წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა

(ისტორიული მიმოხილვა)

XVI ს-ში კახეთის მეფეებმა თავიანთი მოქნილი პოლიტიკით შეძლეს სამეფოსთვის უცხოელთა შემოსევები აერიდებინათ. თავისი მამის პოლიტიკას წარმატებით განაგრძობდა კახთა მეფე - ალექსანდრე ლევანის ძე (1574-1605). ალექსანდრე II მდიდარი და ძლიერი მეფე იყო, და მისი ვაჭრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში დადიოდნენ. მეფეს შეძლება ჰქონდა შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმსა, ათონსა და სხვა წმიდა ადგილებში. ათონის ივერთა მონასტერში „სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრეს“.

მეფე ალექსანდრეს დროს კახეთის სამეფო საქართველოს სხვა სამეფოებთან შედარებით „საკმაოდ მოშენებული ფეოდალური სამეფო იყო“. კახეთში განსაკუთრებით ფართოდ მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და ხელოსნობა-ხელსაქმობას. ღვინოც უხვად გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. ალექსანდრე მეფეს განზრახული ჰქონდა მთლიანად აღედგინა კახეთის ძველი ძლიერების ნაშთები: ციხე-ქალაქები და ეკლესია-მონასტრები. მეფე ცდილობდა უცხოეთიდან მოეყვანა ოსტატ-ხელოსნები, ხუროთმოძღურები, მხატვრები და სწავლული მწიგნობრები.

კახეთი დაყოფილ იქმნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა კი სამემკვიდრო თანამდებობა არ ყოფილა. ეპისკოპოსები მეფის მიერ ინიშნებოდნენ და საეკლესიო ყმებისა და მიწების გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ. ამის გამო ისინი უფრო ერთგულნი იყვნენ მეფისა, ვიდრე საერო დიდბატონები.

ალექსანდრე მეფეს ჰყავდა ხუთი ვაჟი: დავითი, გიორგი, ერეკლე, როსტომი, კონსტანტინე, და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი (მანუჩარ დადიანის მეუღლე და ლევან დადიანის დედა. იგი მშობიარობისას გარდაიცვალა). ერეკლე ბატონიშვილი დავითთან კონფლიქტის გამო თურქეთის სულტანთან, სტამბოლში გაიქცა. შაჰ-თამაზს ეგონა მეფე ალექსანდრე განმიდგაო და „განრისხებული წარმოემართა კახეთსა ზედა“. ალექსანდრემ თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე წარუვლინა დიდი ძღვენით და აუწყა: „რამეთუ ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდვე­ლი“. მაშინ დაცხრა მრისხანებისაგან შაჰ-თამაზი, ყრმა კონსტანტინე თან წაიყვანა და სპარსეთს გაბრუნდა.

მეფე ალექსანდრეს მცდელობით 1595 წ. დასაწყისში შაჰ-აბასთან იყო მოსკოვის ელჩი ზვენიგოროდსკი, რომელმაც მას გადასცა მეფის სურვილი - ყრმა კონსტანტინე მოსკოვში გაეგზავნა. ამაზე შაჰმა უპასუხა: თვითონ კონსტანტინე მირზას ჰკითხეთო და როგორც მას უნდა ისე მოიქცესო. მაგრამ კონსტანტინე იმ ელჩთან არც კი მივიდა: არაფერი მაქვს სათქმელიო.

კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო დავით ბატონიშვილი, რომელსაც ცოლად ჰყავდა საოცარი სილამაზითა და სიკეთით შემკული აშოთან მუხრან-ბატონის* ასული ქეთევანი. (* ბაგრატიონთა მუხრანული შტო მომდინარეობდა ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს უმცროსი ძის - ბაგრატისაგან, რომელმაც თავის ძმის - დავით X-საგან საუფლისწულოდ მუხრანი მოითხოვა. ბაგრატს ჰყავდა ოთხი ვაჟი: ვახტანგი, აშოთანი, არჩილი, ერეკლე და ერთიც ასული - დედისიმედი, მეუღლე ქაიხოსრო II ათაბაგისა.)

ღმრთისმოყუარე აშოთან ბაგრატიონს ათონის წმინდა მთაზე ივერთა (ივერონის) მონასტერში კარიბჭესთან ახლოს მცირე ტაძარი აუგია, შეუმკია და მოუხატვინებია (თავის ძესთან ერთად შიგ ხატია). პორტაიტისა (ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატი) აქ იქნა გადმოსვენებული და დღემდე ამ პატარა ტაძარშია დაბრძანებული. მასვე აუგია „საზოგადცხოვრებო ტრაპეზი თავისის ხომლითა და მოწყობილობითა“.

წმინდა ქეთევანი იყო ტანდაბალი, შავთვალება, პიმშვენიერი და დარბაისელი, არა მხოლოდ ერთი სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის მბრძანებლობის ღირსი იყო (რ. გულბეკიანი, ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ). „მცოდნე საღმრთო წერილისა, და სათნოებათა მომგები, ქალწული მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერი, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი“. დავითი კი იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და ამისთვის სძულობდენ კახნი, არამედ გიორგი იყო „შუენიერ-ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი, და ტკბილი ყმათათვის, და იყვნენ კახნი ამის კერძო და ერთგულნი დიდად“. როცა ბატონიშვილმა გიორგიმ დავითის მოკვლა და ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა, დავითმა შეიტყო შეთქმულების ამბავი, შეიპყრო ძმა და თორღვას ციხეში გამოკეტა, ხოლო თორმეტი შეთქმული ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და დახოცა. „და თვით იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თვისისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და თვით დაიპყრა და იბატონა თვესა ექუსსა, და მერმე მსწრაფლ ეწვია გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი“. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე.

