენ სანადიროდ. როცა სხვები ნადირთა საძებნელად მიმოდიოდნენ, ევაგრეს ისევ იმ გამოქვაბულის მახლობლად მოუწია ყოფნა, სადაც იმყოფებოდა ღირსი შიო. და მან კვლავ შეამჩნია მტრედი, რომელსაც მიჰქონდა ბერისათვის საზრდელი, როგორც წინა დღით. ამან დიდად გააკვირვა ევაგრე და გაჰყვა მტრედს, რათა გაეგო, თუ საით ეზიდებოდა საკვებს. როცა მიაღწია იმ ადგილს, ნახა გამოქვაბულში მჯდარი წმიდა მამა შიო, რომელიც მადლობას აღავლენდა ღვთისადმი. ნანახმა დიდად გააკვირვა ევაგრე, ღვთის მადლმა მიახვედრა იგი, რომ ბერი ამ გამოქვაბულში იყო დაყუდებული, ამიტომ შიშითა და კრძალვით ჰკითხა მას: „ჰოი ღვთის კაცო, ვინა ხარ და სადაური?“ ბერმა უპასუხა: „მე უცხო კაცი ვარ და ქრისტეს მიმდევარი, ამ მცირე გამოქვაბულში ვიმყოფები ქვეყნიურ შფოთს მოშორებული, რათა მყუდროებაში ვიმყოფები ქვეყნიურ შფოთს მოშორებული, რათა მყუდროებაში გავატარო ჩემი ცხოვრების დღენი, ყველას მეუფისა და უფლის უშფოთველად მადლობელი და მადიდებელი, გავხდე ჩვენი ღმერთის - იესო ქრისტესთვის სასურველი“. ღირსი და ნეტარი შიოს სიტყვების მოსმენამ, დიდად გაახარა ევაგრეს სული და მან ბერს უთხრა: „დიდია ღმერთი და წმიდაა შენი სული და ამიერიდან არ მიგატოვებ შენ და არც ჩემს სახლში დავრუნდები“. ბერმა უთხრა მას: „შვილო, შენ არ შეგიძლია მოითმინო სიმკაცრე და უნუგეშობა ამ უდაბნოსი, რადგან როგორც შენი სახეც აცხადებს ამას, შენ ფუფუნებაში ხარ აღზრდილი, ამიტომ წადი შენს სახლში, გონებაში მუდამ გქონდეს ღვთის შიში, რომ დაგიცვას ყველაფრისგან, რაც კი მავნეა სულისათვის“.

ევაგრემ კი ისევ მიუგო ბერს: „დღესვე რომ მომიწიოს შენთან სიკვდილი, მაინც არ მიგატოვებ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, არამედ აქ, შენთან დავრჩები და შენთან ერთან მოვითმენ სიმძიმესა და სივიწროვეს, ვიდრე უკან დაბრუნდე ქვეყნიურ შვებასა და მოსვენებაში, რომლებიც უამრავი შფოთით არიან აღსავსენი“.

რაცა წმიდა შიომ დაინახა ევაგრეს სიმტკიცე, უთხრა მას: „ახლა, რადგან ასე შეგიყვარებია უდაბნო და ღვთისათვის გაჭირვებით ცხოვრება, ენდე, რასაც გეტყვი შენ. ევაგრემ უთხრა: ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც კი შენი სიწმიდე მიბრძანებსო“. მაშინ ბერმა მისცა მას თავისი კვერთხი, რომელიც ხელში ეკავა და უთხრა: „წადი, შვილო, წაიღე ეს და, როცა მტკვარს მიადგები, ჩაყავი წყალში და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შეწევნით მდინარე გზას მოგცემს, მშრალად გაგატარებს. მოაგვარე ყოველგვარი შენი საქმე. და, თუ უფალი ინებებს და უკან წამოხვალ აქეთ, მიაღწევ რა მდინარეს, როგორც ადრე, ჩემი კვერთხი კვლავ წყალში ჩაყავი და თუ წყალი გზას მოგცემს, მოდი ჩემთან მაშინვე, რადგან ასეთი იქნება ღვთის ნება. ხოლო, თუ წყალი არ გაიპობა და არ დაემორჩილება ამ კვერთხს და შენ გზას არ მოგცემს, ისევ უკან დაბრუნდი სახლში და მტკიცედ გჯეროდეს, რომ მაშინ ღმერთს არ ექნება სურვილი ხელი მოგკიდოს შენ“.

მაშინ ევაგრე, მართალია უმძიმდა ბერის მიტოვება და მისგან განშორება, მაგრამ მის ბრძანებას დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა ბერს, აღეთქვა მისთვის, რომ იგი იმ ადგილს არ მიატოვებდა, რადგან გონებაში ფიქრობდა: ჩემი გულისათვის არ მიატოვოს ეს ადგილი, რომელსაც ყოველგვარი საერო შფოთი მოუძულებია და აქ, მარტოობასა და გაჭირვებაში, ადამიანებისა და ქვეყნიურ საზრუნავებისაგან სიშორეში მოუნდომებია ცხოვრება. ამიტომ, როცა ბერი დაპირდა მას, რომ მის დაბრუნებამდე იმ ადგილიდან არსად წავიდოდა, ევაგრემ მიიღო კურთხევა ბერისაგან და გაეშურა ბრძანების შესასრულებლად.

როცა მდინარეს მიაღწია, დაავალა ერთ ყრმას, რომ წასულიყო და მისი სახლეულისათვის, რომელიც იმ დროს იყო ნასდაგისში, ეუწყებინა, რომ ყველანი ციხედიდში მისულიყვნენ მასთან. ხოლო თვითონ კვერთხი ჩაყო წყალში, როგორც ეს ბერისაგან ჰქონდა ნათქვამი, და ჰოი საკვირველებავ, ეს დიდი მდინარე მაშინვე გაიპო შუაზე კვერთხის მორიდებით და გზა მისცა ევაგრეს ფეხის დაუსველებლად გადასასვლელად.

სახლში მისულმა მოაგვარა ოჯახური საქმეები, როგორც ეს ჰქონდა ბერისაგან ნათქვამი, უმეტესი ნაწილი თავისი ქონებისა მისცა გლახაკებს და ნათესავებისა და საერო ცხოვრების მიმტოვებელი ჩქარობდა, როგორც ლოთი ეშურებოდა ღვთის მონა სეგორთან მიღწევას, და გონებითა და თვალით აღარ იხედებოდა ქვეყნისაკენ, რადგან შიშობდა, უკან მხედველს არ დაეკარგა სასუფეველი ღვთისა, როგორც ეს შეემთხვათ მარილის ძეგლად ქცეულებს მიწიერი და სოდომური ვნებებისათვის. ამიტომ კვერთხით ხელში ჩქარობდა მდინარის ნაპირთან მისვლას. და როგორც ადრე, ახლაც ღირსი შიოს კვერთხი ჩაყო წყალში და დიდმა და საზარელმა მდინარემ ისევ მისცა მას გზა.

აი, შენი ძლიერება, ქრისტე ღმერთო! ეს სასწაული, ძმებო, არ არის ნაკლები წინასწარმეტყველისა და ღვთის მხილველი მოსეს კვერთხით მოხდენილზე, ოღონდ იქ ღმერთი იყო მბრძანებელი და წინასწარმეტყველთა უპირატესი მოსე საღმრთო დიდებულების მსახური, აქ კი სულიწმიდის მადლით განღმრთობილი, ღვთის მსახური და მონა შიო იყო მბრძანებელი ახალი მოსესი, რომელმაც კვერთხის დარტყმით გაიყვანა ისრაელთა ერი, ასევე ევაგრემ მოიშორა გონებით ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავები, რათა ეცქირა მხოლოდ ღვთისათვის. ხოლო ეგვიპტელები, სულის შემაწუხებელი ბოროტი გულისთქმები, დაფლა დავიწყების სიღრმეში და ყოველმხრივ დაფარა ისინი ცრემლის ნაკადულებით. ეს სასწაული ასევე არ არის ნაკლები იმაზე, როცა ელისემ ილიას ხალენით გააპო იორდანე. ვიკადრებ და ამაზე ვიტყვი, რომ იქ ხალენი შეიცავდა დიდი წინასწარმეტყველის სხეულს და ელისეს მიღებული ჰქონდა ორმაგი მადლი წინასწარმეტყველებისა, რომელმაც სამჯერ დაჰკრა და წყარო ისე გააპო, აქ კი კვერთხი მოღვაწისა იყო ჩვეულებრივი კაცის ხელში და ორჯერ გააპო წყალი თითო ჩაყოფით, თუმცა აქაც და იქაც ღმერთი მოქმედებდა. ისევ ადიდებს თავის მოშიშებს, დიდება მას და მის დიდებულ სახელს.

ასეთი უნარი მიეღო ღვთისაგან ნეტარ შიოს, რადგან მისი ბრძანებით სხვაც იმორჩილებდა წყლების ბუნებას და მათში ჩვეულების გარეშე გზას აჩენდა. ასეთი სასწაულებით იცის უფალმა თავისი მსახურის შემკობა. ამიტომ ჩვენც დავეშუროთ სიწმიდითა და მოკრძალებით ღვთის გულის მოგებას, რათა მივიღოთ მადლი, საუკუნო სიკეთის მისაღწევად.

ხოლო ჩვენ დავუბრუნდეთ პირველ სიტყვას. როცა საღვთო სურვილით აღვსილმა ევაგრემ, რომელმაც ბერის ყოველი ბრძანება კეთილად შეასრულა, მიაღწია წმ. შიოს სამყოფელამდე, უთხრა წმიდანს: „წმიდაო მამაო, რაც მიბრძანე, ყველაფერი ისე შევასრულე. ახლა მოვედი შენს სიწმიდესთან, რათა მთლიანად შენ დაგემორჩილო და რასაც მიბრძანებ ის გავაკეთო“.

წმ. შიომ მიუგო მას: „შენი კეთილი მორჩილების გამო, შვილო, უფალმა ღმერთმა გაგაძლიეროს და მოგცეს ძალა იმ ჭირთა და განსაცდელთა მოსათმენად, რომლებიც შეგემთხვევა მტრისგან, ყოველმხრივ მორიდებული ფხიზლად იყავი, რადგან მრავალნაირად ცდილობს ეშმაკი ჩვენი საღვთო გზიდან გადაყვანას, სადმე შენც არ დაგიგოს მახე და არ ჩათესოს შენს კეთილ გონებაში ბოროტი ღვარძლი ისევ ერში დაბრუნებისა“.

ასეთი და სხვა მრავალი სიტყვით განამტკიცა ღირსმა შიომ ევაგრე და ასწავლა მას, თუ როგორ უნდა მოეგერიებინა ბრძოლები ეშმაკისაგან და უთხრა: „ახლა, შვილო, როცა ღმერთმა ასე უხვად მოიხედა შენზე, ყველაფერი, რაც კი განზრახული გაქვს შენი ცხოვნებისათვის, გააკეთე“. ევაგრე ფეხებში ჩაუვარდა ბერს და ევედრებოდა, რათა აღეკვეცა მონაზვნად. შიომ უთხრა მას: „მე ჩემს ცოდვილ ხელებს დაგასხამ, შვილო, ხოლო უხილავად უფალმა შეგახოს თავისი მარჯვენა და აღგავსოს ყოველნაირი კურთხევით“. ნეტარმა შიომ შემოსა მას ანგელოზთა სამოსი - სქემა და ასწავლა მონაზონობის წესები და მისცა კანონი მონაზვნებისა, რითაც ევალებოდა მას ყოველივე ხორციელისაგან მორიდება. და დაუდგინა მას საზომი ჯდომისა და დგომისა, ლოცვისა და შრომისა. შემდეგ მოიარა ცოტა მოშორებით თავისი ადგილიდან და იპოვა გამოქვაბული და უბრძანა მასში ყოფნა. და შეამზადა იგი ბოროტებასთან შესახვედრად, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდა მათ, ასწავლა ყველაფერი და ამის შემდეგ წავიდა თავისსავე ადგილას.

ამიერიდან გაცხადდა შიოს სახელი ევაგრეს მხრიდან ახლომახლო სოფლებში და დაიწყეს მრავლად იქ მისვლა, ღებულობდნენ მონაზვნობას და მკვიდრდებოდნენ ევაგრეს მახლობლად, ხოლო ყოველ კვირას ნეტარი შიო ადიოდა მათთან, ყველას მოინახულებდა ხოლმე, სწავლა-დარიგებებით აძლიერებდა მათ, შემდეგ კი ისევ თავის გამოქვაბულში ბრუნდებოდა.

ერთ დღეს ნეტარმა შიომ დაინახა ერთი ძმა, რომელსაც მოჰქონდა წყალი მდინარიდან, ეშმაკმა ფეხი წამოსდო და წყლის ჭურჭელი დაუმტვრია. ამან ძმა დიდად შეაწუხა, რადგან დიდი წვალებით ამოეტანა წყალი მდინარიდან ძმების სასმელად, რომ მიეღო იმათგან ლოცვა-კურთხევა. ნახა რა ნეტარმა შიომ, რომ ეს ძმა ტიროდა, დიდად შეწუხდა თავადაც და მიიხედა და კლდის მახლობლად დაინახა ანგელოზი, მისი მზრდელი, რომელიც კვერთხით კლდის ძირში თხრიდა. მიხვდა შიო, რომ იგი ღმერთმა მოავლინა ძმების სანუგეშოდ, რათა მათთვის წყალი გაეჩინა, და უთხრა იმ ძმას: „ნუ სწუხარ, ძმაო, რადგან შენი ცრემლებისა წილ და შენი სასოებისათვის მაგ ადგილზე ღმერთმა წყარო აღმოაცენა, რომ შემდგომში წვალების გარეშე ძმებისათვის ივსებოდეს ჭურჭელი წყლით“. ბერის სიტყვებთან ერთად გაჩნდა მცირე წყარო, რომელიც მთლიანად ეყოფოდა ძმებს სასმელად, რომლებიც იყვნენ ოცდახუთნი და ამისთვის მადლობდნენ უფალს.

10. ამის შემდეგ ძმები კიდევ უფრო გამრავლდნენ და გაუჭირდათ, რადგან არ ჰქონდათ ეკლესია, სადაც დიდებულ დღეს - წმიდა კვირას შეიკრიბებოდნენ ღვთის სადიდებლად. ამიტომ უთხრეს ნეტარ შიოს, რათა ებრძანებინა მათთვის წმიდა ეკლესიის აშენება. ადგა ბერი და ავიდა თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით მდებარე კლდის წვერზე და უბრძანა ძმებს მასთან ერთად ასვლა ლიტანიობით. ზემოთ ასული ბერი ევედრებოდა ღმერთს ცრემლებით. ძმებიც თავმოდრეკილნი ლოცულობდნენ და სთხოვდნენ უფალს, რათა ეჩვენებინა მათთვის ადგილი, სადაც იგი ინებებდა მისი დიდებისათვის ტაძრის აგებას. ნეტარი შიო მუხლმოყრილი დიდხანს იყო მიწაზე დამხობილი. ლოცვის შემდეგ საკვირველმოქმედმა მამამ აიღო ცეცხლი და მოათავსა მარცხენა ხელის გულზე, დააყარა მას საკმეველი, ხოლო მარჯვენა ხელით გადასახა მას საუფლო ჯვარი და უბრძანა ძმებს, რომ ხელაღპყრობილებს ერთად ეთქვათ „კირიელეისონი“, თვითონ კი დაიწყო კმევა. საკმევლის კვამლი ავიდა ზევით, როგორც სვეტი, რომელიც ზეცამდე იყო აღმართული, სადამდეც კი მისწვდებოდა თვალი. და, როცა ისინი იდგნენ და ამ შემაძრწუნებელი სანახაობას უყურებდნენ, გამოჩნდა ჰაერში კვამლის წვერი, რომელიც ქვემოთ დაეშვა, როგორც მტკიცე შესაბმელი. როცა მიუახლოვდა მიწას, ხევში ერთ ადგილს დაადგა, სადაც მკვიდრობდნენ ძმები.

დაინახა ეს დიდმა შიომ, ღვთის დიდებით იქითკენ გაუძღვა ძმებს. როცა იმ ადგილს მიაღწიეს, რომელიც ღმერთმა უჩვენა, მათ საკმევლის კვამლი, როგორც ძეგლი, ისე დაინახეს. ხოლო ნეტარ შიოს, ორ ჟამზე მეტ ხანს ეჭირა ხელში ნაკვერცხლები და უკმევდა ყოველ ადგილს. ბოლოს უკმია ძმებს და მაშინღა ჩაყარა ნაკვერცხლები საცეცხლურში.

ვის არ გააკვირვებს ეს უცხო სახილველი და მოსასმენი და არ ადიდებს საკვირველებათა მოქმედ ღმერთს, რომელმაც როგორც ბაბილონში დაიცვა სამი ყრმა ცეცხლისაგან, ასევე დაიცვა თავისი მონის ხელი ცეცხლის მწველი ბუნების შეხებისაგან.

ამის შემდეგ ღირსმა შიომ მოითხოვა სათხრელი და სამჯერ დაარტყა იმ ადგილზე, სადაც იდგა საკმევლის სვეტი და თქვა: „დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც იდიდები სამგვამოვნებითა და ერთი არსებით, ამ ადგილზე ინებე შენი დიდების ტაძარი“. შემდეგ განდგა ცოტა მოშორებით, მიწას ისევ სამჯერ დაარტყა სათხრელი და თქვა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც გვიშევ ღვთის სიტყვა ხორციელად, აქ დაამტკიცე სახლი შენს სადიდებლად“. შემდეგ მახლობლად ნახა მღვიმე, მეტად ღრმა და ბრძანა, რომ იქ აშენებულიყო ნათლისმცემლის ეკლესია.

ნეტარმა ევაგრემ უთხრა წმიდანს: „წმიდაო მამაო, იყოს ღვთისა და შენი ნება, რადგან ვხედავთ, რომ ღვთის სულით მეტყველებს შენი პირი და ყოველ შენს სურვილს ასრულებს ღმერთი“. ხოლო საკმევლის სვეტი იმ ადგილზე სამ დღეს იყო უძრავად აღმართული და გამოსცემდა გამოუთქმელ სურნელებას, მესამე დღეს კი აიკრიბა ზევით.

11. ახლა მოგითხრობთ ღირს ევაგრეზე, თუ როგორ მოძებნეს იგი ქართლის მეფემ და მთავრებმა. როცა გაიგეს მისი მონაზონობა, დიდად შეწუხდნენ, რადგან ევაგრე მეფის შემდეგ იყო ქართველთა სამეფოს განმგებელი და მეტად მხნე და ძლიერი სარდალი.

იმ დროს, როცა ბერძენთა მეფე იუსტინიანოსი იბრძოდა ოსეთის მხარეს, ავაზგების საზღვართან, ტასკუნების წინააღმდეგ, რადგან ისინი განდგომილი იყვნენ, მაშინ იუსტინიანოსმა დიდი სიკეთე მიუძღვნა ქართველთა მეფე ფარსმანს და სთხოვა, რათა მიხმარებოდა მის მხედრობას და მთელი ძალით შებრძოლებოდა ტასკუნებს. ფარსმანმა გაიზიარა ბერძენთა მეფის თხოვნა, ევაგრე დატოვა თავისი სამეფოს მცველად და თვითონ კი ჯარით გაემართა საბრძოლველად და ღვთის შეწევნით დაიმორჩილა ტასკუნები, მათი მთავრები დაატყვევა და გააგზავნა იუსტინიანოსთან. შემდეგ კი თავის სამეფოში დაბრუნდა.

შეიტყო რა ევაგრეს შესახებ, თუ სად იყო და როგორ შეიცვალა ცხოვრება, მეფე დიდმა მწუხარებამ მოიცვა, აღარ დააყოვნა და მაშინვე წავიდა ევაგრესთან. ნახა რა იგი მონაზონთა სამოსით შემოსილი, ძლიერ შეწუხდა და დიდხანს ცრემლებით ევედრებოდა, რათა ისევ დაბრუნებულიყო ერში მასთან და მისი მამული ობლად არ მიეტოვებინა. ღირსმა ევაგრემ უთხრა მას: „ჰოი, მეფეო, რატომ ითხოვ ჩემგან, რომ მივემსგავსო ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება“. და მრავალნაირად არწმუნებდა მას, რომ ასეთი რამ მისთვის აღარ ეთხოვა.

გაგრძელება...