წმ. დიდმოწამე ქეთევანი |
წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.
გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული - ლევანი, ალექსადნრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და - ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილების ღვარძლს.
შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც - წმიდა ქეთევანიც გააყოლა: „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან“. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.
ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს - ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.
ალავერდის ტაძარი |
უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წმ. ქეთევანის ცხოვრების ვრცელი ვერსია
„ღვაწლ მრავალი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე, ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე“ (თეიმურაზ I).
„ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი“ (ანტონ I).
წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.
მოძღვრის ქადაგებიდან:
ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:
„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა“.
რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი, მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი? მომაკუდინოს - ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი. ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.
ქეთევან დედოფალი იდგა შუაში მტანჯველთა შორის, როგორც კლდე და წყნარად და დამშვიდებით ასე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, ნუ ჰყოვნი მიღებად სულისა ჩემისა!“.
მოამზადა გიორგი სარაჯიშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №35 2004 წ.
მედეა კახიძე |
|
|
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი... თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი... თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა... ლოცულობდა... როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან, ცხელი რკინა, საქართველოს გულს რომ კვეთდა. რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა, ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა, ქროდა ქარი... ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარულ დედოფალსა, უდრეკ იყო დედოფალი!
|
მერაბ კოსტავა |
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან, როს გული მკერდში არ ეტევა, და სისავსისაგან სრულქმნილი, იფრქვევა მეწამულ ღველფებად ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან. მზე ჩავა ლომისფერ ქედებთან, საღამო იისფრად ბერდება, და მოდის ის სულისკვეთება ნეტართა პარნასში რჩეულო, |