1602 წელს მონაზვნად აღკვეცილი ალექსანდრე ქვეყნის მართვას დაუბრუნდა. მან თავისი საყვარელი შვილი, გიორგი ციხიდან გამოიყვანა და გვერდით ამოიყენა. 1604 წლის გაზაფხულზე უფლისწული გიორგი, რომელიც უკვე ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა, მოლაპარაკებას აწარმოებდა ტატიშჩევისა და ივანოვის მეთაურობით ჩამოსულ რუსეთის ელჩობასთან. როგორც ვარაუდობენ, სწორედ გიორგის გაუგზავნია დავითისა და ქეთევანის შვილები ირანში. ქართლის ცხოვრების მიხედვით კი ქმრის სიკვდილის შემდეგ თვითონ ქეთევანმა განარიდა აღზევებულ გიორგის ყრმა შვილები, და შერმაზან ჩოლოყაშვილის თანხლებით ყაენთან გაგზავნა. შაჰ-აბაზმა კარგად მიიღო თეიმურაზი და მასწავლებლები მიუჩინა სპარსული ენისა და მწიგნობრობის სასწავლებლად, ხოლო ელენე, როგორც კი წამოიზარდა, ცოლად შეირთო.

1604 წ. ერევნის ალყის დროს შაჰმა საშველად კახთა მეფე ალექსანდრე II და მისი დიშვილი - ქართლის მეფე გიორგი X - სვიმონის ძე თავიანთი ლაშქრითურთ იხმო. ცბიერმა შაჰმა „სრული დიდებითა და პატივით“ მიიღო ქართველი მეფეები და უბრძანა ერევნის ციხის იერიშით აღება. მაშინ სიმხნე დიდი აჩუენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა“. შაჰ-აბასმა ერევანში თავისი გარნიზონი ჩააყენა, ხოლო ქართველები ხელმწიფური პატივით შემოსა, ყველასაგან გამოარჩია და უხვად დააჯილდოვა, მათ ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში სოფლები აჩუქა, რადგან მათი დახმარების დიდი იმედი ჰქონდა თურქეთთან ომში. მაგრამ ირანის განმგებელი ტყუილუბრალოდ არაფერს გასცემდა. მან სამაგიეროდ ალექსანდრე კახთა მეფეს კაკ-ენისელის მხარე (დღევანდელი საინგილო), ხოლო გიორგი მეფეს ლორე-დებერდას ხეობა გამოსთხოვა. ლორეს მხარისაგან შაჰ-აბაზმა მუსულმანური სასულთანო შექმნა, დებერდას ხეობაში კი თურქმანული ტომი - ბორჩალუ ჩამოასახლა და აღჯაყალასი ირანელ ციხისთავს დაუმორჩილა. ამ ღონისძიებით შაჰმა ორი საქმე გააკეთა: ქართლში შემოსასვლელი ბუნებრივი სიმაგრის კარი შემოარღვია და ყიზილბაშური ტომების აქ დასახლებით პლაცდარმი შექმნა საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლისათვის. ამავე ხასიათის იყო კახეთის მიმართაც შაჰ-აბაზის განზრახვანი. კახეთი საკმაოდ მტკიცე და გამაგრებული სამეფო იყო, რაც მოუთმენელი იყო მტრებისთვის.

ამ დროისათვის საშამხალოს (ჩრდილო კავკასიაში მდებარე სამთავრო) მიერთებული ჰქონდა პირაქეთა დაღესტანი, რომელიც ამ დრომდე თითქმის ყოველთვის ან ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით ან კიდევ კახეთის სამეფოს საზღვრებში იყო მოქცეული. პირაქეთა დაღესტნისა და კაკ-ენისელის დაკარგვის შემდგომ კახეთის სამეფო დაუცველი, აღმო-სავლეთის საზღვრებმოშლილი აღმოჩნდა. ჩრდილოელ (დაღესტნელ) და თურქმანულ ტომებს მდიდარი ქვეყნისკენ გზა გაეხსნათ. ნ. ბერძენიშვილი თქმით, შაჰ-აბაზმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ერთი დაკვრით დამბლა დასცა. კახთა მეფის კავშირი რუსეთთან არა გამოპარვია ცბიერ შაჰს. ამიტომ ალექსანდრე თავისთან დაიტოვა და მხოლოდ 1605 წ. გამოისტუმრა საქართველოში.

ქართველ მეფეთა კავშირს რუსეთთან ვერ ეგუებოდნენ ვერც ოსმალნი, რადგან საქართველო ერთმორწმუნეობის გამო მზარდი და ძლიერი რუსეთის იმპერიის ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ. სპარსელები და თურქები რუსეთს თავიანთი სახელმწიფოებისათვის დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ და მისი ამიერკავკასიაში შემოსვლა საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსასრულის დასაწყისად ესახებოდათ. ამიტომაც მზად იყვნენ ამოეგდოთ საქართველო და მოესპოთ მართლმადიდებლობა. ასევე მოუთმენელი იყო კახეთის მეფეთა კავშირი რუსეთთან მაჰმადიანი მთის კავკასიური სამთავროებისთვისაც. ისინი სასტიკად სჯიდნენ ქართველებს რუსეთთან დაახლოების მცდელობისთვის. ივანე ჯავახიშვილი წერს: „რუსეთთან კავშირის დაჭერამ კახთა მეფე ალექსანდრე უკიდურეს განსაცდელში ჩააგდო იმიტომ, რომ ყველა არაქრისტიანი მეზობელი ამის გამო საქართველოს წინააღმდეგ აამხედრა და მოსკოვის სიძულვილმა ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანები გააერთიანა. ასეთ დროს კი ერთმორწმუნე რუსი სამღვდელოება, რომელსაც რუსეთის მთავრობა საქართველოში უაღრესად საჭირო დამხმარე ჯარისა და ზარბაზნების ჩამომსხმელი ოსტატების ნაცვლად აგზავნიდა, საქართველოში ამრეზით იქცეოდა“.

შაჰ-აბასმა კარგად იცოდა, თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში ალექსანდრე, ისიც კარგად უწყოდა, რომ კახეთის მეფე არ აპირებდა ირანის წინაშე ქედის მოხრა, მაგრამ შაჰი ალექსანდრეს წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებას ერიდებოდა, რადგან კახელების ლაშქარი დიდი ძალა იყო თურქებთან ბრძოლაში. ამიტომ ვერაგმა შაჰმა გადაწყვიტა ეს ურჩი ქვეყანა იარაღის გამოუყენებლად, სამეფო ოჯახში გადატრიალების მეშვეობით, საბოლოოდ დაემორჩილებინა. ამ მიზნის განსახორციელებელად მან თავისი აღზრდილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გამოიყენა, რომელიც იყო „ფრიად შემყვარე სჯულთა მათთა“. შაჰ-აბასმა კონსტანტინე-მირზას შირვანი უწყალობა, მამისა და ძმის მოსაკლავად და კახეთის დასაპყრობად საქართველოში წარმოგზავნა და საუკეთესო ლაშქარიც გამოატანა. კახეთის საზღვრებს მოახლოებულმა კონსტანტინემ თავის მოსვლის შესახებ მამას აცნობა. გახარებული ალექსანდრე გიორგისთან ერთად წინ მიეგება მონატრებულ შვილს. ორივე ღმერთს მადლობდა, რომ დაკარგული შვილი და ძმა კიდევ ნახეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებული. კონსტანტინემ შაჰის გამოგზავნილი ხალათი მამას გადასცა და მიეცნენ შვებასა და განცხრომას. როცა უფლისწულმა გიორგიმ გაიგო ძმის სტუმრობის მიზეზი, მამა ცალკე გაიხმო და თავისი ეჭვი გაუზიარა. გიორგის ასეთი მსჯელობა სრულიად საფუძვლიანი იყო. მას არ მოსწონდა შაჰის მიერ კონსტანტინეს ასეთი დიდი უფლებებით აღჭურვა. იგი ამტკიცებდა, რომ თუ შირვანის პროვინციას გამაჰმადიანებული კონსტანტინე დაიპყრობდა, იგი საქართველოშიც შეიჭრებოდა. მეფე ალექსანდრე გიორგისთან ერთად გამოსავლის ძებნას შეუდგა და ერთადერთი საშუალება, რომელიც მამა-შვილმა გამონახეს, იყო ის, რომ გაეჭიანურებინათ და არ დახმარებოდენ კონსტანტინეს შირვანზე განზრახული ლაშქრობის განხორციელებაში. რის გამოც იგი იძულებული გახდებოდა უარი ეთქვა ამ ლაშქრობაზე და შაჰთან დაბრუნდებოდა. კონსტანტინე მირზა (კუსტენდალ მირზამ, როგორც მას სპარსელები ეძახიან) მაშინვე მიხვდა იმის მიზეზს, თუ რატომ ცდილობდა მამა-შვილი ამ ლაშქრობის გადადებას და გადაწყვიტა თავისი ბოროტი განზრახვა დროზე მოეყვანა სისრულეში.

ერთ დღესაც კონსტანტინემ თავის კარავში მიიწვია მამა და ძმა, და შირვანზე გალაშქრების შესახებ უხეშად დაუწყო ლაპარაკი. ალექსანდრემ თანმხლებ კახელებს გასვლა უბრძანა, ისინიც თავ-თავის კარვებში წავიდნენ. დარჩა მათთან რუსთაველი ეპისკოპოსი და მისი ძმა აბელ ანდრონიკაშვილი, ყორჩიბაში. ამ დროს კარავში შემოცვიდნენ წინასწარ დაბარებული ყიზილბაშები და უკლებლივ ყველა ამოხოცეს (1605 წ). ამ გადაგვარებულმა ქართველმა მამისა და ძმის მოკვეთილი თავები ირანის მბრძანებელს გაუგზავნა, რითაც კიდევ ერთხელ „დაუმტკიცა“ გამზრდელს თავისი ერთგულება, ხოლო გვამები ალავერდს გააგზავნა, სადაც ქეთევან დედოფალმა დაკრძალა მეფური პატივით. (ალავერდის საკათედრო ტაძარი XI ს-ის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფეს იოსებ ალავერდელის მიერ წმინდა გიორგის სახელზე VI ს-ში აშენებული პატარა ეკლესიის ადგილას აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე დროს აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. ალავერდის ტაძარი XI ს-დან კახეთის მეფეთა საძვალე იყო).

შეძრწუნებული კახელები განეშორნენ მამისა და ძმის მკვლელს, მაგრამ კონსტანტინემ ზოგი დაპირებითა და ზოგიც ყაენის შიშის გამო შემოირიგა და „იწყო დაპყრობა კახეთისა“: იგი სათავეში ჩაუდგა სპარსულ ჯარს, რომელიც კახეთის გარეთ იყო დაბანაკებული, შეიჭრა კახეთის სამეფოში... ხელთ იგდო სამეფოს ხაზინა და დაიმორჩილა მთელი სამეფო.

ურჯულო კონსტანტინეს გაბატონებამ კახეთი გათათრების საფრთხის წინაშე დააყენა, მან კი უკეთურებას უკეთურება შესძინა და ქეთევანს, თავის ძმის ცოლს შეუთვალა: „შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ შერთვა რძლისა არს წესი და ჩუეულება მაჰმადის სჯულისა... შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფლი და, უკეთუ ესე არა ინებო, მე ძალით ვყო ესე“. ქეთევანი ძლიერ შეშფოთდა და ასე შეუთვალა: „ღმრთის მგმობარო/მამის მკვლელო და ძმისაო/ავის მქნელო, ავის მთქმელო/შენ უღირსო სულდგმისაო/ყოვლის კაცის საძაგელო/სულ მოქმედო ავისაო/ღვთით ადრე ვეჭვ, შეგანანო, თხოვა ჩემის თავისაო“ - „არჩილიანი“. ამავე დროს კახელ თავადებს უთხრა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. მათაც შეჰფიცეს ქეთევანს, რომ ამ უსჯულოებას არ დაუშვებდნენ და ფარულად აჯანყებისათვის მზადება დაიწყეს.

კონსტანტინემ კახეთის სამეფოში რვა ათასი მებრძოლი შეაგროვა, ექვსიათასიან სპარსულ ჯართან ერთად შირვანის წინააღმდეგ ილაშქრა და შაქის პროვინცია ოსმალთაგან გაათავისუფლა. სწორედ აქ დააპირეს აჯანყებულმა ქართველებმა მოღალატის მოკვლა, მაგრამ გაასწრო და მომხდარი ამბის შესახებ შაჰს შეატყობინა. მანაც რვა ათასიანი ლაშქარი გამოუგზავნა, რომლითაც კონსტანტინე კახეთში შეიჭრა. ამ გასაჭირის ჟამს კახეთის ქართველობას ქართლელები მიეშველნენ პაპუნა ამილახვრის სარდლობით. ბელაქნის წყალთან ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და რჯულისა და ადათის შემაგინებელი კონსტანტინე მოკლეს, ხოლო ყიზილბაშთა ლაშქარი გააქციეს (ქართველებმა უარი განაცხადეს ბრძოლის გაგრძელებაზე, რადგან მრისხანე შაჰ-აბასთან ურთიერთობა აღარ გაამწვავეს). ქეთევანმა უკეთური კონსტანტინეს გვამის მაჰმადიანური წესით დამარხვა უბრძანა და კახეთის სამეფოს ჩაუდგა სათავეში.

ქეთევან დედოფალი მყუდროდ და მშვიდად განაგებდა კახეთს. მან პირველ რიგში ელჩების ხელით ძღვენი გაუგზავნა შაჰ-აბასს და მისწერა: მეფეო, გამოგზავნე ჩემი ძე, თეიმურაზი, რადგან შენთვისაც უკეთესია შენთან გაზრდილის გამეფება, თუ არა ეს სამეფო განუდგება შენს მფარველობასა და სულთანს დაემორჩილებაო. შეშფოთებულმა შაჰმა თეიმურაზი დაიბარა და უთხრა: ბოროტ კონსტანტინეს, რომელიც მე სამშვიდობოდ გავუშვი, მოუკლავს მამა და ძმა, მაგრამ კახელებს პასუხი მოუთხოვიათ მისთვის და იგიც მოუკლავთ. ეხლა სასწრაფოს წადი, რომ რამე შფოთი არ ჩამოვარდესო. მან დაასაჩუქრა თეიმურაზი და თანმხლებ კახელებთან ერთად სასწრაფოდ სამშობლოში გამოუშვა. მოულოდნელად მოვიდა ჭაბუკი თეიმურაზი ქიზიყს და იქიდან აცნობა დედას სამშობლოში დაბრუნება. შემდეგ გრემშიც მივიდა და „იყო სიხარული დიდი დედაშვილისაგან და ყოველთა კახთა, მერმე მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს“. შაჰ-აბასი დათანხმდა, რომ თეიმურაზის მეფედ კურთხევა ქრისტიანული წესით ჩატარებულიყო (მემატიანის ცნობით, შაჰი ამ კურთხევას თვითონაც დასწრებია). ვახუშტი წერს: „დაჯდა მეფედ 16 წლის მეფე თეიმურაზი და განაგებდა კახეთსა...“. ქეთევან დედოფალმა თეიმურაზს მიანდო სამეფო და თვით სულიერ ღუაწლს შეუდგა.

იმავე წელს (1606 წ) ქართლის მეფის გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ (მაჰმადიანობის მიუღებლობისთვის შხამი შეასვა ვერაგმა შაჰ-აბასმა და მოკლა), ქართლის ტახტზეც ქრისტიანი მეფე - 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძე (წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბ II, ხს. ძვ. 21/VI; ახ. 4/ VII) დაამტკიცა შაჰმა. მეფე გიორგის ჰყავდა სამი ასული: ელენე, ხორეშანი და თინათინი. ელენე მიათხოვეს რუსთა მეფის, ბორის გოდუნოვის შვილს - თეოდორეს, ხოლო თინათინი შაჰ-აბასმა ახლად გამეფებულ ლუარსაბს მოსთხოვა ცოლად და „მისცა დაი თვისი თინათინ და ესვა ცოლად შააბაზ“. და უწოდეს მას სახელად ლელა.

ევროპელი მისიონერები ხშირად აქებენ თეიმურაზს მეფეს და მიუთითებენ მის მაღალ განათლებაზე: „თეიმურაზი - წერს ერთ-ერთი მათგანი - მშვენიერი შეხედულებისაა, სახის კანის ფერი თეთრი, არწივისებური ცხვირი, დიდი და მრგვალი თვალები, სიმაღლით - საშუალოზე მაღალი, ტანში გამართული, თავაზიანი, მეტად ზრდილობიანი, ბევრი ენის - ქართულის, თურქულის, სპარსულის ცოდნით დამშვენებული, რომელზედაც ენაწყლიანად მეტყველებს; მოლაპარაკების დროს ნიჭიერი, ბრძოლებში მამაცი, შესანიშნავი პოეტი...“ ჭაბუკმა მეფემ ცოლად მამია გურიელის ასული ანა მოიყვანა, რომელთანაც ეყოლა - ლევანი და ალექსანდრე. 1610 წელს ანა გარდაიცვალა. შაჰის დაჟინებული რჩევით, რაც ძალდატანებასაც ნიშნავდა, თეიმურაზმა ცოლად ქართლის მეფის ლუარსაბის და - ხორეშანი შეირთო, რომელიც ნათესავადაც ერგებოდა (პაპიდაშვილები იყვნენ).

ამასობაში ოსმალთა ლაშქარი დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდა ირანელებთან ბრძოლაში. შაჰ-აბასმა 1606 წელს დაიკავა განჯა და ირანელთა ლაშქარმა გეზი თბილისისკენ აიღო. თბილისში მყოფი თურქები უბრძოლველად დანებდნენ ირანელებს. ამ გამარჯვების შემდეგ თვით შაჰ-აბასი ჩამოსულა თბილისში.

შაჰმა რამდენიმე წლის განმავლობაში დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი, აღმოსავლეთ საქართველო, ქურთისტანი და ლურისტანი. ირანელთა დიდი წარმატებები განპირობებული იყო არა მარტო შაჰ-აბასის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმით, არამედ იმითაც, რომ XVII ს-ის დასაწყისში თურქეთი ძლიერ დასუსტებული იყო საშინაო ბრძოლებითა და ცალკეული დიდი აჯანყებებით, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა განადგურდა. 1612 წელს თურქეთი იძულებული გახდა ირანთან ზავი დაედო, რომლის ძალითაც ირანი ინარჩუნებდა ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს და ვალდებულებას კისრულობდა, კომპენსაციის სახით თურქეთისთვის ყოველწლიურად 59000 კგ ხამი აბრეშუმი გაეგზავნა.

შაჰ-აბასი ზავის პირობებით უკმაყოფილო იყო. ამავე დროს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობა კვლავაც გრძელდებოდა. ასეთ ვითარებაში მის მთავარ მიზანს საქართველოს დაპყრობა-დამორჩილება შეადგენდა. თუ აქამდე ყიზილბაშები საქართველოს „მოკავშირედ“ გამოდიოდნენ, თურქებთან ზავის დადების შემდეგ შაჰს აღარ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, შაჰმა გადაწყვიტა ქართველების აყრა-გა-დასახლება და მათ მიწა-წყალზე თურქმენების ჩამოსახლება, ქართლ-კახეთის სამეფოების გაუქმება და საქართველოს ირანის სახანოდ გადაქცევა. თუ ადრე საქართველო იდგა „გათურქების“ საშიშროების წინაშე, ახლა მას „გაყიზილბაშებას“ უპირებდნენ. შაჰ-აბასი სხვადასხვა ხერხს მიმართავდა თავისი მიზნის მისაღწევად. მან ლუარსაბ ქართლის მეფეს წერილი მისწერა: თეიმურაზი მოჰკალ და კახეთიც შენ დაიჭირეო. ასეთივე ხასიათის წერილი მისწერა კახეთის მეფე - თეიმურაზ I-ს, მაგრამ საქართველოში მიმხვდარან შაჰის მზაკვრობას. შაჰი ცდილობდა არა მარტო ქართლისა და კახეთის წაკიდებას, არამედ ყოველ ღონეს ხმარობდა თვით სამეფოების შიგნით განხეთქილების ჩამოსაგდებად. იგი მფარველობდა ქართველი მეფეების მოწინააღმდეგე სხვადასხვა ფეოდალურ დაჯგუფებებს, რის გამოც ირანის სამეფო კარზე მრავლად იყვნენ თეიმურაზისა და ლუარსაბის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები. ამავე დროს, შაჰ-აბასი, რო-გორც გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ცდილობდა სხვადასხვა გზით საქართველოდან გაეყვანა გამოჩენილი სახელმწიფო, საზოგადო და სამხედრო პირები, რომლებიც მეტად საჭირონი იყვნენ თავიანთი ქვეყნისათვის და ირანში დაეტოვებინა. დიდი გამარჯვება იყო ირანის მბრძანებელისათვის გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ირანში გადახვეწა. მან დიდი პატივით მიიღო სააკაძე. გიორგის კი სურდა შაჰის ძალა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად და გაერთიანებული საქართველოს შესაქმნელად გამოეყენებინა.

თეიმურაზისაგან შაჰის მიერ შერჩეული მეუღლის შერთვის შემდეგ შაჰმა თავისი დაფარული გულისწყრომის გამომჟღავნების მიზეზი იპოვა - ცილი დასწამა თეიმურაზს, თითქოსდა მას წაერთმიოს მისთვის საცოლე და „მძვინვარედ მბორგალი შემკრებელი სპათა იქმნა და წამოვიდა საქართველოსა ზედა და თანა წამოიყვანა გიორგი სააკაძე, თავისი სიმამრით, ნუგზარ ერისთავით, ორგულნი მემკვიდრისა მეფისა თვისისა...“.

1613 წელს შაჰ-აბასმა დაიწყო ლაშქრობა საქართველოში. ირანის მბრძანებელი გზადაგზა ნადირობდა, მისი დიდი ლაშქარი ნელ-ნელა მოძრაობდა. შაჰი ხმებს ავრცელებდა ოსმალეთის წინააღმდეგ სალაშქროდ ვემზადებიო. ამავე დროს, ოსმალეთის სულტანს აცნობა, რომ დარხეული ხმები სინამდვილედ არ მიეღო და ეს ამბავი ზავის დარღვევად არ მიეჩნია. მალე ირანელთა ლაშქარი ყარაბაღში შევიდა, ხოლო იქიდან განჯაში გადავიდა და ზამთარი იქ გაატარა.

შაჰ-აბას I-მა თეიმურაზს შიკრიკი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ ოსმალეთში ლაშქრობას ვაპირებ და გული რომ იმედიანად მქონდეს, მძევლად შენი შვილი გამომიგზავნეო. თეიმურაზს არ უნდოდა შვილის მძევლად მიცემა, რადგან იცოდა, რომ შაჰ-აბაზი დაუნდობელი და ცბიერი კაცი იყო, მაგრამ დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან საქართველოს ძალა არ შესწევდა უკუექცია მტერი, და იგი იძულებული გახდა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სამ-ოთხი წლისა იქნებოდა, შაჰთან გაეგზავნა, და დედაც თან გაეყოლებინა - უფრო პატივს დამდებს და „არა აწყენს შვილსა ჩემსაო და შეეხვეწა გაუწყრომლობასა“. ხალხიც სთხოვდა ქეთევანს: „წარვედ, ჰოი დედოფალო, წარვედ და გვიხსენ ჩუენ“. წმინდა ქეთევანიც უყოყმანოდ დათანხმდა „ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა“. გამგზავრების წინ დედოფალს გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარში მხურვალედ ულოცია.

განჯაში მყოფი შაჰ-აბასი, როდესაც ქეთევან დედოფლისა და ყრმა ალექსანდრეს მისვლა შეატყობინეს, ძლიერ განრისხებულა და თეიმურაზისთვის შეუთვლია: ძიძა ხომ არა ვარ... რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამომიგზავნე, თუ ჩემთან მშვიდობის დამყარება გსურს უფროსი შვილი წარმომივლინე და მე პატივს ვსცემ დედაშენს და უკან გამოგიგზავნიო. არც ლევანის გაგზავნა უნდოდა თეიმურაზს, და დედამისსაც საიდუმლოდ შემოეთვალა ლევანის გაუგზავნელობა, მაგრამ, ვინაიდან კახეთის სამეფოს განადგურება ემუქრებოდა სპარსეთის მრავალრიცხოვანი ჯარისაგან, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით უფროსი შვილი ლევანიც, რომელიც სულ 5-6 წლისა იქნებოდა, ირანში გაგზავნა და თან დავით ასლანიშვილი აახლა. როცა შაჰმა თეიმურაზიც ისფაჰანს დაიბარა, ნათელი გახდა, რომ იგი ბაგრატიონთა კახური შტოს ამოწყვეტასა და კახეთის აოხრებას ლამობდა და თეიმურაზიც აღარ ეახლა. აი, მაშინ კი დატრიალდნენ კახელები და სასწრაფოდ შეუდგნენ ჯებირების მშენებლობას, მაგრამ უკვე გვიან იყო.

შაჰ-აბასმა კახეთის დედოფალი შესაფერისი პატივით მიიღო. ქეთევანი კი, როგორც დიდ მბრძანებელს, ღირსეულად მიესალმა მას, მაშინ არსებული წესის თანახმად შეაქო, და გულმხურვალედ შეავედრა თავისი პატარა სამეფო და დიდად ტანჯული ერი. მაგრამ ვაი, რომ ქეთევან დედოფლის წინაშე სასტიკი და შეუბრალებელი ტირანი იჯდა, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლი სწყუროდა. შაჰმა ჰკითხა ქეთევანს თუ რატომ არ ეახლა თვითონ თეიმურაზი. ბრძენმა დედოფალმა მიუგო, რომ ერთგულების ნიშნად თეიმურაზმა შაჰს ანდო ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა თავის ცხოვრებაში - საკუთარი დედისა და შვილების სიცოცხლე და იქვე წარუდგინა შაჰს თეიმურაზის ყრმა შვილები. შეავედრა მათი სიცოცხლე და წარმოსთქვა: ხელმწიფევ! დააცხრეთ თქვენი მრისხანება და მოგვეცით საშუალება მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ჩემი შვილი თეიმურაზი უმორჩილესად თხოვს თქვენს უდიდებულესობას ამას. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უდიდებულესობა არ ისურვებს ჩემი მისია უშედეგოდ დამთავრდეს და ნებას დამრთავს დავბრუნდე ჩემს შვილთან და ჩემს ხალხთან, მათთვის მეტად სასურველი ზავით, რისთვისაც ისინი ქებას შეასხამენ თქვენი უდიდებულესობის კეთილმოსურნეობას, სამართლიანობასა და კეთილშობილებასო. შაჰი ჩაფიქრდა. მასში კიდევ უფრო აენთო რისხვა, მაგრამ მძვინვარება დამალა, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, რამდენიმე თვალთმაქცური სიტყვა უთხრა და შვილიშვილებთან ერთად განჯიდანვე აშრაფს წარავლინა.

ვერაგი შაჰი თავისი ლაშქრით სწრაფად დაიძრა განჯიდან, გადმოლახა მტკვარი და 1614 წლის გაზაფხულზე კახეთში შეიჭრა. კახეთი მტერს მოუმზადებელი შეხვდა. ნაწილი კახთა დიდებულებისა შაჰ-აბასს ეახლა და მისგან საჩუქრებით ხელდამშვებნებული განზე გადგა. თეიმურაზი მრავალრიცხოვან მტერთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო. მუხრანში თეიმურაზს ამალითა და მცირე ჯარით ელოდებოდა ქართლი მეფე ლუარსაბი, გამოირკვა, რომ არც ქართლს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ქართლისა და კახეთის მეფეები იქაურობას გაეცალენ და თავი იმერეთს შეაფარეს. ამით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ხელი მიყო კახეთის აოხრებას. „ვინა უკუე აღირიცხნეს“ - იტყვის წმინდა ქეთევანის ცხოვრების აღმწერი, - მაშინდელნი განსაცდელნი კახეთისა ანუ მეფეთა სახლისა, მოოხრებანი და განრყვნანი წმიდათა ეკლესიათაი და მონასტერთაი, ანუ გარდასახლებანი ყოველთა სოფელთა კახეთისათა და სიკვდილი და კლდეთა და ხვრელთა შინა ქუეყანისაითა დაფარული შიმშილი, ანუ მახვილი, ტყუეობაი; მაშინ შეგინებანი ქალწულთაი, სიკვდილი მოხუცებულთაი... მებრძოლთა ჭაბუკთაი... მღვდელთაი და დიაკვანთაი და თვით ეპისკოპოსთაცა და ტყუეობაი მათი და დახოცვაი ჩჩვილთაი და ცეცხლითა მოსპობაი ყოვლად შუენიერისა მის ქალაქისა გრემისაი და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა კახეთისაითა“.

ქალაქი გრემი იმდენად კეთილმოწყობილი და გამშვენიერებული ყოფილა, რომ სპარსელი ისტორიკოსი მას „სამოთხის ბაღს“ უწოდებს. აქედან ყიზილბაშები გადასულან ალავერდის ეკლესიაში, რომელსაც მოუხიბლავს სპარსელები. აქ შაჰს აცნობეს, რომ კახეთის განძი თიანეთის ერთ მიუვალ ციხეში ინახებოდა: ერწო-თიანეთის მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ირანელებს, მაგრამ ბოლოს, ყიზილბაშებმა ციხე აიღეს, თვალ-მარგალიტი და ძვირფასეულობა ხელში ჩაიგდეს, ხოლო ეს ადგილები ააოხრეს და გადაბუგეს. მარტო ერწო-თიანეთიდან ყიზილბაშებმა ოცდაათი ათასამდე ტყვე და ორმოცი ათასამდე ხარი, ძროხა და ხარი გაიყვანეს. 50 დღის განმავლობაში ირანის ჯარებმა კახეთი ააოხრეს და აიკლეს.

შაჰმა კახეთის მმართველად ირანში აღზრდილი და გამუსლიმანებული ბატონიშვილი ისა-ხან-მირზა (თეიმურაზის ბიძაშვილი, გიორგის შვილი) დანიშნა, ხოლო თვითონ ქართლისაკენ დაიძრა, და გორისა და სურამის ციხეები დაიკავა. იგი იმერეთის მეფეს დაუკავშირდა და თეიმურაზისა და ლუარსაბის გადაცემა მოსთხოვა. იმერთა მეფემ თავის ძვირფას სტუმრებს არ უღალატა, და რადგან იმერეთი თურქეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მისი ხელყოფა ირანის მხრიდან ოსმალეთთან დაპირისპირებასა და ზავის პირობების დარღვევას ნიშნავდა. ცბიერი შაჰი მიხვდა, რომ გამოცდილსა და ჭკვიან თეიმურაზს ვერ შეაცდენდა, მთელი ყურადღება მეფე ლუარსაბის ხელში ჩაგდებაზე გადაიტანა, და მისი იმერეთიდან ჩამოყვანა შადიმან ბარათაშვილს დაავალა, რომელმაც ლუარსაბ მეფე შაჰთან ხლებაზე დაიყოლია. შაჰ-აბასი იმერეთის საზღვარზე მიეგება ქართლის მეფეს. გორიდან შაჰის ლაშქარი თბილისს ჩავიდა, იქიდან კი ირანს დაბრუნდა. შაჰმა თან გაიტყუა ლუარსაბ მეფე (7 წელი საპყრობილეში ყავდა დამწყვდეული და მერე საბლით მოაშთობინა), ხოლო რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი, „შაჰისევანის“ ლაშქარში ძალით ჩარიცხა, თავიაანთ ოჯახებთან ერთად. დიდი რაოდენობით გაიყვანა ქართველი ტყვეები და დიდი ნადავლიც გაიტანა.

