დიდი შაბათი - იესო ქრისტეს საფლავად დადება

საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო!

ვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

ენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: ჵ იესუ ტკბილო, ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, წყუდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, და ვითარ შეგმურო, ჵ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოჲთა, ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, უგალობ ჯვარ-ცმასა და დაფლვასა შენსა, ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

უ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვჰსდგე და ვიდიდო მე ღვთაებრ, და მაღალ-ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

წმინდა დიმიტრი როსტოველი „ტირილი ქრისტეს საფლავად დადებასა ზედა“

წმინდა და მართალი იოანე კრონშტადტელი „წმ. გარდამოხსნის წინ წარმოთქმული სიტყვა“

მამა იუსტინე (პოპოვიჩი) „უკვდავებამისჯილნი“

 

მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

ისტორია

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

მაცხოვრის საფლავი

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.

წმიდა ცეცხლის ლიტანიობა

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, - ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), - თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის - ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.

ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ცეცხლის გარდამოსვლის სამი პირობა

ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

● ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

● მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს „გონიერ“ ღვთაებრივ ცეცხლს.

● დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

ერთხელ სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ. მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) კანდელები დგას.

მადლმოსილი ცეცხლი

სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება მაცხოვრის საფლავს. აი, ამ დროს იწყება ენით აუწერელი, მღელვარე წუთები.

იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას:

„შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან, ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში - ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი - გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა... უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული „მარგალიტები“. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.

გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი. მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა“.

როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს. ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს, მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.

ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო. იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.

რა სულიერი მნიშნველობა აქვს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას?

ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე, ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე, უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს. აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა, როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა, როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა.

მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. ამით უფალი მთელ კაცობიობასა და თითოეულ ადამიანს გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს.

* * *

ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს. და არა მარტო ეგებებოდნენ - დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ. ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვს. შარშან იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანება აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდეც კი მოხერხდა. როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.