ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

 მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი

ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.

შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო ტანითა ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება; და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-მოყუარესა დედასა მისსა, და უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა იშუებდა, იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება.

მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული, [რომელ] იყო უმეტეს სხუათა ერისთავთასა: ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. მაშინ თქუა მეფემან, ვითარმედ: „ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან. აწ განძისა ათაბაგსა საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა; მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა“.

ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს, ვითარმედ: „დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი“.

მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად, აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.

ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს; რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა, ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს: „სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა“ და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.

ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად, და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.

ხოლო ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი ყოველგნით. ესმა რა ესე ყოველგნით გარე მოდგომილთა ლაშქართა, მეფესა მომართეს მსწრაფლ.

ხოლო მეფე უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს. რომლისათჳს დიდებულნი მებრძოლნი და ლაშქარნი დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა. ხოლო მეფე იგი ჰუნისაგან ჩამოჴდა და ევედრა, უმეცრებით ქმნულისათჳს შენდობა ითხოვა. და ესრეთ მივიდეს კარვად მეფისა სიხარულითა, და მსგეფსამდის მხიარულება და გაცემა იყო ლაშქართა ზედა.

ესრეთ შემჭირდა ათაბაგი განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარკი პირველი, რომელი ისმინა მეფემან და უკუსცა ტყუენი, ფასითა და მრავლითა ძღუენითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა რა ვეცხლითა. მივიდა თჳთ მეფე ტფილისს, და აღავსო საქართველო საბოძვრითა. რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხჳ და არავისთჳს მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, და განმკითხველ და მოწყალე. არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა; ვითარცა სოლომონისთჳს წერილ არს, რომელი შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე უწესოთა კაცთა, ვითარცა ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ვითარ განისუენებდა ნადირობითა, და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტედმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათჳს: „დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად“.

ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია. განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედის წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა თაფლუჭისა, ტფილის[ს] მყოფი, წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღჳნით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს.

ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან. „არა თავს ვიდებთო, ეტყოდეს, შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ“. ხოლო მეფემან შეინანა და აღუთქუა სიმტკიცეთა მიერ არარასა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმისა მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი, და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად. და მუცლად იღო დედაკაცმან მან და შვა ყრმა, რომელსა უწოდეს სახელად დავით. ესე დავით იგი არს, რომელი შემდგომად დიდთა განსაცდელთა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.

ესე ყრმა აღზრდად მისცა დასა თჳსსა რუსუდანს, რომელი იგიცა მხოლო ესუა თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყვარულისა უმეტესობა აქუნდა ურთიერთას.

ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველგნით ნიჭი და ძღუენი მოუვიდოდეს მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა მოვლიდის სამეფოსა თჳსსა განსაგებელთა საქმეთათჳს. გარდავიდის ქუეითი აჯამეთს, ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს, და განაგნის საქმენი მანდაურნი. და სთუელთა შთავიდის ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგის დურს სომხითისასა, და მიერ ბრძოდის განძელთა. ზაფხულის აღვიდის თავად მტკურისად და დადგის კოლას. და მოვიდოდიან წინაშე მისა მოხარკენი ძღუნითა ხლათით და საბერძნეთით.

ამით განსუენებასა შინა მყოფმან არა ინება ქორწინება ცოლისა. ამისთჳს შეკრბეს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ვაზირნი და მოაჴსენებდეს: „არა ჯერ არს, რათა მჴევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული პირი ქრისტესი პავლე: „ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს. ღმერთმან“. ხოლო მეფესა არა ენება, არცა უსმინა. ამისთჳს წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებელად.

რამეთუ იყო ესე ლაშა-გიორი მჴნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავჴედი, თჳთბუნება, ვითარცა მითქუამს, უხჳ, სახიობის მოყუარე, ღჳნის მოყუარე და გემოთ-მოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა, და შექცეულ იყო სმასა და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი, ვითარმედ: „სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთ-მოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება და დიდების-მოყუარება; ამათნი პირმშონი არიან: სიძვანი, მრუშებანი, რისხვა, მწყნარობა, ამპარტავნება“. ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი, უწესოდ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთოეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: ჭამა იაკობ, განძღა, განსხნა, განსუქნა, და დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა“.

ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს და უწესოებად მიდრკეს სიძვათა შინა და მთრვალობათა უგუნურნი კაცნი მეფის კარსა ზედა არა-ყოფისა-ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოსთა ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა. და უმეტს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე ესე, არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს. ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი, ცოდვათა სიმრავლითა, საქართველოსა მოოჴრებისანი, რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

 

ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლთისასა

ქუეყანასა მზისასა აღმოსავლეთით-კერძო, რომელსა ეწოდების ჩინმაჩინი, გამოჩნდეს კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა ყარყურუმად წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა, და შესახედავადცა. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების ამბავი მათი; რამეთუ არიან უცხო-ენა, უცხო-სახე, უცხო-ცხოვრება, პურისა გემო არა იცოდიან, ჴორცითა და პირუტყუთა სძითა ცხოვნდებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა სრულ, გუამითა ახოვან და ძლიერ ფერჴითა, შუენიერ და სპეტაკ ჴორცითა, თუალითა მცირე ჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; თავითა დიდ, თმითა შავ და ჴშირ, შუბლ-ბრტყელ, ცხჳრითა მდაბალ ესოდენ რომელ ღაწუნი უმაღლეს იყვნიან ცხვირითა და მცირედნი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო საქმე. და ნუ ვის გიკჳრს, რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ ყოველთა, მამათა და დედათა. ხოლო ამას თანა მოეგოთ სიმჴნე, და მოისარნი იყვნეს რჩეულნი, მაგრითა მშჳლდითა უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან დაუდგნის. უფროს ცხენსა ზედა იყვნეს მჴნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის, საჭურვეალისა არასა მქონებელნი მშჳლდისა და ისრისა კიდე.

ესე იყვნეს კაცნი განსაკჳრვებელნი, რამეთუ, იხილნი რა, სულელ საგონებელ იყვნიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოებოდა მათ შორის, და ყოველი გონიერება მოეგოთ, მცირემეტყუელება, და ტყუვილი სიტყუა ყოვლადვე არა იყო მათ შორის. არა თუალ-ახუნიან პირსა კაცისასა არცა დიდსა და არცა მცირესა უმეტეს საბჭოთა შინა, რამეთუ კეთილნი წესნი ეპყრნეს, ჩინგიზ-ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა თჳთოეულად წარმოთქმა გრძელ არს.

ამათ აქუნდათ სჯულად ერთისა ღმრთისა უკუდავისა თაყუანისცემა პირი მზის აღმოსავლეთით ქნიან, და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყუანისცემა, და შუა-თითის წუერისა ნებსა ზედა დადება და დატკაცუნება, და მეტი არარაი.

ხოლო უღურნი კერპის მსახურ იყვნეს, რომელთა ქუჯნად უჴმობდეს. ხოლო მოიპოვეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ ათექუსმეტითა ასოთა დასწერენ წიგნსა, რომელ ადვილ სასწავლოცა არს და ადვილ გულისჴმის-საყოფელ. ამათვე შექმნეს ქორონიკონის სახედ ათორმეტი წელიწადი ათორმეტთა პირუტყუთა ცხოველთა სახელსა ზედა, და თითოსა პირუტყუსა და ცხოველსა თითოსა წლის მთავრობა განუჩინეს, ვითარ ძუელ ოდესმე ელინთა ბრძენთა ათორმეტთა ზოდთა, რომელ არიან ეტლნი მზისა და მთვარისანი. მათ ეტლთა თითოეულთა მისცეს მზისა საჯდომად ოცდაათ-ათი დღე (არა თუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი), ეგრეთვე ამათ თჳთოსა წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თჳთოსა პირუტყჳსა, რომლითა თორმეტივე გათავდების და თავსავე დაიწყებს, ვითარ ათცხრამეტული, ათცამეტული, ზედნადები და ზედექუსეული, რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს, და მერმე თავსავე დაიწყებს; და ეგრეთვე ესე თორმეტ წლად გააწყევს, და მერმე თავადვე დაიწყებს - რომელსა უწოდენ სახელად ესრეთ: ყულღუნკილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ, მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე არს სასელი ათორმეტთა ცხოველთა, რომელთა მისცეს მთავრობა თჳთოსა წლისა თჳთოსა პირუტყჳსსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელ არს თაგჳ, მერმე ზროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გუელი, ცხენი, ცხოვარი, ყაპუზუნა, ქათამი, ძაღლი და ღორი. ესენი აქუნდეს წელიწადის სათუალავად, ვითა ჩუენ ქართველთა ქორონიკონი.

ხოლო აქუნდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა თენგრი უწოდეს ენითა მათითა. და წიგნისა თავსა ესრეთ დასწერდეს: „მანგუ თენგრი ქუჩუნდურ“. ესე არს: „უკუდავისა ღმრთისა ძალითა“.

ხოლო ესენი მცირედთა საზრდელთა განეშორებოდეს, რამეთუ ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ჴორცსა კაცისასა, ძაღლსა და ყოველსავე.

ამათნი ნათესავნი მრავალ გუარად განყოფილ იყვნეს და არიანცა ჯერეთ, რომელთა ათორმეტთა ოდენ მოვიჴსენოთ სახელი: რამეთუ პირველი გუარი არს საყირთა, ჰინდნი, ყათნი, ჯალირი, ოირდი, სულდუხი, ნიჰიმნი, მონღარდი, მანღუთი, თანღუთი, ყიათი და უღურნი. ხოლო უღურნი კერპისმსახურნი არიან, რომელთა უწოდენ ქუნჯითად. ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად.

ხოლო ამათთა ნათესავთა ყიათთა გუარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით თემურჩი, რომელ არს ჩინგიზ-ყაენი. ესე იყო ჰაეროვანი და შუენიერი, ტანითა ახოვანი, თმითა მომწითურო, ძლიერი, მჴნე, შემმართებელი, მოისარი ჴმლოვანი, ღრმად გამგონე, განმზრახავი სჳანი. ესე წარვიდა ნიჭისა და პატივისა მოღებად უმთავრესისა მათისა, რომელსა ხანობით უჴმობდეს ჴელმწიფესა მათსა, რომელსა ერქუა ონხანდ. ვითარ იხილა, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და დიდსა პატივსა აღიყვანა, უწარჩინებულეს ყოველთა სწორთა მისთა. და მჴედართა მთავრობა ჴელთ უდვა ლაშქართა მისთა, და ყოვლგნით მოსწყუედდიან ურჩთა და განდგომთა მისთა, ვინაცა ყოვლგნით გამარჯუებული მივიდის პატრონსა მისსა ონხანს ჴელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა პატივსა აღიყვანის.

ესე შეიშურვა ძმამან ონსანისმან, სახელით უთქინ, და ძემანვე მისმან ქოლაქ, და შეასმინეს ონხანს, ვითარმედ: „ნებავს დაპყრობად მეფობისა შენისა, რომელსა ხანობით, გინა ყაენობით უჴმობენ და მან განიზრახა მოკლვა მისი, გარნა აგრძნა თემურჩი განზრახვა ესე. რამეთუ უთხრეს ორთა ვიეთმე კაცთა, რომელთა სახელი ერთისა ქოლაქ და მეორესა ბად, ვითარმედ: „ნებავს სიკუდილი შენი ონხანსო“.

ხოლო იგი ივლტოდა და ორნიცა იგი კაცნი მის თანა. და მივიდა სახლსა შინა თჳსსა და ხარგთა, აჰყარა დედა-წული და იარა ერთი დღე და ერთი ღამე. და მერმე დაჰყარა დედა-წული და ბარგი და ხვასტაგი, და მივიდა წყლისა მის პირსა, რომელსა ჰყჳან ბლაჯუნი, და განაშორა ლაშქარი მცირედ და უკუ დგა ჴევსა რასმე.

და ცნა ონხან სივლტოლა თემურჩისა, მსწრაფლ დევნა უყო, და მოეწია დედაწულსა და ბარგსა მისსა. აღიღეს ტყუე ურიცხჳ, და დამძიმდეს ალაფითა ლაშქარი მისი. მაშინ ზედა მოუჴდა თემურჩი ყოველთა ლაშქართა ონხანისთა. იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და იძლია ონხან, დევნა უყვეს და შეიპყრეს, და მოკლეს ონხან. და მსწრაფლ დაესხა დედა-წულსა ონხანისსა და ჴელთ იგდო ცოლი და შვილნი, და ყოველი სიმდიდრე მისი, თჳნიერ ქოლაქ უხუცესისა შვილისა ონხანისსა.

და დაჯდა ტახტსა ზედა ონხანისსა და. უწოდეს თემურჩის სახელად ჩინგიზ-ყაენი. და შემდგომად მისსა ბრძოლა უყო ყონღარდთ ჴელმწიფესა ალთუხანს, სძლო და მოაკუდინა იგიცა, და დაიპყრა მეფობა მისი. მერმე ქოლაქ, შვილი ონხანისი, მივიდა გორხანსა ვისმე თანა, და ბრძოდა ჩინგიზ-ყაენს. ხოლო მან ბრძოლა უყო გორხანსცა. და სძლო მასცა, და მოკლა გორხან, და დაიმორჩილნა ლაშქარნი გორხანისნი.