შაჰმა ქართლში და კახეთში ვერავინ დასვა მეფედ, რადგან ლუარსაბს არც შვილი ჰყავდა და არც ძმა, ამიტომაც ქართლი დარჩა უბატონოდ. „თავადნი თვის-თვისად მხარესა მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი“. კახეთი კი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანიშვილს ჩააბარა, თუმცა მათ გამოიჩინეს ერთგულება მეფისა და მამულისა და სამ თვეში იმერეთიდან მეფე თეიმურაზი ჩამოიყვანეს და კახეთში გააბატონეს.

„ქართლის ცხოვრების“ ცნობით შაჰ-აბასმა „მისრულმან აშრაფს წარავლინა დედა და ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად“, თუმცა ევროპელი მისიონერების ცნობით ქეთევან დედოფალი შვილიშვილებითურთ ქ. აშრაფში 6 თვე იმყოფებოდა, შემდეგი 3 თუ 4 წელი კი სპარსეთის სხვადასხვა ქალაქებში ყავდათ დაპატიმრებული, და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით 1617 წლის სექტემბერში ჩაუყვანიათ შირაზში.

გამაჰმადიანებულმა ქართველმა, შირაზის მმართველმა იმამ ყული ხან უნდილაძემ დიდი პატივით მიიღო დედოფალი. თავის სასახლეშივე მოუმზადა მას სახლი, რომელშიც მოათავსა იგი თავისი ამალით. აქვე შეარჩიეს ერთი ოთახი ეკლესიისათვის. დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ ვართო მისი ტყვეებიო - ამბობდა ნაქართველარი თათარი. სამშო-ბლოს ხვედრით შეძრწუნებული ქეთევან დედოფალი არამარატო დღისით, არამედ ღამითაც დგებოდა და თანმხლებ ქალებთან ერთად ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ტანჯულ ქვეყანას, ყვავ-ყორნებივით რომ შესეოდენ და კორტნიდენ უსჯულო მტრები. როგორც ცნობილია მას თან ჰქონდა წაღებული მაცხოვრის ჯვარცმა და ღმრთისმშობლის ხატი.

დედოფლის ამალაში იყო იყო „ქართველი მღვდელი, - წერს პიეტრო დელა ვალე, - სოლიდური პიროვნება, რომელიც სულიერად ამხნევებდა მას და მის თანმხლებ პირებს. აქვე იყო მეორე მღვდელიც“. დედოფლის ერთ მღვდელს ერქვა გიორგი, რომელიც ამავე დროს იყო მისი მსახურთუხუცესი და თვალყურს ადევნებდა მის ამალას. მეორე მღვდელს ერქვა მოსე, რომელიც დედოფლის მოძღვრად ითვლებოდა. ქეთევან დედოფლის მღვდელს ასე ახასიათებს პორტუგალიელი ელჩი დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროა, რომელიც მაშინ შირაზში იმყოფებოდა: „ქეთევან დედოფლის მსახურთა შორის იყო ერთი მღვდელი, მისი მოძღვარი წმინდა ბასილის წესისა, სახელად მოსე, რომელიც თავშეკავებულობითა და სიტყვიერი ზომიერებით ჰქმნიდა ნამდვილი მღვდელმსახურის სასოებას, რაღაც იმის მსგავსს, რასაც ძველად ეკლესიის ბერებს მიაწერდნენ. ვინაიდან, გარდა იმისა, რაც გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და წესჩვეულებათა სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა მას იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის მიებაძათ...“

მამა მოსე და მამა გიორგი ამ ოთახ-ეკლესიაში ხშირად აყენებდნენ წირვას. ამასთანავე დედოფალს უკითხავდნენ სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, სხვადასხვა ლოცვებს, ქადაგებებსა და წმიდათა ცხოვრების ამბებს... ქეთევან დედოფალს თავისთან მთელი რიგი საეკლესიო წიგნი ჰქონია (უნდა ვიგულისხმოთ ხელნაწერის სახით)“. დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროა წერს, რომ მას ქეთევან დედოფლის მღვდელმა მოსემ მოუტანა ორი ქართული ხელნაწერი მშვენიერი, მოოქრულ ყდაში ჩასმული წიგნი, რომელთაგან ერთში იყო ძველი აღთქმა თავისი ფსალმუნით, ხოლო მეორეში - სახარება, სამოციქულო აქტები და წმინდა წერილები, ორივე ქართულ ენაზე. ეს წიგნი პიეტრო დელა ვალესაც უნახავს ქეთევან დედოფალთან ყოფნის დროს.

