მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს;
მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი. |
იმ
დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ
უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი. მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული. მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება? და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს. ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის. ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი. |
უფალმა უკვე ადრეც არასრულა მსგავსი სასწაული. იგი სასწაულს სჩადის ახლაც, აქვს რა ხელსაყრელი შემთხვევა ამისა. შემთხვევა კი იმგვარი იყო, რომ ხალხი სამი დღის მანძილზე მასთან იმყოფებოდა და საგზლად წამოღებული საკვების მარაგი მთლიანად გაუთავდა. ვინაიდან უფალი ყოველთვის არ სჩადიოდა სასწაულებს საკვებზე, რათა არ ეფიქრათ, რომ ხალხი მას საკვების გამო დაყვებოდა. ახლაც არ ჩაიდენდა სასწულებს, როგორც ჩანს საკვების უკმარისობის გამო, ხალხს საფრთხე რომ არ დამუქრებოდა. მაგრამ შეხედე მოწაფეებს, რაოდენ უგულისხმონი არიან და ჯერაც არა აქვთ მისი ძალის რწმენა, თუმცა უკვე იხილეს სასწაულები! მაგრამ უფალი არ კიცხავს მათ, გვასწავლის რა ჩვენც ზედმეტად არ ვესხმოდეთ თავს გამოუცდელებს, არამედ მიუტევოთ მათ, როგორც უგულისხმოებს. განსაჯე ისიც, რომ ქრისტეს არავინ სურს გაუშვას მშიერი, არამედ სურს განაძღოს ყოველი თავისი ნაბოძვარით და განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მასთან სამი დღე დაჰყვეს, ანუ მონათლულნი. რამდენადაც ნათლობა ნათლისღებად იწოდება და სრულდება სამჯერ შთაფვლით, ნათელღებულნი სამდღეგამოვლილნი აღმოჩნდებიან. უფალი იღებს „შვიდ პურს“ , ვგულისხმობ შვიდ ღრმად სულიერ სიტყვას, რამეთუ რიცხვი შვიდი არის ხატი სულისა. სულს ყოველივე სისრულეში მოჰყავს, ხოლო ცხოვრება ჩვენი და ჟამი ესე, შვიდეულებით აღესრულება. ნათელღებულნი ჭამენ და განძღებიან და რჩებათ ზედმეტი, რამდენადაც არ შეუძლიათ ყველა ღმრთაებრივი აზრის დატევნა. ზემოთ, ხუთ პურზე აღსრულებული სასწაულის დროს თორმეტი კალატი ზედმეტი დარჩათ, რამდენადაც აქ იყო ხუთი ათასი, რომელნი ხუთ გრძნობას დამონებულთა აღმნიშვნელნი იყვნენ; ამიტომაც მათ არ შეეძლოთ ბევრის შეჭმა, არამედ დაკმაყოფილდნენ მცირედით, რის გამოც ზედმეტიც ბევრი დარჩა. აქ კი შვიდი პურიდან შვიდი კალათი დარჩათ და ზედმეტი მცირედი, რადგანაც ოთხი ატასი კაცი იყო, რომლებიც ოთხ სათნოებაში განმტკიცებულებს აღნიშნავდნენ; ამიტომაც ისინი, როგორც უფრო მტკიცენი, ჭამენ ბევრს და ტოვებენ ცოტას, რადგანაც მხოლოდ იმის შეჭმა ვერ შეძლეს, რაც უფრო მეტად სულიერი და ღრმაა, რისი მანიშნებელიც შვიდი კალათია. აქ განხილული ისტორიიდან შეიმეცნე ისიც, რომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმითი, რაც გვესაჭიროება ადა არფერი ვითხოვოთ ზედმეტი. რამდენადაც აი ამ ადამიანებს, ჭამეს რა და განძღნენ, არ წაუღიათ თან დარჩენილი ნატეხები, არამედ წაიღეს მოწაფეებმა, ისევე, როგორც ეს ზემოხსენებულ კალათებთან დაკავშირებით იყო. ასევე ჩვენც, უნდა დავკმაყოფილდეთ ნაბოძებით, საჭიროებისდა შესაბამისად.