ამისა შემდგომად უიღურთა ზედა წარემართა, რამეთუ უიღურნი ჴელმწიფესა მათსა ედუთობით უჴმობდეს. ხოლო მას ჟამსა სარჩუყ ვინმე იყო ემურთა უიღურთა. რომელთა გუარისა საქმენი განსაკჳრვებელ არიან ვითა ზღაპარნი, და არიანცა ზღაპარ და ცუდ, ამისთჳს უჯერო არს აწ თქმა. ხოლო ჩინგიზ-ყაენს შეეწყალა, და პატივითა დაიჭირა, აღიხუნა მრავალგუარნი თათარნი და დაიმორჩილნა, და ყარყითიცა დაიმორჩილა.

და ვითარ მოიწყო თათართა ზედა, გამოჩნდა კაცი ვინმე საკჳრველი, რომელსა თებთუნ გუარობით უჴმობდეს. ესე მივიდა ყაენს წინაშე, ეტყოდა ვითარმედ: „მე მას მთასა, რომელსა უწოდენ ბალიყ, წარვალ, ღმრთისა სიტყუა მესმის. ამას ბრძანებ; ღმერთი: ყოველი ქუეყანა თემურჩის და მისთა ლაშქართათჳს მიმიცემია, და სახელადცა ჩინგიზ-ყაენი ერქუას“.

ხოლო ითქუა ესეცა, ვითარმედ ჩინგიზ-ყაენი აღვიდა მთასა მაღალსა, და გამოუჩნდა უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა, და მან ასწავა სამართალი, სჯული, სიწმიდე და სიმართლე, ტყუილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება და რქუა: „თუ მცნებანი ესე დაიმარხნე, ყოველი ქუეყანა შენთჳს და ნათესავისა შენისათჳს მიმიცემიეს. წადი და აღიღე ყოველი ქუეყანა, რაოდენი გეძლოს“.

ხოლო იქმნა რა ყაენად და მივიდა ხატაეთს, და შევიდა ხილვად ეკლესიათა, იხილა მუნ ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, მეყსეულად თაყუანი-სცა და თქუა: „ აჰა, კაცი იგი, რომზი მთასა ჩინეთისასა ვიხილე, ამა სახითა იყო, ამან მასწავა ყოველი ესე წესი“ ესე შეიყუარა ჩინგიზ-ყაენმან და მას აკურთხევდის, და ამისი მცნება, რაოდენიცა ამცნო, ყოველივე მტკიცედ დაიცვა. მერმე ებრძოლა ხატაეთის ჴელმწიფესა არსლან-ხანსა ზედა და სძლო. ესრეთ ჴელთ იგდო, რომელ ორას ათასი კაცი მოაკუდინა არსლან-ხანისა. ამისმან მცნობელმან არსლან-ხან, სახლსა შინა შესრულმან, ცოლით და შვილითურთ, ცეცხლისა მოდება უბრძანა მსახურთა თჳსთა, რომელთა ყვეს ეგეთი და დაიწვა არსლან-ხან დედაწულითურთ ცეცხლსა მას შინა. და შევიდა ჩინგიზ-ყაენი და დაჯდა ტახტსა მას ზედა, და დაიპყრა ხატაეთი. ესე აქამომდე იყავნ.

 

აწ ვაჴსენოთ შვილთათჳსცა ჩინგიზ-ყაენისათა მცირედ რამე

ხოლო ამა ჩინგიზ-ყაენსა ცოლნიცა მრავალნი ესხნეს და შვილნიცა. და უხუცესის. ცოლის სევინჯისაგან ესუა შვილი, რომელსა ერქუა თუბის, რომელსა ქართველნი ჯოჩიდ უწოდდეს; მეორე ჩაღათა, მესამე ოქროფა, მეოთხე თული. ესე ოთხნი ყაენად განაჩინნა ხატაეთს მყოფმან. უხუცესსა შვილსა თუბის[ს] მისსა ლაშქრისა ნახევარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ზედა, ოვსეთს, ხაზარეთს და რუსეთს, ვიდრე ბნელეთამდე. და ესე ყოველი ამას მისცა. ხოლო ამათ სხუათა უკანასკნელ ვაჴსენოთ.

ხოლო ესე რა ცნა მაღალმან და ყოველთა ჴელმწიფეთა უდიდესმან ხუარაზმშა, რომელი მაშინ დღეთა სიმრავლითა მიმჴცოვნებულ იყო და შვილისა თჳსისა ჯალალდინისდა ჴელთ ედვა სულტნობა და ქუეყანანი, რომელნი მას ეპყრა ჯეონს აქეთ, ხუარასნისა და ერანისა, ცნა რა მოახლება თათართა, მოუწოდა სპათა მისთა ვითარ ექუსასი ათასთა კაცთა, და წარემართა ჩინგიზ-ყაენსა ზედა.

ხოლო იგი ხუარაზმშას წინა დაემთხჳა. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი, რომელ ორგნითვე მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ, და იძლივნეს ხუარაზმელნი.

ხოლო ბერი ხვარაზმშა დაშთა რაზმთია შინა მცირედითა ლაშქრითა, და თათარნი გარემოადგეს მას. ცნა ესე შვილმან მისმან სულტანმან ჯალალდინ, რომელი იყო კაცი მჴნე და ქველი, შემმართებული, უშიში ვითარ უჴორცო, ძალითა საჩინ, წყობათა შინა უცხო. მივიდა მცირედითა კაცითა შუელად მამისა, და მყის წარიყვანა მამა თჳსი, და ივლტოდეს ხუარასნად.

ამისა შემდგომად ებრძოლა კუალადცა სულტანი ჯალალდინ მრავალჯერ, რამეთუ სამჯერ ჯეონს იქით შეება და ოთხჯერ ხუარასანს, ჯეონს აქეთ. ხოლო ვინათგან ღმერთსა ცოდვათა ჩუენთათჳს მიეცა ყოველი ქუეყანა, და იძლია სრულიად და ივლტოდა. ცნა რა სივლტოლა ამისი და სიმაგრეთა შინა შევლტოლა ჩინგიზ-ყაენმან, წარმოავლინნა ორნი თავადნი ზემოჴსენებულნი, იამა და სალპიანი, რომელთა ქართველნი სება-ჯებობით უწოდიან, რათა მოვლონ ქუეყანა ხუარასნისა და ერაყისა, სადამდის ეძლო სლვად, და განიხილონ ქუეყანა. ხოლო ესენი წარმოვიდეს ათორმეტითა ათასითა მჴედრითა, თჳნიერ საჭურველისა და საზრდელისა ქონებისა, არამედ მშჳლდი ოდენ, უჴრმლოდ.

განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი და მოიწივნეს განძას. და ვერავინ წინააღუდგა; თუ ვინ სადა გამოჩნდის, ყოველთა სძლიან. და მოიწივნეს საზღვართა საქართველოსათა, იწყეს დარბევად ქუეყანა გაგისა. ცნა ესე ვარამ გაგელმან და ივანე ათაბაგმან, და აცნობეს მეფესა ლაშას უცხოსა ნათესავისა მოსლვა, უცხოთა ენითა, ოჴრებად სომხითისა. ხოლო მეფემან მოუწოდა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართნეს თათართა კერძ, გაგისა ბოლოს მდგომთა. იქით ივანე ათაბაგი და ძმისწული მიცი, ზაქარიას ძე ამირსპასალარისა, შანშე, და ვარამ გაგელი მსახურთ-უხუცესი მოერთნეს დიდითა ლაშქრითა, და წარემართნეს.

ხოლო იგინი, დაბანაკებულნი წყალსა ზედა ბერდუჯსა და აწ საგიმად წოდებულსა, მყის ამჴედრდეს და ეწყვნეს ურთიერთას. და იქმნა ძლიერი ბრძოლა. ნახევარნი ივლტოდეს თათარნი, და ნახევართა მზირი ეყო, და უკანით მოუჴდეს. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათჳს, და ივლტოდეს. ქართველნი და სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა, სადა-იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით, ცოცხალი განერა, და მეჭურჭლეთ-უხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა, ძლიერად ბრძოლილი. და აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, და იქმნა უკუქცევა სუე-სჳანისა ბედისა, მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯუებულისა, რამეთუ ვინათგან მიეცა ღმერთსა დიდსუესა და დიდბედისა დავითისდა გამარჯუება, აქა ჟამამდე სჳანი იგი ბრძოლადა შინა დროშა დავიათიანი და გორგასლიანი გამარჯუებული არა-სადა ძლეულ იყო ხოლო აქა ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა არღარა მიეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე ჟამთამდე ჩუენთა.

ესრეთ ლტოლვილნი მოიწივნეს ქალაქსა ძლიერნი იგი და სახელოვანნი, რომელნი სულთქმითა და მწუხარებითა შეიცვალებოდეს. რამეთუ ვინათგან ჩუენ შევაწუხეთ ღმერთი საქმითა ბოროტითა, ეგრეთვე ღმერთმან აღავსო გული ჩუენი მწუხარებითა და წინაშე მტერთა ჩუენთა სირცხჳლეულ გვყო.

ხოლო თათარნი მოიწივნეს ვიდრე სამშჳლდემდე და მიერ უკუნ იქცეს, რომელთა ქმნნეს საკჳრველნი ესე საქმენი: წარვიდეს გზასა დარუბანდისასა, რამეთუ ვერცა შარვანშა წინააღუდგა და ვერცა დარუბანდელნი, განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ყივჩაყეთს რომელთა ბრძოლა აჰკიდეს და მრავალგან შემოებნეს ყივჩაყნი, და ყოველგან თათარნი მძლე ექმნნეს, და წარვიდეს ესრეთ ომითა; ხოლო, ვითარცა მითქუამს, უსაჭურველონი და უჭედელითა ცხენითა ესოდენ გზათა მავალნი, განვლეს ყივჩაყეთი და შემოუარეს ამა დარუბანიისა ზღუასა გარე, და მიიწივნეს ჴელმწიფესა მათსა ჩინგიზ-ყაენს წინაშე ყარაყურუმს; და ქმნეს საკჳრველი ესე საქმე, მოუსუენებელად სლვა ამა მოველთა გზათა უჭედელითა ცხენითა, ყაყურუმით წარმოსრულნი მუნვე მიიწივნეს.

ამისმან მცნობელმან ჩინგის-ყაენმან, რომელ ყოველგან სძლიეს თათართა, წარმოავლინნა შვილნი მისნი ხორასნის სულტანსა ჯალალდინს ძიებად. ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, შეიყარა ლაშქრითა და მრავალჯერ ბრძოლა ქმნა, ვითარცა ვთქჳ. და იგრძნა რა სრულიადი ძლეულება თჳსი, აიყარა დედაწულითურთ თჳსით, და ლაშქარი თანა ჰყვა დედაწული კაცი ას ორმოცი ათასი, და ივლტოდეს პირისაგან თათართასა, და წარმოემართნეს ჩუენ კერძ, ვითარცა ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს

 

ჩანართი

დაჲ მათი რუსუდანი ითხოვეს ხლათის დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგჳპტით ვიდრე ხლათამდე სპარსეთი ჰქონდა. და დააყენა მოწყალებამან ღმრთისამან, და არა ჰყო ესე. შემდგომად ამისა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვაშე. უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნეს შარვანს ქართლისა ერისთავი, და თჳთ გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა. და ათ დღე დრო იყო წარსლვისა მისისა. ხოლო ღმერთმან აქაცა დააყენა.

რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომა უფლისა, რომლითა განვარისხეთ მრავალმოწყალე იგი და სახიერი, და აღესრულა მეფე ლაშა.

მაშინ ვითარცა ცნა აღსასრული თჳსი მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თჳსისათა, შევედრა დაჲ თჳსი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქუა: „უწყი უმანკოება და ერთგულობა მეფეთა ნათესავისაგან თქუენ მკჳდრთა საქართველოსათა, შეხედვებითა ღმრთისათა მიგათუალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩუეულება ნათესავისა თქუენისა. ერთგულობით მონებდით და სიმჴნითა თქუენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქუენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გაჴსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოჴსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქუენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქუენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მჴედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკჳდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომელ შემძლებელ იყოს პირობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან“.

ვითარ დაასრულა ბრძანება ესე, შეისუენა

მეფემან ლაშა-გიორგი ბაგავანს მყოფმან თუესა იანვარსა ი~ჱ, ქ~კსა უ~მბ, დღესა ოთხშაბათსა. მაშინ მოიწია გლოვა და მწუხარება უნუგეშინისცემო და საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულითა სისხლთა დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისანი, თანაზრდილთა და მომჴსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილსი და ნაცართა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდებულთა და ყოვლისა სამეფოსაგან, და თჳთ მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისაგან.

რომლისათჳს არს გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი, რომელ დამან მათმან რუსუდან აღასრულნა გონებანი მრავალ დღე. და წარიყვანეს სამკჳდროსა მათსა გელათს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>