და შევიდა
კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა
არს. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! |
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა
ხმა: შინ არისო. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. |
უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამისთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა, ან ტავად განრღვეულის რწმენას, რამეთუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუკი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა, უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო მორწმუნე და პირიქითაც, ხშირად კურნავდა მოყვანილის რწმენით, თუნდაც მომყვანები ურწმუნონი ყოფილიყვნენ, უწინარეს ყოვლისა, ის აძლევს ცოდვათა მიტევებას ავადმყოფს, ხოლო შემდეგ კურნავს ავადმყოფობებს, რადგან ურთულესი დაავადებები, მეტწილად ცოდვებისგან წარმოიშვება. ისევე როგორც იოანეს სახარებაში ერთ-ერთ უძლურს უფალი ცოდვათა გამო მოუვლენს ავადმყოფობას. იოანესთან ნახსენები ეს უძლური და აქ ნახსენები არ არის ერთი და იგივე. პირიქით, ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. რამეთუ იოანესთან ნახსენებს არ ჰყავდა დამხმარე კაცი, აქ ნახსენებს კი ოთხი კაცი ჰყავს. პირველი ცხვრის ჭიშკართან იყო, ეს კი სახლშია, ის - იერუსალიმშია, ეს კი - კაპერნაუმში. სხვა განსხვავების პოვნაც შეიძლება მათ შორის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათესთან მოხსენიებული და აქ, მარკოზთან, ერთი და იგივეა.
ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა
და იტყოდეს, ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ. |
იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა: ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა? ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი? მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო. |
ფარისევლები ღმრთის გმობაში ადანაშულებდნენ უფალს, რამდენადაც იგი ცოდვებს მიუტევებდა, ეს კი მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგრამ უფალმა მათ სხვ ნიშნაც მისცა საკუთარი ღვთაებრიობისა - გულთამხილავებო: რამეთუ მხოლოდ ღმერთს-თვისაა ცნობილი თითოეულის გული, როგორც წინასწარმეტყველიც ბრძანებს: „შენ ერთმა უწყო მთელი ადამის გული“ (3 მეფეთა, 8, 39)
ამასთან, ფარისევლები, თუმცა კი გამოუცხადა უფალმა თუ რა აქვთ მათ გულში, რჩებიან უგრძნობელნი და მათ გულთა მცნობელს არ სურთ დაანებონ, რათა მან ცოდვათაგან კურნებაც მიანიჭოს. მაშინ უფალო სხეულის განკურნებით არწმუნებს იმაში, რომ მან სულიც განკურნა, ანუ ცხადის ეშვეობით ამოწმებს დაფარულს და უადვილესის მეშვეობით უძნელესს, თუმცა კი მათ ეს პირიქით ეჩვენებოდათ. რადგანაც ფარისევლები, სხეულის განკურნებას, როგორც ხილულ ქმედებას, თვლიდნენ უძნელესად, ხოლო კურნბას სულისა, როგორც უხილავისა - უადვილესად და როგორღაც ასე მსჯელობდნენ: აი, მატყუარა, რომელიც თავს არიდებს სხეულს სულს მკურნალობს, ამბობს რა: „მოგეტევა შენი ცოდვები“. მართლაც რომ შეეძლოს კურნებას მინიჭება, მაშინ სხეულს განკურნავდა და არ მიმართავდა უხილავს. ამიტომაც მაცხოვარი, უჩვენებს რა მათ, რომ მას შეუძლია ერთიცა და მეორეც, ამბობს: რა უფრო ადვილია, სულის განკურნება, თუ სხეულისა? ეჭვგარეშეა, რომ სხეულისა; მაგრამ თქვენ პირიქით გეჩვენებათ. მაშ მე განვკურნავ სხეულს, რაც მართლაც ძნელია და მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ და ამით დაგარწმუნებთ სულის განკურნებაში, რაც მართლაც ძნელია და მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ ადვილად, რომ უხილავია და არა ხორცშესხმული. მაშინ ეუბნება განრღვეულს: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი“, რათა ამგვარად უფრო მეტად დაგვარწმუნოს სასწაულის სინამდვილეში, რომ იგი ოცნების სფეროს არ განეკუთვნება და ამავდროულად, გვიჩვენოს, რომ მან არა მხოლოდ განკურნა ავადმყოფი, არამედ ძალაც მისცა მას. ასევე ექცევა უფალი სულიერ უძლურებებსაც: არა მხოლოდ გვათავისუფლებს ცოდვათაგან, არამედ ძალასაც გვაძლევს მცნებათა აღსასრულებლად. მაშ, მე უძლურსაც ძალმიძს განვიკურნო. რამეთუ ახლაც კაპერნაუმშია ქრისტე, სახლში ნუგეშინისმცემლისა, ანუ ეკლესიაში, რომელიც არის კიდეც ნუგეშინისმცემელი. მე უძულური ვარ, ვინაიდან ძალები ჩემი სულისა უმოქმედოა და არ აღიძვრის კეთილის მიმართ; მაგრამ როდესაც ოთხი მახარებელი აღმიტაცებს და მიმიყვანს უფალთან, მაშინ გავიგონებთ მის სიტყვას: „შვილო“, რამეთუ მცნებათა მცნებათა აღსრულების მეშვეობით, ძედ ღმრთისა შევიქმნები და მე მომეტევება ცოდვები. მაგრამ როგორ მიმიყვანენ იესოსთან? სახურავის აღძარცვით. მაგრამ რა არის სახურავი? გონება, როგორც ჭერი ჩვენი არსებისა. ამ სახურავზე ბევრი მიწა და კრამიტია ანუ მიწიერი საქმეები; მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გადაგდებული იქნება, როდესაც აღიძარცვება და განთავისუფლდება გონების ძალის სიმძიმისაგან, როდესაც შემდეგ ქვევით ჩამოვალ, ანუ დავმდაბლდები (თავი არ უნდა აღვიმაღლო ჩემი გონების აღმსუბუქნების გამო, არამედ აღმსუბუქებასთან ერთად ვალდვმდაბლდე). მაშინ განვიკურნები და ავიღებ ჩემს ცხედარს, ანუ სხეულს, აღვძრავ რა მას მცნებათა აღსასრულებლად. არამედ არა მხოლოდ უნდა აღვსდგეთ ცოდვისაგან და შევიცნოთ საკუთარი ცოდვა, არამედ უნდა ავიღოთ ჩვენი ცხედარი, ანუ სხეული სიკეთის ქმნისათვის, მაშინ მივაღწევთ ჭვრეტასაც, ისე რომ ყოველი ზრახვა ჩვენში იტყვის: „არასა ესრეთ ვიხილეთ“, ანუ არასოდეს გვქონია ისეთი გულისხმისყოფა, როგორიც ახლა, განვიკურნეთ რაუძლურებისაგან. ვინც განიწმინდა ცოდვებისაგან ის ჭეშმარიტად ჭრეტს.
და კუალად განვიდა ზღჳს კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა
მათ. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალნი და მისდევდეს მას. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. |
და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის
პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. |
კეთროვანზე აღსრულებული სასწაულის შემდგომ უფალი ზღვისკენ მიდიოდა, როგორც ჩანს, განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ ხალხი კვლავ მასთან იკრიბება. მაშ იცოდე, რომ რა ზომითაც განეშორები დიდებას, იმ ზომით დაგიწყებს ის დევნას, ხოლო თუკი შენ გამოეკიდები, ის გაგისხლტება. აუ, უფალიც, ის-ის იყო ზღვასთან განმარტოვდა, რომ ხალხი ისევ მისდევს მას კვალდაკვალ. მაგრამ ის აქედანაც წავიდა და გზაში მათე მოინადირა. მარკოზთან აქ ნახსენები ლევი არის მათე, რამდენადაც მას ორი სახელი ჰქონდა. ამიტომაც ლუკა და მარკოზი, მალავენ რა მის ნამდვილ სახელს, ლევს უწოდებენ, მაგრამ თავიდან მას არ რცხვენია. პირიქით, ღიად საუბრობს საკუთარ თავზე: „და წარვდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, მატთეოს სახელი მისი“ (მათ 9; 9). ასევე ჩვენც არ უნდა გრცხვენოდეს ცოდვათა გამხელისა. ლევი იჯდა ბაჟის ასაკრეფად, ასრულებდა რა თავის მოვალეობას, ის ან გადასახადის ახდევინებდა ვინმეს, ან ანგარიშს ადგენდა, ან რამე სხვას აკეთებდა, რასაც ჩვეულებრივ გადასახადის ამკრეფნი აკეთებდნენ თავიანთი საქმიანობის ადგილას, მაგრამ ახლა ისეთი გულმოდგინება გამოიჩინა ქრისტეს მიმართ, რომ დატოვა რა ყველაფერი, გაჰყვა მას და დიდი სიხარულით მიიწვია მრავალნი სადილად. ფარისევლები კი იწყებენ უფლის დადანაშაულებას, რაღა თქმა უნდა წარმოიდგენენ რა საკუთარ თავს უმწიკვლო ადმიანებად. მაგრან უფალმა ამაზე თქვა: „ მართალთ“ კი არა, ანუ თქვენი, საკუთარი თავის განმამართლებლების, არამედ „ცოდვილთა მოსაწოდებლად მმოვედი“. თუმცა მოუწოდებს მათ არა იმიტომ, რომ ცოდვილებადვე დარჩნენ, არამედ „სინანულად“, ანუ იმისთვის, რომ ისინი მოექცნენ. „სინანულად“ თქვა, რათა არ იფიქრო, რომ მოუწოდებს რა ცოდვილებს, იგი სულაც არ ფიქრობს მათ გამოსწორებაზე.
და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და
ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი
შენნი არა იმარხვენ? ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა. |
იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს
მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა? ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ. დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. |
იოანეს მოწაფეები, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილნი, იუდაურ ჩვეულებებს მისდევდნენ. ამიტომაც ზოგიერთ მათგანს, ვინც ქრისტესთან მოდიოდა, მაგალითად მოჰყავდა ისინი და ბრალს სდებდნენ მას, რომ მისი მოწაფეები მათ მსგავსად არ მარხულობდნენ. ის კი ეუბნებოდა: ახლა მე, სიძე ვიმყოფები მათ გვერდით და ამიტომაც უნდა უხაროდეთ და არა მახრულობდნენ. მაგრამ როდესაც ავმაღლდები ამ ცხოვრებიდან, მაშინ დაექვემდებარებიან რა განსაცდელს, ისინი იმარხულებენ კიდეც და იმწუხარებენ. ტავის თავს სიძეს უწოდებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთვის ქალწულებრივ სულებს ნიშნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ჟამი მისი პირველად მოსვლისა, მის მორწმუნეთათვის არის არა ჟამი ტირილისა და მწუხარებისა და არა მძიმე ჟამი, არამედ ჩვენი დამამშვიდებელი ნათლობით, სჯულის საქმეთა გარეშე. მართლაცდა რა შრომაა მონათვლა. თუმცაღა ამ იოლი საქმით მოვიპოვებთ ცხონებას. „ძენი სიძისანი“ მოციქულები არიან იმიტომ, რომ ისინი ღირსნი გახდნენ უფლის სიხარულისა და ყოველგვარი ზეციური სიკეთისა და ნიგეშისა. ზიარნი შეიქნენ შეიძლება ასეც გაიგო, ყოველი ადამიანი, როდესაც იგი სათნოებებს იქმს, არის „ძე სიძისა“ და სანამ მასთანაა სიძე - ქრისტე, არ მარხულობს, ანუ არაა დაკავებული სინანულის საქმეებით; ვინაიდან რატომ უნდა ნანობდეს ის, ვინც არ ეცემა? როდესაც ამაღლდება მისგან სიძე - ქრისტე, ანუ როდესაც იგი ცოდვაში ჩავარდება, მაშინ იწყებს მარხვასა და სინანულს, რათა განიკურნოს ცოდვისაგან.
არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან
ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან. |
არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან
ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ. |
როგორც ახალი „სადგმელი“ თავისი სიმტკიცის გამო მხოლოდ მოაპობს ძველ სამოსს, თუკი მასზე დაკერდება და როგორც ახალი ღვინო, თავისი სიმაგრის გამო, გახეთქავს ძველ ჭურჭელს, ასევე ჩემი მოწაფეები ჯერ კიდევ არ მომაგრებულან და ამიტომაც თუ დავუმძიმებთ, ამით მათ ვავნებთ, რამდენადაც ისინი, თავისი უძულურებისდა გამო, ჯერ კიდევ ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც არ არის საჭირო დავაკისროთ მათ მარხვის მძჲმე მცნება. ან შეგიძლია ისეც გაიგო: ქრისტეს მოწაფეებს, არიან რა უკვე ახალი ადამიანები, არ შეუძლიათ ემსახურონ ძველ ჩვეულებებსა და კანონებს.
და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს
გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. |
მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში
მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. |
უფლის მოწაფეები წყვეტენ თავთავებს, როგორც უკვე მიჩვეულნი ცხოვრებას არა სჯულის მიხედვით, როდესაც ფარისევლები აღშფოთდებიან ამის გამო, ქრისტე დაუყოფს მათ პირს, მიუთითებს რა დავითზე, რომელმაც საჭიროებისას დაარღვია კანონი მღმვდელმთავარ აბიათარის დროს, გაურბოდა რა საულს, წინასწარმეტყველი დავითი მივიდა ამ მღვდელმთავართან და მოატყუა იგი, უთხრა რა, რომ იგი მეფის მიერ არის გამოგზავნილი უკიდურესი სამხედრო საჭიროების გამო. სწორედ აქ შეჭმა მან „პურნი იგი წინადაგებისა“ და უკან წამოიღო გოლიათის ხმალი, ოდესღაც ღმერთს რომ შესწირა. დანიშნული პურები თორმეტი იყო; ისინი ყოველ დღე იდო საკურთხეველზე, აქვსი მარცხენა მხარეს საკურთხევლისა. ზოგი კითხულობს რატომ უწოდებს მახარებელი მღვდელმთავარ აბიათარს, მაშინ როდესაც „წიგნი მეფეთა“ უწოდებს მას აბემელექს (1, მეფეთა 21), ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მღვდელმთავარს ჰქონდა ორი სახელი: აბიმელექი და აბიათარი. შეიძლება სხვაგვარადაც აისხნას, კერძოდ: მეფეთა წიგნი საუბრობს მაშინდელ მღვდელზე - აბიმელექსზე, ხოლო მახარებელი - აბიათარზე, მაშინდელ მღვდელმთავარზე და ამიტომ მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მღვდელი მაშინ იყო აბიმელექი, აბიათარი კი იყო მღვდელმთავარი. უმაღლესი აზრით ეს ასე უნდა გაიგო: ქრისტეს მოწაფენი მიდიან შაბათს, ანუ სულიეე სიმშვიდეში (შაბათი ნიშნავს განსვენებას). მაშასადამე, როდესაც განთავისუფლდნენ ვნებებისაგან და ეშმაკთა შემოტევებისაგან, მაშინ გადიან გზას, ანუ გზამკვლელნი ხდებიან სხვათათვისაც სათნოებისკენ მიმავა;ლ გზაზე, გლეჯენ და ძირკვავენ რა ყოველგვარ მიწიერ და მდაბალ ოცნებათა აღმონაცენს. რამეთუ ვინც წინდაწინ არ განთავისუფლდება ვნებათაგან და არ განწყობს თავს წყნარი ცხოვრების წესისაკენ, მას არ შეუძლია სხვათა გზამკვლელობა და წინამძღოლობა სათნოებისკენ მიმავალ გზაზე.