წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეჩვიდმეტე

ქალწულობის შესახებ

ხორციელნი განაქიქებენ ქალწულობას და ისინი, სიამისმოყვარენი, საბუთად იშველიებენ სიტყვებს: „დაწყევლილია ყველა, ვინც არ აღადგენს თესლს ისრაელში“ (2სჯ. 25,9). მაგრამ ჩვენ, მინდობილნი ქალწულისგან ხორცშესხმულ ღმერთ-სიტყვას, ვამბობთ, რომ ქალწულობა თავიდანვე და დასაბამიდანვე დაინერგა ადამიანთა ბუნებაში, რადგან ქალწულ მიწისგან შემზადდა ადამიანი. ასევე, მხოლოდ ადამისგან შეიქმნა ევა და სამოთხეშიც ქალწულობა განეგებოდა. მართლაც, საღვთო წერილი ამბობს, რომ „შიშვლები იყვნენ ადამი და ევა და არ რცხვენოდათ“ (შესაქ. 2,25), ხოლო როდესაც მცნება დაარღვიეს მათ, „შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ“ (შესაქ. 3,7) და, შერცხვათ რა, გარესარტყლები შეიკერეს თავისი თავისთვის. მაგრამ გარდასვლის შემდეგ, როდესაც ისმინეს, რომ „მიწა ხარ და მიწად მიიქცევი“ (შესაქ. 3,19) და როდესაც ამ გარდასვლით სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად, მაშინ „იცნო ადამმა თავისი ცოლი და მუცლად იღო მან და შვა“ (შესაქ. 4,1). ამგვარად, ქორწინება იმიტომ დაწესდა, რომ არ მოსპობილიყო და არ წარხოცილიყო მოდგმა სიკვდილის მიერ, რათა შვილიერების შედეგად შენარჩუნებულიყო ადამიანთა ჯიში.

თუმცა იტყვიან ალბათ: მაშ, რაღას ნიშნავს „მამაკაცი და დედაკაცი“ (შესაქ. 1,28), ანდა: „აღორძინდით და გამრავლდით“ (შესაქ. 1,28)? ამაზე მივუგებთ, რომ სიტყვები: „აღორძინდით და გამრავლდით“ უთუოდ ქორწინებითი კავშირით გამრავლებას როდი ცხადყოფს, რადგან შეეძლო ღმერთს სხვა სახითაც გაემრავლებინა მოდგმა, თუკი ადამი და ევა ბოლომდე დაურღვევლად დაიცავდნენ მცნებას. მაგრამ უწყოდა ღმერთმა თავისი წინასწარცოდნით, „რომელმაც ყოველივე უწყის ვიდრე მათ შექმნამდე(დანიელ. 13,42), რომ მცნებას დაარღვევდნენ ისინი და სიკვდილით დაისჯებოდნენ. ამიტომ, წინასწარ შექმნა მან მამაკაცი და დედაკაცი და განუჩინა მათ აღორძინება და გამრავლება.

ამჯერად, მივუბრუნდეთ ჩვენს სათქმელს და ვნახოთ ქალწულობის ანუ, რაც იგივეა, უბიწოების ღირსებანი.

როდესაც ნოეს ებრძანა კიდობანში შესვლა და დაეკისრა მას ქვეყნიერების თესლის შენარჩუნება, ბრძანება ასეთი იყო: „შედი შენ, შენი ძეები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები“ (შესაქ. 7,18). ღმერთმა გამიჯნა ისინი ცოლებისგან, რომ უბიწოდ განევლოთ ზღვა და მაშინდელი მსოფლიო წყალდიდობა, მაგრამ წარღვნის დაცხრომის შემდეგ ასე ეუბნება მას ღმერთი: „გამოდი შენ, შენი ცოლი, შენი ძეები და შენს ძეთა ცოლები“ (შესაქ. 8,16). აჰა, კვლავ ნებადართული ხდება ქორწინება გამრავლებისთვის.

შემდეგ ელიაც, ცეცხლმბერველი მეეტლე და ზეცადმავალი, განა უქორწინებლობას არ შეეტკბო და განა ზეადამიანური ამაღლებით არ მიიღო მან ამის დასტური? ვინ დახშა ცანი? ვინ აღადგინა მკვდრები? ვინ განაპო იორდანე? განა არა მან, ქალწულმა ელიამ? ელისემაც, მისმა მოწაფემ, განა მისი სწორი სათნოება არ გამოავლინა, როდესაც ორმაგად დაიმკვიდრა მან მადლი სულისა, რასაც ითხოვდა? ანდა სამი ყრმა? განა ქალწულობა არ იღვაწეს მათ და ამით ცეცხლზე უფრო ძლიერნი არ გახდნენ, რაჟამს ქალწულობის გამო მათი სხეულები ცეცხლისგან დაუწველი აღმოჩნდა? ანდა დანიელმაც განა ქალწულობით არ გამოაწრთო სხეული, რასაც მხეცებმა კბილები ვერ შეახეს? განა სხეულის განწმენდა არ უბრძანა ღმერთმა ისრაელს, როდესაც უნდა გამოცხადებოდა მას? განა მღვდლებიც საკუთარი თავის განწმენდის შემდეგ არ შედიოდნენ შეუვალთა შიგნით და არ სწირავდნენ მსხვერპლს? განა რჯულმა დიდ აღთქმულებად არ გამოაცხადა უბიწოება?

ამრიგად, გვმართებს, რომ უფრო სულიერად აღვიქვათ რჯულისეული განჩინება (2სჯ. 25,9), რადგან არსებობს სულიერი თესლი, ღვთის სიყვარულისა და შიშის მიერ მუცლადღებული სულისეულ საშოში, რისგანაც ტკივილებით იშვება სული ხსნისა. ასე უნდა გავიგოთ სიტყვები: „ნეტარია ის, ვისაც აქვს თესლი სიონში და ჰყავს სახლეულნი იერუსალიმში“ (ეს. 31,9). მართლაც, ნუთუ მეძავიც, ლოთიცა და კერპთმსახურიც ნეტარი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ მათ თესლი სიონში და ჰყავთ სახლეულნი იერუსალიმში? საღად მოაზროვნეთაგან არავინ იტყვის ამას.

ქალწულობა არის ანგელოზთა მოღვაწეობა და ყველა უსხეულო ბუნების თვისება, თუმცა ამის თქმით ქორწინებას როდი შეურაცხვყოფთ (ნუ მოხდება ეს!), რადგან ვუწყით, რომ უფალმა თავისი აქ ყოფნისას აკურთხა ქორწილი, მოციქულმა კი თქვა: „პატიოსანია ქორწინება და შეუგინებელია საწოლი“ (ებრ. 13,4), - არამედ ქალწულობას შევიცნობთ, როგორც კარგზე1 უკეთესს. მართლაც, სათნოებათა შორისაც არსებობს უმეტესობა და უდარესობა, როგორც აგრეთვე ბოროტებათა შორის. ვიცით, რომ მოდგმის დამწყებთა შემდეგ ქორწინებით არის ნაშობი ყველა მოკვდავი, თვით ისინი2 კი ქალწულობის ქმნილებანი არიან და არა ქორწინებისა.

ამრიგად, რაოდენ ადამიანზე უზემოესია ანგელოზი, ეგოდენ ქორწინებაზე უპატიოსნესია ქალწულობა. ან კი რად ვამბობ ანგელოზს? თვით ქრისტე არის დიდება ქალწულობისა, რადგან არა მხოლოდ მამისგან იშვა იგი დაუსაბამოდ, წარუდინებლად და შეუწყვილებლად, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენებრ ადამიანიც გახდა იგი, ჩვენზე აღმატებულად, შეუღლების გარეშე განსხეულდა ქალწულისგან და თვითვე თავის თავში ჭეშმარიტი და სრული ქალწულობა გამოავლინა. ამიტომ, თუმცა მას ჩვენთვის ქალწულობა რჯულად არ დაუდია, რადგან, მისივე თქმისებრ, „ყველა ვერ დაიტევდა სიტყვას“ (მათე 19,11), მაგრამ საქმით გვასწავლა იგი და გაგვაძლიერა კიდეც მისკენ, რადგან ვისთვის აღარაა ცხადი, რომ ამჟამად ადამიანებში ქალწულობა იმოღვაწება?

ამრიგად, კარგია შვილიერება, რაც ქორწინებამ შეამყარა; კარგია აგრეთვე ქორწინება „სიძვისათვის“ (1კორ. 7,2)3, რადგან აღკვეთს იგი მას და რჯულიერი კავშირის გზით აფერხებს წადილის ცოფიანობას, რომ ურჯულო საქმეებამდე არ მივიდეს მისი სიშმაგე.

კარგია ქორწინება მათთვის, რომლებსაც არ ძალუძთ თავშეკავება, მაგრამ უფრო კარგია ქალწულობა, რადგან აღორძინებს იგი სულის შვილიერებას და სწირავს ღმერთს დროულ ნაყოფს - ლოცვას.

„პატიოსანია ქორწინება და შეუგინებელია საწოლი, ხოლო მეძავებსა და მრუშებს სჯის ღმერთი“ (ებრ. 13,4).

 

1. ე.ი. ქორწინებაზე.

2. ე.ი. მოდგმის დამწყებნი (ადამი და ევა).

3. ე.ი. სიძვის დასაოკებლად.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი