ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეათე

(თ. 10, მ. 1-9)

და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.

ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას.

ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?

ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად.

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე.

ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

წამოვიდა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ.

მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება?

ხოლო მან პასუხად თქვა: რა გამცნოთ მოსემ?

მათ მიუგეს: მოსემ ჩვენ დაგვრთო გაყრის წერილის დაწერისა და გაშვების ნება.

იესომ პასუხად უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს მცნება.

შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა.

ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას,

და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.

ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს უბოროტო ხალხს; მაშინ როდესაც იერუსალიმი, იუდეველთა ვერაგობის გამო იყო შუაგული ყოველნაირი ღვარძლისა. და შეხედე, თავიანთი ღვარძლის გამო როგორ სცდიან უფალს, რადგან არ შეიძლიათ იმის ატანა, რომ ხალხმა ირწმუნოს მისი, არამედ ყოველთვის იმ განზრახვით მიდიან მასთან, რომ გასაჭირში ჩააგდონ და მიიმწყვდიონ იგი თავიანთი კითხვით. ისინი სთავაზობენ ისეთ კითხვას, რომელიც ორ ცეცხლს შუა ჩააგდებს მას; ნებართული თუა, ეკითხებიან, კაცმა თავისი ცოლი გაუშვას? ვინაიდან იტყოდა იგი, რომ ეს ნებადართულია, თუ იყოდა, რომ არ არის ნებადართული, ნებისმიერ შემთხვევაში დაადანაშაულებდნენ მოსეს სჯულის წინააღმდეგობაში. მაგრამ ქრისტე, ყოვლადბრძენი თვითარსი, პასუხობს მათ ისე, რომ იცილებს მათ მახეს. იგი ეკითხება, თუ რა ამცნო მათ მოსემ, ხოლო როდესაც პასუხობენ, რომ მოსემ ამცნო ცილის გაშვება, ქრისტე უხსნის მათ თავად სჯულს. მოსე, ამბობს იგი, არ იყო ისე უმოწყალო, რომ ასეთი მცნება მოეცა, მაგრამ მან დაწერა ეს თქვენი გულქვაობის გამო. იცოდა რა ებრაელთა არაადამიანურობა, იმგვარი, რომ მოკლავდნენ მას, მოსემ ნება დართო, რომ ქმარს გაეშვა ცოლი, რომელიც არ უყვარდა. მაგრამ დასაბამიდან ესე არ იყო:ღმერთი ორ პირს აერთიანებ ცოლ-ქმრული კავშირით, ისე რომ ისინი ერთს შეადგენდნე. ტოვებენ რა თავიანთ მშობლებსაც კი. დააკვირდი, რას ამბობს უფალი: უფალი არ რთავს მრავალჯერ ქორწინების ნებას ისე, რომ ერთი ცოლის გაშვება შეიძლებოდეს და მეორის შერთვა, ხოლო შემდეგ ისევ დატოვო ეს და სხვა შეირთო. ღმერთს, ეს რომ სდომოდა, იგი ქმარს ერთს შექმნიდა, ხოლო ცოლებს მრავალს; მაგრამ ასე არ მოხდა, არამედ „შექმნა ღმერთმა მამაკაცი და დედაკაცი, რათა ქმარი ერთ ცოლს შეერთოს. გადატანითი მნიშვნელობით ეს შეიძლება ასე გავიგოთ: სიტყვას მოძღვრებისა, აგდებს რა კეთილ თესლებს მორწმუნე ადამიანის გულში, ქმრის მნიშვნელობა აქვს მისი მიმღები სულისათვის, ხოლო დაუტევებს (სიტყვა მოძღვრებისა), „მამას თვისას“, - მაღალფარდოვან გონებას და „დედას თვისას“, - კაზმულ მეტყველებას. და შეერთვის „ცოლსა თვისას“, ანუ სარგებელს სულისა, მოერგება მას და ხშირად არჩევს არამაღლფარდოვან აზრებსა და უბრალო მეტყველებას. და მაშინ ორივენი ერთ ხორც შეიქმნებიან, ანუ სულს სწამს, რომ სიტყვამ (ღმრთისა) ხორცი შეიმოსა“, და უკვე არანაირ ადამიანურ გულისთმას არ შეუძლია განაშოროს სული ამგვარ რწმენას.

(თ. 10, მ. 10-12)

და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:

უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.

და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.

სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე.

და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.

ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.

რამდენადაც მოწაფენიც ცდუნდებოდნენ (ქმრისა და ცოლის გაყრის თაობაზე), ამდენად ისინიც მიდიან მასთან და იმავეს ეკითხებიან.მათი აზრთა წყობა ჯერ კიდევ მთლად ჯანსაღი არ იყო. უფალი პასუხობს მათ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავ, იგი მღუშობს ამ მეორე ცოლთან; ასევე ცოლიც, დატოვებეს რა ქმარს და სხვაზე გათხოვდება, მრუში ხდება.

(თ. 10, მ. 13-16)

და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს.

ვითარცა იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.

ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.

მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ.

ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.

მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.

დიდი იყო რწმენა ხალხში, როდესაც ქრისტეს მიერ მხოლოდ ხელდასხმასაც კი იღებდნენ, როგორც კურთხევას მასთან მოყვანილი ბავშვებისათვის. მოწაფეები კი არ უშვებდნენ მასთან მომყვანებს, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ეს არ შეეფერებოდა მას. ქრისტე რაღას იქმს? ასწავლის რა მოწაფეებს სიმდაბლესა და ამსოფლიური ქედმაღლობის უარყოფას, იგი შეიწყნარებს და ეხვევა ბავშვებს. ამით იგი უჩვენებს, რომ შეიწყნარებს უბოროტოებს. ამიტომაც ამბობს: „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი“. დააკვირდი, არ უთქვამს: ამ ბავშვებისაა „სასუფეველი ცათაი“, არამედ „ეგევითართა არს“, ანუ მათი ვინც ისეთსავე უვნებობას მოუხვეჭს, როგორიც ბავშვებს აქვთ ბუნებით. რამეთუ ბავშვეს არ შურს, არ ახსოვს ბოროტება. და ისჯება რა დედის მიერ, არ გარბის მისგან, არამედ ჯვალოს ტანსაცმელიც რომ ეცვას, დედოფალს ურჩევნია. ასევე, მართლათ მცხოვრებს ურჩევნია თავისი დედა ყველაფერს - ვგულისხმობ ეკლესიას - და არ იზიდავს ცხოვრებისეული საიმენი. სამაგიეროდ, უფალი ეხვავა ასეთებს, სიტყვებით: „მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ და აკურთხებს მათ, აუბნება რა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“. ცათა სასუფეველს უწოდებს აქ სახარების ქადაგებას და მომავალ სიკეთეთა აღთქმას. ამრიგად, ვინც მიიღებს ღმთაებრივ ქადაგებას, როგორც ბავშვი, ანუ სრულიად დაუფიქრებლად და არ დაუშვებს საკუთარ თავში ურწმუნოებას, იგი შევა ცათა სასუფეველში და მიიღებს მემკვიდრეობით იმ სიკეთეებს, რომლებიც უკვე შეიძინა რწმენით.

(თ. 10, მ. 17-22)

და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ.

მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?

ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.

გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?

იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა.

იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?

ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან.

იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

ზოგიერთები მცადარად წარმოადგენენ ამ ახალგაზრდას, როგორც ვერგსა და ცბიერ გამომცდელს. ეს ასე არ არის, იგი მხოლოდ ვერცხლის მოყვარე ადამიანი იყო და არა მომცდელი. ვინაიდან უსმინე, რას შენიშნავს მახარებელი: „იესუ მიჰხედა და შეუყვარდა იგი“. მაგრამ რატომ პასუხობდა ქრისტე ასე: „არავინ არს სახიერ?“ იმიტომ რომ იგი მივიდა ქრისტესთან, როგორც უბრალო ადამიანთან, როგორც ერთთან მრავალ მოძღვართაგან. ქრისტე თითქოსდა ასე ამბობს, თუკი შენ მომაგებ პატივს, როგორც უბრალო მასწავლებელს, ღმერთთან შედარებით არცერთი ადამიანი არ არის სახიერი. თუკი მაღიარებ მე ღმერთივით სახიერად, მაშინ რაღატომ მიწოდებ მხოლოდ მასწავლებელს. ასეთი სიტყვებით ქრისტეს სურს მიაწოდოს უმაღლესი აზრი საკუთარი თავის შესახებ, რათა მან შეიცნოს იგი, როგორც ღმერთი. გარდა ამისა ახალგაზრდის გამოსწორებისათვის, უფალი მას სხვა გაკვეთილსაც აძლევს: თუკი მას ვინმესთან საუბარი სურს, უნდა ისაუბროს მლიქვნელობის გარეშე, ხოლო საფუძველი და წყარო სათნოებისა ერთის ცოდნაა - ღმღტისა და მას უნდა მიაგებდეთ შესაფერის პატივს. თუმცა, მე მაოცებს ეს ახალგაზრდა იმით, რომ როდესაც ყველა სხვა ქრისტესთან სნეულებათაგან განსაკურნებლად მოდიოდა, იგი თავად სთხოვს საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებას - შეპყრობილი რომ არ იყოს იგი კიდევ უფრო ძლიერი ვნებით ვერცხლისმოყვარეობისა. ამ ვნების გამო, გაიგონა რა უფლის სიტყვები: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი ღარიბებს, იგი „წარვიდა მწუხარე“. დააკვირდი, ამასთან რომ უფალს არ უთქვამს: გაყიდე ნაწილ-ნაწილ და დაარიგე, არამედ გაყიდე ერთბაშად და დაურიგე, ოღონდ გლახაკებსა და არა პირმოთნეებს და გარყვნილებს; შემდეგ „შემომიდეგ“, ანუ შეითვისე ყველა სხვა სათნოებაც. ვინაიდან, ბევრია ისეთი, ვისაც სურს და არ არის მომხვეჭელი, მაგრამ არა მდაბალი, ანდა მდაბალია, მაგრამ არაა მღვიძარე, ანდა აქვს სხვა რაიმე მანკიერება. ამიტომაც უფალი არ ამბობს მხოლოდე „განყიდე და მიეც გლახაკთა“, არამედ „აღიღე ჯუარი, და მოვედ, და შემომიდეგი“, რაც ნიშნავს მზად იყოს სიკვიდლისათვის მის გამო. „ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყვისათვის და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად“.ტულად არ არის დამატებული, რომ „აქუნდა მონაგები ფრიად“: ვინაიდან ციტას ქონაც კი ცუდია და სახიფათო, ხოლო მრავალი მონაგების, საკრველთაგან განთავისუფლება, სულაც შეუძლებელი. მაგრამ ის ვინც, ყმაწვილია სულიერად, თავქარიანი, უყურადღებო აზრებით, არ იმართება გონების მიერ, დაე ასევე გაყიდოს თავისი მონაგები: როგორიცაა: მრისხანება და ავხოცრობა, ყველაფერი იმით, რაც მისგან წარმოსდგება და მისცეს, გადაუგდოს ეშმაკებს, რომლებიც არსებითად გლახაკები არიან, მოკლებული ყოველგვარ სიკეთესა და სიმდიდრეს, ვინაიდან მოაკლდნენ ღმრთის მადლს. და შემდეგ გაჰყვეს ქრისტეს. ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია გაჰყვეს ქრისტეს, ვინც უარყოფს ცოდვათა სიმდიდრეს, რაც ეშმაკთა კუთვნილებაა. „განეშორე, ნათქვამია, ბოროტს“: ეს ნიშნავს, გადაუგდო ცოდვიანი სიმდიდრე გლახაკებს, ანუ სატანურ ძალებს: „და ჰქმენ კეთილი“, - რაც ნიშნავს, გაჰყვე ქრისტეს და აიღო მისი ჯვარი.

(თ. 10, მ. 23-27)

და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.

ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!

უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად?

მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.

ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?

იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.

სიმდიდრე კი არაა, თავისთავად ბოროტება, არამედ ვინც მას უფღტხილდება, იგია ბოროტი და გაკიცხვის ღირსი. ვინაიდან კი არ უნდა გქონდეს იგი, ანუ ინახავდე, არამედ ისარგებლო მისით. იგი იმიტომაც იწოდება სიმდიდრედ, რომ განკუთვნილია სასარგებლოდ გამოყენებისთვის და არა შესანახად. ამიტომაც მისთვის, ვინც მას უფრთხილდება და კეტავს, ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა. ხოლო სიტყვა „ძნელია“, აქ იგივეა, რაც შეუძლებელია. მდიდარი ადამიანისთვის მართლაც ძნელია ხსნა. ეს ჩანს იმ მაგალითით, რომელსაც უფალი მოაყოლებს, ამბობს რა: „უადვილეს არ აქლემი ხურელსა ნემსისას განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა, ღმრთისასა“. აქლემის ქვეშ იგულისხმება ან თავად ცხოველი, ან მსხვილი თოკი (ბაგირი), რომელსაც დიდ გემებზე იყენებდნენ. ამრიგად, ადამიანისთვის, სანამ იგი მდიდარია, შეუძლებელია გადარჩენა. მაგრამ ღმერთის მიერ ეს შესაძლებელია. ქრისტემ თქვა: „იხსენით თავისა თქვენისა მეგობარნი მამონაისა მისგან სიცრუვისა“. ხედავ, როგორ ხდება ყველაფერი შესაძლებელი, როდესაც ღმღტის სიტყვა გვესმის! „კაცთა მიერ შესაძლებელ არს“, ანუ შეუძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანურად ვსჯით. მაგრამ რატომ გაიკვირვეს მოწაფეებმა ამ სიტყვებზე? თავად ხომ არასოდეს ყოფილან მდიდრები? ვიფქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ყველა ადამიანზე ზრუნავდნენ, ვინაიდან უკვე ნელ-ნელა კაცთმოყვარენი ხდებოდნენ. ზოგიერთნი საგონებელში არიან ჩავარდნილნი, თუ როგორ თქვა ქრისტემ, რომ „ყოველი შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“. ნუთუ მას შეუძლია შესცოდოს კიდეც? ამაზე ჩვენ ვპასუხობთ, რომ როდესაც ქრისტე ამბობს: „ყოველივე“, გულისხმობს ყოველივე არსებითს, მაგრამ ცოდვა არ არის რაიმე არსების მქონე: ცოდვა არის რაღაც არაარსებითი, არაქმედითი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვა არის არა ძალის, არამედ უძლურების კუთვნილება, როგორც მოციქულიც ამბობს: „ქრისტე, ვიდრე იგი ჩვენ უძლურღა ვიყვენით... მოკუდა“ (რომ. 5. 6), და დავითიც ამბობს: „და გამრავლდეს უძლურებანი მათნი“ (ფსალ. 15, 4). მაშასადამე, ცოდვა, როგოც უძულურება, შეუძლებელია ღმრთისათვის. მაგრამ შეუძლია ღმერთს, ამბობენ, რომ არსებული გახადოს თითქოსდა არ არსებულად, სიცრუეა. მაშ როგორღა იქმს ჭეშმარიტება სიცრუეს? ამისთვის მას ჯერ საკუთარი არსება უნდა შეეცვალა. ამგვარად, საუბარი ნიშნავს იმასვე, რომ ღმერთს შეუძლია არ იყოს ღმერთი.

(თ. 10, მ. 28-31)

იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ.

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,

უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ.

დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.

იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და მრავალი უკანასკნელი - პირველი.

თუმცა პეტრემ მცირედი დატოვა ქრისტეს გულისათვის, მაგრამ ამ მცირედსაც „ყოველივეს“ ეძახის. როგორც ჩანს, მცირედსაც შეიძლება მიეჯაჭვო; ამიტომაც ნეტარების ღირსია ისიც, ვინც მცირედს ტოვებს. მხოლოდ პეტრე ეკითხებოდა ქრისტეს, მაგრამ უფალი ყველასთვის საერთო პასუხს აძლევს: ყველა, ვინც დატოვებს ცოლს ან დედას, ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ უმწეო მშობლეი დავტოვოთ, ანდა გავშორდეთ ცოლებს, არამედ გვასწავლის ღმღტის სათნოყოფა ვარჩიოთ ყოველივე ხორცილეს, ვინაიდან სახარების ქადაგებას უნდა მოჰყოლოდა ადამიანებს შორის უთანხმოების გაჩაღება, ისე რომ შვილებს უარი უნდა ეთქვათ მამებზე, ამიტომაც უფალი ამბობს: ვინც სახარების გულისთვის დატოვებს ხორციელ ნათესაობას და ყოველივე ხორციელს, ის ამ სოფელშიც მიიღებს ყველაფერს ასჯერ უფრო მეტს და მომავალშიც - საუკუნო ცხოვრებას. ამიტომ ცოლებსაც ასჯერ მეტს ხომ არ მიიღებს? და თუმცა, წყეული იულიანეც იცინოდა ამაზე, მითხარი, მაინც რას აკთებს სასარგებლოს ცოლი ქმრის მეურნეობაში? საერთოდ იგი ზრუნავს საკვებზე და ტანსაცმელზე ქმრისათვის და ამ მხრივ, ქმარს სავსებით უზრუნველყოფს. შეხედე, როგორ ხდება ეს მოციქულებთან. რამდენი ცოლი ზრუნავდა მათთვის ტანსაცმლისა და საკვებისა მისატანად და ემსახურებოდა მათ, ისე რომ თავად ისინი არაფერზე ზრუნავდნენ, გარდა სიტყვისა და სწავლებისა! ამის მსგავსად მოციქულებს მრავალი მამა და დედა ჰყავდათ, როგორებიც იყვნენ მათთვის ყველა მათი მოყვარული და მათზე გულითადად მზრუნველი. პეტრემ დატოვა ერთი სახლი, ხოლო შემდგომში ჰქონდა, (როგორც თავისი) ყველა სახლი თავისი მოწაფეებისა. მას ახლაც აქვს მთელს დედამიწაზე ნათელი სახლები - მისი სახელობის ტაძრები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდანებმა ყველაფერი ეს მემკვიდრეობით მიიღეს დევნილებაში, ანუ იყვნენ რა დევნილნი ქრისტეს რწმენისათვის და სასტიკ ტანჯვაში, მაგრამ მათი ტანჯვა არ იყო დამცირებული მათთვის. ვინაიდან ისინი, ჩანდნენ რა ამ სოფელში უკანასკნელნი, მათ მიერ გადატანილ მწუხარებათა და დევნილებათა მიზეზით, მომავალ ცხოვრებაში პირველი იქნებიან თავიანთი მტკიცე სასოების გამო ღმრთისადმი. ფარისევლები, იყვნენ რა პირველნი, გახდნენ უკანასკნელნი, ხოლო ისინი, ვინც ყველაფერი დატოვა და ქრისტეს გაჰყვა, პირველები გახდნენ.

(თ 10. მ. 32-34)

და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,

ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;

და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას:

აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, მიუსჯიან მას სიკვდილს და მისცემენ წარმართთ.

შეურაცხყოფენ, სცემენ აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი.

რატომ უწინასწარმეტყეველბს ქრისტე მოწაფეებს თუ რა მოელის მათ სულიერი განმტკიცებისათვის, რათა წინასწარ გაიგებდნენ რა ამის შესახებ, მამაცურად გადაეტანათ, როდესაც ეს აღსრულდებოდა და არ შეძრწუნებულიყვნენ მოულოდნელობისაგან; ამასთან, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ იგი საკუთარი ნებით ევნება, ვინაიდან ვინც წინასწარ განჭვრიტა ვნებანი, მას შეეძლო აეცილებინა კიდეც ისინი, ხოლო რამდენადაც არ გაექცა, ცხადია, რომ საკუთარი ნებით სწირავს თავს ტანჯვისათვის. რამდენადაც საკუთარ ვნებათა შესახებ, მხოლოდ უახლოეს მოწაფეებისთვის უნდა გაემხილა, ამიტომაც ის წინ უსწრებს ყველას გზაზე, სურს რა გამოაცალკევოს მოწაფეები ხალხისაგან. ასევე, თავისი წინსწრებით ყველასთვის და სიჩქარით გზაზე, უფალი გვიჩვენებს იმასაც, რომ იგი ესწრაფვის ტანჯვას და არ გაურბის სიკვდილს ჩვენ ხსნისათვის. ყოველივე, რასაც წარმოსათქვამს იგი ამ შემთხვევაში, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველფრის გამო იმით გვამშვიდებს, რომ „მესამესა დღესა აღდგეს“.

(თ. 10, მ. 35-38)

და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.

ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?

ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?

მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.

იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?

მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?

სხვა მახარებელი (მათე 20, 20) ამბობს, რომ მათი დედა (იაკობისა და იოანესი) მიუხედავად იესოს, მაგრამ როგორც ჩანს, ერთიც იყო და მეორეც: ამ ორმა მოციქულმა, რცხვენოდათ რა სხვების, წინ დედა გაგზავნეს, ხოლო შემდეგ თავადაც მიეახლნენ გამორჩეულად, როგორც ამას აღნიშნავს მახარებელი, ამბობ რა, „და მოვიდეს მისა“. ანი სხვებისგან განცალკვებით. რას ითხოვდნენ ისინი? ქრისტეს იერუსალიმში შესვლა, რომლის შესახებაც იგი მოწაფეებს ესაუბრებოდა, მათ ასე გაიგეს, რომ იგი მიდის ხორციელი მეფობის მისაღებად და უკვე გამეფების შემდგონ დაითმენს იმ ვნებებს, რომლებზეც წინასწარმეტყველებდა. ფიქრობდნენ რა ასე, ისინი ითხოვდნენ ქრისტეს მარჯვენით და მარცხენით დაჯდომას. ამიტომაც უფალი საყვედურობ მათ, როგორც ვერ გულისხმისყოფელთ, თუ რას ითხოვენ „არ იცით, - ამბობს, - რასა ითხოვთ“. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი მეფობა ხორციელი იქნება, ამიტომაც ხორციელად დაჯდომას ითხოვთ; არა, ეს ესე არაა: ეს ადამიანურ გაგებაზე მაღლა დგას და ჩემს მარჯვენით დაჯდომა ყველაზე უფრო დიადი რამაა, რომელიც აღემატება ანგელოზთა რიგსაც კი. ამასთან ტქვენ ოცნებობთ დიდებაზე, მე კი სიკვდილზე წასასველად მოგიწოდებთ. სასმისსა და ნათლობას იგი ჯვარს უწოდებს: სასმისს, იმირომ, რომ ჯვარს, როგორც ღვინით სავსე სასმისს, მალევე უნდა მიეყვანა იგი სასიკვდილო ძილამდე და იგი მზად იყო სასმისი ტანჯვისა მიეღო, როგორც მისთვის ტკბილი სასმელი; ნათლობას კი - იმიტომ, რომ ჯვარის მეშვეობით მან მოახდინა ჩვენი ცოდვების განწმენდა. მაგრამ მოწაფეები, რომლებიც ვერ გულისხმაყოფენ უფლის სიტყვებს, თავის მხრივ, იძლევიან დაპირებას, ფიქრობენ რა, რომ იგი გრძნობად სასმისზე ლაპარაკობს და იმ ნათლობაზე, იუდეველბს რომ ჰქონდათ, რომლებიც საზრდელის მიღების წინ იბანებოდნენ.

(თ. 10, მ. 39-40)

ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ.

ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს.

მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.

მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს.

თქვენო, ეუბნება, მოწამეობის ღვაწლში შეხვალთ და მოკვდებით ჭეშმარიტებისათვის, „ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით ჩემსა არა არს ჩემი მიცემად“, მაგრამ აქ წარმოიშობა ორი გაუგებრობა. პირველი: განმზადებულია თუ არა ვინმესთვის ეს დასჯდომელი? ვპასუხობთ: არავინ არ იჯდება არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ხოლო თუკი გესმის კიდეც, რომ წმიდა წერილში მრავალგზისაა საუბარი ამგვარ დასაჯდომელზე, იგულისხმება არა დასაჯდომელი (საკუთრივ), არამედ უმაღელის პატივი. ხოლო სიტყვებს: „არა არს ჩემდა მიცემად“ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: მე, სამართლიან მსაჯულს, არ მჩვევია მოგაგოთ თქვენ ამგვარი პატივი მხოლოდ თქვენდამი სიყვარულის გამო; სხვაგვარად არ ვიქნებოდი სამართლიანი, არამედ ამგვარი პატივი გამზადებულია მხოლოდ ღვაწლში მყოფთათვის. ეს იმის მსგავსია, რომ სამართლიანი მეფეს სხვებზე მაღლა დაესვა რომელიმე მოღვაწე, ხოლო მისი რჩეულნი მოსულიყვნენ და ეთქვათ მისთვის: „მოგვეცი ჩვენ გვირგვინები“, მაშინ მეფე, რაღა თქმა უნდა, უპასუხებდა „ჩემზე არ არის დამოკიდებული“, არამედ ვინც იღვაწებს და გაიმარჯვებს, გვირგვინიც მისთვისაა გამზადებული. ამრიგად, თქვენ, ზებედეს ძენო, შეგიძლიათ და ეწამებით კიდეც ჩემთვის; მაგრამ თუკი სხვა მოწამეობრივ ღვაწლთან ერთად, ყველა სხვა სათნოებაც ექნება ტქვენზე მეტი, მას უპირატესობა ექნება თქვენს წინაშე.

(თ. 10, მ. 41-45)

და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა.

ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?

ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;

და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა.

და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.

ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ.

ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ.

ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.

და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა.

რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად.

მოწაფენი, სჯიდნენ რა კვალაც ადამიანურად, შურით აღივსნენ, ამიტომაც გული მოსდით ამ ორ მოციქულზე. მაგრამ, როდის? როდესაც დაინახეს, რომ ამ უკანსაკნელთა თხოვნა არ შეიწყნარა უფალმა, არამედ უარი უთხრა, მაშინ აღშფოთდნენ. სანამ უფალი თავად ანიჭებდა უპირატესობას იაკობსა და იოანეს, სხვა მოწაფეები, ხედავდნე რა ამას, ითმენდნე; მაგრამ, როდესაც ამ ორმა მოწაფემ თავად დაიწყო თავისთვის პატივის თხოვნა, სხვებმა უკვე ვეღარ მოითმინეს. ისინი ამ დროს ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულყოფილნი! მაგრამ შემდგომში დავინახავთ, როგორ უთმობდა თითოეული მათგანი სხვას პირველობას. ახლა კი ქრისტე მკურნალობს მათ თავისთან, რაც აღინიშნება კიდეც სიტყვით „მოიხმო“. შემდეგ უჩვენებს, რომ სხვებისთვის პატივის წართმევა და პირველობისაკენ სწრაფვა, წარმართთა საქმეა. ვინაიდან წარმართი მმართველნი ძალით უმორჩილებენ სხვებს თავიანთ ძალაუფლებას. ჩემი მოწაფეები კი, ამბობს, ასე არ არიან: არამედ ვისაც სურს მათგან იყოს დიდი, დაე ყველას ემსახუროს, იმიტომ, რომ ესეც დიადი სულის ნიშანია - ყველასაგან დაითმინო და ყველას ემსახურო. ამისი მაგალითი კი იქვეა: „რამეთუ ძე კაცია არა მოვიდა, ვითარცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“, ეს კი უფრო მეტია, ვიდრე მსახურება. მართლაც, არა მხოლოდ ემსახურო, არამედ მოკვდე კიდეც იმისთვის, ვისაც ემსახურები, - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და შესანიშნავი? მაგრამ ამგვარი მსახურება და სიმდაბლე უფლისა იყო სიმაღლე და დიდება როგორც თავად მისთვის, ასევე ყველასთვის, ვინაიდან განკაცებამდე იგი ცნობილი იყო მხოლოდ ანგელოზთათვის, ხოლო განკაცებისა და ჯვარცმის შემდგომ, არა მხოლოდ აქვს ის დიდება (ზეციური), არამედ მიიღო სხვაც: და მთელს სამყაროზე მეფობს.

(თ. 10, მ. 46-52)

და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად.

და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.

ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა.

მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი.

ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.

როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!

ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!

იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.

მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.

იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!

იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.

მათე საუბრობს ორ ბრმაზე: და შესაძლოა, ორი იქნა განკურნებული; მაგრამ, როგორც ჩანს, ერთმა მათგანმა უფრო მეტად მიიქცია ყუადღება, იმან ვისაც ახლა მარკოზი იხსენიებს. მაგრამ შეხედე, როგორ სცემს თაყვანას ხალხი იესოს: უკრძალავს კიდეც ბრმას ყვირილს, თითქოსდა იქ რომელიმე მეფეს გაევლო. ხოლო ეკითხება იესო ბრმას იმიტომ, რომ არა თქვან, თითქოს ის იმას არ აძლევს, რაც ბრმას სურდა. და კეთილადგანმსჯელი იყო სული ბრმისა, ვინაიდან განკურნების შემდგომ მან არ დატოვა იესო, არამედ გაჰყვა მას. ხოლო (სხვაგვარად) შეიძლება ვიგულისხმოთ ასეც: ბრმა, რომელიც აქ ზის, არის სახე ადამიანური ბუნებისა, რომელიც ოდესღაც იშვილა უფალმა, ყოველგვარი მიწიერ პატივზე აღმატებული; სწორედ იგი უხმობდა ქრისტეს, რომელმაც იერიქონი, ანუ ეს სოფელი გაიარა. ხოლო ქრისტემ შეიყწალა იგი და აცხოვნა სარწმუნოებისდა შესაბამისად, როდესაც მან შემოიძარცვა ცოდვის ძველი სამოსელი. ცხონების მიღებასთან ერთად, იგი გაჰყვა მას (ქრისტეს), ასრულებდა რა მცნებებს თავის გზაზე, ანუ ამ ცხოვრებაში. ვინაიდან მხოლოდ ამ ცხოვრებაში შეიძლება გაჰყვე ქრისტეს, ხოლო მის შემდეგ უკვე იხურება კარები (ცხონებისა) და უკვე აღარ იქნება დრო ღმრთის მცნებათა აღსრულებისა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16