და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა,
წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ. |
როდესაც
მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა
თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. |
იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას, რათა ეს გარემოება მათი უმეტესი განსჯის მიზეზი გახდეს, როგორც იმათი, ვინც არ ირწმუნა ამდენი შესანიშნავი სასწაულის შემდეგაც. ვინაიდან იხილე, რამდენი ნიშანია აქ! უფალმა უთხრა მოწაფეებს, რომ ჰპოვებენ: „კიცვსა კარაულისასა“; უთხრა, რომ მათ აუკრძალავენ, ხოლო შემდეგ როდესაც მოწქაფეები ეტყვიან, რომ უფალს სჭირდება, დართავენ ნებას (წაყვანისა). ვინაიდან უმნიშვნელოა არაა ისიც, რომ მოციქულებს დართეს ნება წაეყვანათ კიცვი; ეს არ მოხდებოდა მათ მფლობელებზე ღმრთის ძალას, რომ არ ემოქმედა, რომელიც ვირის კიცვის გასაშვებად აღძრავდა. ისინი ღარიბი და მშრომელი ადამიანები იყვნენ და უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს ეს ყუილუბრალოდ არ გაუკეთებია, ვინაიდან მანამდე იგი არ ითხოვდა ვირის კიცვს, მაგრამ ფეხით მრავალგზის შემოივლიდა ხოლმე გალილეიასა და იუდეას, არამედ ამით მან აჩვენა, რომ წარმართ ხალხებსაც დაიმორჩილებს, ვირის კიცვივით ურჩებსა და უმეცრებს: ისინი დაბმულნი იყვნენ თავიანთი ცოვდებით „გარეშე შესავალთა“, ანუ ამ ცხოვრებაში „კართათანა“ ანუ ეკლესიის გარეთ. მაგრამ მოწაფეებმა ახსენეს ისინი ნათლობისა სარწმუნოების მეშვეობით და მათ ასწიეს თავიანთი მხრებით უფალი, ხოლო მოციქულებმა დააფინებს მათზე თავიანთი შესამოსელი, ანუ ყველა ჭეშმარიტი კანონი სათნოებისა. წინათ წარმართები იყვნენ რა შიშველნი, იყვნენ უმსგავსნი და უკანონო საქმეებს სჩადიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიყვანილნი იქნენ (ქრისტესთან) მოციქულთა მიერ, მათ ისწავლეს კეთილკრძალული სვლა, ამიტომაც შეძლეს ქრისტეს აწევა. ვინ იყვნენ ჩოჩორის მფლობელები, რომლებმაც აუკრძალეს მოციქულებს მისი წაყვანა? ეჭვგარეშეა, რომ ეშმაკები. თუმცა მოციქულები მათზე ძლიერები იყვნენ.
და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას
ზედა. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! |
მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და
ზედ შესვეს იგი. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! |
სანამ უბრალო ხალხი გარყვნილა, იგი შეიმეცნებს სასარგებლოს. აი, რატომ მიაგებს ახლა პატივს იესოს, თითოეული თავისი ზალისამებრ. მაგრამ რას ამბობდნენ ისინი, განადიდებდნენ რა მას? ხსენებული საგალობელი მათ დავითისგან ისესხეს. სიტყვა „ოსანა“, პირველთა აზრით, ცხონებას ნიშნავს, ხოლო მეორეთა აზრით - „გალობას“, მაგრამ პირველი აზრი უფრო უკეთესია, ვინაიდან 117-ე ფსალმუნში ნათქვამია „ჰოი უფალო“, მაცხოვნე მე“. ხოლო ებრაულად წერია „ოსანა“. დავითის მეუფებას ისინი უწოდებდნენ ქრისტეს მეუფებას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა დავითის თესლისაგან, მეორეც იმიტომ, რომ დავითი ნიშნავს ძლიერს ხელით. ხოლო ვინაა მეორე ისეთი ძლიერი ხელის, როგორიც უფალი, რომლის ხელებმაც ასეთი საკვირველი საქეენი მოიმოქმედეს? არამედ დავუფინოთ ჩვენც ჩვენი შესამოსელი, ანუ ჩვენი ხორცი, ვინაიდან ხორცი არის სამოსელი სულისა, დავუმორჩილოთ იგი უფალს. განუვმზადოთ ჩვენც ჩვენი ცხოვრების გზა, მოვჭრით რა ხეთაგან რტოებს, ანუ მივბაძავთ რა წმინდათა ცხოვრებას. ვინაიდან წმინდანნი ხეებს ჩამოჰგვანან, რომლისგანაც რტოებს ჭრის მათი სათნოებების მიმბაძველი. არამედ ჩვენი საქმეები, როგორც წინამორბედნი, ისე შემდგომნი, დაე ღმრთის სადიდებლად იყოს. ვინაიდან მავანთა წინამორბედ ცხოვრებაში კეთილი საქმე აჩვენეს; თუმცაღა პირიქით, მათი შემდგომი ცხოვრება ასეთი არ იყო და ღმრთის დიდებას არ ემსახურებოდა.
და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი
იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა. |
შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი,
უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. |
იესო შევიდა ტაძარში და მალე უკანვე გამოვიდა, გვიჩვენა რა ამით, რომ უკვე ტოვებს მას გასაპარტახებლად და განსაძარცვად. იგი მიდი ბეთანიაში, რაც ნიშნავს მორჩილებს სახლს, რადგან დატოვებს რა ურჩ და გულქვა ადამიანებს, ახლა მოწაფეებთან ერთად მის მორჩილებთან მიემართება. მაგრამ განვიხილოთ ლეღვის ამბავიც, რადგან აქ, როგორც ჩანს, ვლინდება რაღაც უცნაური და სასტიკი. ჯერ ერთი, იესოს ადრე მოშივდა; მეორეც, იგი ითხოვს ნაყოფს, როცა ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო ლეღვობისა და კიდევ ის რომ სჯის უგრძნობ ხეს. რადგან იმაში, რასაც იგი აქ ამბობს და აკთებს, განსაკუთრებული წინასწარგანზრახულებაა. აქამდე ხშირად იქმოდა იესო სასწაულებს, მაგრამ მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ. თუმცა მოწაფეებს ჯერ არ უნახავთ მას ვინმესთვის ბოროტება გაეკეთებინოს. ახლა, რათა უჩვენოს მოწაფეებს, რომ მას დასჯაც შეუძლია და თუკი მოისურვებს, შეუძლია ერთ საათსი დაღუპოს მისი ჯვარცმის მსურველნი, იგი თავის ძალას უგრძნობ ხეზე გვიჩვენებს. და სასწაული იყო მართლაც დიდი იმით, რომ ასეთი წვნიანი ხე მყისიერად გახმა. რადგანაც ლეღვი თითქმის ყველა ხეზე უფრო წვნიანია. ხოლო ის, რომ მას დილით ადრე მოშივდა, ეს მან თავისი სხეული განსაკუთრებული წინასწარგანზრახულებით მიუშვა და ნაყოფს დროზე ადრე ეძიაბეს იმ მიზნით, რათა, როგორც ზემოთ ვთქვი, უჩვენოს მოწაფეებს, რომ მას დასჯაც შეუძლია. ეს ლეღვის ხე კი, ამსთან ერთად, იყო სახე იუდეველთა სინაგოგისა, რომელსაც მხოლოდ ფოთლები ჰქონდა, ანუ სჯული, რომელიც მარტო ჩრდილს იძლეოდა, ხოლო ნაყოფი მათ სულაც არ ჰქონდათ. მაგრამ, იესოს მათი ცხონება მოშივდა. იგი ამბობს: „ჩემი წამადი არს, რათა ვყო ნებაი მომავლინებელისაი ჩემისაი“, ხოლო ეს ღმნრთის ნება იმაში მდგომარეობს, რომ მოაქციოს ცოდვილნი. რამდენადაც სინაგოგას არ ჰქონდა ნაყოფი, იგი დაწყველილ იქნა და განხმა, აღარც წარმოუშვია რა (ამის შემდეგ თავის წიაღში) აღარც წინასწარმეტყველნი და აღარც მოძღვარნი.
და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა
მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები
იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა. |
მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა
და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. |
იესოს მიერ მეკერპეთა გამოდევნის შესახებ ვიამბობს იოანეც, მაგრამ ის ამბობს ამის შესახებ სახარების დასაწყისში: ამის საწინაარმდეგოდ, მარკოზი - ბოლოსკენ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს (უაკანსკნელი) გამოდევნა იყო მეორე, რაც იმას ემსახურებოდა, რომ იუდეველნი უმეტესად განსჯილიყვნენ. რამდენადაც ისინი არ მოექცნენ, მიუხედავადა იმისა, რომ უფალი არაერთგზის ექცეოდა მათ ასე. ტაძარს იგი „ქუაბ ავაზაკთა“-ს უწოდებს მეკერპეთა ანგარებისდა გამო. რადგანაც ავაზაკთა მოდგმას ზარცვა სჩვევია. და რადგან გამყიდველები ტაძარში შესაწირი ცხოველებით ვაჭრობდნენ, ანგარების მიზეზით, მეკერმენი ფულის გადაცვლით იყვნენ დაკავებულნი. მათ მამხილებლად უფალი წინასწარმეტყველ ესაიასაც წარმოგვიდგენს, რმელიც ამბობს: „სახლსა ჩემსა, სახლ სალოცავ ეწოდოს“ (ესაია. 56, 7) ვილოცოთ, რომ ჩვენც არ გაგვაძევონ ეკლესიიდან! რადგან მრავალნი დადიან ჩვენს დროშიც ეკლესიაში იმისთვის, რომ გაყიდონ კეთილი და იყიდონ მდარე. არიან ისეთებიც, რომლებიც აწყობენ და მართავენ რა საეკლესიო საქმეებს, აქვთ მაგიდები, ფულით სავსე: ისინი ყველაფერს ანგარების გამო აკეთებენ. ემხობა აგრეთვე მტრედებთა გამყიდველი დასაჯდომლები, ანუ მთავარეპისკოპოსთა ტახტები, რომლებიც სულიერი შესაწირავით ვაჭრობენ, ვინაიდან მტრედი არის სახე სულიწმიდისა. დაე, განაგდოს უფალმა ამგვარი ეპისკოპოსი ეპისკოპოსობისაგან, რადგან წყეულია ის, ვინც ხელს დაასხამს ფულის გამო.ამის მსგავსად ყიდის მტრედს ისიც, ვინც მიჰყიდის ეშმაკს მადლსა და სიწმინდეს, რომელიც ნათლისღებით მიიღო. ამიტომაც განიგდება იგი ეკლესიიდან.
და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან. და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე. |
შებინდებისას ქალაქიდან
გამოვიდა. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმა-რიყო. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის. |
მართალია მათე ამბობს, რომ ლეღვის ხე მყისიერად გახმა და რომ მოწაფეებმა, როდესაც ეს იხილეს გაუკვირდათ, მაგრამ შენ ნუ შეცბუნდები, გემის რა ახლა მარკოზისგან, რომ მათ იხილეს გამხმარი ლეღვის ხე უკვე მეორე დღეს. მათეს მიერ თქმული უნდა გავიგოთ ასე: „და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ - აქ შეჩერდი, შემდეგ კი წაიკითხე: „ვითარცა იხილეს მოწაფეთა, დაუკვირდა“. როდის იხილეს? არა მაშინათვე, არამედ მეორე დღეს, ვისაც ასე ესმის, მას არანაირი გაუგებრობა არ შეეხვდება. დააკვირდი, როგორ გვევლინება აქ ქრისტე ღმერთად. რამეთუ წინასწარმეტყველთა პირით უფალი ამბობს: (წინასწარმეტყველება ეზეკიელისა 17, 24):
მაგრამ განკვირდი ღრმთის კაცთმოყვარობით იმაში, რომ ჩვენც, ღმრთისადმი მისგავსებულთ, რწმენის მეშვეობით გვაძლევს სასწაულთმოქმედ ძალას, რომელიც თავად მას ეკუთვნის ბუნებით. ისე, რომ ჩვენ შეგვიზლია მთებიც კი გადავდგათ. მთა, სულიერი აზრით არის ამპარტავანი გონება, რომელი ჰმაღლოის და ჯიუტობს. ამიტომაც, ვინც ხედავს თავს ამპარტავნის ვნებით ძლეულს, იგი ცდილობს რა განაგდოს იგი თავისაგან, ღმერთის თანამყოფობა და შეწევნა უნდა ეძიოს. ვინაიდან, ისაა ამპარტავანი, ვინც ამბობს, რომ ყველაფერს თავად აკეთებს და არა ღმრთის შეწევნით. ასეთმა ადამიანმა უნდა აუკრძალოს ამ მთას, ანუ ამპარტავნებას და უთხრას: „აღიფხვერ ამიერ და შტავარდი ზღუასა“, ანუ საერო ადამიანებში, ამა სოფლის ზღვაში რომ მყოფობენ და ურწმუნონი არიან თავად კი დაე, „არა შეორგულდეს“, ანუ ნუ უარყოფს ღმერთს, ვინაიდან: ამპრატავანი ღმერთს უარყოფს, ამბობს რა: მე არაფრით ვარ დავალებული ღმრთისაგან და არა ვსა-ჭიროებ მის შეწევნას.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ
მოიღოთ, და გეყოს თქუენ. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. |
ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ,
გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. |
ვისაც მტკიცედ სწამს, იგი თავის გულს ღმრთისაკენ მიაქცევს და დავითის სიტყვებით ვიტყვი, განჰფენს თავის სულს ღმრთის წინაშე; ხოლო ის ვინ სულით ღმრთისკენ მიიქცევა, მას შეურთდება და მისი გული, განხურვებულია რა (მადლით), რწმუნდება, რომ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. ვისაც ეს განუცდია, ის მიხვდება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ყველას განუცდია, ვინც ცოტათი მაინც ყუადრჱბიანია. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ყველაფერს მიიღებთ, რასაც რწმენით ითხოვთ. მორწმუნეს ყველაფერს აძლევს ღმერთი, როდესაც იგი ცრემლით წარმოსთვქამს ღმრთის წინაშე ყველა სურვილს ლოცვისას და თითქოსდა ფეხებში ჩავარდნია მეუფეს. გსურს სხვა გზითაც მიიღო ის, რასაც ითხოვ? შეუნდე შენს ძმას, თუკი მან შესცოდა რაიმეში შენს წინაშე. ხედავ რა ადვილია მიიღო უფლის წაყლობა.
და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას
შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო. და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ. |
კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა
ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. |
განრისხებულნი იმის გამო, რომ ქრისტემ ტაძრიდან განდევნა მეკერმენი, ისინი მოდიან მასთან კითხვით: „რომელთა ხელმწიფებითა იქმ ამას?“ თითქოსდა დაცინვით ეუბნებიან: „ვინ ხარ, რომ ამას აკეთებ? განა შენ ხარ დადგინებულ მოძღვრად? განა მღვდელმტავრად ხარ ხელდასხმული?“ ეუბნებიან რა ამას, ცდილობენ გაჭირვებაში ჩააგდონ, რათა დაიჭირონ იგი სიტყვაში. მას რომ ეთქვა: „მე ამას ჩემი ხელმწიფებით ვიქმ“, ისინი ქვებით ჩაქოლავდნენ, როგორც ღმრთის წინააღმდგომს, ხოლო რომ ეთქვა: „ვიქმ ამას ღმრთის ძალით“, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ხალხი ჩამოეცილებინათ მისგან, რამდენადაც იგი თავს ღმერთად აღიარებდა. მაგრამ უფალი უმიზეზოდ არ სთავაზობს მათ კითხვას იოანეზე და ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე. არამედ, რადგან იოანე მოწმობდა მასზე, ის ეკითხება კიდეც ბოროტ იუდეველბს იოანეზე. ვინაიდან თუკი ისინი აღიარებდნენ იოანეს ღმრთის მიერ წარმოგზავნილად, მაშინ იძულებულნი იქნებოდნენ მიეღოთ იოანეს მოწმობაც ქრისტეზე. ხოლო რამდენადაც მათ არ შეეძლოს რაიმე ეპასუხათ, იგი კიდევ უფრო მეტად რომ დაამდაბლოს ისინი, ეუბნება: „არცა მე გითხრათ თქუენ“, არ უთქვამს: „მე არ ვიცი რა გიპასუხოთ თქვენ“, არამედ „არც მე გითხრათ თქუენ, ანუ: რამდენადაც თქვენ ღვარძლიანობთ, არც მე გხდით პასუხის ღირსად.