ხრწნისა და განხრწნის შესახებ
სიტყვა „ხრწნა“ ორი მნიშვნელობისაა. იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავს შემდეგ ადამიანურ ვნებულებებს: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ლურსმნებით დახვრეტა, სიკვდილი ანუ სულის გაყრა სხეულისგან და სხვა ამგვარი. ამ მნიშვნელობის მიხედვით ხრწნადს ვამბობთ უფლის სხეულს, რადგან ეს ყოველივე ნებაყოფლობით თავს იდო მან.
მეორე მხრივ, „ხრწნა“ ნიშნავს, აგრეთვე, სხეულის სრულ დაშლასა და გაუჩინარებას იმ სტიქიონებად, რომლებისგანაც შედგებოდა იგი, რაც მრავალთა მიერ უფრო „გახრწნად“ ითქმის და იწოდება. ამის გამოცდილება უფლის სხეულს არ ჰქონია, როგორც თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „რომ არ ჩატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში, არცთუ დაუშვებ, რომ შენმა წმინდამ ნახოს გახრწნა“ (ფს. 15,10).
ამიტომ, უღმრთოებაა, რომ უგუნური ივლიანესა და გაიანეს მსგავსად, ქრისტეს სხეული უხრწნელად ვთქვათ აღდგომამდე, სიტყვა „ხრწნის“ პირველი მნიშვნელობის შესაბამისად, რადგან თუ უხრწნელი იყო იგი, არ ყოფილა ჩვენი თანაარსი, არამედ მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად მომხდარა ის, რაც სახარების თქმით მოხდა. შიმშილი, წყურვილი, ლურსმნები, გვერდის განგმირვა, სიკვდილი. მაგრამ თუ ეს ყოველივე მოჩვენებითად მოხდა, ტყუილი და სპექტაკლი ყოფილა განგებულების საიდუმლო, მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად გამხდარა იგი კაცი, მოჩვენებითად და არა ჭეშმარიტად გამოვხსნილვართ. მაგრამ უკუვაგდოთ ეს და ნუ ეზიარებიან ხსნას ამის მთქმელნი, ჩვენ კი ჭეშმარიტი ხსნა მიგვიღია და მივიღებთ კიდეც.
„ხრწნის“ მეორე მნიშვნელობის მიხედვით, უხრწნელად ანუ განუხრწნელად ვაღიარებთ უფლის სხეულს, როგორც გადმოგვცეს ღმერთშემოსილმა მამებმა.
მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფლის სხეულს უხრწნელად ვამბობთ „ხრწნის“ პირველი მნიშვნელობის მიხედვითაც, რადგან ჩვენეულ სხეულსაც აღდგომა და შემდგომი უხრწნელება მიანიჭა უფალმა თავისი სხეულის მიერ, გახდა რა იგი ჩვენთვის დასაბამი აღდგომისა, უხრწნელებისა და უვნებობისა. ამიტომ თქვა საღვთო მოციქულმა: „საჭიროა, რომ ხრწნადმა შეიმოსოს უხრწნელება“ (1 კორ. 15,53).
წინა თავი |