და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა
მაგდალოჲსათა. და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას. და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული. |
თავისი
მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას. |
პურებზე აღსრულებული სასწაულის შემდეგ, უფალი მყისვე მიდის სხვა ადგილას, შიიშობს რა, რომ ხალხი, ამგვარი სასწაულის შემდეგ მღელვარებამ არ მოიცვას და მისი მეფედ დადგენა არ მოინდომოს. ფარისეველნი კი ითხოვენ ნიშანს ზეციდან, მაგალითად, მზის ან მთავრის გაჩერებას, ელვის გარდამოვლენას; ჰაერში რაიმე ცვლილების მოხდენას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ზეციური სასწაულის მოხდენა მას არ შეუძლია, არამედ ბელზებულის ძალით მხოლოდ მიწიეერი სასწაულების გაკეთება ძალუძს. მაგრამ იესო არ ჰყვება მათ, ვინაიდან ზეციური ნიშნებისთვის სხვა დროა დანიშნული, ვგულისხმობ - მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც ზეციურნი ძალნი შეიძრებიან და მთვარე აღარ გამოსცემს თავის სხივებს; პირევლად მოსვლის ჟამს არ ახლავს თან არაფერი მსგავსი, არამედ ყველაფერი აღვსილია სიმდაბლით. ამიტომაც, ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა ზეცით.
და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო. და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა. და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა. ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს. და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი. და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ? |
და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში
ჩაჯდა და გაღმა გავიდა. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით? |
უფალი ტოვებს ფარისევლებს, როგორც გამოუსწორებელ ადამიანებს, რამეთუ დაყოვნება ხამს იქ, სადაც არის იმედი გამოსწორებისა, ხოლო სადაც ბოროტების გამოსწორება შეუძლებელია, იქიდან საჭიროა გაიქცე. მოწაფეებს, ღმრთის განსაკუთრებული განგებულებით, პურის წამოღება დაავიწყდათ, რათა ისინი ქრისტეს მკაცრი საყვედურის შემდგომ უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ და ქრისტეს ძალა შეეცნოთ. ვინაიდან როდესაც უფალმა უთხრა, რომ მორიდებოდნენ ფარისეველთ საფუარს, ანუ ფარისეველთა სწავლებას, მათ იფიქრეს, რომ უფალი მათ პურის საფუარს ახსენებდა. ამრიგად, იგი სამართლიანად საყვედურობს. როგორც ქრისტეს ძალის ვერგულსხმიყოფელთ, რომლითაც უფალს ძალუძს შექმნას პური არაფრისგან. ფარისეველთა და ჰეროდიანელთა სწაველბას უწოდებს საფუარს იმ მიზეზიტ, რომ იგი მწკლარტე და აღვსილი ძველი ღვარძლით. და თითოეულს, ვისაც დაუძველდა ბოროტება და არ შეუძლია არაფერი სულიერის თქმა, რათა დაატკბოს ხორხი მსმენელისა, აქვს თავში საფუარი ძველი ბოროტებისა, ანუ მოძღვრება სხამიანი და მათ მიმღებლებში მხოლოდ და მხოლოდ სინანულის გამომწვევი. მაგრამ ვინ იყვნენ ჰეროდიანელები? ეს რაღაც ახლადმოვლენილი მოძღვები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჰეროდე ქრისტეა და მისი უნდა გვწამდეს.
და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს
მას. და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს? და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა. და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა. |
მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ,
ხელი შეეხო მისთვის. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე? მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა. გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ. |
ბეთსაიდა და ქორაზინი, როგორც ჩანს, დიდი ურწმუნოებით უყვნენ შეპყრობილნი, რის გამოც ქრისტე კიცხავს მათ (მათ 11, 21): „ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა ბეთსაიდ! რამეთუ ტვიროს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს“. უფლის აქ მოსვლის შემდგომ, მასთან მოჰყავდათ ბრმა, მაგრამ რწმენა მომყვანებისა არ იყო სუფთა, ამიტომაც უფალს ბრმა გაჰყავს სოფლის გარეთ და მერეღა კურნავს მას. იგი აფურთხებს მას თვალებში. და ადებს ხელებს, რათა ვიცოდეთ, რომ ღმრთაებრის სიტყვასა და ამ სიტყვის შემდგომ მოქმედება შეუძლია, სასწაულთა ქმნა: ვინაიდან ხელი არის სახე მოქმედებისა, ხოლო შეფურთხება სახე სიტყვისა, რამდენადაც იგი ბაგეთაგაბ გამოდის. მაგრამ ტავად ბრამსაც არ გააჩნდა სრულყოფილი რწმენა. ამიტომაც უფალი მყისვე არ აღუხილავს თვალებს, არამედ თანდათანობით, როგორც ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ყოვლისმომცველი რწმენა, რადგანაც რწმენის შესაბამისად გვეძლევა კურნებაც. ამცნებს მას არ შევიდეს სოფელში, რადგანაც ბეთსაიდის მცხოვრებნი, როგორც ვთქვი, ურწმუნონი იყვნენ და ეს ადამიანი მათ შორის ავნებდა თავის სულს; უბრძანებს არც კი უთხრას ვინმეს, რაც შეემთხვა, რათა ურწმუნონი კიდევ უფრო მეტად არ განისაჯონ. ჩვენც, ხშირად ვართ სულით ბრმანი, მცხოვრებნი სოფელში, ანუ ერში; მაგრამ როდესაც გავდივართ სოფლის გარეთ, ანუ უარს ვამბობთ ამსოფლიურ საქმეებზე, ქრისტე გვკურნავს ჩვენ, განნკურენბასთან ერთად ის გვეუბნება, რათა ჩვენ არ დავბრუნდეთ ისევ სოფელში, არამედ წავიდეთ სახლში, სახლი კი თითოეული ჩვენგანის არის ზეცა და იქაური სანახები.
და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და
გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა
ჩემთჳს ყოფაჲ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე. და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს. |
წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში
ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. |
საკუთარ თავზე ეკითხება, წაიყვანს რა იუდეველთაგან შორს, რათა მათ არავისი შეეშინდეთ აღიარონ ჭეშმარიტება. ისინი პასუხობენ, რომ ერთნი მიიჩნევენ მას იოანედ, მეორენი ილიად; რადგან მრავალნი ფიქრობდნენ, რომ იოანე აღსდგა, როგორც ჰეროდეც ვარაუდობდა; რომ მან აღდგომასთან ერთად მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა, მაშინ როდესაც სიცოცხლეში იოანეს არცერთი სასწაული არ უქმნია. ჰკითხა რა, ამრიგად, სხვათა აზრის შესახებ, უფალი შემდეგ მათ თავის აზრსაც ეკითხება, რითაც თითქოს ეუბნება: ისინი ჩემზე შეცდომით ფიქრობენ, თქვენ კი ვინ გგონივართ? პეტრემ რა ქნა? აღიარა იგი ქრისტედ, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარვე უწყებულად. მაგრამ რა თქვა უფალმა პეტრეს მიერ აღიარებაზე და როგორი ალერსით მოეპყრო მას, ეს მარკოზმა გამოტოვა, რათა არ გამოჩენილიყო მიკერძოებულად პეტრეს, თავისი მასწავლებლის მიმართ. ამის საწინააღმდეგოდ, მათემ თქვა ყველაფერი გამოტოვების გარეშე. უფალმა უბრძანა არავისთვის ეთქვათ, რადგან სურდა დაეფარა თავისი დიდება, რათა მრავალნი არ ცდუნებულიყვნენ მის მიმართ და საკუთარი ურწმუნიებით კიდევ უფრო დიდი სასჯელი არ მოეწიათ თავზე.
და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და
შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და
მესამესა დღესა აღდგომად. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. |
და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა,
შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და
მესამე დღეს აღდგომა. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. |
მიიღო რა თავის მოწაფეთაგან აღიარება, რომ იგი არის ჭეშმარიტი ქრისტე, უფალმა გაუმხილა მათ ჯვრის საიდუმლოც. მაგრამ ჯერ კიდევ მთლიანად არ გაუმხილა იდი, რამეთუ მოციქულებს არ ესმოდათ რას ამბობდა ის და ვერ გულისხმაყოფბდნენ, რას ნიშნავდა აღდგომა, არამედ ფიქრობდნენ, უკეთესია სულაც არ ევნოს. ამიტომაც, პეტრე უწყებს წინააღმდეგობის გაწევას, ეუბნება რა, რომ ტყუილ-უბრალოდ იმეტებს თავს საიკვდილოთ, როცა შეუძლია არც ევნოს. მაგრამ უფალი, უჩვენებს რა, რომ მისი ვნება მათი და მრავალთა გამოხსნისათვის აღესრულება. და მხოლოდ სატანას არ სურს, რომ იგი ევნოს და გამოიხსნას ადამიანები, პეტრეს „სატანას“ უწოდებს, მისი აზრებისთვის, რომელიც სატანისთვის არის დამახასიათებელი, იმისთვის, რომ მას არ სურდა ქრისტეს ვნება, არამედ ეპასუხება მას. სატანა - ნიშნავს მოწინააღმდეგეს (მხდომი ნიშნავს ძვ. ქართულად. რედ.). „წარვედ ჩემგან“ ეუბნება, ანუ მიჰყევი ჩემს ნებას, ნუ ეპასუხები და ნუ ხარ ჩემი მოწინააღმდეგე, არამედ მომყევი მე. პეტრე, უფლის სიტყვებით „კაცთასა ზრახავდა“ ფიქრობდა, ვინაიდან ხორციელად მსჯელობდა, სურდა რომ უფალი მოსვენებით ყოფილიყო, არ გაეწირა თავი ჯვარცმისათვის და გასაჭირში არ ჩავარდნილიყო ქვეყნიერების ხსნისათვის.
და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად
ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? |
მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან
ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი
ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? |
რადგანაც პეტრე ეპასუხებოდა ქრისტეს, რომლსაც სურდა მიეცა თავი თვისი ჯვარცმისათვის, ამიტომ ქრისტე მოუწოდებს ხალხს და სხმამაღლა საუბრობს, მიმართავს რა თავის საუბარს ძირითადად პეტრეს წინააღმდეგ: შენ არ ამართლებ იმას, რომ მე ვიღებ ჯვარს, მე კი გეუბნები შენ, რომ არც შენ და არც ვინმე სხვა არ ცხონდება, თუკი არ მოკვდება სათნოებისა და ჭეშმარიტებისათვის. დააკვირდი, უფალს არ უთქვამს: მოკვდეს ისიც, ვისაც არ სურს სიკვიდილი, არამედ „რომელსა უნდება“. მე, ამბობს ის, არავის ვაიძულებ, მოგიწოდებთ არა ბოროტების, არამედ სიკეთისათვის, ამიტომაც ვისაც არ უნდა, არც არის ღირსი მისი. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ამას ჩვენ გავიგებთ, როდესაც გვეცოდინება, რას ნიშნავს უარყო ვინმე სხვა, ვინც უარს ამბობს ვინმე სხვაზე: მაამზე, ძმაზე ანდა ვინმე შინაურზე, ის რომ უყურებდეს, უ როგორ სცემენ ანდა კლავენ მას, აღარ აქცევს ყუადღებას და არ თანაუგრძნობს, ხდება რა უცხო მისთვის. ასევე ჩვენც გვიბრძანებს უფალი, რომ მისი გულისთვის მოვიძულოთ საკუთარი სხეული და არ დავინდოთ იგი, თუნდაც გვცემდნენ ან გვკიცახვდნენ ჩვენ. „აღიღენ ჯვარი თვისი“ ნათქვამია, ანუ სამარცხვინო სიკვიდილი, რამეთუ ჯვარი ითვლებოდა სამარცხვინო სიკვდილის იარაღად. მაგრამ რამდენადაც ჯვარს მრავალ ავაზაკსაც აცვამდნენ ხოლმე, ამატებს, რომ ჯვარცამსთან ერთად სხვა სათნოებებიც უნდა გაგაჩვნდეს, რამეთუ ამას ნიშანვს სიტყვები: „შემომიდეგი მე“. რამდენადაც ბრძანება, გაგვემეტებინა თავი სასიკვდილოდ, შესაძლოა მძიმედ და სასტიკად მოგვჩვენებოდა, უფალი ამბობს, რომ იგი, პირიქით, ფრიად ლმობიერია; ვინაიდან ვინც წარიწყმენდ სულს, მაგრამ ჩემთვის და არა როგორც ავაზაკი, რომელსაც სიკვდილით სჯიან, ანდა თვითმკვლელი (ამ შემთხვევაში ეს არ ინება სიკვდილი ჩემს გამო), ის, ამბობს ისი, შეიძლენს თავისი სულს; მაშინ როდესაც, ვინც ფიქრობს სულის შეძენას, წარიწყმედს მას, თუკი წამებას ვერ გაუძლებს. ნუ მეტყვი მე, რომ ეს უკანასკნელი გადაარჩენს თავის სიცოცხლეს, რადგან მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, ყველაფერი უსარგებლოა. ცხონების ყიდვა არ შეიძლება არანაირი სიმდიდრით. სხვაგვარად მთელი ქვეყნიერების შემძენი, მაგრამ სულის დამღუპველი, ყველაფერს მისცემდა, როდესაც ცეცხლში დაიწვებოდა და ამგვარად გამოისყიდიდა თავს. მაგრამ ასეთი გამოსასყიდი იქ შეუძლებელია. აქ დუმდებიან მათი ბაგენის, ვინც ორიგენეს მსგავსად ამბობენ, რომ სულების მდგომარეობა უკეთესისკენ შეიცველბა მას შემდეგ, რაც დაისჯებიან თავიანთი ცოდვებისდა შესაბამისად. დაე, გაიგონ მათ, რომ იქ შეუძლებელია გამოსასყიდის მიცემა სულისათვის და ტანჯვა მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც თითქოსდა საჭიროა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად.
რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა. | რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით. |
არ არის საკმარისი მხოლოდ შინაგან რწმენა, საჭიროა აღიარება ბაგითაც. რამდენადაც ადამიანს აქვს ორი მხარე, ორმხრივი უნდა იყოს განწმენდაც, ანუ განწმენდა სულისა აღმსარებლობის მეშვეობით. ამრიგად, ვისაც „შერცხვება“ აღიაროს ჯვარცმული თავის ღმერთად, მასაც „შერცხვება“ მისი, თავის უღირს მონად აღიარებს მას, როდესაც „მოვა“, უკვე არა დამდაბლებული, არა დამცირებული სახით, როგორითაც ის მანამდე მოგვევლინა და რის გამოც ზოგიერთებს რცვენიათ მისი, არამედ „დიდებით“ და ანგელოზთა მხედრობასთან ერთად.