VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს [1] ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა [2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, - განიშორა. საუბრის დროს მისი სიტყვა იყო მადლმოსილი და წლების მატებასთან ერთად სათნოებებიც ემატებოდა. იგი არ იყო ჭაბუკივით თავმომწონე და ჭამის გულისთქმებს აყოლილი, არამედ მას შეეძლო ეთქვა დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვა „პური გულის სათქუმელი არა ვჭამო“ მე. ჭაბუკი გრიგოლი იყო მოკრძალებული, მორჩილი, მშვიდი, შემწყნარებელი და სულიერი საზრდოს მოსურნე, ამიტომაც მის გულში დათესილი წმინდა თესლი ღმრთისმსახურების ჯეჯილად აღმოსცენდა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი.
აღმზრდელებმა (იგულისხმება ხელისუფალნი - ნერსე ერისმთავარი და მისი ცოლი) და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს და უთხრეს: აჰა, მოიწია დავით წინასწარმეტყველის თქმულის აღსრულების დრო, როდესაც ამბობს: „ვინ აღჳდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. შენ გამოგარჩია ქრისტემ გულით წმინდა და უცოდველი, ადი უფლის მთაზე, დადექი წმინდა ადგილზე და ღირსეულად შესწირე უსისხლო მსხვერპლი ჩვენი სულისა და ხორცის განსანათლებლადო. ჭაბუკ გრიგოლს თუმცა კი სურდა მღვდლობა, მაგრამ ვინაიდან დიდი მოკრძალება ჰქონდა სამღვდელო პატივის მიმართ, შეშფოთდა და უთხრა მათ: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ხოლო მათ უპასუხეს: ქრისტესაგან გამორჩეულო შვილო, ღმრთის შიში სათნოებათა მომხვეჭელია, ბრძენმა სოლომონმა ბრძანა „რამეთუ შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა“ და რადგან სიბერის პატიოსნება არ არის წლების რიცხვზე დამოკიდებული, არამედ მხცოვანება არის კაცის გონიერება და უბიწო ცხოვრება და როგორც იობმა ბრძანა: „არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი“ არამედ „სული იგი ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელმან ასწავის სიბრძნჱ“ და შენ მოგცა ღმერთმან გონებრივი სიმწიფე და დაგვემორჩილე და ემსახურე ქრისტეს პატიოსანი მღვდლობითო. ნეტარი გრიგოლი დამორჩილდა მათ და ღმრთის ნებით იკურთხა მღვდლად, ხოლო ერს უხაროდა როდესაც მისი წმინდა ხელით ეზიარებოდა საღმრთო სისხლსა და ხორცს. შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს მას, რადგანაც, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელი ღმრთის ანგელოზი, ისე მიაჩნდათ იგი. ნეტარი მამა ძალიან შეწუხდა, განიზრახა განრიდებოდა ხორციელ დიდებას და ფარულად დატოვა სამეფო კარი. (მისი ფარული წასვლა ემთხვევა ნერსეს მიერ ქართლის მიტოვებას და ხაზარეთში გამგზავრებას, რაზეც აბო თბილელის წამება მოგვითხრობს.) მან თან იახლა სამი თანამოღვაწე - დედის დისწული საბა, შემდგომში იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თევდორე - ნეძვის მაშენებელი და წინამძღვარი, და ქრისტეფორე - კვირიკეწმიდის მაშენებელი და წინამძღვარი. ეს ოთხი ბერი შეაკავშირა რწმენამ, ხოლო ღმრთაებრივმა სიყვარულმა კი ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული. ნეტარმა მამამ ძმები დავით მეფსალმუნის სიტყვებით გაამხნევა: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკვვდრებაჲ ძმათაჲ ერთად“. ძმებმა დაიბეჭდეს თავი უფლის პატიოსანი ჯვრის ბეჭდით და სიხარულით წარემართნენ ღმრთის განგებას მინდობილნი, რადგან, იცოდნენ რომ, უფალი უძღოდა მათ და ხედავდა მათ წმინდა გულებს, წყაროსავით დაუწყვეტელ ლოცვას და ცრემლთა ნაკადულს. ქართლიდან ძმები მივიდნენ კლარჯეთში, ოპიზის მონასტერში, სადაც იოანე ნათლისმცემლის მცირე ეკლესიაში მოღვაწეობდნენ „ძმანი მცირედნი ქრისტეს სიყუარულისთვის“. ხოლო მათი წინამძღვარი იყო მამა გიორგი, რომელმაც გულისხმა-ჰყო მამა გრიგოლის და მისი თანა მოღვაწეების სულიერი ღირსებები და შეიწყნარა, არა როგორც მოწაფენი, არამედ როგორც მასზე აღმატებული მოღვაწენი. ოპიზის მონასტერი კლარჯეთის ყველა სავანეზე ადრე იყო დაარსებული ვახტანგ გორგასლისაგან V ს. II ნახევარში. VIII ს. 30-იან წლებში შავშეთ-კლარჯეთი [3] და განსაკუთრებით კლარჯეთის უდაბნო, დალაშქრა არაბთა მხედრობის მთავარმა ძალებმა თვით მურვან-ყრუს მხედართმთავრობით. ამ აოხრების დროს, სხვა სავანეებთან ერთად გავერანებულა და დაცლილა ოპიზაც. VIII ს-ის ბოლოს, როდესაც პირველი მოახალშენეები მოვიდნენ ამ მხარეში, მათ იპოვეს ოპიზის გადარჩენილი იოანე ნათლისმცემელის მცირე ეკლესია. ოპიზა განუახლებია ამბა სამოელს. იგი იყო პირველი წინამძღვარი ოპიზის სავანისა, მას შემდეგ VIII ს. 60-იან წ.წ. ოპიზის II წინამძღვარი იყო ამბა ანდრია, ხოლო მამა გიორგი იყო ოპიზის მესამე წინამძღვარი. ძმებმა ორი წელი დაჰყვეს ოპიზაში ბერული მძიმე ჯაფით, როგორც იყო მიღებული იმ ხანებში. მამა გრიგოლს სურდა, განმარტოებულად ეღვაწა, რადგან გაგონილი ჰქონდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების შესახებ, რომლებიც იკვებებოდნენ მწვანილითა და ხილით, ხოლო ზოგიერთნი კი მცირედი პურითაც. მამა გრიგოლი ხშირად ნახულობდა მათ და მონაზვნისათვის საჭირო თვისებებსაც მათგან ჰკრებდა: ზოგიერთისაგან - ლოცვასა და მარხვას, ზოგისგან სიმდაბლეს და ურისხველობას, ზოგისგანაც - უქონლობას, მიწაზე წოლას, ზე-ჯდომით ძილს, ხელთსაქმის დუმილით კეთებას და სხვა მსგავს სათნოებებს.
ხანძთა |
იმ ხანებში ხანძთაში დაყუდებული იყო წმინდა და მართალი ბერი ხვედიოსი, რომელმაც იხილა, რომ იმ წმინდა ადგილზე, სადაც შემდეგში ეკლესია აშენდა, ეკლესიის სახედ გამოხატული იყო ნათელი ღრუბელი, საიდანაც ნელსაცხებლის კეთილსურნელება გამოდიოდა და მოესმა ხმა: „აღეშენოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ხელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა, და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკმეველი აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. და ვინაიდან წმინდა ბერს ჩვეულება ჰქონდა ღმრთაებრივი ხილვებისა, ამიტომ სიხარულით მოელოდა აღთქმის ასრულებას. ამავე დროს, მამა გრიგოლსაც ჩვენებით აუწყა ქრისტემ წმინდა ბერის სათნოებები და სიწმინდე, ასევე იმ ადგილის მისთვის მიბოძება. სულიწმინდით განბრძნობილი ღირსი მამა გაეშურა ხანძთას, მართალ ხვედიოსთან. წმინდა მამებმა სიხარულით მოიკითხეს ერთმანეთი, ილოცეს, ერთმანეთს მიუთხრეს ხილვის შესახებ, მიიღეს ის მწირი საკვები, რაც ბერს ჰქონდა, შემდეგ კი კვლავ გააგრძელეს სულის მაცხოვნებელი საუბრები და ასე, ლოცვასა და გალობაში, გაატარეს ის ღამე, ხოლო განთიადისას ბერმა მამა გრიგოლს დაათვალიერებინა ხანძთის მიდამოები და ძალიან მოეწონა, რის შემდეგაც დაბრუნდა ოპიზაში, გამოეთხოვა მამა გიორგის და ძმებთან ერთად კვლავ ხანძთაში დაბრუნდა. წმინდა ხვედიოსმა გაიხარა მათი ხილვით და ამცნო, რომ აღთქმა ჰქონდა უფლისათვის მიცემული, სიცოცხლის დარჩენილი დღეები განდეგილობაში გაეტარებინა, ხოლო შემდეგ ითხოვა მახლობლად მდებარე გამოქვაბულში წაყვანა და პირობა ჩამოართვა, რომ მის სიკვდილამდე საძმოს არ განამრავლებდნენ. ძმები დამორჩილდნენ, წმინდა ბერი მიიყვანეს გამოქვაბულში, ილოცეს, ამბორისყოფით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და დაბრუნდნენ თავის სამყოფელში, სადაც შეუდგნენ მონასტრის მშენებლობას. წმ. გრიგოლმა შემუსვრილი გულით ილოცა (იხილეთ ლოცვა), შემდეგ ძმებს დავითის ფსალმუნებიდან მუხლები აგალობა. აკურთხა ის ადგილი და დაიწყეს სენაკებისთვის ადგილის დავაკება. კლარჯეთის უდაბნოში ხანძთა გამოირჩეოდა კლდოვანი და ქვაღორღიანი ადგილებით. მათ დიდი შრომითა და ოფლით მოასწორეს სამონასტრო ადგილი და რადგან არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ოპიზელმა ბერებმა მისცეს, რაც ხელთ ჰქონდათ - ცული და წერაქვი და გაუწაფავი ხუროებიც მიაშველეს. ნეტარმა პირველად ააშენა ხის ეკლესია, ძმათა სენაკები. თავისი სენაკი „სადაყუდებლო“ და ერთი დიდი დარბაზი სატრაპეზოდ და საწყობად.
მალე მოახლოვდა ღრმად მოხუცებული ხვედიოსის „ხორცთაგან განსვლა“ ამ სოფლიდან. ხანძთელი ბერები ესტუმრნენ და ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს მისგან. ნეტარმა მამამ დალოცა ისინი და დაიძინა საუკუნოდ, ხოლო მისი სამყოფელი აღივსო კეთილსურნელებითა და წმინდა ანგელოზთა გალობით, რომელთაც წარადგინეს იგი ქრისტეს წინაშე. მამა გრიგოლმა და ძმებმა წამოაბრძანეს მისი ძლევაშემოსილი გვამი და გალობითა და საკმევლის კმევით დაკრძალეს ხანძთაში. ამის შემდეგ ღმრთის შეწევნით ხანძთაში ქრისტეს მსახურთა რიცხვი გაიზარდა. მამა გრიგოლი ზარმაცს არ მიიღებდა მონასტრის საძმოში. ჯერ გამოცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და თუ ნახავდა, რომ იგი იყო გულით უმანკო, მართალი, უბოროტო და მორჩილი, მას სიხარულით შეიწყნარებდა, ხოლო მისი მოწაფეები ითვისებდნენ მის აურაცხელ სათნოებას და ემსგავსებოდნენ კეთილ მოძღვარს ისე, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს.
VIII ს. ბოლოს ქართლის ერისმთავრად დადგინდა დიდი ბაგრატოვანი, [4] ადარნერსეს ძე, აშოტ I, დიდი (ხს. 29 იანვარი). (ქართლის ერისმთავარი, ანუ დიდი ერისთავი, ანუ მთავარი ითვლებოდა ქართული ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლად არაბთა მთავრობის წინაშე. მას ნიშნავდა ხალიფა და რეზიდენცია ჰქონდა თბილისში, ასევე თბილისში ჰქონდა რეზიდენცია ხალიფატის უზენაეს მოხელეს - ამირას) ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა. აღმოსავლეთი - კახთა მთავარს გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე თეოდოსი I განაგებდა, სამხრეთ საქართველო - მესხეთი კი, ღმრთის ნებითა და გამორჩევით იქცა აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობის სამკვიდრებლად. ქართლის ერისთავად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. ხალიფა ალ-ამინის მეფობისას (809-813 წ.წ.) მემკვიდრეობისათვის ბრძოლის გამო ხალიფატში გამეფდა ანარქია. არაბთა დაუძლურებით ისარგებლა აშოტ ერისთავმა და თბილისიდან განდევნა მტრის ჯარი და საუკუნე ნახევრის უცხოური ბატონობისაგან განათავისუფლა საქართველოს დედაქალაქი. ამ ბრძოლებში მას მხარში ედგა აფხაზეთის მეფე თეოდოსი. სამი წლის მანძილზე ფლობდა აშოტი თბილისსა და ბარდავს. ამ დროს ამირას ტახტზე ავიდა ახალი მბრძანებელი ხალიფა ალ-მუმნი (813-820 წ.წ.) მან გაიმარჯვა მტრებზე და მეტოქეებზე და ბაღდადში დამკვიდრა, რის შემდეგაც არაბთა ბატონობა კავკასიაში კვლავ გაძლიერდა და იწყეს „ძიება აშოტ ერისმთავრისა, მის დასასჯელად“. აშოტმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და იძულებული გახდა თბილისსა და შიდა ქართლს გასცლოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან ჯართან ერთად. ჯავახეთს მიწევნილი ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეთ არაბები დაესხნენ თავს. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევაჲ მათ ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხვნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღმრთის ნიშანი განჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა (813 წ.-ის ახლოს). ეს მთიანი კუთხე, „ქვეყანა კლდოვანი“, რომელიც წარმოადგენდა ბუნებრივ სიმაგრეს, ისტორიულადაც ბუნებრივ თავშესაფრად ითვლებოდა, ანუ როგორც ერთი ქართველი ისტორიკოსი უწოდებდა „საყუდელად“ გარეშე მტერთა შემოსევების დროს. იმ ხანებში, როდესაც აშოტ I შავშეთ-კლარჯეთში დამკვიდრდა, სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მურვან-ყრუსაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ხოლერის ეპიდემიაც დამატებია, რასაც ისედაც განადგურებული მოსახლეობა კიდევ უფრო შეუმცირებია და ქვეყანა უკაცრიელი გამხდარა. მურვან ყრუს ლაშქრობიდან გასული იყო 80 წელი, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ფეხზე დამდგარი. სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულითა და სიყვარულით მიიღო აშოტ ერისთავი, რომელიც შეუდგა დანგრეული ქვეყნის აშენებას. მოახალშენეთა დიდი ტალღა შავშეთ-კლარჯეთში და მესხეთის სხვა თემებში არაბთაგან დაპყრობილი ქართლის პროვინციებიდან გადმოდიოდა. აშოტმა მრავალი სოფელი ფასით შეისყიდა, ხოლო მრავალიც აოხრებული აღაშენა და ააღორძინა. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და მურვან ყრუსაგან აოხრებული არტანუჯის ციხე-ქალაქი რომელიც ტყით იყო დაფარული. მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა სამკვიდრებელად გამოაცხადა. მესხეთი ნაკლებად მისაწვდომი იყო არაბთა ექსპანსიისათვის, ამასთანავე ეს მხარე მდებარეობდა ბიზანტიის მეზობლად, რომელიც ბუნებრივი მოკავშირე იყო იბერიისა არაბებთან ბრძოლაში. არაბობა ადვილად ვეღარ გაუმკლავდებოდა იბერიის ამ განახლებულ სამეფოს და ახლად შექმნილი პოლიტიკური ცენტრი მესხეთში გადაიქცა ქართული სახელმწიფოებრივობის მკვიდრ ციტადელად. აშოტ დიდმა არტანუჯის მხრიდან დაიწყო ქართველთა სამეფოს გაერთიანება ბიზანტიის მფარველობაში მყოფი ტერიტორიების შეძენის ან დაპყრობის გზით. იწყებს რა ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ შავშეთ-კლარჯეთიდან, აშოტ I თანდათან ათავისუფლებს და აერთიანებს თავის მფლობელობის ქვეშ იბერიის ქვეყნების უმეტეს ნაწილს „მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევაჲ აშოტ კურაპალატსა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“ (813-820 წ.წ.). მან უპირველესად ბიზანტიასთან გააბა კავშირი. ლეონ V-მ, რომელიც იმავე 813 წელს ავიდა იმპერატორის ტახტზე, სიხარულით მიიღო არაბთა დაუძინებელი მტრის სამოკავშირეო წინადადება და უაღრესი პატივის ნიშნად აშოტს, რომელიც უკვე ატარებდა მეფის ტიტულს, უბოძა ტიტული „კურაპალატისა“. აშოტის მიერ შექმნილ „ქართველთა სამეფოში“ გაერთიანებული იყო შემდეგი ტერიტორიები: 1) მესხეთის მხარეები, (ე. ი. პროვინციები: შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაონი, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი); 2) შიდა ქართლის მხარეები ქსნის ხეობამდე და თბილისამდე, ქართლის მთიულეთის თემებით; 3) ლიხთ-იმერი ქართლი; 4) ქვემო ქართლის ქვეყნები მთლიანად (პროვინციები: ტაშირი, თრიალეთი, აშოცი, გარდაბანი) მდინარეებამდე ბერდუჯი-კოტმანის ხაზამდე, აგრეთვე ქართლის სანაპიროზე მდებარე ალბანეთის თემები. მას შემდეგ რაც (815-826 წ.წ.) შემოერთებული იქმნა შიდა ქართლი და ქვემო ქართლის ქვეყნები, აშოტ I-მა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, მესხეთის მივარდნილი და განადგურებული კუთხიდან - შავშეთ-კლარჯეთიდან არ გადაიტანა არც მცხეთაში, (რომელიც იბერიის ძველ ისტორიულ დედაქალაქს წარმოადგენდა, ხოლო იმ დროს იყო საეკლესიო და კულტურული მეტროპოლია ყველა ქართული მხარეებისა) და არც ქვემო ქართლის სხვა ქალაქებში. ამის გამო სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული ეს მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი მეფე ღმრთის მოშიში და მოყვარულიც იყო, მაგრამ ის და მისი შვილები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მამა გრიგოლს.
იმ ხანებში ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნითა და სიმამაცით განთქმული, მეფესთან დაახლოებული წარჩინებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული, რომელსაც რწმენის ერთგულებასაც უქებდნენ. თავისი სულიერი შვილების მატერიალური გაჭირვებით შეწუხებული მამა გრიგოლი დახმარების სათხოვნელად ეწვია დიდებულ აზნაურს, რომელიც სახლში არ დახვდა ბერს, მაგრამ მისი ღმრთისმოყვარე მეუღლე მარიამი მიეგება მას და ჯეროვანი პატივი-სცა. წასვლისას კი თავისი ხალხი გააყოლა გზის შესასწავლად და დაპირდა, რომ ამიერიდან მონასტერს ყოველივეს საჭიროებისამებრ მისი ოჯახი შესწირავდა. გაიხარეს მამა გრიგოლმა და ხანძთელმა ბერებმა, რადგან ღმერთმან პატივი სცა „მადიდებელთა თვისთა“. როდესაც გაბრიელი სახლში დაბრუნდა, ღმრთისმოყვარე მეუღლემ აუწყა მამა გრიგოლის სტუმრობა და სათხოვარი. დიდად გაიხარა დიდებულმა აზნაურმა, ღმერთს მადლობა შესწირა და აკურთხა თავისი ღირსეული მეუღლე, შემდეგ კი მისწერა მამა გრიგოლს და სახლში მიიწვია. იგიც დამორჩილდა მის თხოვნას და კვლავ ესტუმრა. გაბრიელი წინ მიეგება წმინდა ბერს, თაყვანის-სცა სიხარულით, ეამბორა მის წმინდა ხელს და მრავალი დღე პატივით განუსვენა. შემდეგ წარუდგინა თავისი ოთხი ძე. „ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათ“ და სთხოვა ეკურთხებინა. როდესაც წმინდა ბერმა იხილა კურთხეული მეუღლეებისა და მათი შვილების დიდი რწმენა, სიხარულით აღვსილმა დალოცა ისინი და აკურთხა. გაბრიელ მთავარმა უთხრა ბერს: ქრისტემ საქმით დაამტკიცოს შენი დალოცვისა და კურთხევის სიტყვები, ღირსო მამაო, და ჩვენ მოგვცეს უფალმა ძალა, რათა გულმოდგინედ ვემსახუროთ შენ სიწმინდეს, რათა მოციქულის ნათქვამი სიტყვა „თქვენი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისაჲ და მათი ნამეტნავი თქვენისა ნაკლულევანებისაჲ“ - აღესრულოს. ვინაიდან ჩვენთან არის ამქვეყნიური სიმდიდრე, ხოლო თქვენთან არის სულიერი სიმდიდრე, თქვენ ილოცეთ ჩვენთვის თქვენს წმინდა ლოცვებში, ამ ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდგომაც. ჩვენი მიცვალებულები დაკრძალეთ თქვენს მონასტერში და ლოცვები განაწესეთ ჩვენთვის უკუნისამდე, ხოლო ჩვენ აღგითქვამთ, რომ ჩვენი შვილებისა და შთამომავლობის სიცოცხლეში საჭიროებისაებრ ვიღვაწებთ თქვენი მონასტრისათვის. ასევე, წმინდაო მამაო, დედათათვის კეთილი სავანე გამონახეთ, რომ ჩვენი ოჯახიდან გამოსული მონაზონი თუ კაცი იქნება, მისი სამკვიდრებელი იყოს ხანძთა, ხოლო თუ ქალი, თქვენი კურთხეული და გამორჩეული სავანეო. ნეტარმა მონახა სამონასტრო ადგილი გუნათლეს მახლობლად, რომელიც დაფანჩულთა გვარეულობის სამფლობელოს წარმოადგენდა და იქ ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ეწოდა „გუნათლეს ვანი“ და გაბრიელის თხოვნით ჟამის მწირველი მღვდელი ხანძთიდან გამოარჩია გაბრიელ მთავარმა მამა გრიგოლს გამოაყოლა კირითხურონი და წარგზავნა ხანძთას ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. გაიხარეს ხანძთელმა ბერებმა, ღმერთს მადლობა შესწირეს და დალოცეს მათი კეთილისმყოფელები. ნეტარმა გრიგოლმა საეკლესიო ადგილი მოასწორა და მშენებლობის დაწყებამდე კვლავ ილოცა (იხილეთ ლოცვა), აკურთხა და დაიწყეს წმ. დიდმოწამე გიორგის სახელზე ეკლესიის აშენება, რომელიც განსრულდა ქრისტეს შეწევნით, წმ. გიორგის მეოხებით, წმ. გრიგოლის ლოცვითა და გაბრიელ მთავრის შეწირულობით. ხანძთის აშენება კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა მშენებლობაში. გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალტს დაწვრილებით აუწყა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლმოსილებისა და წარმომავლობის შესახებ. მეფემ გაიხარა და მამა გრიგოლი პატივით მიიწვია. როდესაც ბერი სასახლის კარზე მივიდა, მეფე წინ მიეგება და კრძალვით მოიკითხა, ხოლო წმინდა მამამ მიმართა მას: უფლისაგან ცხებულო, დავით წინასწარმეტყველისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მისივე მსგავსი მეფობა და სათნოებანი დაგიმკვიდროს ქრისტე ღმერთმა და ამ მხარეში ხელმწიფება არ მოაკლდეთ შენ შვილებსა და შთამომავლებს ქვეყნის აღსასრულამდე და იყვნენ ისინი მყარ კლდეზე უფრო მტკიცენი და განდიდებულნი უკუნისამდეო. შემდეგ წარმოსთქვა ხანძთის სანახების ქება და თან დაამატა: ეს ადგილები ქვაღორღიანია, რის გამოც სათესავად და სათიბად არ ვარგაო. მეფეს ხანძთა არ ენახა და როგორც კი ეს მოისმინა მრავალი ნაყოფიერი ადგილი და ხანძთისათვის სააგარაკოდ შატბერდის სანახები შესწირა მას. ასევე, მეფის სამივე ძემაც უხვი შესაწირი გაიღო. მრავალი კეთილი ნაყოფით აღვსილი მამა გრიგოლი დაბრუნდა ხანძთას. გაიხარეს ძმებმა, დალოცეს მეფის ოჯახი და მადლობა შესწირეს ღმერთს.
იმ ხანად მონასტერში გრიგოლის სიყრმის მეგობრები მივიდნენ, ქართლიდან მამა ეპიფანე და მღვდელი მატო, ხოლო სამცხიდან კი დიდი ზენონი. ნეტარი ზენონი აღსასრულამდე არ განშორებია ხანძთას - იგი იყო თავისი სულიერი მამის ღირსეული მოწაფე, ნეტარი, სათნო, მონაზვნობის ნიმუში, კლარჯეთის უდაბნოთა ზღუდე და უკეთურ სულთა განმდევნელი.
არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში, კლარჯეთის უდაბნოში აღმოცენებული მონასტერი გახდა სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. მამა გრიგოლმა განიზრახა თავისი მონასტრისათვის ტიპიკონი შეედგინა, ამავე დროს გადაწყვიტა კონსტანტინეპოლში გამგზავრება, წმინდა ადგილების მოლოცვა და წმინდა ნაწილების მოპოვება. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმინდური წესის (ტიპიკონის) გადმოწერა და გამოგზავნა, თვითონ კი მონასტერი მოღვაწე ბერებს ჩააბარა და დაპირდა მალე დაბრუნებას. თან წაიყვანა დედის დისწული საბა, ერთი მოწაფე და გაემგზავრა კონსტანტინეპოლს, სადაც თაყვანის-სცა ძელი-ცხოველს, წმინდა ნაწილებს და მოილოცა წმინდა ადგილები, ხოლო რადგანაც მრავალი ენის მცოდნე იყო, კეთილი მოძღვრებანი შეჰკრიბა და ბოროტი განიშორა. უკან დაბრუნებულმა ბერებმა ტაოში შეიტყვეს წმინდა მეფის, აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი (836 წ.). ღმრთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ მოვიდა არაბთა მხედართმთავარი, ხალილ იაზიდის ძე და დაიპყრო სომხეთი, ქართლი და ჰერეთი. მეფე საბრძოლველად მოემზადა, და მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნეს სარკინოზნი უეცრად და აოტეს იგი. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და იწყო ძებნად ერისა, რაჲთამცა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“ საუბედუროდ მის მხლებლებში მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს და თავი შეაფარა არტანუჯის ციხეში, თავის აშენებულ წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიას. მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახვილითა საკურთხეველსა ზედა, დაკლეს იგი მუნ ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხეველისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“ - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა“. ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი მეფის სისხლი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ მოიკლა მეფე აშოტი, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწიენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, ამბის წამღებიც აღარ დატოვეს. გულმხურვალედ დასტიროდა საქართველო თავის იმედს, გულწრფელი სიტყვებით დაიტირა მირონცხებული მეფე წმინდა ბერმაც „ჵ, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო, ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელ იყავ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ჴელმწიფჱ. აწ ვითარ-მე მიეცი ჴელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდას მსგავსად შენ, უფლისა თვსისა მკულვლ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე“. ამის შემდეგ დალოცა მისი შვილები „რაჲთა დაიცვას უფალმან ისინი დიდებითა და დღეგრძელობითა კეთილსა შინა ღმრთისმსახურებასა“. წმ. მოწამე აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს წმ. მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ეკლესიაში. IX-X ს.ს. მოღვაწეებიდან ეს სახელწოდება „დიდი“ მიემართება მხოლოდ სამ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს: აშოტ I კურაპალატს - ქართველთა სამეფოს აღმდგენელს: დავით კურაპალატს, რომელმაც ქართველთა სამეფოს საზღვრები ვანის ტბამდე და არზრუმის მხარის დასავლეთ მიჯნამდე მიიტანა და ბაგრატ III - საქართველოს სამეფო-სამთავროთა გამაერთიანებელს ერთ სახელმწიფოში.
იშხანი |
ხანძთისაკენ მიმავალმა წმ. გრიგოლმა და საბამ გზად ტაოზე გამოიარეს და ღმრთისაგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილზე მდებარე იშხნის დანგრეული ეკლესიისაკენ მიმავალი გზა, ასევე ის, რომ ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. ტაძრის პოვნით გახარებულ საბას მაშინვე უნდოდა იშხანში დარჩენა, მაგრამ მამა გრიგოლმა ურჩია ხანძთაში დაბრუნება და ძმების მონახულება. ნეტარი მამები მივიდნენ ხანძთაში და მიაბრძანეს წმინდა ნაწილები, წმინდა ხატები და მრავალი სხვა ევლოგია (ანუ კურთხევა). მათ მონასტერში დახვდათ სულიერი სიმშვიდე და გაიხარეს, რადგან მაცხოვრის მადლმა კვლავ ერთად შეკრიბა თავისი ნებისმყოფელები. მცირე ხნის შემდეგ მამა გრიგოლმა საბას ორი მოწაფე გააყოლა და გაუშვა იშხანში [5], ხოლო თვითონ კი ბრძნულად განაგებდა ხანძთას. იმავე ხანებში მამა გრიგოლს იერუსალიმიდან საბაწმინდური ტიპიკონი გამოუგზავნეს, რომლის საფუძველზეც მან თავის მონასტერს ბრძნულად შედგენილი და მრავალი წმინდა ადგილიდან გამოკრებილი მკაცრი წეს-განგება განუწესა. მამა გრიგოლის მოღვაწეობის ხანაში, ხანძთელი ბერების სამონასტრო ცხოვრების წესი ასკეტური იყო. მონასტრის ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, უბრალო ქვეშაგები და თითო წყლის ჭურჭელი. სენაკებში ცეცხლს არ ანთებდნენ და რასაც საერთო ტრაპეზზე იხმევდნენ, ის უნდა ეკმარათ. მრავალი მათგანი სრულიად არ სვამდა ღვინოს და ვინც იგემებდა, ისიც ძალიან ცოტას. ღამე სანთელს არ ანთებდნენ, არამედ ზეპირად ფსალმუნებდნენ, მთელ დღეებს კი წიგნის კითხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ბერები მართალნი რომც ყოფილიყვნენ ძმის წინაშე, მაინც საკუთარ თავს აბრალებდნენ, რადგანაც დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა. ეკლესიაში არ საუბრობდნენ, არამედ შიშით იდგნენ, როგორც ზეცაში ღმრთის წინაშე წარმდგარნი. კედელს, მოხუცებულების გარდა, არავინ მიეყრდნობოდა. ჟამისწირვას სრულიად აღასრულებდნენ და მწუხრიდან განთიადამდე ნელა და დაწყნარებულად ლოცულობდნენ. გარდაცვლილთათვის ლოცვას აღავლენდნენ მესამე, მეშვიდე და მეორმოცე დღეებში, აგრეთვე წლისთავზე, ამასთანავე ყველა მარხვას დიდი მოღვაწეობითა და კრძალვით იცავდნენ. ნეტარი გრიგოლი დიდმარხვაში უმი კომბოსტოთი იკვებებოდა, ჩვეულებრივ დღეებში კი პურითა და წყლით, ღვინო კი სიყრმიდანვე არ დაელია.
მამა გრიგოლის თანამოღვაწეებმა, ქრისტეფორემ და თევდორემ მონასტრის აშენების სურვილით გადაწყვიტეს რამოდენიმე ძმასთან ერთად ხანძთიდან ფარულად წასვლა. როდესაც სამცხეს მიაღწიეს, ღმრთის განგებით, დიდი აზნაურის მირიანის ძე, არსენი დაიმოწაფეს, რომელიც შემდეგ ქართლის კათალიკოზი გახდა და არსენი I დიდი საფარელი ეწოდა (ხს.25 სექტემბერი). ექვსი წლის ყრმა არსენი მამის სურვილით მორჩილის კაბით შემოსეს და მამას უთხრეს, ჩვენი მოძღვარი გრიგოლ ხანძთელია და თუ უფლის ნება იქნება, არსენიც მისი მოწაფე გახდებაო და წავიდნენ აფხაზეთში (იგულისხმება დასავლეთ საქართველო), სადაც აფხაზთა მეფემ, დემეტრე II დიდი პატივით მიიღო და კარგადაც დააბინავა.
როდესაც მამა გრიგოლმა შეიტყო ქრისტეფორესა და თევდორეს წასვლა, შეწუხებულმა ოთხი ბერი თან იახლა და გაემართა მათ მოსაძებნად. როდესაც ქართლს მიაღწია, ძმების ძებნაში, ღმრთის ნებით იპოვა ყრმა ეფრემი, (რომელიც შემდგომში აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი გახდა) და დაიმოწაფა. იგი დაპირდა ეფრემს, რომ აფხაზეთიდან მობრუნებული, მასაც წაიყვანდა ხანძთაში. სამეფო კარზე მისულ მამა გრიგოლს მეფე დემეტრე წინ მიეგება, ვინაიდან თავზარი დაეცა მისი სიწმინდისა და დიდებულების მხილველს. „ვითარცა პირი მოსე წინაასწარმეტყუელისაჲ, იყო დიდებული ამის ნეტარისა სახე, მადლითა ღმრთისაჲთა“. მოკითხვის შემდეგ ბერმა სთხოვა მეფეს ეჩვენებინა თევდორე და ქრისტეფორე. მეფეს უძნელდებოდა მათთან განშორება და ამიტომ უარი უთხრა ბერს, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ბრძანა მათი მოყვანა. მამა თევდორემ და ქრისტეფორემ, როდესაც იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხვნენ მის წინაშე და სთხოვეს პატიება. წმინდა მამამ წამოაყენა ისინი და მადლობა შესწირა უფალს მათი პოვნისათვის. მეფე შეევედრა ბერს, რომ მოენახა შესაფერისი ადგილი და აეშენებინა მონასტერი. მამებმა მოინახულეს მრავალი ადგილი, მაგრამ მამა გრიგოლს არც ერთი არ მოეწონა და მოახსენა მეფეს, რომ მონაზვნის მთავარი საქმე მარხვაა და ამ მიწაზე ვერ იმარხულებს კაცი ნესტიანი ჰავის გამოო, მაგრამ დამწუხრებული მეფის სანუგეშოდ მდინარე ძირულას ხეობაში ააშენა მონასტერი და უწოდა უბე, (ახლანდელი უბისა), ხოლო მის მამასახლისად დაადგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ღირსეული მოხუცებული ბერი ილარიონი, რომელიც თან წაჰყოლოდა მამა თევდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთში. მას თან ჰქონდა მრავალი საღმრთისმსახურო წიგნი და მამა გრიგოლმაც, თავისი წიგნები მონასტერს დაუტოვა. ხელმწიფემ დიდად გაიხარა და მონასტრის ასაგებად უხვად გაიღო შეწირულობანი, ხოლო მამა გრიგოლს და მის მოყვასებს მიანიჭა 10000 დრამა და სხვაც მრავალი კეთილი მიაგო. წასვლის დროს მეფე დემეტრემ წმინდა ბერს გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოთა შესახებ. მანაც დაწვრილებით აუწყა. მეფემ გაიხარა, დიდი სიყვარული მიეცა კლარჯეთის უდაბნოსი და მადლობდა უფალს. მამები დაემშვიდობნენ მეფეს და გაემგზავრნენ სამცხისაკენ. გზაში თევდორემ და ქრისტეფორემ აუწყეს მამა გრიგოლის ყრმა არსენის დამოწაფების ამბავი. ბერმა კი უამბო ყრმა ეფრემის შესახებ. შემდეგ მივიდნენ, სადაც ეფრემი და არსენი იმყოფებოდნენ და წამოიყვანეს. ვინაიდან მონასტერში ყრმებს არ ღებულობდნენ, მამა გრიგოლმა ისინი აღსაზრდელად მამა თევდორესა და მამა ქრისტეფორეს ჩააბარა, შეახსენა მათი მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა და რწმენა, რომლის გამოც ყრმა შვილები ოჯახს მოაშორეს, შვილების სიყვარული დაივიწყეს და უფალს მსხვერპლად შესწირეს. ამიტომაც, როგორი უბიწონიც წამოიყვანეს მშობლებისაგან, ასევე წმინდად მოსთხოვდათ უფალი მათ სულებს. როდესაც ხანძთაში მივიდნენ, გაიხარა ქრისტეს საღმრთო კრებულმა სულიერი მამისა და ძმების მშვიდობით დაბრუნებით, მაგრამ ყრმების მიყვანის გამო მათ შორის შფოთი ჩამოვარდა. ძმებმა ჰკითხეს მამა გრიგოლს, თუ რატომ დაარღვია მან თავისი დამტკიცებული წეს-განგება, მაშინ ნეტარმა მამამ უთხრა მათ: „ესრეთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზის პირით მაუწყა ამათი ყოველი საქმჱ, რამეთუ, ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყუნენ აღზრდილნი უბიწოდ ხანძთასა შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკუე შემძლებელ ვართ წინააღდგომად უფლისა ბრძანებისა? რამეთუ უნებელი თანა მაც“ სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, „უკეთუ არა ვახარებდე, ვაი არს ჩემდა“. ხოლო ამის შემდგომ არავინ შეცვალოს წესი და განგება, და არ მოიყვანოს ყრმა მონასტერშიო - ბრძანა წმინდა მამამ. ძმები დამშვიდნენ და მადლობდნენ უფალს. ღმერთშემოსილი ყრმები კი მამა თევდორემ და მამა ქრისტეფორემ წაიყვანეს თავის სენაკებში, რომლებიც მოშორებით იდგა ძმათა სენაკებიდან და ღმრთის მადლით აღზარდეს კეთილად.
არტანუჯის ციხე |
აშოტ კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დიდ განსაცდელში ჩავარდა. არაბებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს აშოტის მიერ აღდგენილი ქართული სამეფოს ტერიტორიები, გარდა ცენტრის, არტანუჯის მხარისა. როგორც აშოტ I-ის დროს, ისე მისი მემკვიდრეების დროსაც, აქედან, არტანუჯის მხარიდან დაიწყო ქართველთა სამეფოს გაერთიანება. მემატიანის ცნობით, ვიდრე აშოტის მემკვიდრეები მცირეწლოვანები იყვნენ, ქვეყანას აშოტის თანამოღვაწენი განაგებდნენ. სახელმწიფო სათათბირომ სამეფოს მეთაურად, მეფის წოდებით აირჩია აშოტის საშუალო ძე ბაგრატ I, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო კურაპალატობის პატივიც (840 წ.). მეფე ბაგრატი აღმატებული იყო ძმებზე სიბრძნით, გარეგნობითა და გლახაკთმოყვარებით. ძმები, უფროსი ადარნერსე და უმცროსი გვარამი ძმური სიყვარულით დაემორჩილნენ, რამეთუ ერთზრახვა, ერთსული და ერთნება იყვნენ ისინი.
ადარნერსე იყო მმართველად კლარჯეთისა და მიემართებოდა ზედწოდება „ჴელმწიფე“, ხოლო გვარამი იყო მმართველად ქვემო ქართლისა (ტაშირისა, თრიალეთისა და აშოცისა) და აღმოსავლეთ-მესხეთის (ჯავახეთ-არტაანისა) და ატარებდა ტიტულს „მამფალი“. [6]
ბაგრატ I-ს არაბთა მფლობელობისაგან გაუნთავისუფლებია მესხეთის მხარეები, ხოლო შიდა ქართლი კვლავ არაბთა გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან მოხერხებულად ისარგებლა არაბთა შინაური განხეთქილებით და როდესაც საჰაკ ამირა [7] განუდგა ხალიფას, მეფე ხალიფას მიერ გამოგზავნილ მხედარმთავარს მიემხრო, რის შემდეგაც მიიღო ქართლი.
ნეტარი მამა ეწვია მეფე ბაგრატს, მიულოცა კურაპალატობის მიღება და სთხოვა აშოტ კურაპალატის შეწირულ ხანძთის აგარაკზე ღმრთის სადიდებლად და მისივე სულის საცხოვნებლად აეშენებინა მონასტერი. ბაგრატ კურაპალატმაც სიხარულით მისცა ყველაფერი, რაც საჭირო იყო მონასტრის ასაშენებლად. როდესაც მამა გრიგოლი მივიდა შატბერდში, ცრემლთა მდინარით მორწყო სამონასტრო ადგილი, წარმოსთქვა ლოცვა (იხილეთ ლოცვა), შემდეგ ჯვარი გადასახა, აკურთხა და დაიწყეს ეკლესიისა და სენაკების აშენება. ხანძთის მსგავსად შატბერდიც აშენდა ღმრთის შეწევნითა და ნეტარი მამის ლოცვით, რომელმაც გააერთიანა ორივე მონასტერი და განამტკიცა ძმური სიყვარულით. მეფე ბაგრატმა შატბერდს შესწირა სააგარაკო ადგილები და მრავალი საჭიროც მიუბოძა.