ბერი სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება

(გაგრძელება)

სამი წელი იმსახურა სქემოსანმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ ალექსანდრე ნეველის მონასტრის სულიერ მოძღვრად. აღსარების მიღებისას მას ხანგრძლივად უხდებოდა ქვის ცივ იატაკზე დგომა. იმ ძნელბედობის ჟამს მონასტრის მთავარი ტაძარი საწვავის უქონლობის გამო ვერ თბებოდა და კედლები ხშირად ჭირხლით იფარებოდა. დიდი ყინვების დროს ღვთისმსახურება სულიწმინდის მოფენის ტაძარში ტარდებოდა, რადგან იქ შედარებით თბილოდა, თუმცა კი მამა სერაფიმე ნაკლებად ფიქრობდა საკუთარ კეთილმოწყობაზე. ცნობილია შემთხვევა, როცა ის ორი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლივ იბარებდა აღსარებებს.

სიცივის დათმენამ, ფიზიკური და სულიერი ძალების მუდმივმა დაძაბვამ (რამდენი სხვისი ტანჯვა გაუთავისებია ბერს) თანდათან მამა სერაფიმეს ჯანმრთელობა შეარყია. ექიმებმა დაუდგინეს: ნეკნთაშორისი ნევრალგია, რევმატიზმი და ქვედა კიდურების ვენების დაცობა. ბერს ფეხების ტკივილი გაუძლიერდა და საბოლოოდ აუტანელი გახდა. მამა სერაფიმე დიდხანს არავის უმხელდა ავადმყოფობას და ვაჟკაცურად აგრძელებდა მსახურებასა და აღსარებების მიღებას. ბერის სახე ყოველთვის ისეთი სიხარულით ბრწყინავდა, რომ არც ერთ ძმას ეჭვი არ შეპარვია, თუ რა წამებას ითმენდა მოძღვარი. ზოგჯერ მისი ხმა ძლივს ისმოდა. ბოლოს, დადგა დღე, როცა მამა სერაფიმე საწოლიდანაც ვეღარ წამოდგა.

ახალი გამოცდა, ავადმყოფობა, ბერმა საოცარი სიმშვიდითა და მოთმინებით მიიღო, თითქოს მორიგი მორჩილება ყოფილიყოს. მას არანაირი სულმოკლეობა ან უკმაყოფილება არ გამოუჩენია. ბერი განუწყვეტლივ ღმერთს მადლობდა და მისი ავადმყოფობით შეწუხებულებს ეუბნებოდა: „მე ცოდვილი ვარ, ამის ღირსიც არ გახლავარ! არსებობს ხალხი, ამაზე უარეს ტანჯვას რომ იტანს“.

ექიმების მცდელობის მიუხედავად მამა სერაფიმეს ჯანმრთელობა უარესდებოდა. ის მაშინ 64 წლის იყო. განუვითარდა ფილტვების შეგუბება და გულის უკმარისობა. მედიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო მისი ქალაქგარეთ გაყვანა. შესთავაზეს კურორტი ვირიცა. მაღლობი ადგილი, მრავალსაუკუნოვანი შერეული სახის ტყე, სადაც უფრო წიწვოვანი ხეები ჭარბობდა, მშრალი, ქვიშიანი ნიადაგი და სუფთა ჰაერი - ყოველივე ამას სასიკეთოდ უნდა ემოქმედა ბერის ჯანმრთელობაზე. ექიმების რწმუნებით, მხოლოდ ამგვარი კლიმატური პირობების შემთხვევაში მოხდებოდა მისი ძალების აღდგენა. მამა სერაფიმემ წასვლაზე სასტიკი უარი განაცხადა, ეძნელებოდა მსახურებისა და სულიერი შვილების მიტოვება. ის წინასწარ ჭვრეტდა მოახლოებული დევნის ახალ ტალღას და მონასტრის სრულ აოხრებას, ამიტომ გულით ეწადა, თანამოძმეებთან ერთად გაეზიარა მწარე ხვედრი.

... მაგრამ სხვა იყო ღვთის ნება. მიტროპოლიტი სერგი (ჩიჩაგოვი), რომელიც ერისკაცობაში ექიმი გახლდათ, გაეცნო მამა სერაფიმეს სამედიცინო დასკვნას და დაუყოვნებლივ აკურთხა მონასტრიდან წასვლაზე. თვინიერ ბერს ისღა დარჩენოდა, აესრულებინა მორჩილება. 1930 წლის ზაფხულში მამა სერაფიმემ დატოვა წმინდა პეტრე მოციქულის ქალაქი. მეუფის ლოცვა-კურთხევით მასთან ერთად ვირიცაში გაემგზავრნენ სქემოსანი მონაზონი სერაფიმა (ერისკაცობაში ოლგა ივანეს ასული მურავიოვა) და მათი თორმეტი წლის შვილიშვილი - მარგარიტა. ისინი ადრეც ხშირად მიდიოდნენ მონასტერში ბერის სანახავად. ამჯერად კი მათი მთავარი მორჩილება მამა სერაფიმეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მოვლა გახდა.

სახლი ვირიცაში, სადაც ცხოვრობდა წმ. სერაფიმე

ძალიან მალე პეტროგრადის ეპარქიაში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, საშინელი რეპრესიები დაიწყო. მონასტრის ძმებისათვის 1932 წლის 18 თებერვალი, მართლაც რომ გეთსიმანიის ღამეს დაემსგავსა. ხალხმა ასეც უწოდა - წმინდა ღამე. იმ საშინელ საათებში ღვთისმებრძოლებმა ხუთასზე მეტი ბერი დააპატიმრეს. „იყავნ ნება შენი!“ - უამრავი მორწმუნე შეუდგა ამ სიტყვებით მოწამეობრივ გზას. 1933 წლის ნოემბრისთვის პეტერბურგში მოქმედ 495 ტაძრიდან მხოლოდ 61 დატოვეს. სრულად დაანგრიეს და გაძარცვეს ეკლესია-მონასტრები. ზარების რეკვაც კი აკრძალეს.

და აი, იმ დროს, როცა გუმბათებიდან ჯვრებს ყრიდნენ, ათასობით ეკლესია-მონასტერს აოხრებდნენ, ათი ათასობით მღვდელმსახური იჯდა ციხეში, მამა სერაფიმეს წმინდა გულის სახით ღმერთმა ვირიცაში ხელთუქმნელი ტაძარი ააგო. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა საშინელი დევნისა და სარწმუნოების მოკლების ჟამს ხალხისათვის ღმერთს თავისი რჩეულები, მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველები გამოუგზავნია. 30-40-იან წლებში რუსეთისთვის ასეთი რჩეული გახლდათ ვირიცელი სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (მურავიოვი).

ბერის გავლენა თანამედროვეებზე მეტად მნიშვნელოვანი და ქმედითი იყო, თუმცა კი გარეგნულად შეუმჩნეველი. ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რომ საშინელი განუკითხაობისა და სისხლისღვრის პერიოდში არსებობდა შეუდრეკელი რწმენის, იმედისა და ქრისტესმიერი სიყვარულის კუნძული. იმ დროს, როცა გეთსიმანიის ღამის საშინელებამ მთელი რუსეთი გააჩანაგა, ვირიცაში კიაფობდა ცხოველი სარწმუნოების სანთელი, რომლის შუქი ხალხის გულებს იმედით ასხივოსნებდა.

ღვთის ნამდვილი სასწაული იყო ის, რომ ბერი პატიმრობასა და ანგარიშსწორებას გადაურჩა. ძნელი დასაჯერებელია! - რეპრესიებმა მაშინ ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი შეაღწია, ულმობელმა სტალინურმა რეჟიმმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შთანთქა, მაგრამ უწყინარი ბერისათვის ხელის ხლება ვერავინ გაბედა.

ნათესავებისა და სულიერი შვილების გადმოცემით, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ერისკაცობაში ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი, დაბადებული 1866 წელს) და სქემოსანი მონაზონი სერაფიმა (ერისკაცობაში ოლგა ივანეს ასული მურავიოვა, დაბადებული 1872 წელს) არასდროს ყოფილან დაკავებულნი ან დაპატიმრებულნი.

 

ვირიცა... 1930 წლის ზაფხული... მამა სერაფიმემ ახლობლებთან ერთად ოლგოპოლსკის ქუჩაზე იქირავა პატარა სახლი. ერთი წლის შემდეგ ბოროვოის ქუჩაზე გადავიდა. 1931-1945 წლებში პილნის ქ. №7-ში ქირაობდა რამდენიმე ოთახს. სახლი პროვიზორ ვლადიმერ თომას ძე ტომბერგს ეკუთვნოდა. 1945 წელს მურავიოვები მაისის ქ. №4-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, ქალბატონ ლიდია გრიგოლის ასულ ეფიმოვასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა სერაფიმე მძიმედ ავადმყოფობდა, ჰქონდა ტკივილები. განსაკუთრებით აწუხებდა ფეხები, ზოგჯერ სიარულის უნარსაც კარგავდა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაჟკაცურად ითმენდა. მისგან არავის სმენია კვნესა და წუწუნი.

ვირიცაში გადასვლის შემდეგ ბერს ექიმებისათვის აღარ მიუმართავს. „იყოს ღვთის ნება! ავადმყოფობა მორჩილების სკოლაა, სადაც საკუთარი უძლურება შეიცნობა“, - ამბობდა ის. ბერი განუწყვეტლივ ღმერთს მადლობდა. საოცარია, რომ ის ავადმყოფობის გამო უფრო მეტ მადლიერებას იჩენდა, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი - ჯანმრთელობისათვის. „ღვთისგან არასდროს ითხოვო რაიმე მიწიერი, მან ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო. ყოველთვის ასე ილოცეთ: „უფალო, შენს წმინდა ნებას მივანდობ საკუთარ თავს, ჩემს შვილებს, ნათესავებსა და ახლობლებს“, - ასე მოძღვრავდა ბერი ხალხს. თავად კი გულწრფელად ფიქრობდა, რომ იყო ცოდვილი და იმსახურებდა ყოველგვარ სასჯელს. მამა სერაფიმე ყველას სთხოვდა, ელოცა მისი სულის გადასარჩენად.

თავდაპირველად ბერს მხოლოდ უახლოესი სულიერი შვილები და პეტერგოფის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი) აკითხავდნენ, მაგრამ მალე ზღვა ხალხმა იწყო მისკენ დენა. მლოცველები მოდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, ბერის სანახავად ისწრაფვოდნენ ვირიცასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ყველას სურდა, საკუთარი თვალით ეხიალ უფლის წმინდანი, მიეღო მისი ლოცვა-კურთხევა და თუნდაც ერთი წუთით გასაუბრებოდა. წლის განმავლობაში, ყოველდღე მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგჯერ ასობით ადამიანი იყრიდა თავს და დილიდან საღამომდე ბერის კელია ალყაში ექცეოდა. მოდიოდნენ ჯგუფებად, ოჯახებით...

ახლობლები ცდილობდნენ, ბერი ზედმეტი შეხვედრებისგან დაეცვათ, უფრთხილდებოდნენ მის ჯანმრთელობას, მაგრამ მამა სერაფიმე ამბობდა: „აწი მე სულ ავად ვიქნები... ხალხს მივიღებ მანამ, სანამ საკურთხებლად ხელის აღმართვას შევძლებ“.

ბერის მგრძნობიარე გული ხალხის მასაში საოცრად გამოარჩევდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ადამიანს და თავად ეძახდა. გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდა ამას. ჩვეულებისამებრ, მისი თანაშემწე გამოდიოდა ზღურბლზე, ასახელებდა მავანის სახელსა და ჩამოსვლის ადგილს, შემდეგ ბერთან კელიაში იწვევდა.

„მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა“ (მათე 8,17). მამა სერაფიმე იმდენად თანაუგრძნობდა ხალხს, რომ მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირა მათ გადასარჩენად. ასეთი სიყვარულის გამო უფალმა ვირიცელი ბერის სიტყვას მიანიჭა განსაკუთრებული კურნების ძალა, სიბრძნე და წინასწარმეტყველების უნარი. მამა სერაფიმეს ერთი სიტყვით, ხელის ერთი შეხებით სულს შვება ეფინებოდა, ყველას ტკბილად მიმართავდა: „ძვირფასო, საყვარელო...“ ეხვეოდა, თავზე კოცნიდა, ეფერებოდა, კურნავდა და ალერსიანი ხუმრობით ამხნევებდა. საუბრობდა თბილად, უბრალოდ, სულ იღიმებოდა. რაღაც საოცრად მშობლიური და მამობრივი იგრძნობოდა მის ხმასა და გარეგნობაში.

სქემმონაზონი სერაფიმე

ბერისთვის არ არსებობდა ასაკი, ეროვნება, საზოგადოებრივი მდგომარეობა. მისთვის ყველა უსაყვარლესი შვილი იყო, ყველას მამობრივი ალერსით ხვდებოდა, უფრო მეტიც, ეპყრობოდა როგორც ავადმყოფ შვილებს: იყო მათი უძლურების შემწყნარებელი და ურთიერთობაში საოცარ სინაზეს, სიფაქიზესა და ალერსს იჩენდა. ბერთან სასაუბროდ და ლოცვა-კურთხევის მისაღებად შორი მანძილიდან ჩამოსული ხალხი ხანგრძლივად იცდიდა გრძელ რიგში. მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა, ბერის კელიიდან ყოველთვის გახარებულნი გამოდიოდნენ. თუმცა ბერი ხშირად შეუძლოდ გრძნობდა თავს, არასდროს კარგავდა მხნეობას და სიხალისეს. შესაბამისად, სხვებიც ივიწყებდნენ საკუთარ ნაღველსა და დარდს. ის იყო განსაცდელში მყოფთა კეთილისმყოფელი. ბერი არამარტო სულიერად ამხნევებდა ადამიანებს, არამედ ეხმარებოდა პრაქტიკული რჩევებით, ფულით, სამსახურით. ის მადლიერებით ღებულობდა შესაწირს მომსვლელთაგან, მაგრამ იქვე ურიგებდა გაჭირვებულებს.

ბერი ცხოვრების ბოლომდე მატერიალურად ეხმარებოდა ესტონეთში პიუხტიცის მიძინების დედათა მონასტერს. სავანე განსაკუთრებით ჰყვარებია წმ. იოანე კრონშტადტელსაც. მონასტრის მრავალი მკვიდრი კარგად იცნობდა და სიყვარულით იყო განმსჭვალული ვირიცელი ბერის მიმართ, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი მამა სერაფიმეს კურთხევით აღიკვეცა მონაზვნად. ის არაერთხელ მიუწვევიათ მონასტერში, პატარა მშვენიერი სახლიც კი მოუწყვეს. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ამ სახლში ცხოვრობდა იღუმენია ანგელინა თავის თანაშემწესთან ერთად. პიუხტიცელები ამჟამადაც განსაკუთრებულ კრძალვას იჩენენ მამა სერაფიმეს მიმართ და პროსკომიდიასა და ფსალმუნებში დღემდე იხსენებენ მის ნათესავებს.

მრევლის მიერ შეწირული თანხის ძირითად ნაწილს მამა სერაფიმე ყაზანის ეკლესიას გადასცემდა, დანარჩენს გაჭირვებულებს აძლევდა. „აბა, როგორი გამოჩნდები ღვთის წინაშე, ფულს თუ ჩემთვის დავიტოვებ?! - არაერთხელ სმენიათ მისგან, - საფულეში მანეთი თუ მოგეძევებათ, გლახაკებს დაურიგეთ და თქვენთვის კაპიკი დაიტოვეთ. მაშინ არასდროს შემოგელევათ ფული. გაეცით ყოველგვარი სინანულის გარეშე და ღმერთი დაგასაჩუქრებთ! შეგენანებათ და იწუწუნებთ? - უკანასკნელ კაპიკსაც დაკარგავთ“.

თავად ბერი ყოველთვის სიხარულით გასცემდა მოწყალებას. ძღვნად მორთმეული ნივთები, პროდუქტი, ხილი, ტკბილეული, პური თუ სხვა რამ დიდხანს არ რჩებოდა ბერის კელიაში, ის მაშინვე ურიგებდა სტუმრებს, უპოვართ და შორი მანძილიდან ჩამოსულ მომლოცველებს. მთელი ოცი წლის განმავლობაში ბერის ბინაში ერთიდაიგივე პატარა მაგიდა, ტყავის გაქუცული სავარძელი, ორი სკამი და ვიწრო რკინის საწოლი იდგა. ასეთივე უბრალოებას იჩენდა ჩაცამაშიც. ბამბის გაცრეცილი სამღვდელო კაბა, ძველი გახუნებული ანაფორა, თბილი სკუფია იყო მისი სამოსი. თუ რამეს მიუტანდნენ, მაშინვე პატრონს გამოუჩენდა.

ოცი წლის განმავლობაში მუდმივი მარხვა, სიფხიზლე და ლოცვა შეიძლება შევადაროთ ძველი დროის ასკეტი მამების გმირულ ღვაწლს. მამა სერაფიმე საოცარ სიმკაცრეს იჩენდა საკუთარი თავის მიმართ მოღვაწეობის პირველი დღიდან სიცოცხლის ბოლომდე. არანაირი შეღავათი! მარხვა, სიფხიზლე, ლოცვა... და ისევ მარხვა, სიფხიზლე, ლოცვა... ბერის გმირობის გახსენებისას მისი ახლობლები აღნიშნავენ: „შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის ყველაფერი ამის ყურება ცრემლების გარეშე“. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მამა სერაფიმე საერთოდ არ ჭამდა, ზოგჯერ რამდენიმე დღე ზედიზედ არაფერს მიირთმევდა. გარშემომყოფნი ხანდახან ფიქრობდნენ, რომ ბერი შიმშილით სიკვდილისთვის სწირავდა თავს. ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ რითი იკვებებოდა ბერი. ზოგჯერ ცოტაოდენ სეფისკვერს იღებდა ნაკურთხ წყალთან ერთად, ზოგჯერ ერთ ცალ კარტოფილსაც არ ამთავრებდა ბოლომდე, ზოგჯერ გახეხილ სტაფილოს იგემებდა. ყოველივე ამის მიუხედავად, ის დაუღალავად, შესაშური მხნეობით იღწვოდა მოყვასის დასახმარებლად. მამა სერაფიმეზე შეგეძლოთ გეთქვათ, რომ სულიწმინდით იკვებებოდა. უეჭველი იყო, ღმერთი აძლიერებდა უდიდეს მმარხველ ბერს.

ვირიცის ყაზანის ეკლესიის მღვდელმსახურები ყოველ კვირას აზიარებდნენ ქრისტეს საიდუმლოს მამა სერაფიმეს. ამას გარდა, ბერის კელიაში ყოველთვის ინახებოდა წმინდა ძღვენი და ზიარებისათვის საჭირო ნივთები. საჭიროების შემთხვევაში ის თავად ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, „წმინდა ზიარებით ძალებს ვიკრებ. ან რა შეიძლება იყოს ქრისტეს საიდუმლოზე უფრო ძვირფასი და ცხოველსმყოფელი?!“ - ეუბნებოდა მისი ჯანმრთელობის გამო შეწუხებულ ხალხს.

ბერის გალეული სხეული მისივე სულის გამჭირვალე საფარად ქცეულიყო, საიდანაც ბრწყინავდა სიყვარული. თხელი, დაძარღვული ხელები, ჩაცვენილი ღაწვები და უზარმაზარი ცისფერი თვალები... სწორედ ეს თვალები იწვევდა მნახველში დიდ გაოცებას. ამ თვალებიდან თითქოს ცა დაჰყურებდა მიწას. ეს თვალები, ამ სიტყვის სრული გაგებით, გულსა და სულში იმზირებოდა და მის ყველაზე ფარულ კუნჭულში აღწევდა. როგორც მრევლი აღნიშნავს, მისი თვალები ადამიანის სულში  წვდომის უნარით ძლიერ ჰგავდა წმ. სერაფიმე საროველის სიცოცხლეშივე დაწერილ ხატზე გამოსახულ წმინდანის თვალებს.

ვირიცელ ბერს საროველ სასწაულთმოქმედთან ლოცვის დიდი ძალა აკავშირებდა. წმ. სერაფიმე მისი უდიდესი მოძღვარი გახლდათ. გეგონებოდათ, ვირიცელი ბერის სახით თავად საროველი წმინდანი აღდგაო. ისინი, ორივე, სიყვარულსა და მშვიდობას აფრქვევდნენ. სიცოცხლის ბოლომდე ვირიცელი ბერი საოცარი კრძალვითა და სიხარულით ატარებდა ღირსი სერაფიმე საროველის ხატს.

„ხშირად ბერი დღისით ასობით მომსვლელს ღებულობდა, ხოლო ღამეს ლოცვაში ატარებდა. შინაურებიც ვერ ხვდებოდნენ, როდის იძინებდა ბერი, ან საერთოდ თუ იძინებდა. როცა მისი სულიერი შვილები ვირიცაში ღამისთევით დარჩენილან, არაერთხელ შესწრებიან, თუ როგორ ათენებდა ღამეს ბერი ლოცვაში. ზოგჯერ, როცა გვაინტერესებდა, რამე ხომ არ სჭირდებოდა მამას და კელიაში სანთელივით ხელები ზე-აღეპყრო და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა“ - გვიამბობენ ბერის ნათესავები. დღის განმავლობაში ხალხი ცოცხლებისა და მიცვალებულების უამრავ მოსახსენებელს ტოვებდა. ისინი ბერისგან ლოცვას ითხოვდნენ. ღამით თვალცრემლიანი ბერი მდუღარე გულით კითხულობდა მათ სახელებს. რამდენ ადამიანს მიუღია ღვთისგან შემწეობა მისი ლოცვის წყალობით! მეორე დღეს ყველა მოსახსენებელი ყაზანის ეკლესიაში მიჰქონდათ, ხოლო მამა სერაფიმე სავსებით გულწრფელად ირწმუნოებოდა: „მე რა მლოცველი ვარ?! - სულ ვწევარ...“

თავად ღმერთი აღუდგენდა ბერს ძალებს და შეეწეოდა დაუღალავ შრომაში. „აი, დილით შედიხარ ბერის კელიაში და ხედავ, სახეზე ღიმილი გადაჰფენია. კვალიც არსად ჩანს წუხანდელი დაღლილობისა. და ეს მაშინ, როცა წინა ღამით ძლივსღა საუბრობდა“, - იხსენებენ ბერის ახლობლები.

ზოგჯერ ბერი რამოდენიმე დღით წყვეტდა მიღებას და სრულ მარტოობასა და დუმილში იმყოფებოდა. შინაურები ცდილობდნენ, არ დარღვიათ მისი სიმშვიდე, ასეთ დროს კუტიკარზე ჩნდებოდა განცხადება, რომელიც მომავალი მიღების დღეების შესახებ იუწყებოდა. იმ დროს ბერი ლოცვით მჭვრეტელობას ეძლეოდა სრულიად. ასეთი დღეები ხშირი არ იყო, მაგრამ უეჭველია, რომ სწორედ მაშინ ღებულობდა საღმრთო გამოცხადებას და ეძლეოდა ძალა, განეგრძო შემდგომი გმირული მოღვაწეობა.

ამგვარი დღეების შემდეგ მამა სერაფიმე მრავალმნიშვნელოვნად ამბობდა: „და რა კარგი იქნება იქ! თქვენ რომ იცოდეთ, რა კარგი იქნება იქ!..“ მას სხვა სიტყვებით არ შეეძლო გადმოეცა ის სულიერი აღმაფრენა, რომელსაც საღმრთო ჭვრეტისას განიცდიდა.

ბერი ჯერ კიდევ ალექსანდრე ნეველის მონასტერში ყოფნისას იცნობდა ბევრ გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის იყვნენ მეცნიერები, ექიმები, კულტურის მოღვაწეები. აკადემიკოსი ივანე პეტრეს ძე პავლოვი, თანამედროვე ფიზიოლოგიის მამამთავარი, ხშირად მიდიოდა მასთან სასაუბროდ და აღსარების სათქმელად. მეცნიერი მრავალი წლის განმავლობაში პეტროგრადის ორი ეკლესიის საპატიო მნათედ ითვლებოდა. ესენი იყო: ლიგოვსკის პროსპექტზე არსებული ზნამენსკის ეკლესია და პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარი, რომელიც დაბა კოლტუშში მდებარეობს. ამ უკანასკნელში განთავსებული გახლდათ ცნობილი ბიოლოგიური სადგური - „პირობითი რეფლექსების ცენტრი“ (ამჟამინდელი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ი.პ.პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი). აკადემიკოსი სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა ამ ორ ტაძარს და დაიცვა გაუქმებისა და დანგრევისაგან. 1933-1934 წლებში მთელ რუსეთში აკრძალული იყო ზარების რეკვა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა კოლტუშის ეკლესია გამოჩენილი მეცნიერის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე.

სქემოსან მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს პატივს სცემდნენ ისეთი სახელოვანი ხალხი, როგორებიც იყვნენ: გამოჩენილი რუსი ასტრონომი, რუსეთის ასტროლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი სერგეი პავლეს ძე გლაზენაპი; თანამედროვე ფარმაკოლოგიის სკოლის ფუძემდებელი, მედიცინის პროფესორი, მიხეილ ივანეს ძე გრამენიცკი. ვირიცის ხშირი სტუმრები გახლდნენ სახელმოხვეჭილი აკადემიკოსები: კვანტურ მექანიკაში, რადიოტალღების გავრცელებასა და ფარდობითობის თეორიაში მრავალი ნაშრომის ავტორი, ფიზიკოსი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ფოკი; ი.პ.პავლოვის მოწაფე და საქმის გამგრძელებელი, ბიოლოგი ლეონ აბგარის ძე ორბელი. ჭიქა ჩაიზე ისინი საუბრობდნენ სულისათვის სასარგებლო მრავალ თემაზე, კერძოდ: იმ ჰარმონიაზე, რომლითაც განმსჭვალა ყოვლადბრძენმა შემოქმედმა ბუნება და თავად ადამიანი; ზეციურ უხილავ სამყაროზე; სულიწმინდაზე, რომელიც მთელ სამყაროს აღავსებს და ცხოველჰყოფს. ამგვარი ღვთივგანბრძნობილი საუბრებიდან მეცნიერების კორიფეები ბევრ რამეს სწავლობდნენ. ბერი სრულიად სხვა სამყაროს მოქალაქე გახლდათ, მისი ბაგეებიდან თავად სულიწმინდა საუბრობდა.

ბერის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო მთელ რუსეთში სახელგანთქმული ჰომეოპათი, პროფესორი სერგეი სერაპიონის ძე ფავორსკი, რომელსაც „პეტერბურგის მნათობს“ უწოდებდნენ. ის უნიჭიერესი ექიმი და სუფთა სულის ადამიანი გახლდათ. მრავალი გავლენიანი პიროვნება მკურნალობდა მასთან, რაც ექიმს საშუალებას აძლევდა, არაერთი მორწმუნე დაეხსნა გამოუვალი სიტუაციიდან თუ მოახლოებული საფრთხისგან.

ღმერთმა გულუხვად დააჯილდოვა მამა სერაფიმე სულიერი ღირსებებით. ესენი იყო: სულიერი განსჯის უნარი; ადამიანის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ცნობის ნიჭი; შორ მანძილზე მომხდარი მოვლენების ხედვა; სულიერი ნუგეშინისცემისა და მკურნალობის მადლი; ბოროტ ძალებზე ხელმწიფება; ლოცვითი მჭვრეტელობისა და წინასწარმეტყველების ტალანტი. ყოველივე ამას აგვირგვინებდა ბავშვისათვის დამახასიათებელი მხურვალე რწმენა და გულწრფელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, სიყვარული, რომელზე დიდი არც დედამიწასა და არც ზეცაში არაფერია.

ბერი მამობრივ მზრუნველობასა და ალერსს იჩენდა თითოეული მომსვლელის მიმართ. ისინიც ბავშვებივით ენდობოდნენ და ყველაზე ფარულ გულისნადებსაც უმჟღავნებდნენ, თუმცა კი ბერისათვის უთქმელადაც ცნობილი იყო ყოველივე. მისგან არავის არასოდეს სმენია ან საყვედური, ან მკაცრი შენიშვნა; მაგრამ ამასთანავე ადამიანში სინდისის გაღვიძების საოცარ უნარს ფლობდა, შეეძლო სრულიად შეუმჩნევლად მოსაუბრის ფიქრები მიწიერიდან ზეციურისკენ წარემართა.

მამა სერაფიმესთან სხვადასხვა კატეგორიის ხალხი მიდიოდა. პილნის ქუჩაზე მდებარე სახლი არაერთხელ გაუჩხრეკიათ ჩეკისტებს 30-იან წლებში. ჩხრეკა, უმთავრესად, ღამის საათებში ხდებოდა. НКВД-ს თანამშრომლებმა ერთხელ სცადეს კიდეც მისი დაპატიმრება, მაგრამ ნათესავებმა შეუშალეს ხელი, ბერის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო სამედიცინო შემოწმება მოითხოვეს. ოპერმუშაკების მიერ მოწვეულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ავადმყოფის გადაადგილება ყოვლად დაუშვებელი იყო.

მოხდა ასეთი შემთხვევაც: სარეცელზე მწოლიარე ბერმა ჩეკისტების უფროსს საწოლთან მიახლოება სთხოვა. თავმდაბალი ბერისა და ხელისუფლების წარმომადგენლის თვალები მხოლოდ რამოდენიმე წამით შეხვდა ერთმანეთს. გაიმარჯვა მამა სერაფიმეს სიყვარულმა. ის ჩეკისტს ხელზე მიეფერა, შემდეგ მარჯვენა ხელი თავზე დაადო და წარმოთქვა: „მონაო ღვთისავ, მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. თან ზუსტად იმ სახელით მიმართა, რაც ჩეკისტს ერქვა. ასეთმა საქციელმა დანარჩენ თანამშრომლებსაც მოულბო გული. ბერის ახლობლები იხსენებდნენ: „მაშინ ჩეკისტების უფროსმა თქვა: „ასეთი ბერები უფრო ბევრნი რომ იყვნენ, ყველა მორწმუნეები ვიქნებოდით“ და ატირდა. მამა სერაფიმეს გაეღიმა და გვითხრა: „გაუმასპინძლდით ჩაით!“

შეუცნობელია, თუ როგორ მოქმედებს უფლის მადლი. დიდია მისი ძალა! ანტონ დიდსა და ამბა ზოსიმეს ლომები ემორჩილებოდნენ, სერგი რადონეჟელსა და სერაფიმე საროველს - დათვები, ხოლო ვირიცელ ბერს არაერთხელ დაუოკებია ადამიანის ტყავში გადაცმული ყველაზე მძვინვარე მხეცები.

ბევრი ადამიანი ბერის კელიაში პირველად შესვლის დროს უნებლიერ ეშვებოდა მუხლებზე და ტირილს იწყებდა. ცოდვილთა  სულები ვერ უძლებდნენ ამგვარი სიწმინდის ხილვას, ბერის სულიერი სამოსის სისპეტაკე საკუთარ უღმერთობაზე აფიქრებდა და ისინი გოდებას იწყებდნენ. მამა სერაფიმე რაღაც არამიწიერ ნათელს ასხივებდა. ამ სინათლეს აშკარად შეიგრძნობდა ყველა ის ადამიანი, ვინც ბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბო. თითქმის ყველა მათგანისგან შეგიძლიათ გაიგოთ: „მამა სერაფიმე აშუქებდა... აშკარად ვგრძნობდით სინათლეს, რომელიც იმ ადგილიდან გამოდიოდა, სადაც მამა სერაფიმე იწვა...“

გაგრძელება