არამედ პირველხსენებულნი და ყოვლად მოსახსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიხსენნეთ, რომელნიცა სათნო იყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთმთავრად სამწყსოთა მათ თვისთა პირმეტყველთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარეს მრავლით წლით არსენისსა იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტეჲს კვართისა სამკვიდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყვარული მათ შორის ერთად ზრდილობისათვის.
არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათვის ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათვის, რამეთუ თვინიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძე თვისი დაადგინა კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. არამედ მცირედ მხილებისათვის უფლისა მიშვებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყვის-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ხელმწიფე იყო მამფალი გვარამ დიდი, მირეანისთვის გულძვირად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღვარნი მამანი.
რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღვარნი იგი არსენი კათალიკოზისათვის და ვერა დაამტკიცეს სიტყვაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქვა ყოველთა:
- ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ.
და მათ ჰრქვეს:
- ვისთვის არს სიტყვაჲ ეგე დამტკიცებითი?
ხოლო მან თქვა:
- გრიგოლ არქიმანდრიტისათვის, ხანძთისა და შატბერდისა მაშენებელისა.
მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქვა შორის შეკრებულთა მათ:
- იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?
ხოლო სხვათა მათ ყოველთა თქვეს:
ჭეშმარიტსა იტყვის, რამეთუ იგი არს მოძღვრებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა.
და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილვითა. რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული.
და ვითარცა იხილეს ღმრთისამიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყვათა მისთა სიხარულით.
მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღვარი თვისი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თვისნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქვა მას:
- შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!
ხოლო მან ჰრქვა:
- წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათვის. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი - ჩემი მწყემსი.
მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქვა:
- უკეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარ ვარ!
ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყვასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღვრისასა ატირდა და ჰრქვა:
- ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე, განმკუეთელ უფროჲს მახვილისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!
ხოლო მან ჰრქვა:
- ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღვარსა შენსა ქრისტესა, სიტყვისაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩვენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათვის, არამედ მირეან, მამამან მისმან, აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ.
ამისა შემდგომად, რაჟამს ესმა გვარამ ხელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გვარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქვა:
- წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა.
და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს:
- ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!
ხოლო მან თქვა:
- სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად.
მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:
- მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ.
ხოლო მან თქვა:
- ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა.
ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ:
- მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.
და შჯულისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერისკაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყვახელოვან.
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა მას:
- ჰოჲ, ხელმწიფეო, რად განჰრისხნები ჭეშმარიტებისათვის? ესე უწყოდი, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულისმოძღვრებასა იკადრებდეს, არამედ შჯულისგამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყვისა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღვართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერისკაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებისა იკადრებდა, გინა ახალსახიობასა მოიღებდა. დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყვისაებრ შენისა, გვარამ, ვარ ბუნებაშეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყვანი ჩემნი არღარა განჰგმნე.
ხოლო ხელმწიფე იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქვა ეპისკოპოსთა მათ:
- თქვენგან ჯერ არს განსაგებელი თქვენი განგებად, აწ თქვით!
და მათ ჰრქვეს:
- ღმრთისმსახურო გვარამ, ქრისტეჲსმიერმან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაჲ ჩვენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ.
და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა. მაშინ ზარ ჰხდა ხელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთისმოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქვა:
- წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე!
ხოლო მან ჰრქვა:
- ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ.
მაშინ გვარამ, დიდმან ხელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი. და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გვარამ ღვინითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქვეს:
- ჯერ-მე იყო მხილებაჲ ესე არსენისთვის, არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭვი პირველი და-მცა-ხსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩვენი მშვიდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყვისგებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტეჲსთა.
და გვარამ ხელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს:
- ამენ იყავნ!
ხოლო ხელმწიფემან მან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან:
- წმიდანო ღმრთისანო, უკეთუ ქვეყანისა ჩვენის ერისკაცი ვინმე, წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წვრთილი, მიიწიოს იერუსალემდ, ანუ სხვათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შვენოდის და ჩვენ შორის არა იყოს, გინათუ წიგნთაგან წმიდათა გულისხმა ყოს და თავით თვისით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?
ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლის-მეტყველთა. ხოლო მათ თქუეს:
- წერილ არს: „ტვირთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკეთუ დაუმძიმო, დაინთქას, და უკეთუ სუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ“. ეგრეთცა ტვირთი შჯულისაჲ და წესი ქრისტეანობისაჲ, რომელი აწ ქვეყანასა ჩვენსა უპყრიეს, ფრიად კეთილ არს და ღმერთი დაჯერებულ არს. და ამისთვის ჩვენ ვართ თავსმდებნი - უკეთუ ვინმე მტკიცედ იპყრას და შეუცვალებელად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, „ასი წილი აქავე მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკვიდროს“, სიტყვისაებრ უფლისა. და შევიწყნარეთ პირველი მამისა გრიგოლის სიტყვაჲ, რომელ წარმოთქვა. და ჩვენ ამას ვიტყვით: უკეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერისკაცმან გულისხმა ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობეს დუმილი არს, ვითარცა თქვა იაკობ მოციქულმან, ვითარმედ: „ნუ მრავალნი ჰმოძღვრით, ძმანო“. და უკეთუ დუმილი ვერ ძალედვას, არა თავით თვისით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თვისსა ეპისკოპოსსა. და თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს თვისსა სამწყსოსა. უკეთუ კვლა სილაღით წარმდებობდეს ერისკაცი იგი და ერსა ახლად სხვასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა.
ხოლო ხელმწიფემან მან თქვა:
- ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოჲ საღმრთოჲსა განგებისაჲ. და უკეთუ წიგნის მკითხველსა კითხვაჲ უხმს, უფროჲსად ჯერ არს კითხვაჲ წესისა და შჯულისა მასწავლელისაჲ და ყოვლადვე შეკრძალებაჲ თავისა, ვითარცა იტყვის: „მკურნალო, პირველად განიკურნე თავი თვისი!“
ხოლო ერისკაცთა მათ შეიკდიმეს მხილებაჲ იგი უმეცართა წესისდადებისაჲ და შეინდვეს შჯულისა წინამძღვართაგან.
და ვითარცა განასრულეს პურისჭამაჲ, მისცეს მშვიდობაჲ მთავარსა მას დიდსა და მან სიხარულით განუტევნა ყოველნი.
მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ:
- შემდგომად ღმრთისა მოძღვარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი.
ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.
ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყვარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გვარამ ხელმწიფისა.
და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძველი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშვიდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით და მხიარულებით მიიწია წინაშე ქრისტეჲსა და აქვს მადლი შეწევნად ჩვენდა.
არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყვებელ ექმნა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტეჲსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალეჲმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების. ხოლო „კვირიელეჲსონი“ ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ „უფალო შეგვიწყალენ“.
ესე ნეტარი ეფრემ ორმეოც წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა. რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა, ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკუდიდ განწირულთა სნეულთა სიტყვით მსწრაფლ განჰკურნებდა. ხოლო ურჩთა სიტყვითვე მოაკვდინებდა, და სხვათაცა სასწაულთა იქმოდა მრავალთა. და კეთილსა შინა სიბერესა მადლითა სავსე გარდაიცვალა და მიიწია სიხარულით წინაშე ქრისტეჲსა, და ჩვენ მორწმუნეთათვის მეოხ არს უკუნისამდე.
ესევითარნი იყვნეს ღმერთშემოსილნი მოწაფენი მამისა გრიგოლისნი. ხოლო დიდი ეპიფანე სიმდაბლითა თვისითა მიიწია საზომსა თვისისა მოძღვრისასა. და ცრემლთა დათხევითა სულთა უკეთურთა განასხმიდა და სნეულთა მსწრაფლ განჰკურნებდა და მრავალთა სხვათა სასწაულთა იქმოდა, ურჩთა რაჲ გვემითა განსწავლიდა და მორწმუნეთა ლოცვითა სიკვდილისაგან იხსნიდა.
რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი და მის თანა ძმანი. და იხილეს ადგილი მარჯვე და პურისა ჭამად დასხდეს. და მასვე გზასა დედაკაცი ერთი ვინმე მოვიდოდა და თანა ჰყვანდა ძე შვიდისა წლისაჲ. და იყო ყრმაჲ იგი ხილვითა კეთილ და გონებითა ფრთხილ. და ვითარ მოიწინეს საჩინოსა ნეტარისა მამისა ეპიფანესსა, ყრმასა მას სალმობანი სიკვდილისანი ეწინეს და სენისა მისგან წრტიალისა ისწრაფდა სული განსლვად გუამისა მისგან. ხოლო დედამან მისმან გოდებითა მწარითა აღიტაცა ძეჲ თვისი და მირბიოდა წმიდისა მის და ხმობდა ესრეთ საწყალობელად:
- ჰოჲ წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რამეთუ მომიკუდების შვილი ესე ჩემი! და შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი!
და ძეჲ იგი თვისი დააგდო წინაშე ფერხთა ეპიფანესთა. ხოლო იგი ცრემლითა სავსე აღდგა, რამეთუ იყო ბუნებით მოწყალე, და დავარდა წინაშე ქრისტეჲსა და თქვა:
- უფალო, ღმერთო ჩვენო იესუ ქრისტე! იხილენ ცრემლნი ჩემნი და ცრემლნი საწყალობელისა ამის დედაკაცისანი და წყალობა ყავ ყრმასა ამას ზედა და უბრძანე სულსა ამისსა მკვიდრობაჲ თვისსა შინა გუამსა მრავალთა წელიწადთა ნუგეშინის საცემელად ამის გლახაკისა და სადიდებელად შენდა, მხოლოჲსა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ. ამენ! - და ჯვარი დასწერა, უპყრა ხელი და ჰრქვა: - განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ, ყრმაო, და ცოცხალ იქმენ!
და მსწრაფლ განეშორა სალმობაჲ და უძლურებაჲ გუამსა მისსა და ყოველი ურვაჲ სულსა მისსა და აღდგა მხიარული. და მისცა იგი დედასა თვისსა და უბრძანა მიცემაჲ ჭამადისაჲ. და დედაკაცმან მან სიხარულით მადლი შეწირა ღმრთისა და წმიდისა მის და მშვიდობით წარვიდეს ზოგად იგი და ძე მისი გზასა თვისსა. და ყრმაჲ იგი ვიდრე სიბერედმდე კეთილად ცხოვნდებოდა და ადიდებდა ღმერთსა.
და კვალად სხვათა ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა ესუა შვილი, ყრმაჲ წული, მტერისაგან ვნებული შობითგანვე, რამეთუ იყო იგი ყრუჲ და უტყვი და გონებანაკლული. ხოლო ჰასაკისა ხილვითა ჩნდა მრთელად და იზარდებოდა ვითარცა სხვაჲ ყრმაჲ. და ვითარ იქმნა იგი ათის წლის, მას ჟამსა მამჲა ეპიფანე ითქმოდა სასწაულთა მოქმედად. და მიიწია სოფელსა მას, სადაცა იყო ყრმაჲ იგი ვნებული. ხოლო დედამან მის ყრმისამან წარიყვანა იგი გზასა მას, რომელსაცა წარჰვლიდა მამაჲ ეპიფანე. და ვითარცა იხილა, ევედრებოდა მას მწარითა ცრემლითა და სარწმუნოებითა მტკიცითა ძისა თვისისათვის.
ხოლო ნეტარი იგი ცრემლოოდა სულთქმით, და ლმობიერად ხმა ყო:
- ქრისტე ღმერთო, რომელი კაცთმოყუარებისათვის განჰკაცენ და ივნე ვნებულთა განკურნებისათვის! აწ, უფალო მოწყალეო, რაჲსათვის უცოდველი ესე დაბადებული შენი ცოდვათა ჩვენთა სამხილებელად იგვემების ეშმაკისაგან? შენ, წყალობააღურაცხელო ღმერთო, ულხინე და განათავისუფლე ესე ყოველთაგან ჭირთა და სიხარული მიეც მშობელთა ამისთა!
და ჯვარი დასწერა ყრმასა მას და მისცა დედასა მისსა განკურნებული, რამეთუ მსწრაფლ ხოლო სიბრძნით აღიტყვა უტყვი იგი და კეთილად ესმოდა უსმსა მას, რაჟამს განიოტა მისგან ეშმაკი იგი ბოროტი ლოცვამან ნეტარისა მის კაცისამან.
და რომელთა იხილეს საკვირველი ესე, ადიდებდეს ღმერთსა.
ხოლო დედაკაცმან მან მოიყუანა ქმარი თვისი და შესაწირავად ორი ზროხაჲ მიუძღუანა ეპიფანეს. არამედ მან მიანიჭა ზროხანი იგი ყრმასა მას განკურნებულსა და აკურთხნა იგინი და სიხარულით წარვიდეს და მადლი მისცეს ღმერთსა.
ესევე ნეტარი ეპიფანე ოდესმე მივიდა წინაშე დიდისა აბულასათისა ჟამსა მკისასა როჭიკისა თხოვად ხანძთისათვის. ხოლო მან ჰრქვა:
- ძმათა შენთა დღესა შინა ერთსა რაჲ მკონ, მიმიცემია.
და აბულასათ ესევე ამცნო ცოლსა თვისსა, რამეთუ იყო გუნათლეს, და თვით წარვიდა სხვად ქვეყანად. ხოლო ეპიფანე შეიკრიბნა ძმანი თვისნი კეთილად მომკალნი და მიიწინეს გუნათლეს სიტყვისაებრ პირველთქმულისა და იწყეს მკად კეთილსა ყანასა, ვიდრე განზოგებადმდე დღისა მის, ფრიადითა გულს-მოდგინებითა. ხოლო კაცთა ვიეთმე უკეთურთა აუწყეს დედუფალსა თვისსა, ვითარმედ სრულიად მოჰმკიან ვიდრე მწუხრადმდე იფქლსა მას ფრიად კეთილსა. ხოლო შეიურვა და მიავლინა კაცი, რაჲთა არღარა მკიდენ. და ეპიფანე ძმათა მათ ეშორა და მივლინებულსა მას არა უსმინეს.
ხოლო მან რისხვით სხვანი კაცნი მიავლინნა და მძლავრებით განასხნეს ყანისა მისგან. მაშინ მამაჲ ეპიფანე ძმათა მათ დაუბრკოლდა არა სმენისა მისთვის, რომელცა იგი პირველ მოევლინა კაცი, რამეთუ ჭეშმარიტად იყო იგი ქრისტეს მონაჲ და არა უნდა შფოთისა ხილვაჲ, ამისთვის თქვა ესრეთ:
- უფალო, შეუნდვე მხევალსა შენსა ჩვენი ესე შეურაცხებაჲ და უმჯობესი იზრუნვე მისთვის განსაცდელთა მიშუებითა მცირედ, რაჲთა ისწაოს არა გმობაჲ გლახაკთაჲ.
და მუნქუესვე დასცა იგი სულმან უკეთურმან, რამეთუ კადნიერებისა მისთვის განეშორა სული მადლისაჲ. და მსწრაფლ ხოლო აცნობეს ეპიფანეს, ხოლო იგი მივიდა და ძმანი მისნი მის თანა და ყოვლითა გულითა ულოცეს. ფრიად საწყალობელად იყო იგი და მსწრაფლ განიკურნა, რამეთუ კვალად დაემკვიდრა მის თანა სული მადლისაჲ მცველად უკუნისამდე და არღარა ევნო. და მიერითგან კეთილად შეიცვალა იგი და შეუვრდა ეპიფანეს და ძმათა მათ, და დიდითა კეთილითა განუტევნა იგინი სიხარულით.
რამეთუ ქრისტემან შეამკვნა სასწაულითა და სიმდაბლითა ვითარცა მამაჲ გრიგოლ, ეგრეთვე მოწაფენი მისნი სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „სიმდაბლე ეგე თქვენი ცხად იყავნ“. ამისთვისცა ცხადად იხილვა გარდარეული სიმდაბლე ეპიფანესი ესრეთ.
იყო ოდესმე, ჟამსა რომელსამე ძმანი ვინმე კეთილნი მონაზონნი მოსრულ იყვნეს ნეძვით და მარტოდ უბნობასა შინა ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა მათ:
- სიმდაბლე სრული საქმით და არა სიტყვით არსა მონასტერსა თქვენსა შორის ძმათა?
ხოლო მათ ჰრქვეს:
- არს ლოცვითა შენითა, ვითარცა თვით უწყი.
და სიტყვასა მათსა თანა ჟამსა ხოლო ჰრეკეს ჟამისწირვისათვის. და ვითარ ჟამსა დაიწყო ნეტარმან გრიგოლ, ჰკითხა დეკანოზმან საეროდ ჟამისმწირველისაჲ. ხოლო მან ეპიფანესი ბრძანა ჟამისწირვაჲ, რამეთუ იგი დაედგინა მამასახლისად ხანძთას. და ეპიფანე შეიმოსა ჟამისწირვად და სხვანიცა მღდელნი მის თანა, რამეთუ იყო დღე იგი კვირიაკე.
და ვითარცა აღვიდეს საკურთხეველად და ეპიფანე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წინააღსამაღლებელსა იწყო თქმად, აღვიდა ხოლო საკურთხეველად მამაჲ გრიგოლ და კვერთხითა სცა თავსა და ჰრქვა:
- დადუმენ!
ხოლო იგი შეუშფოთებელად დადუმნა. და უბრძანა სადიაკონედ წარსლვაჲ და განძარცუაჲ.
მაშინ ყოველი ერი განკვირვებისა ზარმან აღავსო. ხოლო იგი წარვიდა და განიძარცუა, და მივიდა და დადგა წინაშე მოძღვრისა თვისისა მყოვარ ჟამ.
და კვალად უბრძანა შემოსაჲ და ჟამისწირვაჲ. და იგი სიხარულით შეიმოსა და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო მან ჯვარი დასწერა და აღვიდა იგი საკურთხეველად მძლე ამპარტავანებისა სენთა და იწყო შეწირვად მსხვერპლთა მათ უსისხლოთა.
არამედ მიზეზი საქმისაჲ ამის ვერვინ იკადრა კითხვად წმიდისა მის, ვიდრემდის თვით უბრძანა ძმათა მათ ნეძველთა:
- იხილეთღა, ძმანო საყვარელნო, სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი? გრწმენინ ჩემი, ჭეშმარიტსა ვიტყვი წინაშე ღმრთისა: არარაჲ ბრალი უქმნიეს მას, რამეთუ ღმრთისმოშიშებისა და სიწმიდისა და სიმდაბლისა მისისათვის მარადის მადლი სულისა წმიდისაჲ დადგრომილ არს მის თანა. ხოლო არს სიმდაბლე დამდაბლებულისაჲცა ბრალთაგან. არამედ რაჲ სწორებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტისა ნათლისა სამოსელი ჰმოსია სიმდაბლითა სარწმუნოჲთა შემკობილთა მრავალთა შორის ძმათა ამათ. და ესე თქვენისა ხილვისათვის ვყავ, რამეთუ სთქუთ ძმათა თქვენთა სრული საღმრთოჲ სიმდაბლე.
ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქვეს:
- რამეთუ დაღაცათუ კეთილ არიან სათნოებითა ძმანი მონასტრისა ჩვენისანი, არამედ ესე სიმდაბლე ვერ ძალ უც.
და ვითარცა ჟამი შეწირა ღირსმან ეპიფანე, ეზიარნეს ყოველნი წმიდასა მას საიდუმლოსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და ერთობით მადლი მისცეს წმიდასა სამებასა, დამბადებელსა ყოველთასა.