წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეათე

უფლის სხეულის ვნებულებისა და მისი ღმრთეების უვნებლობის შესახებ

ამრიგად, თვით ღვთის სიტყვამ დაითმინა ხორცით ყოველივე და მხოლოდ მისი საღვთო და უვნებელი ბუნება დარჩა უვნებლად, რადგან როდესაც ერთმა ქრისტემ, ღმრთეებისა და ადამიანობისაგან შედგენილმა და ღმრთეებაში და ადამიანობაში მყოფმა, ივნო, ევნო ის, რაც ვნებადია და რასაც ვნებულობა სჩვევია, მაგრამ არ თანავნებულა ის, რაც უვნებელია. მართლაც, სული, რომელიც ვნებადია, თუმცა არ განიკვეთება სხეულის გაკვეთის ჟამს, სხეულთან თანამოტკივარობს და თანაევნება, მაგრამ ღმრთეება, უვნებლად მყოფი, არ თანაივნებს სხეულთან ერთად.

საცოდნელია კი, რომ ვამბობთ ღმერთს ხორცით ვნებულად, მაგრამ ღმრთეებას ხორცით ვნებულად ანდა ღმერთს ხორცის მიერ ვნებულად - არანაირად. ისევე, როგორც მზით განათებულ ხეზე, თუკი ეს ხე ცულით იჭრება, გაუჭრელი და უვნებელი რჩება მზე, ბევრად უფრო უვნებელი რჩება ხორცის ვნებულების ჟამს ხორცთან ჰიპოსტასურად შეერთებული უვნებელი ღმრთეება სიტყვისა, და ისევე როგორც გავარვარებულ მახვილზე წყლის დასხმისას ქრება ის, რასაც სჩვევია ვნებულება წყლისგან (ვამბობ ცეცხლს), მაგრამ დაუზიანებელი რჩება რკინა, რადგან არ სჩვევია მას, რომ იშლებოდეს წყლისგან, ასევე, ბევრად უფრო ვერმიმღები რჩება ვნებულებისა, ხორცის ვნებულების ჟამს, მასთან განუშორებლად მკვიდრი მხოლო უვნებელი ღმრთეება (ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ მაგალითები ყოვლითურთ და უკლებლივ მსგავსი იყოს, რადგან საჭიროა, რომ მაგალითში მსგავსებაც განიჭვრიტებოდეს და სხვაობაც, რამეთუ სხვა შემთხვევაში მაგალითიც აღარ იქნებოდა იგი. მართლაც, ყველაფრით მსგავსი იგივეა და არა მაგალითი, და ეს - განსაკუთრებით საღვთოთა შესახებ, რადგან შეუძლებელია ყველაფრით მსგავსი მაგალითის პოვნა ღვთისმეტყველებასთან და განგებულებასთან1 დაკავშირებით).

 

1. ე.ი. განკაცებასთან.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი