- ადამიანი იმიტომ ითვლება დამნაშავედ, რომ ის ვალდებული იყო, სცოდნოდა. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ. მაგალითად გამოდგება ერთი მღვდლის მონათხრობი, რომელმაც ჰკითხა ასაკოვან მანდილოსანს, იცოდა თუ არა მან ლოცვები. პასუხად მიიღო:
- არ ვიცი.
- სიმღერები?
- ო, სიმღერები რამდენიც გნებავთ!
- მაშ, ეგ რანაირად მოხდა, რომ საერო სიმღერები შეგისწავლია ზეპირად და ლოცვები კი - არა?
რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ჩემი ცხოვრება - უქმი და უსარგებლო - ქრისტიანულით შევცვალო?
- თუ გსურთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მოექცეთ - უნდა იკითხოთ სახარება და იცხოვროთ მისი მცნებებით. უნდა დაიწყოთ უპირველეს ყოვლისა სინანულით. უნდა მოინანიოთ ცოდვები და ღმერთს დაუდოთ აღთქმა, რომ ეცდებით მეტად აღარ შესცოდოთ. და აუცილებლად უნდა აღუვლინოთ გულმხურვალე ლოცვა უფალს, რათა იგი შემწედ გექმნეთ თქვენი ღირსეული გადაწყვეტილების განმტკიცებაში.
- თუ იპოვნი ფულსა და სხვა რამ ნივთებს - ამბობს წმიდა თეოფანე დაყუდებული - მოიძიე პატრონი და დაუბრუნე მას. თუ ვერ იპოვნი, - მიეცი საწყალსა და გაჭირვებულს, ან მიიტანე ტაძარში, რადგან ქონება იგი უფლისა არს!
როგორ უნდა მოვიქცეთ მის წინაშე, ვისაც არ სურს ჩვენთან შერიგება?
- შეგიძლიათ დაკმაყოფილდეთ იმით, რომ გონებაში გულწრფელად შეურიგდით მას და გსურთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა. სიტყვითა და საქმით შერიგების მცდელობა გიჯობთ შეწყვიტოთ: წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მრისხანება შეიძლება გაიზარდოს და დაღუპოს იგი. ეძიეთ საშუალება, რაიმე სიკეთე გაუკეთოთ მას, მისგან უცოდნელად. ამის ქმნის შემდეგ, იგი მალე მოეგება გონს, მაგრამ მასთან შეხვედრისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე გულში და გაიარეთ ისე, რომ არ შეეხოთ, მხოლოდ ილოცეთ მასზე (წმ. თეოფანე დაყუდებული).
ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
- ნაქურდალის მიმღები ისჯება ისევე, როგორც ქურდი.
შეიძლება თუ არა მკითხაობა ბედისწერის ამოსაცნობად?
- ეკლესია კატეგორიულად კრძალავს მკითხაობას, რადგან ამგვარი ქმედების მეოხებით ადამიანი კონტაქტს ამყარებს ბნელ ძალებთან. სახარებაში ნათქვამია, რომ ადამიანის ბედნიერება დამოკიდებულია სიწმინდით ცხოვრებაზე. ღმერთს რომ სურვებოდა, იგი ყველა ჩვენგანს დაანახვებდა თავის მომავალს, მაგრამ სახარებაში ისიც არის ნათქვამი, რომ ჩვენ მარადის უნდა ვფხიზლობდეთ და ვლოცულობდეთ, რაკიღა უცნობია, რა დროს დადგება ჩვენთვის სამსჯავროზე წარდგომის ჟამი.
როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი შიში და მოწიწება?
- 1. ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა.
2. ხშირად უნდა ესწრებოდეს მღვდელმსახურებას ტაძარში.
3. უფროსებმა მისი ხელებით უნდა დაანთონ სანთლები ხატების წინ, მიაწოდონ მოსახსენებელი, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი.
4. ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
5. უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საზრდელის მიღებამდე.
6. შევასწავლოთ ლოცვები.
7. მღვდელმსახურთან შეხვედრისას ვასაწვლოთ მისგან კურთხევის აღება.
8. მივაჩვიოთ ოჯახში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას.
9. ბავშვის თანდასწრებით უნდა წარვმართოთ კეთილმორწმუნე საუბრები ღმერთზე და სულის ხსნაზე.
10. უნდა მიაჩვიოთ ტკბილეულის, თვით პურის ნაჭრის გაყოფას ძმებისათვის, დებისათვის და გარეშე პირებისათვის.
- მათი შენახვა, როგორც მხატვრული ღირებულების ნიმუშებისა, ცოდვა არ არის. არ შეიძლება მათი სალოცავად გამოყენება.
შეიძლება თუ არა ბავშვის ცემა და ცოდვა ხომ არ არის ეს?
- ბავშვი არ უნდა დაისაჯოს მშობლის აღგზნებული მდგომარეობის გამო და უხეშსიტყვიერებით, რათა არ იფიქროს - ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ თავშეუკავებელი მშობელი ჰყავს, რომელიც უბრალოდ უგუნებოდაა. დასჯა უნდა იყოს გამოსწორების მიზნით და არა მრისხანების დასაცხრომად.
- გიშრის ჯვრის გაბზარვის მიზეზი შეიძლება იყოს თვით ქვის ხარისხი და არა ავი თვალი. რაც შეეხება ამ ფაქტურის მქონე მასალისგან გამოკვეთილი ჯვრის ტარებას, მშვიდად შეგიძლიათ ატაროთ.
როგორ შეესაბამება „არა კაც ჰკლა“ მამულის დასაცავად ომში წასული მეომრის ფსიქოლოგიას?
- წმიდა ათანასე ალექსანდრიელის კანონიკურ ეპისტოლეში ამონ მონაზვნის მიმართ, ნათქვამია: „ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“.
მიზანშეწონილია თუ არა ქორწინება მაისის თვეში?
- მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა შეკითხვა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა «В мае венчаться - всю жизнь маяться» („მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო“), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.
- ვინც თავისი მოძღვრისგან სხვა მღვდელმსახურთან მიდის საკუთარი ცოდვების დასაფარავად და მალულად მოსანანიებლად, იგი თვით სინანულისა და აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფს. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და არა მღვდელს. არსებობს ცრუ სირცხვილი, რომელიც წინ ეღობება ადამიანის გულახდილობას. ამიტომ ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, რომ მივდივართ არა ადამიანის წინაშე ცოდვების საღიარებლად, არამედ უფლის წინაშე. რადგან მოძღვარი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სწორ რელიგიურ ცხოვრებას წარმართავს, მას უნდა ვუთხრათ ყოველივე დაუფარავად, რათა სწორი მკურნალობა მივიღოთ მისგან. სწორედ ის ცოდვები, რომლებიც სასირცხვილოდ მიგვაჩნია, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მკურნალობის უმთავრესი ორიენტირი.
შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?
- ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეიძლება - ეს ადგილი წმიდად უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაბინძურდეს. დღეისათვის, საზოგადოდ, ამ აქტს დაეკარგა მსხვერპლშეწირვის არსი, რომელიც ძველ აღთქმაში ჰქონდა. მაშინდელი მსხვერპლშეწირვა, მას შემდეგ, რაც ქრისტემ ნებაყოფლობით იტვირთა ჩვენი ცოდვები ჯვარზე გაკვრით, შეიცვალა უსისხლო მსხვერპლშეწირვით. დღეისათვის ცხვრის დაკვლა უკავშირდება მოწყალების გაცემას - ამიტომ ხშირად მას ასეც უწოდებენ - „საღვთოს“! („საღვთო“ ნიშნავს, რომ დაკლული ცხვარი უნდა გაუნაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებს, რითაც ვიქმთ საღვთო მადლიან საქმეს და არა იმას, რომ თვით ჩვენ შევექცეთ და ჩვენი უწესრიგობით უფლის საწინააღმდეგო საქმეები ჩავიდინოთ).
- უფლის მიმართ რაიმე პირობის დადება არ არის შესაფერისი საქციელი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რადგან, როგორც წმიდა წერილი გვამცნობს, საკუთარი ძალისხმევით ადამიანს ერთი თმის ღერის შეცვლაც კი არ შეუძლია. უფალს აღთქმა იმიტომ არ უნდა დავუდოთ, რომ ჩვენ, შესაძლოა, ვერ შევძლოთ მისი აღსრულება, მაგრამ თუ მაინც ვდებთ ასეთ პირობას, მაშინ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ მის შესასრულებლად; თუ ცხვარს ვერ დავკლავთ (ანუ ამ გზით ვერ ვიქმთ მოწყალების მადლს), მაშინ მისი საფასურის შეწირვა შეგიძლია ეკლესიისთვის - ჯანმრთელის სადღეგრძელოდ თუ გარდაცვლილის მოსახსენიებლად.
- ადამიანზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს - აღსარებას ამბობს და ეზიარება - ჯადო არ მოქმედებს. თავისთავად ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა. ჯადოს მოხსნისთვის პირველ რიგში აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, ხოლო კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც კითხულობს ეპისკოპოსი, ან მისი კურთხევით, რომელიმე მღვდელმსახური.
რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?
- ცოდვა გვაშორებს მადლს უფლისას. ყოველი ცოდვა, სინანულისაგან განუწმენდელი, საკუთარი ტვირთის სიმძიმით იწვევს სხვა ცოდვას.
- უნდა შეწყვიტოთ ლოცვა (სიყვარული ყოველივეზე აღმატებულია), მიიღოთ სტუმრები და როდესაც წავლენ, განაგრძოთ ლოცვა.
- უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ, რომელთაგან მრავალნი ბერები იყვნენ. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომაც, მრავალი უძველესი ხატი სასწაულთმოქმედი გახლდათ. დღეისათვის ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და, ასევე, მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული ხატები, მათ უნდა მოვეპყრათ კეთილმოშიშებითა და კრძალვით. უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ. ხოლო, თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ. თუკი თქვენს მიერ შეძენილი ან საჩუქრად მიღებული ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს თქვენში, მის თაობაზე აუცილებლად უნდა დაეკითხოთ მღვდელმსახურთ. მორწმუნეებს სახლში, როგორც წესი, აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმინდანის, აგრეთვე განსაკუთრებული პატივით მოსილი წმინდანებისა. რაოდენობრივად თქვენ არავინ არ გზღუდავთ: შეგიძლიათ იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გაგეხარდებათ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა) იგი უნდა დაიწვას, ან სუფთა ადგილას დაიმარხოს.
როცა მე დაღლილი ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება თუ არა ჩემს თავს ვაიძულო მოღვაწეობა?
- როცა თქვენ დაღლილი ხართ, არ არის საჭირო საკუთარი თავის იძულება. თუ სხეულს არ მისცემთ დასვენების საშუალებას და დაღლილობისას აიძულებთ თავს ილოცოთ, თქვენ არასოდეს არ გექნებათ სულიერი სიმშვიდე.
ზოგჯერ მთხოვენ ვილოცო მათთვის, მე კი ჩემთვის ლოცვაც არ შემიძლია.
- ნუ იტყვით უარს სხვისთვის ლოცვაზე იმ შიშის გამო, რომ თქვენთვისაც არ შეგიძლიათ ლოცვა. გეშინოდეთ იმისა, რომ თქვენთვისაც ვერ ილოცებთ, თუ სხვისთვის არ ილოცებთ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).
შეიძლება თუ არა დამოძღვრო უცხო, სხვა ადამიანი, როცა იგი არ გეკითხება?
- ბერ იოსებ ოპტინელს არ უყვარდა სხვების დამოძღვრა შეკითხვის გარეშე. ძველი მამებიც არ ასწავლიდნენ არავის, თუ არ შეეკითხებოდნენ, თვლიდნენ რა ამას უქმმეტყველებად.
მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?
- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?
- ტელესერიალები თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი ფილმებისაგან. იგი პერმანენტულად გრძელდება თვეობით; ზოგჯერ კი წლობითაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ხელოვნების ნიმუში ძალზე მდარე ხარისხისაა (ამის გამო აჩლუნგებენ ადამიანთა ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ-ერთი ზიანი და ბოროტებაა), ისეთნაირად არიან გადაწყვეტილნი, რომ ითრევენ მაყურებლებს და ამ უკანასკნელთ აღარ აქვთ უნარი, მოწყდნენ მათ. ტელესერიალები აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. ამის გამო აშორებენ რეალობას და ამით ღმერთსაც, რამეთუ ადამიანი ღმერთს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. ტელესერიალები ადამიანებს დღის განმავლობაში ართმევენ გონებრივი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის საუკეთესო დროს - 19-21 საათის შუალედს. ისინი ადამიანს აჩლუნგებენ გონებრივად და აგიპნოზებენ სულიერად. ყოველივე ზემოთქმულის გამო ტელესერიალების ყურება აუცილებლად შეაფერხებს ადამიანის სულიერ განვითარებას.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?
- ტყუილის მამად წმ. წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვაა. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება წმ. თევდორე მღვდლის მიერ მომხვდურთა არასწორი გზით წაყვანა. მან ფორმით ტყუილი თქვა, მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოძღვარმა ქართველთა მეფის ადგილსამყოფელის შესახებ სიმართლე დამალა, რითაც სამშობლო მორიგი უბედურებისაგან იხსნა. ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია. ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ რიგ შემთხვევებში იგი ვერ ჩაითვლება ტყუილად, თუნდაც გარეგნულად ეს ასეთად ჩანდეს. მაგრამ ღრმა სულიერება სჭირდება გარჩევას, როდის ითქმება ტყუილი და როდის სიკეთისათვის სიმართლე იფარება; ადამიანიც ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, რომ ანგარებისა და გამორჩენის მიზნით ნათქვამი აშკარა ტყუილი სიკეთის მომტან სიმართლის დაფარვად ანუ "საქმისათვის საჭირო" ტყუილად არ მოეჩვენოს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
- წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ყველაფრით, ყოველი ჩვენი საქმიანობით, ყოფითი ცხოვრებით ღმერთი უნდა ვადიდოთ. რელიგიური გაგებით ადამიანი დინამიური არსებაა. იგი ან უახლოვდება ან შორდება მას. თუ შენი ცხოვრებით ღმერთი არ იდიდება, მაშინ ცილდები უფალს; თუ შენი გზა ღვთისკენ არ მიდის, მაშინ სცილდები მას. და სწორედ ეს არის ცოდვა. ამგვარი შეფასებით აშკარა ხდება ცოდვიანობა თამბაქოს წევისა. შეიძლება შედარებაც კი მოვიყვანოთ: მაგალითად, ჭიქა ღვინით შეიძლება ღვთის დიდება. ეს ქართულ სუფრაზეც კარგად ჩანს, ხოლო სიგარეტის გაბოლებით ვერანაირად ადიდებ უფალს - პირიქით, გაბოლება და იმავდროულად უფალზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს წმ. ხატებთან ხდება, რა თქმა უნდა, ღვთის შეურაცხყოფაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს თამბაქოს და მისი მოწევის წარმართული წარმომავლობაც. იგი ხომ ამერიკელი ინდიელების საკმეველია და კმევის ფორმაც რომ უცვლელად გადმოვიღეთ!!!
მწეველი კაცი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და ამით გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კარგავს.
და რაც მთავარია, თამბაქოს წევა მწეველისათვის გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. ადამიანი რელიგიური არსებაა. მის პიროვნებას ვერაფერი ავსებს. იგი ყოველთვის "რაღაცას" ეძებს, გრძნობს სიცარიელეს და მის შესავსებად სიგარეტს იყენებს. აფორიაქებულია და ეძებს სიმშვიდეს, რის მისაღწევადაც კვლავ თამბაქოს მიმართავს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში და ბოლს უშვებს შიგნით. ვერ გუობს მარტო ყოფნას, რადგან ასეთად შექმნა იგი გამჩენმა და სიგარეტს იხდის მეგობრად. ღმერთი უნდა უყვარდეს და მის გარეშე ვერ უნდა ძლებდეს, მას კი თამბაქო უყვარს და არ შეუძლია მის გარეშე.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მწეველი ისევე ცოდავს, როგორც მრუში, მკვლელი, ქურდი, მკითხავი, დედის მაგინებელი, მემთვრალე და ა. შ. მაგრამ თუ იგი უფლის სიყვარულისათვის თამბაქოს წევას თავს არ დაანებებს, მაშინ ეს ჩვევა შეიძლება სასიკვდილო ცოდვას გაუთანაბრდეს.
რაც შეეხება მწეველ მღვდლებს - მღვდელი არ არის უცოდველი. იგი შეიძლება სხვადასხვა ცოდვით სცოდავდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, თამბაქოს წევითაც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მღვდლის მიერ რაიმე ცოდვის ჩადენა (ოღონდ არა სასიკვდინესი; თამბაქოს წევას კი ვერ ჩავთვლით სასიკვდინედ) ვერც ამ კონკრეტულ ცოდვას დააკანონებს და არც მის მღვდლობას გააუქმებს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
- ეკლესიას ეკრძალება ყოველგვარი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა. გაუგებარია, რატომ ახსენებენ მკალავიშვილს და მის მომხრეებს მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად. ისინი ისევე არ არიან მართლმადიდებლები, როგორც სექტანტები. მართლმადიდებლობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. მართლმადიდებლობა და ეკლესია რელიგიური სინონიმებია, ხოლო მკალავიშვილი განკვეთილია მსოფლიო (არა მხოლოდ ქართული) ეკლესიიდან, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულიდან (იგი არც ბერძნულ ეკლესიაშია). მართლმადიდებლები სექტების მიმართ მკალავიშვილის საქციელს, ქმედებას აღვიქვამთ, როგორც ორ სხვადასხვა სექტას შორის დაპირისპირებას.
რაც შეეხება სექტების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, ისინი არასოდეს ყოფილან და ვერც იქნებიან პრობლემა ეკლესიისათვის. სექტანტები ვერასოდეს დაასუსტებენ ეკლესიას. თავისი მამა-პაპის სჯულის მოღალატე ეკლესიაშიც დარჩენილი, ყოველთვის ცუდი ქრისტიანი, პოტენციურად უფლის მოღალატე, ანუ იუდა იქნებოდა. მაგრამ სექტანტები პრობლემას სახელმწიფოს უქმნიან. ასუსტებენ მის ძლიერებას, არღვევენ მთლიანობას, უკარგავენ მებრძოლ სულს. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით ისინი ერის მოღალატენი არიან; ხოლო ჩვენთვის, ეკლესიისათვის კი უძღები შვილები და დაკარგული ცხვრები, რომლებიც კვლავ სიყვარულით უნდა მოვიზიდოთ დედა ეკლესიაში არა ჩვენი საჭიროებისათვის, არამედ მათი სულების გადასარჩენად და სახელმწიფოს ძლიერებისთვის.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?
- არარელიგიურად მცხოვრებ ადამიანს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ბოროტ პიროვნულ სულზე, ანუ ეშმაკზე; ან სულაც არ სწამს მისი არსებობა. მაგრამ სწორი სულიერი ცხოვრების მქონე ქრისტიანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი არსებობს; იცნობს მის ხრიკებსა და ბრძოლის მეთოდებს; იცის, როგორ ებრძოლოს და როგორ დაიცვას თავი. ეშმაკი მაშინ უწყებს ნამდვილ ბრძოლას ადამიანს, როცა იგი გადაწყვეტს ქრისტეს მოწაფე, ანუ ქრისტიანი გახდეს.
ბოროტი სულის ბრძოლა ადამიანისადმი ამ უკანასკნელის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარია. მნიშვნელოვნად მძვინვარდება ეშმაკი, როცა ადამიანი დიდი მადლის მისაღებად, ანუ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობისთვის ემზადება. განსაკუთრებით არ უყვარს ბოროტ სულს ზრდასრული ადამიანის პირველი აღსარება, რამეთუ აღსარებაში გამოხატული ნამდვილი სინანული ეშმაკს მონანიეზე ძალაუფლებას აკარგვინებს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ადამიანმა იცის აღსარების სწორად თქმა, იცის, რა არის სინანული და სწავლობს მას (სინანულს).
გასაგებია, რომ აქ უდიდესია მოძღვრის როლი. ამიტომ ადამიანმა ქრისტიანული ცხოვრება (მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოუწოდა) უნდა დაიწყოს მოძღვრის შერჩევით და მასთან ურთიერთობით. მოძღვარი კი თავად მოამზადებს მას აღსარებისთვის, რაც ეშმაკის ბრძოლას შეასუსტებს. ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ სულიერი ცხოვრება არა აღსარებით, არამედ მოძღვრის შერჩევით იწყება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?
- პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმ. ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შეთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზედაცაა ტაძარი აგებული) - მეოხება ღვთის წინაშე; პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?
- ანათემა ადამიანის წმ. ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმ. ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას. ასეთ დროს ანათემა წმ. ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმ. ეკლესიის წიაღში დაბრუნება).
ანათემით წმ. ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთზე არც ლოცვა შეიძლება და არც რაიმე საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემთხვევაში წესიც არ აეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო).
თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება ზეცაში"; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანის არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?
- ჯვრისწერა, ანუ ქორწინება ღვთის კურთხევაა იმ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იწყება მათი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. წმ. ეკლესიას უფლისგან მინიჭებული აქვს რა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, ქორწინების საიდუმლოებაში ერთ არსებად (სამარადისოდ) ადუღაბებს ორ პიროვნებას და უფლისმიერ მოითხოვს, რომ ღვთისაგან შეერთებულებს კაცნი ნუ განაშორებენ. ამიტომაც განქორწინება ღვთის საწინააღმდეგო და არაბუნებრივი ქმედებაა.
განქორწინება (ჯვრის აყრა) განსაკუთრებული ღვთისმსახურების გარეშე ხდება: ეპისკოპოსი ღვთისაგან მინიჭებული ძალაუფლებით, სიტყვიერად გახსნის ცოლ-ქმარს, რის შედეგადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხდებიან.
განქორწინება დიდი ცოდვაა და იგი ისეთ უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, შვილიერების უუნარობა (სექსუალური დარღვევები), ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახში უზნეობის დამკვიდრების სურვილი, ან მეუღლის იძულება არასწორ რელიგიურ ცხოვრებაზე, სადიზმი და მსგავსი არაჯანსაღი გამოვლინებები.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?
- ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ადამიანი თავად ირჩევს რაც სურს. ადამიანი რელიგიური არსებაა და იგი საკუთარი რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს; ანუ თუ არ სურს ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან ურთიერთობა (ღმერთთან ურთიერთობა არის სწორედ რელიგია), ქმნის თავის ჭეშმარიტებას, თავის ცრუ რელიგიას (ხშირად დაცემულ ანგელოზთა ზეგავლენითაც).
ღვთისადმი არასწორ დამოკიდებულებას, ან არამართებულ წარმოდგენას უკვე კაენთან ვხვდებით და ეს კაენის თავისუფალი არჩევანი იყო; ქრისტეს მკვლელობის გადაწყვეტილება იუდეველთა თავისუფალი არჩევანი იყო; მოციქულთა თავგანწირვა ქრისტესათვის ასევე თავისუფალი არჩევანი იყო. ისიც თავისუფალი არჩევანია, როდესაც ქართველი კაცი არად დაგიდევთ წინაპართაგან საკუთარი სისხლით მოტანილ მართლმადიდებლობას და ბაბტისტი ან "იეღოველი" ისე ხდება, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს მართლმადიდებლობაზე.
შენი ნებაა რას მოიმოქმედებ: თვალცრემლიანი და უფლის ტკივილების გამზიარებელი ჯვარცმული ქრისტესთან იდგები, ან "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე"-ს იყვირებ, თუ არც ერთთან იდგები, არც მეორესთან და ქრისტეს მკვლელობის დროს გულარხეინად მიწას გათოხნი... ყველაფერი შენი ნებაა და შენი არჩევნით წარსდგები მართლმსაჯული ღმერთის წინაშე.
ძალზედ ადვილი დასანახია და ადამიანი ძალით თუ არ დაიბრმავებს თავს, დაინახავს, რომ ყოველი ნიბიჯი ქრისტიანობიდან არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი ცუდისკენ. ყველა რელიგია ზნეობრივად და ლოგიკურად უსასრულოდ ჩამორჩება ქრისტიანობას; და - მართლმადიდებლობა ერთადერთია, რომელიც შეურყვნელად ინახავს მოციქულთა მოძღვრებას და ტრადიციას.
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?
- ღმერთთან ურთიერთობა უაღრესად საიდუმლო ხასიათს ატარებს. იგი მამაა ჩვენი და ღვთისადმი თქვენობით მიმართვა მასთან გაგვაუცხოებს. ღმერთი ყველაზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნებაა ჩვენთვის. იგი მეგობარია ჩვენი და ბუნებრივია მას მხოლოდ შენობით უნდა მივმართოთ. სხვანაირად ეს სიახლოვე (მისგან მომდინარე) დაიკარგება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
- მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა.
ნამდვილი რელიგიური ცხოვრება მორწმუნეს ქრისტესადმი სიყვარულს უნდა ასწავლიდეს, ხოლო სიყვარული ღვაწლისა და თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც არ გვეთმობა მართლმადიდებლებს საუკუნეებში გამოტარებული ტრადიციებით გადმოცემული ღვთისმსახურების და საერთოდ, რელიგიური ცხოვრების სიმკაცრე.
მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურღიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომით და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორღანო მუსიკის მოსმენა დარბაზებშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში ლოცვა (არამარტო ტაძარში) ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
რატომ უნდა შევიდეს ტაძარში ქალი ან გოგონა აუცილებლად თავსაბურველით
- ქალის თავსაბურველით ლოცვას საფუძველი წმ. წერილში აქვს. თავსაბურველი თავმდაბლობის გარეგანი გამოხატულებაა. იგი ქალს შეახსენებს, რომ დედაკაცი მამაკაცისთვის შეიქმნა, რათა მისი შემწე იყოს. თავსაბურველი ნიშანია, რომ ცოლის თავი არის ქმარი, ქმრის თავი კი ქრისტეა.
ქმრის შემწეობა და მორჩილება არ ამცირებს ცოლის ღირსებას. პირიქით, რადგან ქმრის მოვალეობა ღმერთს მიმსგავსება, განმღრთობაა, ამიტომ ამ დიად საქმეში ცოლის ქმრისადმი შემწეობა დედაკაცის ღირსების საქმეცაა (ეხმარება მამაკაცს) და საკუთარი განმღრთობის აუცილებელი პირობაც. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თავდაუბურავი ლოცვა ღვთის ურჩობაა და თუ ქალი ლოცვისას შეგნებულად არ იბურავს თავს, შეიწირება კი მისი ლოცვა ღვთის წინაშე?
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
- მართლმადიდებელი ეკლესია არის თითქმის ყველა ქვეყანაში, ამიტომ მსგავსი პრობლემა თითქმის არ არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, მორწმუნეს შეიძლება საცხოვრებელ ადგილას ჰქონდეს წმ. ხატები და სახლში ილოცოს. თუ კონკრეტულ კათოლიკურ ტაძარში რაიმე სიწმინდეა (განხეთქილებამდე რომელიმე წმინდანის წმ. ნაწილები, ხატი ან სხვა), მაშინ შეიძლება ამ სიწმინდეების წინაშე ლოცვა, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება კათოლიკეთა საერთო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა (თუნდაც ამ სიწმინდეების წინაშე).
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
- შეიძლება, სანამ ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ თუ ამ სასიკვდინე ცოდვებში აღესრულებიან, უკვე აღარ შეიძლება. თუმცა, მათ გარკვეულწილად იქნებ წაადგეთ მოწყალება, რომელსაც მათ სახელზე გასცემთ.
- ნათლობამდე ჩადენილი მცირედი ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ცოდვების მონანიება გმართებთ მოძღვართან (მით უფრო, თუ ადამიანი აპირებს სასულიერო მოღვაწეობას - მაშინ მან ყოველი ის ცოდვა უნდა მოინანიოს, რომელიც ჩაუდენია).
- თვითმკვლელობაში ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა. თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის (თუმცა აქაც არის გარკვეული დეფინიცია) დროს ეკლესია აკურთხებს წესის აგებას. მაგრამ, როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო - ასეთ ადამიანზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით ამ ადამიანის მონაწილეობით. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ღმერთი ძალად ვერავის აცხონებს, თუ ადამიანი თვით ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას. ადამიანისთვის, ვინც დაგმო ღვთის არსებობა და მისი ყოვლადმოწყალება - კატეგორიულად არ შეიძლება ლოცვა. მის სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)
საინტერესოა, აბორტის ცოდვა მარტო ქალებზე ვრცელდება?
- აბორტი დედის წიაღში მყოფი უმწეო ბავშვის ბარბაროსული დაჩეხვაა. რადგან შვილი მამისაცაა და ბავშვის მკვლელობაში დედასთან და "ექიმთან" ერთად მამა და ოჯახის დანარჩენი წევრებიც მონაწილეობენ (თავიანთი არჩევით ან დასტურით), ღვთის სამსჯავროზე ყველანი ისე გასამართლდებიან, როგორც მკვლელნი.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)