ქეთევან დედოფალი - „ეს ღმრთისმოსავი ქალბატონი იყო საშუალო ტანის, დაახლოებით ორმოცი წლის (როდესაც სპარსთა ტყვეობაში ჩავარდა). დადიოდა მლოცველის ჯოხით ხელში, თალხით შემოსილი, თავი და კისერი შავი ვუალით ჰქონდა დაფარული. იგი იყო უაღრესად ლამაზი და უაღრესად სერიოზული სახისა; იგი უეჭველად არა პატარა სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. მისი არაჩვეულებრივი სინაზე და სიმშვიდე უდიდეს სიამოვნებას გვრიდა ყველას, ვისაც კი იგი უნახავს. მისი ლამაზი და მრგვალი თვალებიდან აშკარად ჩანდა მისი სულისკვეთება, მრთეებრივი მადლი და ღმრთისმოსაობა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ და, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“. სხვა შემთხვევაში დედოფალი ჩვეულებრივად თავის ბინაში იმყოფებოდაო, წერს ამბროსიო დუშ ანჟუში - „ქეთევან დედოფალი იყო წყნარი და კეთილგონიერი პიროვნება, მამაკაცებს არ ხვდებოდა, ლოცულობდა ღმერთზე და სწამდა, რომ მხოლოდ იგი დაეხმა-რებოდა მას თავისი საქმეების ბრწყინვალედ დასრულებაში. სწორედ ამით დაიმსახურა მან კეთილი ადამიანის სახელი მთელ ქალაქში, სადაც ყველა ლაპარაკობდა მხოლოდ მის ჩაფიქრებულობაზე და სათნოებაზე. ქეთევან დედოფლის 50-მდე (სხვა ცნობით, 40-მდე) თანმხლები პირი, ისევე როგორც თვითონ დედოფალი, მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ“. მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახულ საბუთში ვკითხულობთ: „სასიამოვნო იყო ქეთევან დედოფალთან საუბარი, მისი საუბარი იყო წმინდა, ადამიანებისადმი ერთგულების სულისკვეთებით განმსჭვალული... დედოფალი თავის ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით იმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისათვის ამზადებდა. ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა ერთგულებისაკენ მოუწოდებდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა. დედოფალს რაც კი გააჩნდა და რასაც უწყალობებდნენ თავის სარჩენად, ქრისტიანებს შორის ანაწილებდა და თვითონ დიდის თანაგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და განცდას“.

აღსანიშნავია, რომ ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული (მართლმადიდებლური) ეკლესია, მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური ეკლესიები (ამ დროს სპარსეთში წმ. ავგუსტის ორდენის სამი მონასტერი არსებობდა - ისფაჰანში, შირაზსა და ბოსორაში). ეკლესიაში ლოცვას დანატრებული ქეთევან დედოფალი განუწყვეტლივ ლოცულობდა. განსაკუთრებით მოწიწებით იგი ლოცულობდა ღმრთისმშობელზე და სთხოვდა თავის წილხვედრი საქართველოს მტერთაგან განთავისუფლებასა და გადარჩენას“.

როგორც ყოველთვის, მარად შეუდრეკელმა ქართველებმა კვლავ დაიწყეს მზადება მტრის უღლისაგან განთავისუფლებისათვის. ახლა მათ თურქეთთან კავშირით სურდათ ყიზილბაშების განდევნა საქართველოდან. ოსმალეთი უკმაყოფილო იყო ზავის პირობებით და ომის განხლებაზე ფიქრობდა. ამიტომ ოსმალეთის მესვეურებმა შეუთვალეს კახელებს აჯანყებულიყვნენ. საქართველოში უკვე მომზადებული იყო ნიადაგი ამისთვის და 1615 წლის 15 სექტემბერს, ალავერდის სადღესასწაულო წირვის შემდეგ კახელები აჯანყდნენ. ალავერდის წმინდა ეკლესია და მისი გალავანი ირანელებს ციხესიმაგრედ ჰქონდათ გადაკეთებული და იქ ყიზილბაშები იდგნენ. 15 სექტემბერს, ამ ეკლესიის დღესასწაულის დღეს, ყიზილბაშებმა კახეთის მმართველის მოადგილის დავით ჯანდიერის ხათრით ქართველები ეკლესიაში სალოცავად შეუშვეს. წირვის დამთავრების შემდეგ, დათქმულ ნიშანზე ქართველებმა ტანსაცმელში დამალული იარაღი გამოაჩინეს და ყიზილბაშებს მუსრი გაავლეს. თეიმურაზი აჯანყებას სათავეში ჩაუდგა და კახეთის სპარსთაგან გაწმენდას შეუდგა. აჯანყდა შირვანიც, რომლის მეთაურმაც თეიმურაზს ერთგულება გამოუცხადა. აჯანყებულებმა კახეთი და შირვანი ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს.

შაჰ-აბასმა შეიტყო რა საქართველოში დაწყებული აჯანყების ამბავი და ამავე დროს ისიც, რომ ოსმალეთის ლაშქარი საზღვარზე იზამთრებდა და ირანზე თავდასხმას არ აპირებდა, 15.000-იანი ლაშქარი გაგზავნა საქართველოში. თეიმურაზმა თვითონ უსარდლა ქართველთა 6.000-იან ლაშქარს, წიწამურთან შეება მტერს და ცხარე ბრძოლაში სძლია. ყიზილბაშები გარბოდნენ, ქართველები კი ფეხდაფეხ მისდევდნენ და ანადგურებდნენ. ქართველებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, საშოვარი ისე გაიაფდა, რომ სანახევროდ წამღები არ იშოებოდა. „აქლემი ერთ აბაზად გაისყიდაო“ - წერს ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე.

გამძვინვარებულმა შაჰ-აბასმა ქართველთა ამოგდება განიზრახა და საგანგებოდ მოემზადა სალაშქროდ. მან ძირითადი სამხედრო ძალების საქართველოში გადასროლა გადაწყვიტა, რადგან აჯანყება საშიშ ხასიათ ღებულობდა. სპარსელებს ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ოსმალეთის ლაშქარი პასიურად მოქმედებდა და საქართველო, რომელსაც თურქეთი აქეზებდა და დახმარებას პირდებოდა, ფაქტიურად მარტო აღმოჩნდა ირანის პირისპირ.

1616 წლის გაზაფხულზე შაჰი დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ წამოვიდა. ყიზილბაშებმა კახეთს ორი მხრიდან შეუტიეს: დასავლეთიდან, ქართლის მხრიდან შაჰ-აბასი და იუსუფ-ხანი, ხოლო აღმოსავლეთიდან შირვანის ბეგლარ-ბეგი უნდა შეჭრილიყო კახეთში. შაჰი ქართლში შემოიჭრა და თბილისს მოვიდა. ქართლის მმართველად სვიმონ მეფის ძმისშვილი, ბაგრატ-ხანი (დაუდ-ხანის შვილი) დაადგინა, ხოლო დაღესტნელებს შეუთვალა: კახეთის ამოწყვეტა მსურს და ვინც თქვენს მხარეში გადმოვა, დაატყვევეთო. ლეკებმაც სიხარულით აღუთქვეს. შაჰ-აბასმა ხერკსა და ერწო-თიანეთს თბილი-სიდან დიდი ლაშქარი გაგზავნა, თვითონ კი კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა.

გაგრძელება