წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და
ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

18 (01.10) სექტემბერი

წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიას და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ „აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“. მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს: წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად ცხრაათასი მხედარი მარაბდის ველზე და ამ საუკუნეშივე მოუვლინა ყოვლადსახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: მან არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ: „აწ უკუე აღუდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩუენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და თანადგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს“.

ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

არაგვის ერისთავმა „მცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ“, ხოლო ქსნის ერისთავებმა - ბიძა-ძმისწულმა - ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნი... უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტა ჩავლეს და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონს უზრუნველად დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, „რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმოსრბოლი წინამავლად მათდა“.

თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: „ჩუენ ნიჭთა და პატივთა თქუენთათჳს არა გული გჳთქუამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი... მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ“. ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით წმიდანები სასტიკად აწამეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.

წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთაგან დასაგესლად. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისა და შალვასთვის. „არა რაჲ არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა“, - ბრძანა წმიდა ბიძინამ.

ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელნი ახოვანებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძა-ძმისწულს.

თანამბრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. მტარვალმა გადაწყვიტა, შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმხნევე. ახოვან გმირს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, დასცინოდნენ და ლანძღავდნენ რჩეულთა შორის გამორჩეულ ქართველს; წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს.

ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი: ალესილი მახვილებით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე - ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები - კოჭებამდე;  შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული, რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა.

წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

იხ. ვრცელი ვერსია:
წამება და ღუაწლი წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა,
და წმიდათა მოწამეთა: ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავთა