ქართლის ცხოვრება

მატიანე ქართლისა

მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა

და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თჳსისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი.

ხოლო გიორგი მეფემან ვითარ დაიდასტურა განდგომა ძისა თჳსისა, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თჳსითა, და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი, და მოადგეს უფლისციხეს. და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერა-რას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით. ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა, და ზოგსა დღესა ქუეითნი.

მაშინ გიორგი მეფემან აბირნა აზნაურნი საზუერელნი ესრე სახედ: „გამოვედ ჩუენ წარგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯედ მეფედ და მამა შენი დარჩეს გარეგნით“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, გარნა აზნაურნი იგი,რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკუარსა, და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერ-ღა-რა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. და ვითარ იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რათა-მცა შევიდა ციხესა-ვე. ვერ-ღა-რა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩაჴდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს. შეიქმნა ჴმა, გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო, და რაჟამს განთენა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით, და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა, და მუნ დამალულ იყო. პოვა იგი კაცმან ვინ-მე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგუარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თუალნი დასწუნეს და მერმე გამოყუერეს, და მოკუდა. ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა ძინა, მინდობით გამოიყვანნა, და ტბელნი განუტევნა მშჳდობით, და გაგზავნნა იგინი ასფურაგანს.

გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი, და დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყჳდა, და წარვიდა თჳსად-ვე ქუეყანად. კუალად დადგა ატენს და ძე მისი ლეონ იყო ერის-თავად ქართლისა; და აწჳა ყოველი ლაშქარი კუალად შთასლვად კახეთად. ვითარ ცნა კჳრიკე, რამეთუ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კუალად ენება გაპარვა ზაკჳთ, შეიპყრა ჴელთა და წარვიდა კახეთად, რათა-მცა დედა-წული მისი აკრიბა ჴელთა. გარდაეხუეწნეს, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.

მოერთო შურტა, ძმა კჳრიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლნეს სხუათა-ცა ციხეთა კახეთისათა თჳნიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.

ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესა-ვე, ძმასა ივანესსა; ლამოდა მსგავსად ძმისა თჳსისა მკლავითა დაჭირვასა. მივიდა მეფე, უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ჴერჴითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა; და მეფემან წარსცა პყრობილად ჯიქეთს.

ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კჳრიკესსა. იგი-ცა გამაგრდა შიგან. ვითარ იხილა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არ-ცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი, გარნა არა უსმინა მამამან მისმან. და კჳრიკე ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე ბოჭორმა, და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს და ნება სცეს. ამისთჳს აღიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, მძევლად, და განუტევეს დღესა ლამპრობასა.

წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კჳრიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხჳლოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კჳრიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი; დაარღჳვნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კჳრიკე მამულსა თჳსსა.

მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა დაუმძიმდა დიდად, და აბრალა ყოველთა ვინ-ცა-ვინ აწჳა გაშუება კჳრიკე ქორეპისკოპოსისა. და ვითარ ამას შინა გარდაჴდა ზამთარი, კუალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი, და ძე მისი ლეონ უჩინა წინა-მძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მას-ვე ლაშქრობასა შინა მოართუეს ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყუარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალება მამისა თჳსისა. და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და ვითარცა ესმა ესე კჳრიკეს, გარდაჴდა ცხენისაგან, და თაყუანის-ცემითა მისცა მადლი, და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფროს პირი მზახობისა.

შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თჳსსა, რამეთუ მაშინ-ვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგი-ცა ღმრთის-მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და ვითარ ეუფლა მამულსა თჳსსა, აღუსრულა აღთქმა თჳსი კჳრიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისი.

კუალად იწყო მტერობად კჳრიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგჳს პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მას-ვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა.

შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და ვითარ მოიწყო სამეფო თჳსი, გარდაჴდეს ამას შინა ჟამნი. და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს, უჴმეს კაცთა ვიეთ-მე ამის ქუეყანისათა, რათა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესა-ვე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა მუნ იზრდებოდიან, ამისთჳს რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა.

გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს, და დადგა მარგის მერეს, უჴმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა თჳსითა აღებასა მამულისა თჳსისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თჳსი, დაესხნეს უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წარვიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა; შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თჳსსა.

მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თჳსი, მოადგეს ციხესა ძამისასა, და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად. და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშჳდობით. და მათ მიინდვეს იგი, და .გაგზავნეს მშჳდობით. წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა, და მუნ დაყო წელიწადი ერთი.

ხოლო ესე დავით კურაპალატი იგი არს, რომლისა სიკუდილი ზემო-რე აღგჳწერია, ს~კა ქორონიკონს-ზე, რომელი იყო ძე ადარნასე კურაპალატისა, ძისა სუმბატ მეფე-კურაპალატისა, რომელი იყო ბაგრატოანი.

და კუალად წარმოვიდა ტაოთ და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კჳრიკე ქორეპისკოპოსსა და რქუა: „რათგან მოვიდა ძმა ნემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლა, სიტყჳთა კაცთათა; აწ შუა-მდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყვნეთ ორნი-ვე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა, ვითარცა ვიშვენით უწინარეს მე და ლეონ; და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუა-მდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. ვითარ ცნა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან სიტყუა დემეტრე მეფისა, მოიყვანა თეოდოსი და აწჳა მინდობა მისი, და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა“. და თეოდოსი მიანდო ძმასა თჳსსა და გაგზავნა.

მაშინ წარიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფუცნეს წინაშე სუეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღდელთ-მოძღუარნი და დიდებულნი ყოველნი. და ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუა-მდგომლობა ღმრთისა და კაცთა, და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჭალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასუეს მეფედ.

მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერის-თავი ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესე-ვე ივანე მარუშის-ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.

მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუაჴურელთა; მოეგება წინა ქართლის ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თჳსად.

ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა.

რამეთუ ამათ ჟამთა შინა განუდგა მეფესა ბერძენთასა სკლიაროსი და ყოველი ჴმელით კერძი დაიპყრა; მეფენი და დედოფალი შეწყუდეულ ყვნა ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა. ამას რა შინა იყვნეს. განიზრახეს, ვითარმედ: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არა-ვინ არს“. დაწერეს წიგნები ვედრებისა და წარმოგზავნეს ქართველი თორნიკე რომელ მყოფ იყო დიდსა ლავრასა შინა მთა-წმიდისასა, მონასტერსა დიდისა ათანასესსა, დავით კურაპალატისა თანა, რათა შემწე ეყოს მათ.

იხილა რა ესე კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები ბერძენთა მეფისა მიითუალა, და ყოველი-ვე საქმე თორნიკ[ე] გააცადა რომლისათჳს-ცა განზრახვა ქმნეს, (და) რათა ლაშქარნი წარგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკე განაჩინეს. ხოლო თორნიკე კურაპალატისა და თავისი წიგნები ბერძენთა მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი-ვე ნება კურაპალატისა აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფემან ბერძენთამან ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათა თავის სიცოცხლეში აქუნდეს.

და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა დავით კურაპალატისაგან. და მისცა მძევლად უფლისწელნი. და კუალად ითხოვნა: ცოლის ძმათა მამისა იოანესთა ძე მისი ეფთჳმე მიგუარეს მეფესა ბერძენთასა ესე რა ცნა იოანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და ვინათგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელ იყო სიმამრი მამისა იოანესი, და იოანესდა-ცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა, და კეთილად მოიკითხეს. და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გება იქმნა შორის იოანესსა და სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს. რამეთუ არა ენება მოცემა მისი, და ფრიად აბრალა მას იოანე, ვითარმედ: „რა არს ესე? ნუ-უკუე შვილ არა გესხნეს-ა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით ვითარცა შვილთა თჳსთა, და შვილი ჩემი ვითარცა ობოლი მძევლად გასწირეთ, გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ“. და ესრეთ განგებათა საღმრთოთა და ბჭობითა მეფეთათა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბოდ-ვე მიიქცა.

ხოლო თორნიკ[ე] მოუწერა კურაპალატსა: „ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურა-რას ორგულობ; და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინა-აღმდგომნი ჩუენნი დატყუენენ, და ყოველი-ვე ნატყუენავი მათი შენი იყოს“ რომლისათჳს-ცა მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მჴედარი რჩეული, და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლიაროსი, და ვიდრე სპარსეთად-ვე მეოტად წარიქცია. და მერმე შეიქცა სიტყჳსაებრ მეფეთასა და ტყუე ყვნა ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი, და მონაგები მათი იავარ-ყო, და რომელი-მე ლაშქართა განუყო, და რომელი-მე თჳთ დაიმჭირა ნატყუენავი ფრიადი და დიდ-ძალი: ოქრო, და ვეცხლი, და სტავრა, და სხუა ესე-ვითარი, და უკუნ-იქცა, და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა.

რამეთუ იყო პირველად ღმრთის-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშჳდი და ძჳრ-უჴსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხჳ, კაცთ-მოყუარე და ფიჩოსანთ-მოყუარე, ყოველთათჳს კეთილის-მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმიდა ეკლესია ხახულისა.

და ვითარ შეიქცა მუნით გარე, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თჳსითა უსრულ, ამისთჳს თანა-განმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ. შემოკრიბნა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არს მკჳდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“ და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>