წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეთვრამეტე

წინადაცვეთის შესახებ

წინადაცვეთა რჯულამდე მიეცა აბრაამს, კურთხევათა და აღთქმის შემდეგ, როგორც ნიშანი, გამმიჯნავი მისი და მისი სახლის ნაშიერისა იმ ხალხებისგან, რომლებთანაც იგი თანაცხოვრობდა. მართლაც, ცხადია, რომ როდესაც ისრაელი ორმოცი წელი იმყოფებოდა უდაბნოში მარტო თავისთვის და არ აღერეოდა სხვა ხალხს, არ დაუცვეთიათ იმათ, რომლებიც უდაბნოში იშვნენ, მაგრამ როდესაც იესომ1 იორდანეზე გადაიყვანა ისინი, წინადაიცვითეს და დადგინდა კიდეც წინადაცვეთის მეორე რჯული, რადგან აბრაამის დროს იქმნა მოცემული წინადაცვეთის რჯული, მაგრამ შემდეგ შეწყვეტილი იყო იგი უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში და ღმერთმა ხელმეორედ კვლავ მისცა იესოს იგივე რჯული წინადაცვეთისა იორდანეზე გადასვლის შემდეგ, როგორც წერია „იესო ნავესის“ წიგნში:

„ხოლო ამ დროს უთხრა უფალმა იესოს: გაიკეთე შენთვის ქვის მახვილები პიტალო კლდისგან, დაჯექი და წინადასცვითე ისრაელის ძეებს ხელმეორედ“ (იესო ნავესი 5,2), და ცოტა შემდეგ: „ორმოცდაორი წელი მიმოდიოდა ისრაელი ბატარიტიდის უდაბნოში და ამიტომ წინადაუცეეთელი იყო უმეტესობა იმათგან, ბრძოლისუნარიანთაგან, რომლებიც ეგვიპტის მიწიდან გამოვიდნენ, რომლებიც ეურჩნენ ღვთის მცნებებს და რომლებსაც განუჩინა მან, რომ ვერ ნახავდნენ ისინი იმ კეთილ მიწას, რისთვისაც უფალმა ჰფიცა ჩვენს მამებს, რომ მისცემდა მათ, - მიწას, რძედ და თაფლად რომ დის, - ხოლო მათ ნაცვლად აღუდგინა მან იმათი ძეები, რომლებსაც იესომ წინადასცვითა, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ გზაზე“ (იესო 5,6-7). ასე რომ, წინადაცვეთა იყო ნიშანი, გამმიჯნავი ისრაელისა იმ ხალხებისგან, რომლებთანაც თანაცხოვრობდა იგი.

ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო რამ ნაწილს, არამედ უვარგის ზედმეტობას, ასევე წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, არის წადილის ზედმეტობა, და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდეს ანდა საერთოდ არ ეგემოს მას სიამოვნება), რადგან ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გარდაკვეთს2 წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა იგი პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ - ყოველ ხალხში მორწმუნის გასამიჯნად ურწმუნოსგან.

ამრიგად, როდესაც გაცხადდა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი. ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც იგი წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მთელი რჯული, მაგრამ უფალმა წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა, აგრეთვე, მთელი რჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგება.

 

1. წმ. იოანე დამასკელი კვლავ „იესოს“ წერს „ისოს“ ნაცვლად.

2. ე.ი. „წინადასცვეთს“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი