წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეთექვსმეტე

ვნებულებისა და მოქმედების შესახებ

ვნებულება ომონიმურად ითქმის, რადგან ამბობენ, მაგალითად, სხეულებრივ ვნებულებას, როგორიცაა სნეულებები და ჭრილობები, და ამბობენ, აგრეთვე, სულისმიერ ვნებულებას, რაც არის ნდომა და რისხვა. ზოგადად და გვარეობითად ცხოველის ვნებულება არის ის, რასაც მოჰყვება სიამოვნება ან მწუხარება, რადგან მწუხარება ვნებულებას მოსდევს (არათუ თვით ვნებულებაა მწუხარება). ამიტომაა, რომ როდესაც უგრძნობი რამ ივნებს, არ სტკივა მას.

ამრიგად, ტკივილი არის არა ვნებულება, არამედ ვნებულების გრძნობა.

სულისმიერი ვნებულების განსაზღვრება ასეთია: ვნებულება არის მოსურვებითი ძალის გრძნობადი მოძრაობა კეთილის ან ბოროტის წარმოსახვის შედეგად. სხვაგვარად: ვნებულება არის სულის გაუაზრებელი მოძრაობა კარგის ან ბოროტის გაფიქრების გამო. კარგის გაფიქრება ნდომას აღძრავს, ბოროტის გაფიქრება კი - რისხვას.

ამრიგად, გვარეობითი ანუ ზოგადი ვნებულება ასე განისაზღვრება: ვნებულება არის მოძრაობა სხვისგან სხვაში. მეორე მხრივ, მოქმედება არის ქმედითუნარიანი მოძრაობა, ხოლო ქმედითუნარიანად ითქმის ის, რაც თავისი თავის მიერ მოძრაობს.

ამგვარად, რისხვა არის, ერთი მხრივ, მოქმედება მრისხანებითი [ნაწილისა], მეორე მხრივ კი - ვნებულება სულის ორივე ნაწილისა და, კიდევ, მთელი სხეულისა, როდესაც ისინი რისხვის მიერ იძულებით შეუდგებიან საქმეს, რადგან სხვისგან სხვაში შესრულდა მოძრაობა, რაც ითქმის ვნებულებად.

სხვა სახითაც ითქმის მოქმედება ვნებულებად, რადგან მოქმედება არის ბუნების მიხედვით მოძრაობა, ვნებულება კი - ბუნების წინააღმდეგ. ამიტომ, ამ აზრის შესაბამისად, მოქმედება მაშინ ითქმის ვნებულებად, როდესაც იგი არ მოძრაობს ბუნების მიხედვით არც თავისი თავისგან, არც სხვისგან.

ამრიგად, გულის ძგერითი მოძრაობა ბუნებითია და, ამიტომ, იგი მოქმედებაა, მაგრამ მისი უზომო და არაბუნებრივი პულსირება ვნებულებაა და არა მოქმედება.

ვნებულებად იწოდება არა ყველა მოძრაობა ვნებულებითი [ნაწილისა], არამედ - ის, რაც უფრო მძაფრია და რაც გრძნობაში შემოდის, რადგან სუსტი და შეუგრძნობი ჯერ კიდევ არ არის ვნებულება. საჭიროა, რომ ვნებულებას შესაფერისი სიდიდეც ჰქონდეს. ამიტომ დაერთვის ვნებულების განსაზღვრებას სიტყვები; „გრძნობადი მოძრაობა“, რადგან სუსტი მოძრაობები შეუმჩნეველია გრძნობისთვის და ისინი ვერ ბადებენ ვნებულებას.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენეულ სულს ორმაგი ძალები აქვს, ერთი მცოდნეობითი, მეორე - ცხოველმყოფელობითი. მცოდნეობითია: გონება, აზროვნება, წარმოდგენა, წარმოსახვა, გრძნობა. ცხოველმყოფელობითი ანუ მოსურვებითია ზრახვა და არჩევანი. უფრო ცხადი რომ გახდეს ნათქვამი, დაწვრილებით ვიტყვით მათთვის. პირველ რიგში მცოდნეობითთა შესახებ უნდა ვთქვათ.

წარმოსახვისა და გრძნობის თაობაზე უკვე საკმარისად ითქვა წინა თავებში. გრძნობის მიერ სულში შემყარდება განცდა, რასაც ეწოდება წარმოსახვა. წარმოსახვისგან ყალიბდება წარმოდგენა. შემდეგ, როდესაც აზროვნება აწონდაწონის წარმოდგენას, ჭეშმარიტია იგი თუ ყალბი, დაადგენს ჭეშმარიტებას (ამის გამო ითქმის იგი აზროვნებად, რადგან იაზრებს და განსჯის), ხოლო დადგენილი და განსაზღვრული ჭეშმარიტება გონებად იწოდება.

სხვაგვარად:

გვმართებს ვიცოდეთ, რომ გონების პირველ მოძრაობას ეწოდება შემცნობლობა, ხოლო რაიმეს შემცნობლობას მოაზრება ჰქვია, რაც თუკი გახანგრძლივდება და მოსააზრებლისადმი დასახავს სულს, გააზრებად იქნება სახელდებული. თავის თავში შთენილი გააზრება, თავისი თავის განმჩხრეკი და ამწონ-დამწონი, ცნობიერებად ითქმის. როდესაც ივრცობა ცნობიერება, განსჯას ბადებს, რასაც შიგნითმდებარე სიტყვად უხმობენ და ასე განსაზღვრავენ; იგია სულის ის უსრულესი მოძრაობა, რაც წარმოებს განსჯით [ნაწილში] ყოველგვარი ხმის გარეშე. ამბობენ, რომ მისგან გამოდის წარმოთქმითი სიტყვა, რასაც ჩვენ ენით ვმეტყველებთ.

ვთქვით რა მცოდნეობითი ძალების შესახებ, ვთქვათ, აგრეთვე, ცხოველმყოფელობითთა ანუ მოსურვებითთა თაობაზეც.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ სულში ბუნებით შთათესილია ძალა იმის მოსურვებისა, რაც ბუნებითია. ეს ძალა შეამტკიცებს ყოველივეს, რაც არსობრივად ეთვისება ბუნებას. იგი იწოდება ნებელობად.

არსება, რომელიც ესწრაფვის თავის ბუნებისეულ და სავსე ყოფიერებას, მოსურნეა იმისა, რომ არსებობდეს, ცოცხლობდეს და მოძრაობდეს გონებისა და გრძნობის მიხედვით. ამიტომ, ამ ბუნებით ნებას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:

ნება არის გააზრებული და ცხოველმყოფელური სურვილი, გამომდინარე მხოლოდ მათგან, რაც ბუნებითია.

ამგვარად, ერთი მხრივ, ნებელობა არის თვით ბუნებითი და გააზრებული სურვილი, მარტივი ძალა (ამიტომ, პირუტყვთა სურვილი, როგორც გააზრების არ მქონე, არ ითქმის ნებელობად), მეორე მხრივ კი, ზრახვა არის ერთგვარი ბუნებითი ნებელობა ანუ ბუნებითი და გააზრებული სურვილი რაიმე საგნისა, რადგან ადამიანის სულში მკვიდრობს გააზრებულად მოსურვების ძალა. ამიტომ, როდესაც თვით ეს გააზრებული სურვილი არის ბუნებითად აღძრული რაღაც საგნისადმი, მაშინ ითქმის იგი ზრახვად, რადგან ზრახვა - ესაა რაიმე საგნის გააზრებული სურვილი და მოწადინება.

ზრახვა ითქმის იმის მიმართაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, და იმის მიმართაც, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ესე იგი, როგორც შესაძლებელთა მიმართ, ასევე შეუძლებელთა მიმართაც. ხშირად ზრახვა გვაქვს, მაგალითად, სიძვისა, თავშეკავებისა, ძილისა და სხვა ამგვართა. ესენი ჩვენზეა დამოკიდებული და შესაძლებელია, მაგრამ ზრახვა გვაქვს მეფობისაც, რაც უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იქნებ იმის ზრახვაც გვქონდეს, რომ არასოდეს მოვკვდეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია.

ზრახვა მიემართება მიზანს და არა მიზნის მიღწევის საშუალებებს. მიზანი არის ის, რისი ზრახვაც გვაქვს, ვთქვათ, მეფობა ან ჯანმრთელად ყოფნა. მიზნის მიღწევის საშუალება კი არის ის, რაც განზრახვითია ანუ - მეთოდი, რითაც უნდა გამოვჯანმრთელდეთ ანდა გავმეფდეთ. ამიტომ ზრახვას მოსდევს ძიება და განხილვა, მათ კვალობაზე კი, - თუ საქმე ეხება მას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - ყალიბდება განზრახვა ანუ განმზრახველობა. განზრახვა - ესაა ძიებითი სურვილი იმის საქმნელად, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან განიზრახავს [ადამიანი] ღირს თუ არა, რომ შეუდგეს საქმეს. შემდეგ უმჯობესს გადაწყვეტს და ეს გადაწყვეტილებად ითქმის შემდეგ იგი განეწყობა და შეიყვარებს მას, რაც განზრახვამ გადაწყვიტა; ამას უკვე განზრახულება ჰქვია, რადგან თუ ადამიანი გადაწყვეტს რასმე, მაგრამ გადაწყვეტილისადმი არ განეწყობა ანუ არ შეიყვარებს მას, ეს განზრახულებად არ - ჩაითვლება. შემდეგ, განწყობილებას მოსდევს არჩევანი, ანუ გამორჩევა, რადგან არჩევანი ესაა ორი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა და მისთვის უპირატესობის მინიჭება მეორესთან შედარებით. შემდეგ ადამიანი აღიძვრის სამოქმედოდ და ამას აღძვრა ჰქვია. შემდეგ იგი სარგებლობს [იმით, რაც მოიპოვა] და ამას სარგებლობა ჰქვია, ბოლოს კი ისარგებლებს რა, დაუცხრება მას სურვილი.

როდესაც პირუტყვთა შორის წარმოიქმნება რაღაცის სურვილი, მყისვე ხდება სამოქმედოდ აღძვრაც, რადგან მათი სურვილი გაუაზრებელია და სწორედ ბუნებითი სურვილისგან იმართებიან ისინი. ამიტომ პირუტყვთა სურვილი არც ნებელობად ითქმის, არც ზრახვად, რადგან ნებელობა - ესაა გააზრებული და თვითუფლებრივი ბუნებითი სურვილი. ამიტომ, ადამიანებში, როგორც მოაზროვნეებში, ბუნებითი სურვილი უფრო მართულია, ვიდრე წარმმართველი, რადგან ადამიანი თვითუფლებრივად და აზრისმიერად მოძრაობს, თანაშეუღლებულია რა მასში მცოდნეობითი და ცხოველმყოფელობითი ძალები. ამიტომ, თვითუფლებრივად სურს მას, თვითუფლებრივად იზრახავს, თვითუფლებრივად ეძიებს და განიხილავს, თვითუფლებრივად განმზრახველობს, თვითუფლებრივად წყვეტს, თვითუფლებრივად განეწყობა, თვითუფლებრივად ირჩევს, თვითუფლებრივად აღიძვრის და თვითუფლებრივად იქმს მას, რაც ბუნებისეულია.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ღმერთზე თუმცა ზრახვას ვამბობთ, მაგრამ არჩევანს, საკუთრივი მნიშვნელობით, არ ვამბობთ, რადგან ღმერთი არაფერს განიზრახაეს. მართლაც, უმეცრების ნიშანია განმზრახველობა, რადგან ნაცოდნის შესახებ არავინ არაფერს განიზრახავს. ამიტომ, თუ განზრახვა უმეცრების ნიშანია, უეჭველად ასეთივეა არჩევანიც, ღმერთი კი, - ყოველივეს მარტივად მცოდნე, - არაფერს განიზრახავს.

