წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეთერთმეტე

იმის შესახებ, რომ სიტყვის ღმრთეება განუშორებელი დარჩა სულისა და
სხეულისგან უფლის სიკვდილის დროსაც და რომ ერთივე დარჩა ჰიპოსტასი

უცოდველი იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რადგან „ცოდვა არ ჩაუდენია მას“, „ვინც აზიდა ქვეყნიერების ცოდვა“, „არცთუ მზაკვრობა პოვნილა მის პირში“ (1 პეტრ. 2,22; იოან. 1,29). ამიტომ, არ ექვემდებარებოდა იგი სიკვდილს, რადგან სიკვდილი ცოდვის მიერ შემოვიდა ქვეყნად.

ამრიგად, იგი კვდება, თავს იდებს რა ჩვენთვის სიკვდილს და სწირავს რა თავის თავს მსხვერპლად ჩვენს გამო მამას, რადგან მისდამი ვცოდეთ და მას მართებდა ჩვენს გამო გამოსასყიდის მიღება, რომ ამ სახით გამოვხსნილიყავით დაწყევლისგან.

ამრიგად, მიადგება რა მას სიკვდილი და შთანთქავს რა სხეულის სატყუარას, განიგმირება ღმრთეების ანკესით, და იგემებს რა უცოდველსა და ცხოველმყოფელ სხეულს, განიხრწნება და ამოუშვებს ყველას, ვინც კი ძველად შთაუნთქავს. ისევე როგორც უჩინარდება წყვდიადი სინათლის შემოსვლით, ასევე განიდევნება ხრწნილება სიცოცხლის შემოჭრით და იგი სიცოცხლე ხდება ყველასთვის, გამხრწნელისთვის კი - ხრწნილება.

ამრიგად, თუმცა კი მოკვდა იგი, როგორც ადამიანი და მისი წმინდა სული განეყო უბიწო სხეულს, მაგრამ ღმრთეება განუშორებელი დარჩა ორივესგან (ვამბობ - სულისა და სხეულისგან) და არც ამ სახით განყოფილა ერთი ჰიპოსტასი ორ ჰიპოსტასად, რადგან სხეულსა და სულს თავიდანვე ერთდროულად ჰქონდათ არსებობა სიტყვის ჰიპოსტასში და სიკვდილისას, ურთიერთისგან განიყვნენ რა, შენარჩუნდა თითოეული მათგანი, ჰქონდათ რა სიტყვის ერთი ჰიპოსტასი. ამრიგად, სიტყვის ერთი ჰიპოსტასი იყო ჰიპოსტასი სიტყვისა, სულისა და სხეულისა, რადგან არც სულს, არც სხეულს არასოდეს ჰქონიათ საკუთარი ჰიპოსტასი გარდა სიტყვის ჰიპოსტასისა, ხოლო სიტყვის ჰიპოსტასი მარადის ერთია და არასოდეს - ორი. ასე რომ, მარადის ერთია ქრისტეს ჰიპოსტასი. ამიტომ, თუმცა კი ადგილის მიხედვით სული განეშორა სხეულს, მაგრამ ჰიპოსტასურად შეერთებული იყო მასთან სიტყვის მიერ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი