შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედა და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად, და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩუენი, უმჯობეს არს, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრე-ღა-რა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ“. და შუშან-ცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თჳსი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანა.
და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა რქუა შუშან ძმასა თჳსსა: „უმჯობეს არს ჩემთჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ“. და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუეს-ვე მოკუდა.
წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არა-მიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა. ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.
ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქუეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკეთუ ვინ-მე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელი-მცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფლად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰქჳან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისათა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა განდიდნა ნათესავი აგარიანთა.
ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არა-თუ-რე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი, რომელი-იგი ჴორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და ვითარ იხილა ძის ცოლი თჳსი, შეუყუარდა, აკურთხა და დალოცა.
და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხუასრო; ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოოჴრებული ხაზართაგან.
ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერის-თავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმის-წული ლეონ ერის-თავისა, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერ-ცა მიიცვალა.
არამედ სიცოცხლესა-ვე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგან-ცა რომელნი ჰქონდეს შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა.
შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი თჳნიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწ-ცა იხილვების ვითარცა ახალი.
ხოლო კუალად-ცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგი-ვე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი, გავაზს; და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი. კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.
გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეჴს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეჴს და იყო ბრძოლა მათ შორის: არ-ცა იგინი გაიქცეს და არ-ცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს.
აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.
მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადით რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი.
და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კუალად უკუ-მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარის-გუერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერის-თავმან და გუარამ აშოტის ძემან მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.
შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინ-მე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი ასი, და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირმუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა, და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისი-ვე.
და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წარვიდა ისე, და მოვიდა სხუა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად ამირად ხალილის ძე ჰუმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა: სომხითი, ქართლი და რანი.
და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად: რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.
და ბრძოდა აშოტ მამის ძმის-წულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგ-ჯერ სძლის გუარამ და ზოგ-ჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა.
გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ე~ვლ, და დაუტევნა სამნი ძენი: დავით, აშოტ და ადარნასე.
გარდაიცვალა ესე ადარნასე ქორონიკონსა ჟ~დ.
გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ე.
მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას ძე დემეტრესი, და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორია-ქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა. და მცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.
ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.
და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის-მეცნიერი.
მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე ბაგრატისი, მამის ძმის-წული მისი, და მოკლა იგი
გარდაიცვალა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა ქორონიკონსა პ~ზ.
გარდაიცვალა სუმბატ მამფალი არტანუჯელი, ძმა აშოტ კეკელასი და ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~თ.
გარდაიცვალა ძე ამის სუმბატისა, დავით მამფალი მონაზონ-ქმნილი, ქორონიკონსა რ~ჲგ.
გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე მის დავით მამფალ-მონაზონისა, ქორონიკონსა ს~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ.
გარდაიცვალა ესე ბაგრატ, ძე სუმბატისი და ძმა დავითისი, ქორონიკონსა ს~ჱ, მას-ვე წელსა, რომელსა წელსა მოკუდა მამა მისი სუმბატ, და დაუტევნა ძენი ორნი: გურგენ და სუმბატ.
ხოლო გურგენ დაუტევა ძე ერთი, სახელით დემეტრე; და სუმბატ დაუტევა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.
გარდაიცვალა გურგენ კურაპალატი, ძმა სუმბატ მამფალ არტანუჯელისა და ძე ადარნასესი, ძმისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~ია.
გარდაიცვალა აშოტ კუხი, რომელმან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო, ძე მის გურგენ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ლჱ.
გარდაიცვალა ადარნასე ერის-თავთ-ერის-თავი, ძე გურგენ კურაპალატისა, ძმა აშოტ კუხისა, ქორონიკონსა რ~ივ, და დაუტევნა ორნი ძენი: დავით ერის-თავთ-ერის-თავი და გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი.
გარდაიცვალა ეს გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა დავით ერის-თავისა, ქორონიკონსა რ~ჲა.
გარდაიცვალა ბაგრატ მამფალ არტანუჯელი, ძე სუმბატ მამფალ-ანთიპატი არტანუჯელისა, ძისა ადარნასესი, და ძმა დავით მამფალ მონაზონ-ქმნილისა, ქორონიკონსა რ~კთ.
გარდაიცვალა ადარნასე-ყოფილი და მონაზონ-ქმნილი ბასილი, ძე მის ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ჲე.
გარდაიცვალა აშოტ, ძმა ადარნასე მონაზონ-ქმნილისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ნთ.
გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა და ძმა ადარნასე-ყოფილ ბასილისა, ქორონიკონსა რ~კჱ.
გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძმა ამის დავით ერის-თავთ-ერის-თავისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~მგ.
გარდაიცვალა გურგენ ძე მის გურგენ ერის-თავისა, ძისა ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~პჱ.
ხოლო ვიწყოთ ჩუენ პირველი-ვე ამბავი იგი დავით კურაპალატისა, რომელი მოკლა ნასრი, მამის ძმის-წულმან მისმან, ძემან გუარამ მამფალისამან.
ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი, და აშოტ ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი. და შეებნეს ნასრას და გააქციეს, და მიუხუნეს ციხენი. და წარვიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.
და მოკუდა გუარამ ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა.
ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესრულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად, და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა ცოლის ძმა მისი საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრჴე, ჯუარის-ციხე და ლომსიანთა, გუარამისი-ვე აღშენებული.
მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი; უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერის-თავი აფხაზთა.
ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.
მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო-კერძო და წარიღეს ციხე ჴერჴითა. ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა.
და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი, მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დაჴოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღჳვნეს.
ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწჳა აქა მოსლვა?“ და უთხრა: „მაწჳა დედამან ჩემმან“. და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყუარდა სიკეთისა მისისათჳს და განუტევა, გარნა ბოჭორმა თჳთ დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღჳვნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.
აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს და უთხრეს, ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლ აღიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თჳსსა, რათა ყოველი კაცი, რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვა გარეგნით, დაიპყრა ჴელთა. ამისთჳს გამოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წარიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკუდა.
შემდგომად ამისა, ვითარ გარდაჴდეს წელნი რა-ოდენნი-მე და მოეშენა ქუეყანა, მაშინ უჴმო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა; ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ-კერძო, და კჳრიკე ქუემოთ. და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კჳრიკეს ორჭობი. ვითარ დაიზავნეს, და შემოიქცეს. მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე, და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, და წარვიდა ქუეყანად თჳსად.
შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რა-ოდენ-მე. რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: ერთი უხუცესი და მეორე, რომელი უშვა მეორემან ცოლმან, უმრწემესი. უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა ბაგრატ. და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა.
ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა; უშუელდა გურგენ ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშჳდობა და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმჴნითა და ახოვნებითა; ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხჳ და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყუნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ, და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა.
მას ჟამსა გარდაიცვალა კჳრიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კჳრიკესი; ამან აღაგო ციხე ლოწობანთა. ამას-ვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი, და დაწუეს ჯუარი და მცხეთა, და შეიქცეს; და წარვიდეს და წარიტანეს თანა ჯუარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვათ სნება მუცლისა, და გულის-ხმა ყვეს, რომელ ჯუარისაგან ევნოთ. შეკრიბნეს ნაწილნი და წარმოსცნეს ჯუარსა. ჩაკრიბნეს ბუდესა შინა და აღმართეს ადგილსა-ვე თჳსსა.
და ჰერეთსა-ვე, მეფობამდე იშხანიკისსა, პირველნი ყოველნი იყვნეს მწუალებელნი; ხოლო იშხანიკ დის-წული იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლ-მადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.
ხოლო გიორგი აფხაზთა მეფემან მისცა ქართლი ძესა თჳსსა უხუცესსა კოსტანტის.
და გარდაიცვალა ძე ამის ადარნასე მეფისა, აშოტ კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ოდ.
გარდაიცვალა ძმა ამის აშოტ კურაპალატისა, მეფე დავით, ქორონიკონსა რ~ნზ.
გარდაიცვალა ყმა ამათი და მე ადარნასე მეფისა, ბაგრატ მაგისტროსი კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ჲე.
გარდაიცვალა მე ამის ბაგრატისა, ადარნასე კურაპალატი, ქორონიკონსა რ-პა.
გარდაიცვალა ბაგრატ, ძე ამის ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~პთ.
გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა ამის ბაგრატისა, ქორონიკონსა რ-პვ.
გარდაიცვალა სუმბატ მეფე-კურაპალატი, ძე ადარნასე მეფისა, და ძმა დავით მეფისა, ქორონიკონსა რ~ოჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ რეგუენი, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მეფე იქმნა, და ადარნასე კურაპალატი.
გარდაიცვალა ესე ადარნასე კურაპალატი ქორონიკონსა ს~გ.
გარდაიცვალა ძე ამის ადარნასესი, დავით დიდი კურაპალატი, აღსავსე სიკეთითა, რომლისა ამბავი ქუემო-რე სიტყუამან ცხად ჰყოს, ქორონიკონსა ს-კა.
გარდაიცვალა მამის ძმა ამის დავით კურაპალატისა და ძე სუმბატ მეფე-კურაპალატისა, ბაგრატ მეფე რეგუენი, ქორონიკონსა ს~იდ.
გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატ მეფე რეგუენისი, სუმბატ, ქორონიკონსა ს~იბ, და არა დაუშთა შვილი.
<< წინ |