არც უფლის (ადამიანური) სულისადმი ვამბობთ განზრახვას ან არჩევანს, რადგან არ ჰქონდა მას უმეცრება. თუმცა სამომავლო საქმეთა არმცოდნე ბუნებისა იყო იგი, მაგრამ გვამოვნებითად ღმერთ-სიტყვასთან შეერთებულს ყოველივეს ცოდნა ჰქონდა, არა მადლით, არამედ, როგორც ითქვა, გვამოვნებითი შეერთების გამო, რადგან ერთიდაიგივე იყო ღმერთიც და კაციც, ამიტომ, არც განზრახულებითი ნება პქონია მას, რადგან თუმცა კი ნებელობა ჰქონდა, ბუნებითი და მარტივი, რაც ადამიანთა შორის ყოველ პიროვნებაში მსგავსადვე განიჭვრიტება, მაგრამ მის წმინდა სულს არ პქონია მისი საღვთო ნების საწინააღმდვგო ან მისი საღეთო ნებისგან განსხვავებული განზრახულება ანუ ნებებული რამ.

განზრახულება გვამოვნებათა მიხედვით განიყოფება, გარდა წმინდა, მარტივი, შეუდგენელი და განუყოფელი ღმრთეებისა, რადგან იქ გვამოვნებანი ყოვლითურთ განყოფილნი და განშორებულნი არ არიან (ამიტომ, არც მათგან ნებებული განიყოფება), ამრიგად, რადგან იქ ერთია ბუნება, ერთია ბუნებითი ნებელობაც, ხოლო რადგან გვამოვნებები განუშორებლები არიან, ერთია სამივე გვამოვნებისგან ნებებულიც და ერთია მათი მოძრაობაც.

რაც შეეხებათ ადამიანებს, რადგან ერთია მათი ბუნება, ერთია ბუნებითი ნებელობაც, მაგრამ რადგან გვამოვნებები გამიჯნული არიან და განეშორებიან ურთიერთს ადგილის, დროის, საგნებისადმი მიდრეკილების და სხვა რამ ბევრის მიხედვით, ამის გამო განსხვავებულია მათი ნებანი და განზრახულებანი. მაგრამ რადგან ჩვენს უფალ იესო ქრისტეში განსხვავებულია ბუნებანი, შესაბამისად განსხვავებულია მისი ღმრთეებისა და მისი ადამიანურობის ბუნებითი ნებელობანი, ხოლო რადგან ერთია გვამოვნება და ერთია მნებებელი, ერთია, აგრეთვე, ნებებულიც ანუ განზრახულებითი ნება, და ეს, ცხადია, იმიტომ, რომ მისი ადამიანური ნებელობა შედგომილი იყო მის საღვთო ნებელობას და ის ნებავდა მას, რასაც მისი საღვთო ნებელობა ინებებდა.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ სხვა არის ნებელობა, სხვა - ზრახვა, სხვა - ნებებული, სხვა ნებელობითი და სხვა მნებებელი.

ნებელობა არის ნებების მარტივი ძალა, ზრახვა - რაიმეს შესახებ ნებელობა, ნებებული კი - ნებელობას დაქვემდებარებული საგანი ანუ ის, რაც გვნებავს (როგორც, მაგალითად, საჭმლისადმი სურვილის აღძვრისას, მარტივად სურვილი ესაა გააზრებული ნებელობა, საჭმლისადმი სურვილი - ზრახვა, თვით საჭმელი კი - ნებებული). ნებელობითი აღნიშნავს ნებელობითი ძალის მქონეს (მაგალითად, ადამიანს), მნებებელი კი - მას, ვინც იყენებს ნებელობას.

საჭიროა იმის ცოდნა, რომ ნება ზოგჯერ ნებელობას ანუ ნებელობით ძალას ნიშნავს და იწოდება ბუნებისეულ ნებად, ზოგჯერ კი - ნებებულს და იწოდება განზრახულებით ნებად.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი