დღეს განსაკუთრებით მწვავე ხასიათს ატარებს დავა ადამიანისათვის სულის შთაბერვის ვადის გარკვევასთან დაკავშირებით. მიზანი პრაგმატულია – მავანთ სურთ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გარკვეულ ასაკამდე ჩანასახი უჯრედთა გროვაა მხოლოდ და გამართლებულია ნებისმიერი ძალადობა მასზე (სიტყვა „ძალადობა“ მათთან ჩანაცვლებულია „მანიპულაციებით ჰუმანური მიზნით“).
აი, რას ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი: „უსიცოცხლო და უსულო საგნებს არ გააჩნიათ მოძრაობისა და ზრდის ძალა. მაგრამ არვინ უარყოფს, არც არვინ ეჭვობს, რომ დედის საშოში კვებილი არსება, ჯერ არშობილი ყრმა, იზრდება და მოძრაობს სივრცეში. ასე რომ, გამოსავალი ერთია: უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის სულსა და ხორცს ერთი და ერთდროული დასაბამი აქვს“ („სულსა და მკვდრეთით აღდგომაზე“, 379 წ).
ზიგოტის შექმნის მომენტიდან ყოველივე უსწრაფესად ხდება. რთული ამოცანის წინაშე დგას ყველაზე პირველი უჯრედი: 200 მილიონი უჯრედი უნდა წარმოშვას და თანაც უმოკლეს დროში – სულ რაღაც 38-40 კვირაში (ასეთია პატარა ადამიანის მუცლადყოფნის პერიოდის ხანგრძლივობა). ამასთან, უჯრედები უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მორფოლოგიურად და ფუნქციურად. მსგავსი უჯრედები ქსოვილებად უნდა გაერთიანდნენ და თითოეულმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ზოგიერთები სხეულის კარკასს შექმნიან ან ორგანიზმის საკვებით მომარაგების რთულ სისტემაში ჩაერთვებიან, სხვანი თავდაცვას მოემსახურებიან ან ნერვული იმპულსების გატარების საქმეს იტვირთავენ...
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ნუთუ აღარაფერი აერთიანებთ ადამიანის სხეულის უჯრედებს ერთმანეთთან, არაფერი რჩებათ საერთო, რაც მათ სხვა ადამიანის უჯრედებისაგან განასხვავებს?! რჩებათ, და თანაც, თითქმის ხელუხლებელი – რაც არ უნდა ღრმა იყოს უჯრედებს შორის დიფერენციაცია, როგორი ვიწროც არ უნდა იყოს მათი სპეციალიზაცია, გენების კომპლექტი სხეულის ყველა უჯრედს მაინც ზიგოტისნაირი ექნება.
როგორ მიიღწევა ეს? ყველაფერს რთულს, როგორც წესი, მარტივი ახსნა აქვს: ყოველი გაყოფის წინ სხეულის უჯრედების მემკვიდრული მასალა დუბლირდება, ამიტომ არ ხდება მისი რაოდენობრივი ცვლილება. „დაკისრებული საქმის“ მიხედვით იცვლება მხოლოდ უჯრედთა გენების აქტივაცია – სპეციალიზაციასთან ერთად უჯრედებში მათთვის საჭირო გენები გააქტიურდებიან, სხვანი კი „გაჩუმდებიან“. ასეთი სამუშაო გეგმა დაუსახავს უმაღლეს შემოქმედს სიცოცხლის პროცესის წარსამართავად, ამ გეგმას მისდევს ყოველი ცოცხალი.
...უშედეგოდ ვცდილობ შევაჩერო ფიქრი, მაშინებს აზრის სითამამე: შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სხეულის ყველა უჯრედს პირველქმნილი უჯრედის (ზიგოტის) სისავსე დაუტოვა უფალმა. ძალზედ ღრმა აზრია ამაში ჩადებული: ადამიანს შეუძლია სასიკეთოდ გამოიყენოს უფლის ეს წყალობა, თუკი არ გადაუხვევს ღვთის მცნებებს. სასჯელიც შეიძლება დაიმსახუროს და სწორედ ამ „ზიგოტისეული სისავსის“ გამო, თუკი მის სინდისს მიელულება; და კიდევ, იგი იმ ხის ნაყოფს ჰგავს, რომლის ხმევა უდიდეს ბოროტებას უქადის კაცობრიობას.
შევეცდებით განვმარტოთ.
ის ფაქტი, რომ ადამიანის სხეულის უჯრედებს აქვთ სრული გენეტიკური კომპლექტი, სხვადახვა სნეულების წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი წინაპირობაა. მრავალი სამკურნალო საშუალების (ფიზიკური თუ ქიმიური აგენტის, ჰორმონალური პრეპარატების, ვიტამინების და სხვ.) მოქმედების ეფექტურობას განსაზღვრავს მათი უნარი – უჯრედის მემკვიდრულ აპარატზე ზემოქმედების გზით შეცვალონ გენთა აქტივაციის სურათი, მოახდინონ უჯრედებში სინთეზური პროცესების სტიმულაცია ან დათრგუნვა. აქტივაცია-ინაქტივაციის პროცესების მიზანმიმართული მართვა არცთუ შორეული მომავლის საქმეა, მაგრამ ის ამავდროულად ბეწვის ხიდია, რომელიც რეგულაციის მექანიზმის მოშლის შემთხვევაში უმართავი პროცესების ჩართვის საფრთხეს შეიცავს.
არის ერთი ნაღმი უჯრედების გენეტიკურ აპარატში: უმოქმედო ე.წ. პრო-ონკოგენები, რომელთა ამოქმედება ამ უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გადაქცევას განაპირობებს. ის დაკარგავს კონტროლის უნარს, და თუ მაშინვე არ ელიმინირდა (გამოიდევნა ორგანიზმიდან), გამრავლდება, მიგრირდება, ვრცელ არეალს მოიცავს და საბოლოოდ ორგანიზმის დაღუპვას გამოიწვევს. მაგრამ ჯანმრთელი ორგანიზმის ნორმალური უჯრედები დაცულნი არიან ასეთი საფრთხისაგან უჯრედული და იმუნური მარეგულირებელი სისტემების მეშვეობით.
...როგორ გვაგონებს ეს ყოველივე ცოდვის გავრცელების ხასიათს. ერთი, თუნდაც უმნიშვნელო, ცოდვა თავშივე თუ არ ამოიძირკვა, გაიზრდება, გამრავლდება, მოედება ადამიანის სულს და დაღუპავს მას.
„ზიგოტისეული სისავსის“ გამო სხვა საფრთხეც ჩნდება – ადამიანის ხელოვნური კლონირების მცდელობა. სხეულის უჯრედთა ამგვარი სისავსე ერთგვარი ნაღმია, საშიში იარაღია ღვთისაგან განმდგარი და უმეცარი ადამიანების ხელში, რამეთუ ადამიანის ხელოვნურად შექმნის თეორიულ შესაძლებლობას გულისხმობს, პირველ ეტაპზე – თერაპიული, შემდგომში კი მონსტრი-ასლების წარმოების მიზნით.
...კვლავ დადგა ადამის მოდგმა დილემის წინაშე და... ხელი გაიწვდინა ნაყოფისაკენ. კლონირების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ექსპერიმენტების მეთოდურ და მორალურ მხარეზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
კიდევ ერთი, ყველასათვის საერთო ნიშანი ჩანს ღვთის ქმედებაში – შთამომავლობა წინაპართა ნიშნებს იმეორებს: შავკანიან წყვილს არ მიეცემა თეთრკანიანი შვილი, თუკი მათ წინაპრებში არ იყო გარეული თეთრი რასის წარმომადგენელი; მონგოლოიდების შთამომავლებს თვალის ვიწრო ჭრილი ექნებათ, თუკი უცხო რასის წარმომადგენელმა არ „არივ-დარია“ თვალის ჭრილის განმსაზღვრელ გენურ ალელთა რიგები. ე.წ. გამოტოვებული თაობებიც არსებობს – ზოგიერთმა ნიშანმა რამდენიმე თაობის შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი.
გენეტიკური კოდის ამოქმედების მექანიზმი რთულზე რთულია, მრავალსაფეხურიანი და მრავალწევრიანია. ასე რომ, ამა თუ იმ გენის მატარებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს კოდის აუცილებელ რეალიზაციას. იქნებ სწორედ ადამიანის ნებელობა, მისი არჩევანი – სწორი თუ მცდარი, არის ის ბერკეტი, რომელმაც სათანადო სტრუქტურები უნდა აამოქმედოს. კოდი ბევრს განსაზღვრავს, მაგრამ არა ყველაფერს, ნებელობა უმეტესი გვგონია.
...ზიგოტა ფალოპის მილშივე იწყებს დაყოფას (განაყოფიერებიდან 30-36 სთ-ის შემდეგ), თან საშვილოსნოსაკენ მიემართება. ჯერ შუაზე გაიყოფა და ორ ერთნაირ უჯრედს წარმოქმნის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზიგოტის გაყოფის შედეგად წარმოქმნილი უჯრედები ორ ორგანიზმს აძლევენ დასაბამს (იდენტური ტყუპების შემთხვევა).
ჩვილის მუცლადყოფნის პერიოდს სამ ნაწილად ჰყოფენ: პრე-ემბრიონული (პირველი 2 კვირა), ემბრიონული (მე-3-8 კვირა) და ნაყოფის (მე-9-38 კვირა) სტადიებად. ავტორთა ნაწილი არ გამოჰყოფს ცალკე პრე-ემბრიონულ სტადიას.
ტერმინი „პრე-ემბრიონი“ პირველად შემოიტანა დასავლელმა თეოლოგმა რ.მაკკორმიკმა, როგორც უსულო გენეტიკური ინდივიდის აღმნიშვნელი სიტყვა, და არცთუ შემთხვევით. ამაში ახლავე დავრწმუნდებით.
უჯრედების მეორე გაყოფა დაახლოებით 60 საათის შემდეგ ხდება, ამის შემდეგ კი დაყოფებს შორის ინტერვალი კლებულობს, ხოლო გაყოფის სიჩქარე თანდათანობით მატულობს. მე-3 დღეს 16-32 უჯრედიანი „ბურთულა“, ე.წ. მორულა (ლათინ. „თუთა“, ასე უწოდეს თუთის ნაყოფთან მსგავსების გამო), საშვილოსნოში ხვდება, სადაც ჩანასახმა (შემდეგ კი ნაყოფმა) 9 თვე უნდა გაატაროს.
სანამ საშვილოსნომდე მიაღწევს და მის კედელში ჩაიზრდება (სამედიცინო ენაზე ამას იმპლანტაციას უწოდებენ), ხშირად განსაცდელი ელოდება მომავალ ნაყოფს. ზოგიერთი თანამედროვე კონტრაცეპტივი ჩასახვას კი არ უშლის ხელს, არამედ იმპლანტაციას. ქალები, რომლებიც ნაირფერ აბებს ყლაპავენ (აბები სხვადასხვა შეფერილობისაა, გულმავიწყ დედას რომ არ შეეშალოს მათი მიღების თანმიმდევრობა და „ღმერთი არ გაუწყრეს, არ დაორსულდეს“) ილუზიაში არიან, თითქოს ისე ძალიან არ სცოდავენ, „ისინი ხომ არავის კლავენ“. მათ გასაგონად ვიტყვით, რომ მათი მსხვერპლი უფრო პატარაა ასაკით, განსხვავება მხოლოდ ეს არის. აბები და ჩვენში ესოდენ პოპულარული საშვილოსნოსშიდა საშუალებებიც ყველაზე უმწეო პატარის სიკვდილს იწვევენ, პატარის, რომელსაც დედის წიაღში შესვლის, საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების საშუალებას უსპობენ და მიუსაფარს ტოვებენ. თუკი მკვლელობათა დახარისხება დასაშვებია, ეს, ალბათ, ყველაზე სასტიკი მკვლელობაა.
...მაგრამ თუკი კანონი ჩვენს მხარეზეა, და თავსაც დავირწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ პრე-ემბრიონი იყო, მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკური ინდივიდი და არა განვითარებადი არსება, უმალ გავთავისუფლდებით სინანულისაგან, დადუმდება ჩვენი სინდისის ხმა.
სხვა მიზანსაც ისახავს ეს ცნება: გაუადვილოს უშვილო წყვილებს გადაწყვეტილების მიღება – იყოლიონ შვილი in vitro (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს – შუშაში, სინჯარაში) განაყოფიერების გზით. სწორედ იმპლანტაციის ასაკამდე გამოზრდიან სინჯარაში მომავალ ჩანასახს, შემდეგ კი ხდება მისი ჩანერგვა დედის (ან სუროგატი დედის) საშვილოსნოში. ასეთი მომსახურება სამიდან ათი ათას დოლარამდე ღირს. წარმატება მხოლოდ შემთხვევათა 15%-ში მიიღწევა.
პირველი სინჯარის ბავშვი, გოგონა, 1978 წელს დაიბადა. დღეს იგი ცოცხალი რეკლამაა, პოზირებს ტელეკამერების წინ, იძლევა ინტერვიუებს და აღტაცებაში მოჰყავს ხელოვნური გამრავლების ქომაგნი. უკვე ასეულ ათასობით „ბედნაზიარები და-ძმა“ ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს ამაში ცუდი?!
დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ჩარევა ცოლ-ქმრული კავშირის ყველაზე ინტიმურ სფეროში. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე (იქნებ საკუთარი მამაკაცური ღირსების იმ გამძაფრებული გრძნობის გამოც, რაც ხასიათში აქვს ქართველ მამაკაცთა უმეტესობას), in vitro განაყოფიერებას ჩვენს ქვეყანაში ნაკლები პერსპექტივა ექნება. მართალია, ასეთი ლაბორატორია კარგა ხანია ფუნქციონირებს ჩვენთან, როგორც წერენ, წარმატებულადაც, მაგრამ ამ გზით დაბადებული ბავშვები მაინც თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ვიცით, მრავალი ოპონენტი გამოგვიჩნდება, მაგრამ ჩვენ მაინც დავრჩებით იმ პოზიციაზე, რომ „აკრძალულ ზონაში“ არ უნდა გადავიდეთ, არ იქნება ეს ღვთისათვის სათნო. ამ საქმის თანმხლები მანკიერი მხარეები მიმოვიხილოთ და თავადვე დარწმუნდებით.
„ჰუმანური“ მოსაზრებით წამოწყებულ ცდებს მალევე მოეცხო სიბინძურე: ამ მეთოდით შვილის ყოლის სურვილი გამოთქვეს ისეთმა წყვილებმაც, რომელთაც არ ჰქონდათ სრულფასოვანი გამეტები, ან როცა თავისებური ანატომიური აგებულების, ან ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო, დედას არ ჰქონდა ნაყოფის ტარების უნარი... და შეიქმნა ბაზარი დონორი ქალებისა და მამაკაცებისა, სუროგატი დედებისა, რასაკვირველია, ფასების მკაცრად განსაზღვრული ნიხრით. იბადებიან ოჯახებში ბავშვები, სადაც მხოლოდ მამაა მამა, ან მხოლოდ დედაა დედა, ზოგჯერ დედ-მამა თვითონ არიან, მაგრამ არის კიდევ ერთი მშობელი (ვინაც შობა, მანამდე კი მუცლით ატარა). დასავლურ პრესაში ისიც ამოვიკითხეთ, თუ როგორ ატარა ნაყოფი ბებიამ. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა არც დედაა დედა, არც მამაა მამა, ნაყოფსაც სუროგატი ატარებდა, და მაინც თავისად მიიჩნევენ, იმიტომ რომ დამკვეთნი არიან, „მუსიკა ხომ მათ შეუკვეთეს“.
იმპლანტაციამდე სინჯარის პრე-ემბრიონები ხარისხის ტესტს გაივლიან. სასტიკია ეს ტესტი. განაჩენის მოლოდინში გარინდულა 8-უჯრედიანი არსება... თუკი ვერ მიიღებს სიცოცხლის ვიზას, „ადამიანის წიდად“ იქცევა. უმაღლესი ხარისხის დაშტამპული პროდუქცია მაშინვე რეალიზდება, დანარჩენი კი განადგურდება, ან ექსპერიმენტების ჩასატარებლად გადაიგზავნება სათანადო პროფილის ლაბორატორიებში, ან კიდევ – გაიყინება შემდგომი მოხმარების პერსპექტივით. მათი ბედი აღარავის ანაღვლებს.
რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას აღვწერთ, in vitro განაყოფიერებას რომ მოჰყვა შედეგად.
ამერიკაში, ერთ ოჯახში, განსხვავებული ასაკის იდენტური ტყუპები ცხოვრობენ, მათ შორის განსხვავება 18 თვეა (!). როგორ?! სინჯარაში ტყუპები ჩაისახნენ, მშობლებს კი ერთი შვილი სურდათ, ამიტომ მეორე გააყინინეს. როცა ყრმა წამოიზარდა და მშობლებს წარსულის ნოსტალგია მოეძალათ, სიცოცხლის ვიზა მისცეს ტყუპისცალს.
სხვა ოჯახში, ცოლ-ქმარმა განქორწინებისას ვერაფრით გაიყო კრიოგენულ პირობებში შენახული ჩანასახი, სასამართლომაც თავი ვერ გაართვა ამ საქმეს.
ავსტრალიაში, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი, რომელთაც შობილ შვილებთან ერთად დარჩათ ორი ჩანასახი, გაყინული –195°C ტემპერატურაზე, და კიდევ – დიდძალი ქონება. სასამართლომ მემკვიდრეებს დიდი თანხა ჩამოაჭრა 8-უჯრედიანი ჩანასახების სასარგებლოდ – ვინძლო მათ თვითონ იქირავონ სუროგატი დედები და მიიღონ სიცოცხლის ვიზა, თუ არა და, მემკვიდრეობით მიღებული თანხით სამუდამოდ შეუძლიათ დაიმკვიდრონ ადგილი მაცივრის თაროზე.
მშობლები, რომელთაც ფანკონის ანემიით დაავადებული გოგონა ჰყავდათ (ეს ძალზედ რთული მემკვიდრული პათოლოგიაა), არაფერს იშურებდნენ შვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მათ განსაჯეს და გადაწყვიტეს in vitro განაყოფიერების გზით შეექმნათ ბავშვი, რომელიც თავისი სხეულის ნაწილებით დაეხმარებოდა დას. რატომ in vitro, და არა ბუნებრივი გზით? მათ ასე განსაჯეს: სინჯარის ბავშვები ხომ ტესტირებას გადიან, ქსოვილშეთავსებაზეც შეიძლება მათი შემოწმება და მხოლოდ ღირსეული კანდიდატები იქნებიან დაშვებული სასიცოცხლოდ. ასე იშვა პატარა ადამი, აჯობებდა „სათადარიგო ნაწილები კომპლექტში“ დაერქმიათ მისთვის, მაგრამ მშობლებს ყურმოკრული ჰქონდათ სახელი „ადამი“, მხოლოდ ყურმოკრული, გულის მონაწილეობის გარეშე...
სინჯარაში განაყოფიერებაზე გაცილებით წარმატებული გამოდგა (შემთხვევათა 40%-ში) ე.წ. გამეტათა ინტრაფალოპური გადატანის მეთოდი. ორგანიზმის გარეთ ხდება მსხვილი კვერცხუჯრედებისა და აქტიური სპერმატოზოიდების გადარჩევა, ისინი გადაიტანებიან ფალოპის მილში და განაყოფიერება იქ ხდება, უკვე გარეშე პირთა ჩაურევლად.
...აქაც არის ხელოვნური გადარჩევა, აქაც არის კვერცხუჯრედის თუ სპერმის მოპოვების შეუფერებელი პროცედურა, ესეც გამრავლების არაბუნებრივი გზაა. აშშ სიცოცხლის ლიგის პრეზიდენტს ჯ.ბრაუნს დავესესხებით: „ადამიანი ღმერთის უზურპირებას ცდილობს“. სად არის გამოსავალი?! რომელი გზა აირჩიოს უშვილო წყვილმა?!
ჩვენ ერთადერთი გზა ვიცით – უფლის გზა, ღვთის სიტყვის მიდევნა. შვილის ყოლა თვითმიზნად არ უნდა იქცეს. ის, რაც წმინდაა, სუფთაა, არ უნდა შეიბღალოს. ცოლ-ქმრული ურთიერთობები და მათი სარეცელი არ უნდა შეირყვნას. ქალისა და მამაკაცის შეერთება და თანაცხოვრება, ოჯახი და ბავშვებიც კი ღმერთის მონაწილეობის გარეშე ცოდვისა და სულიერი სიკვდილის წყაროა მხოლოდ... თუკი ჩვენი ცხოვრება ღვთისათვის სათნო შეიქნება, როცა იმედი თითქმის გადაგვეწურება, შესაძლოა სწორედ მაშინ გვისმინოს უფალმა გულიდან აღმოსული ვედრება. ჩვენ ვიცით ამის მაგალითები წმიდა წერილიდან, გარშემოც ამის უამრავი მაგალითია. ...და თუ არ მოგვცემს ყრმას, თუკი სხვა ღვაწლზე გვაკურთხებს უფალი, ამაში ღმრთის უმაღლესი განგებულება დავინახოთ და მუდამ ვმადლობდეთ მას.