ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი

ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათჳს ძმისა თჳსისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითჳსნეს ურთიერთას და იქენა მშჳდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავხოელნი და წარვიდა საღალატოდ დადიანის გიორგისა. აგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა, და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან შეუთუალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: საჯავახო“ შენთჳს დაგჳნებებია და დათულიას უღალატეო“.

ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყუევა უზურგეთს, და თჳთ დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთუალეს გურიელს სიკუდილი დათულიასი, და გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: „შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო, შენ მოკალო“. და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი, და კუალად დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დაშთა დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან, წაართუა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყუევა, და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყუეობასა, შეწუხდა ყრმა იგი განშორებისათჳს დედისა თჳსისა, და გარდმოიგდო თავი თჳსი ციხისა მისგან და ესრეთ აღესრულა იგი.

ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოჴრება ქუეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთუალა ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევან შაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მიუჴდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო შაქისი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად, და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი ლევან.

ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თჳსი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი შეიყარა სპა თჳსი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფმვ.

ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხჳთა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქუა არა მოჴსენებად ძჳრსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.

მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა, შაქისი მოაოჴრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქისი, და გარე-მოადგეს ციხესა მას, რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯუა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად, და შემოიქცა გამარჯუებული, და მოართუა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თჳსად კახეთს.

მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა კუალად ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოჴრა სრულიად ტფილისი და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თჳსნი და ვერა-რა ავნო მეფესა ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყურობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართუა ასული, რომელი იყო მეყჳსი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი ცოლად, და დიდად საყუარელ უჩნდა ქალი იგი, და მიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ ათაბაგისა.

სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თჳსი და მიუჴდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოჴრა და წარმოვიდა გამარჯუებული. ხოლო ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს, ქორონიკონსა ს~მდ.

ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე თჳსი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და განსდევნნა იგინი, და თჳთ დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.

ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი, და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგნი. ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე მუნებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად ქართლსა ზედა სპითა ურიცხჳთა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო. წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოჴრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთჳსისასა და ვერა აღიღო; და აღუთქუა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი, და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა დაინდო: რომელნიმე ამოსწყჳდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა თჳსსაზედა, სხუანი მრავალნი ტყუედ ჰყო.

მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი, რამეთუ ფრიად მოსურნე იყო წინაგანწყობად ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ იყო ჩუეულება მისი - მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყჳდნა.

ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს, და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, და იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხუანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი. ამისთჳს გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიჴოცნენ, და ციხის აღება გაძნელდა, ამისთჳს რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი, ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკუდილის შიშით იმან უთხრა: „თუ არ მომკლავთო, ციხეს აგაღებინებო“ და ამათაც უვნებელობის ფიცი უთხრეს. და იმან ეს ამბავი უთხრა: „ჭის წყალი დალევიაო, და ჩრდილოეთისაკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო, და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქუსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო. და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო“.

იმ წყლის გზა ასწავლა, ყიზილბაშო წყალი უკუ-უჭირეს, ციხოვანთ მშუელელი აღარსაით გაუჩნდათ, და უწყლოობამაც ძალი უყო, და მრავალი ყიზილბაში და ქართველნი იმ ციხის აღებაში ამოსწყდენ, და ციხე აიღეს. დედოფალი ნესტან-დარეჯან, დედა ლუარსაბისი, და დაჲ, და მრავალნი სხუანი ჯალაბნი თავადთანი [ტყუე ყვნა და წარვიდა].

ქორონიკონსა ს~მდ: მეფის ლუარსაბის დედა და დაჲ ქუეითი წარასხეს ციხითგან ზედა ველამდის, და მერმე მეაქლემეთ მისცეს, და წარიყვანეს. მეფე ლუარსაბ ხან აჩაბეთის სიმაგრეში და ხან იმერეთს იყო. მაშინ წარმოსტყუენა ციხე იგი ატენისა, და ყაენი აიყარა და ყარაბაღში წავიდა, და წარიყვანა უმრავლესნი ტყუეთანი.

ხოლო ესმა რა საქმე ესე მეფესა ლუარსაბს, მაშინ წარმოუდგა უკანა ყიზილბაშთა, და ამოსწყჳდნა მრავალნი თათარნი, და წაართუა ურიცხჳ ალაფი, და ვერღარა წაართუა დედა თჳსი.

და რა მივიდა შაჰ-თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისა ლუარსაბისმან გაუპატიოება თავისა თჳსისა. ამისთჳსცა რომელნიმე იტყჳან: „შესუა წამალი სასიკუდინე და მოიკლა თავი თჳსი და არა შეამთხვია თავსა თჳსსა საქმე უჯერო“. ხოლო რომელნიმე იტყჳან: „სასჯელითა და უპატიოებით აღესრულა“.

ხოლო უკმოიქცა მეფე ლუარსაბ ფრიად მწუხარე, და წარვიდა შაჰ-თამაზცა ადგილსა თჳსსა, და დასუა ხანები ყაზახს, შამშადილოს, და დასუა სულთანი განჯას, და კუალად ეპყრა მათ ციხეცა ტფილისისა, და იყო ესე ყოველი ჴელდებული განჯას მჯდომისა სულთნისა, და ყოველნი გარემონი ყიზილბაშთანი მიუჩინა ციხესა მას ტფილისისასა, რათა არღარა იპყრას მეფემან ლუარსაბ.

ხოლო მწუხარე იყო ფრიად ესრეთ განძლიერებისათჳს უსჯულოთასა მეფე ლუარსაბ, სრულ საქართველოს მეფეთა და მებატონეთა ზედა, ძუელთა და ახალზედ ნამეტავად ნაქები იყო. თავად სარდლად, მერმე მამაცად და უხობით პურად გამცემად, სამართლის-მოქმედად და ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, უშიშარი ომში, ამაყი, ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ. და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხუათა ყმობის თქმა არა იკადრა.

ამისთჳს შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც მოამშჳდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხუეწა, ამისთჳს რომე ცოტას შემოებმოდა, ამოსწყუედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს მოოჴრება საქართველოსი.

ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთჳსცა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი, და დაუწყო ჴდომა და რბევა, და ამოსწყჳდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართუა, და განდევნა, და დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, თჳნიერ ტფილისისა ციხისა.

შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების მცველად დაეყენებინა, და რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა და მეფეზე წარმოვიდა.

რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, იქითგან შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი შვილები მოიჴმო და ასრე უთხრა: „სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო, რომ უსაცილოდ ჩუენ გავიმარჯუებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ ომში მე მომკვლენო, და ჩეეს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო“.

მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ უხუცესსა შვილსა სვიმონს ჴელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: „ჴელმწიფობა ამისთჳს მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო“ და შვილთაც ასე უანდერძა: „უფროს ძმას დაემორჩილენითო“ და ყველას უბრძანა, და ფერჴთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და ასრე ანდერძი დაუგდო: „ჩემის სიკუდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკუდილის ჴმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო. ჩემს გლოვა-ტირილს დაეჴსენითო, ქუეყნის შენახვას გაფრთხილდითო“.

რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოაჴსენეს: „რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო“. ეს სიტყუა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: „დღეს-აქამომდე ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი ავარიდოო“ ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას სიკუდილი არჩია.

და რა სულთან შავერდი რაზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თჳსი სვიმონ, და მივიდა სვიმონ სპითა თჳსითა მეწინავედ, და თჳთ მეფე უკან-კერძო მდგომარე იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი. რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი განძჳნებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა ქართველთა, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი, და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს ზოგად წარსლვა, არამედ დასწყჳდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.

ხოლო მაჰმად სულთან სპითა თჳსითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული, და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმჴნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი. და კუალად იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და მოსწყჳდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.

ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა აქუნდა ოროლი ჴელთა, რამეთუ შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თჳსი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. კუალად მიეტევა სხუასა. რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თჳნიერ საჭურველისა. და რა მისდევდა სხუასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და შთაუვარდა ფერჴი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუჴდა ყიზილბაში ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახჳლი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკუდინედ, შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე ამოსწყჳდნეს.

მაშინ სვიმონს გამარჯუებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის, და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს საქმე ესე, და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს. ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.

და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე. და აღიღეს წმიდა გუამი მისი და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას ღ(ვ)თივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა ს~მვ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიზ.

და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ. მაშინ დაემზახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა ლევან ასული თჳსი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.

ქორონიკონსა ს~მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა თჳსსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და ქალაქს მოსაშუელებლად წარმოვიდა.

მაშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თჳსსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თჳსითა და შემოიყარა ციხედიდს.

მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოჴერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი, და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ, ამისთჳს რომე არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.

ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა მუხათგუერდისასა, გარდაჴდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კუალად მუნ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა მუხათგუერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოჴდეს, და ის ხანდაგი გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და ცემა გაჴშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი ყიზილბაში მოკლეს.

და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასრე უთხრა: „გზა შორსა გუაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან დაგუეწევიან და დაგუჴოცენო. მუხანათობით სიკუდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით ომში ამათვე შევაკუდეთო“. ყველამ „ჰალა, ჰალა“ დაიძახეს, და შეუტივეს ჴმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ, მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკუდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა ინაღვლეს რა, მკუდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშუეს. ამაზედ ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და ყიზილბაშთ გაიმარჯუეს, და სხუანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი უფროსღა მოსწყჳდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფო, ქორონიკონსა ს~მთ.

იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სჳმონ თავისის ლაშქრით გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს. შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათჳს ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყუარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის. მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად და საყუარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო, იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.

ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით, და შემოსწყრა ძმასა თჳსსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა. ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ჴელმწიფეს მოაჴსენეს, დიდად იამა, და სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთჳს უფრო დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თჳსსა სიახლოვეს დაისუა, და ვითაც ჴელმწიფესა ქუეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და ზედ დასუეს. და მისი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ. და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და მისთანანიცა დაათათრეს და საჴელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თჳთოს ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის ციხეში.

მაგრამ მეფე სვიმონ არ ეჴსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ ლაშქარი შეიყარა საქართველოს ცხენოსან-ქუეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი, იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს. დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ დაუჯერა, და სამარტოოდ სახელს ეძებდა, მეფეს სვიმონს შეება, და ძალმიცემით და თავგამომეტებით ძალზედ იბრძოდა, და ბევრი ნავნებიცა ქმნა, მაგრამ თჳითანაც მოკლეს და ჯარიც ამოუწყჳტეს.

ეს ამბავი დავით მეფემან ყაენს მისწერა, და ლაშქარი სთხოვა, და ყაენის ბრძანება იქმნა, და ასან-ბეგჰ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, და დიდის ლაშქრით მეფეს დავითს. მოაშუელეს; დავით მეფემანც თავისი ლაშქარი შეიყარა და მეფეს სვიმონზე გაილაშქრა.

მეფე სვიმონ დიღომს იდგა, და შეიბნენ, ქორონიკონსა ს~ნე. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყჳდნეს ორი წილი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს და წარიქციეს. დაუთხნა მეოტი, და შევიდეს ციხესა ტფილისისასა მხოლოდ, და სპანი მისნი რომელნიმე მოსრნეს და რომელნიმე დაიპყრნეს. მაშინ მოადგა მეფე სვიმონ ციხესა ტფილისისასა, და ეგონა მოქალაქენი მომივლენო. ყაენის შიშით მოქალაქენი არ მოუვიდნენ, და ცოლშვილი იმათაც ციხეში შეასხეს, და ციხიდამ შექმნეს ბრძოლა და თოფთა და ზარბაზანთა სროლა, და აღარც ბარათიანნი მოვიდნენ, და ციხიდაღმეც კაცნი დაუჴოცნეს, და იდგნენ ჟამსა რაოდენსამე, და შეაწუხნეს ფრიად.

ხოლო წარავლინეს კაცი, და აუწყა ამირსპასალარსა შაჰ-თამაზისსა უსეინ-ბეგს. შაწუხება თჳსი დაუთხან და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ წარმოვიდა უსეინ-ბეგ სპითა ურიცხჳთა და ღამე შემოვიდა ციხესა შინა ტფილისისასა. და ვერა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მისი და წარვიდა სამადლოს. ამას ზედა მოიცა ძალი და განლაღნა დაუთხან, განვიდა ციხით და მივიდა სამადლოს.

ქორონიკონსა ს~ნვ: ეწყვნეს მეფე სვიმონ და დაუთხან ურთიერთას, შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ განლომნეს მეფე სვიმონ და სპანი ქართველთანი, და მოსცა ღმერთმან ძლევა მეფესა და ქართველთა. კუალად წარიქციეს დაუთხან, და ყიზილბაშნი მრავალნი ამოსწყჳდნეს და უმრავლესნი დაიპყრნეს და დევნა უყვეს. მაშინ ლტოლვილნი შეიხუეწნეს ციხესა შინა ტფილისისასა, და მივიდა მეფე სვიმონ, და ადგა ციხესა მას ჟამ რაოდენმე და ვერა აიღეს; და წარვიდა გამარჯუებული და აღვსილი საშოვრითა მრავლითა.

ხოლო დაუთხან აუწყა საქმე ესე შაჰ-თამაზს, და მოაჯე ექმნა კუალად შეწევნად. მაშინ მოუმცნო შაჰ-თამაზ შამხალსა, რომელსა ეწოდა ჩერქეზ, და სულთანსა შაქისასა, და ყარაბაღელთა, და გარემოთა ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შემწე ეყონ დაუთხანსა.

ხოლო შეიყარა სპანი ურიცხუნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან იტვირთა სისხლი მათი და წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ თჳნიერ მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.

მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს, რამეთუ მუნ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა. მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კუეთებასა ზედა. და განმჴნდეს სპანი ქართველთანი მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.

ამას შინა მოუჴდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კუალად სილაღით მიეტევა სხუათა, და განშორდა სპათა თჳსთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა ყიზილბაშთა: „ესე არს მეფე სვიმონო“ ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე, და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს~ნზ, და ვერა სცნეს ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს, და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშურალნი ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი არღარა აქუნდათ, ყოველივე შეემუსრათ. მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს. შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი, და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთჳსცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი, და ტყუე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.

ქორონიკონსა ს~ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ~ა თებერვალს ი~გ გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთუეს კ~თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა, მთოვარეს ბ~.

ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა ღჳნობისთუეს კ~ბ, დღესა ხუთშაბათსა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ~ფოე, ქორონიკონსა ს~ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან დაიპყრა კახეთი.

ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრომირზა-ნაშობი შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, და სამშობლოდ ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს უდებდენ, სძულობდენ.

და შემდგომად ლევანის სიკუდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩუეულება ესე კახთა ძუელითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თჳსნი კერძნი კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა, და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.

ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ჴევს ციხესა შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისჴევს, და ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან ტყუეობა მეფისა სვიმონისა და სიკუდილი ცოლის ძმებისა მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან და ვეცხლის-მოყუარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა აქუნდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა, და მიმოაქუნდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ იტყოდეს სიტყუასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყჳან ანდაზად, და არს სიტყუა ესე მაშინ თქმული: „ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო“ და წარიღეს ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.

და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი ფრიად კეთილი, და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა გელიყარისასა, შეემთხვია მუნ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღუა ყიზილბაშთა, ოდეს შეიპყრეს მეფე სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თჳთვე ლექსსა ამას:

ყორღანას-ძე“ ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა“.

ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ. და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ; და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.

ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს. მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და რქუა ალექსანდრეს და კახთა: „უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა, იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა“. ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.

ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ: შალიკაშვილს“ ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას“.

ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღ(ვ)თო. ვითარცა ესმა საქმე ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწმუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.

ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა, და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს ქუეყანა ჟამსა მას და შერიგდენ.

მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე, რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.

ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და მიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშჳდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა თანა, და წარატანა ძღუენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო ურჩება ძისა თჳსისა ერეკლესი, რომელ „ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა“. მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თჳსსა, და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>