და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა. და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული, რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი. რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა. |
გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა, ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. |
უფრო შესწორებულ პირებში ვკითხულობთ: „სოფელსა მას გერგესველთასა“ მათე ამბობს, რომ იყო ორი ეშმაკეული, მარკოზი და ლუკა კი ერთზე საუბრობენ. ამ უკანასკნელებმა მათგან უფრო მძვინვარე ამოირჩიეს და მასზე გვიამბობენ. ეშმაკეული მოდის და აღიარეს ქრისტეს ძედ ღმრთისა. რამდენადაც ნავში მყოფნი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, თუ ვინ იყო იგი, ამას მოჰყვა უეჭველი მოწმობა მასზე მტრების მხრიდან, ვგულისხმობ ეშმაკებს. ეშმაკეული ცხოვრობდა საფლავებში რადგამ ეშმაკს სურდა ამით შთაეგონებინა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა სულები ეშმაკები ხდებიან.
და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა, ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე. რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან! და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ. და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა. |
შორიდან რომ
მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი. |
ადამიანიდან გამოსვლა დემონებს სატანჯველად მიაჩნდათ, ამიტომაც ეუბნებიან: „ნუ მტანჯავ“, ანუ ნუ განგვაგდებ ჩვენი სამკვიდრებელიდან, ანუ ადამიანიდან. მეორე მხირვ, ფიქრობდნენ, რომ უფალი ვეღარ აიტანდა მათ გადაჭარბებული სითავხედის გამო, არამედ მაშინვე სატანჯველს მისცემდა, ამიტომაც ევედრებიან, ნუ დატანჯავს მათ. უფალი ეკითხება ეშმაკეულს, არა იმიტომ, რომ თვითონ იცოდეს, არამედ იმიტომ რომ სხვებმა გაიგონ მასში ჩასახლებული მრავალი ეშმაკის შესახებ. რამდენადაც თვლაწინ ერთი ადამიანი ედგათ, ქრისტე უჩვენებს, თუ რამდენ მტერს ებრძვის ეს საცოდავი ადამიანი.
და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი. და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ. და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა. ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲ-ძი არს, რომელი-იგი იქმნა. |
იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების
დიდი კოლტი. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა. |
ეშმაკები სთხოვენ უფალს, რომ არ განესხა სოფლის გარეთ, არამედ შეეშვა ღორების კოლტში. იგი თანხმდება ამაზე. რამდენადაც ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა, უფალმა არ ისურვა მისგან დემონების ჩამოშორება, რათა მათ თავიანთი ბრძოლით ჩვენთან უფრო დაგვახელოვნონ. უშვებს, რომ შევიდნენ ღორებში, რათა ვიცოდეთ, რომ როგორც ღორები არ დაინდეს, ასევე არ დაინდობდნენ იმ ადამიანსაც, ღმრთის ძალას, რომ არ დაეფარა იგი. რამეთუ ეშმაკები, არიან რა მტრულად განწყობილნი ჩვენდამი, მაშინვე მოგვსპობდნენ, ღმერთი რომ არ გვიფარავდეს. მაშ, იცოდე, რომ დემონებს არა აქვთ ზალაუფელბა ღორებზეც კი, და მით უფრო ადამიანებზე, თუკი უფალი არ დაუშვებს. მაგრამ ისიც იცოდე, რომ ადმიანებში, რომლებიც ღორებივით ცხოვრობენ და გრძნობად სიამოვნებებში არიან ჩაფლულნი, დემონები სახლდებიან, რომლებიც მათ დამღუპველი უფსკრულიდან ამ ცხოვრების ძღვაში მიაქანებენ და ისინი ინთქმებიან.
და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი,
რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი. და შეეშინა. და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს. და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა. |
მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი,
ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას. |
სასწაულით შეძრულნი იმ ქალაქის მცხოვრებნი იესოსთან გამოვიდნენ: როდესაც წვრილმანები გაიგეს, კიდევ უფრო შეეშინდათ. ამიტომაც ევედრებოდნენ იესოს წასულიყო მათი საძღვრებიდან. მათ ეშინოდათ უფრო მეტად არ ეზარალათ. ღორები დაკარგეს და ენანებოდათ რა ეს დანაკარგი, ისინი უარს ამბობენ ღმრთის მათტან ყოფნაზეც. ეშმაკეული, კი პირიქით, სთხოვდა ნებართვას ყოფილიყო მასთანა, რადგან ეშინოდა, რომ ეშმაკები ჰპოვებდნენ რა მარტოს, კვლავ არ შესულიყვნენ მასში. მაგრამ უფალი მას სახლში უშვებს, რათა უჩვენოს, რომ მისი საძალა და წინასწარგანზრახულება მისი არყოფნის დროსაც დაიცავენ მას. უშვებს ასევე იმიტომ, რომ სარგებელი მოუტანოს სხვებს, ვინც მას ნახავენ. ამიტომაც დაიწყო მან ქადაგება და ყველას უკვირდა. მაგრამ, შეხედე, რა უცხოა მაცხოვრისთვის თავის განდიდება. მას არ უთქვამს: „მოყევი, რა გიყავი მე შენ“, არამედ „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან“. ასევე შენც, როდესაც რაიმე კეთილს იქმნ მიაწერე შენს მიერ ქმნილი არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს.
და წაიღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳს
კიდესა. და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა. და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს. და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას. და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ. და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა. და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა, რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე. და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან. |
როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს,
დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას. და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, - იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. |
ეშმაკეულზე აღსრულებული სასწაული შემდგომ უფალი აღასრულებს მეორე სასწაულს - მკვდრეთით აღადგენს შესაკრებლის მთავრის ქალიშვილს. იუდეველთათვის, ამ მოვლენის თვითმხილვევლთათვის, მახარებელი ასახელებს სახელსაც შესაკრებლის მთვარისა. ეს იყო ნახევრადმორწმუნე ადამიანი: იმით, რომ ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს, იგი მორწმუნედ წარმოჩინდება, მაგრამ იმით, რომ სტხოვს წამოსვლას, ისეთ რწმენას ვერ უჩვენებს, როგორიც საჭიროა. მას უნდა ეტქვა: „მოლოდ სიტყვა თქვი“. ამასობაში, მიმავალ უფლის გზაზე ინკურნება სისხლმდინარე დედაკაციც. ამ დედაკაცს ჰქონდა უდიდესი რწმენა, რადგანაც იმედოვნებდა განკურნებას მხოლოდ უფლის სამოსელითაც კი. ამიტომაც მიიღო კურნება. გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ეს ადამიანურ ბუნებაზეც. იგი იყო სისხლმდინარე, იმიტომ, რომ ცოდვას სჩადიოდა, რაც არის სიკვდილი სულისა და ჩვენი სულების სისხლს ღვრის. ჩვენმა ბუნებამ ვერ მიიღო კურნება მრავალ ექიმთაგან, ანუ ვერც ამა სოფლის ბრძენთაგან სჯულისა და წინასწარმეტყველთაგანაც კი. მაგრამ ის განიკურნა, ოდენ შეეხო ქრისტეს სამოსელს, ანუ მის ხორცს, რამეთუ ვისაც სწამს, რომ ქრისტე განხორცილედა, ის არის კიდეც ის, ვინც ეხება მის სამოსელს.
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა
ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა? ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო. ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა. |
მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც
იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს
სამოსს? ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან. |
ძალი გამოდის ქრისტესაგან არა ისე, რომ ადგილი შეიცვალოს, არამეს, პირიქით, ის სხვებსაც გადაეცემა და ამავე დროს, მოუკლებლად არის ქრისტეში, ისევე როგორც გაკვეთილები სწავლებისას რჩება მოსწავლეებთანაც და ამავე დროს ისწავლება მასწავლებილისგან. მაგრამ, შეხედე, როგორ ავიწროვებდა მას ხალხი ყველა მხირდან და მიუხედავად იისა, ერთიც არ შეხებია, პირიქით, დედაკაცი, რომელიც არ ავიწროვებდა, შეეხო მას. აქედან ვსწავლობთ იმ საიდუმლოს, რომ მრავალი ყოფით საზრუნავით დაკავებულ ადამიანთაგან, არცერთი არ ეხება ქრისტეს, ისინი მხოლოდ ტვირთად აწვებიან მას. პირიქით, ვინც ტვირთვად არ წავება იესოს და არ ამძიმებს საკუთარ გონებას ამაო საზრუნავებით, ის ეხება მას. მაგრამ რისთვის გაამხილა უფალმა დედაკაცი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახელი გაეთთქვა დედაკაცის რწმენისათვის, მეორეც იმიტომ, რომ აღეძრა შესაკრებლის რწმენა იმისა, რომ მისი ქალიშვილიც ასევე გადარჩებოდა ამასტან ერთად, იმიტომ, რომ გაეთავისუფლებინა ძლიერი შიშისაგან დედაკაცები, რომელსაც ეშინოდა კურნების ერთგვარი მოპარვის გამო. ისევე, როგორც მახარებელი ამბობს: „დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა“, ამიტომაც უფალს არ უთქვამს: მე გადაგარჩინე შენ, არამედ: „სარწმუნოებამან გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით“, ანუ სიმშვიდით. აზრი ამ სიტყვებისა ასეთია: დამშვიდდი, შენ ვინც აქამდე მწუხარებდი და შფოთავდი.
და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული
შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა? ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო. და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი. და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაჲ. და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ! და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად. და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი. |
ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული
აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს? ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს. და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა. მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ! გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის. |
შესაკრებლის მთავრის ხალხს ქრისტე ერთ ჩვეულებრივ მოძღვრად მიაჩნდათ, რის გამოც სთხოვდნენ მისულიყო და ელოცა გოგონასთვის. ბოლო კი, როდესაც ის მოკვდა, იფიქრეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო მისი სიკვიდილის შემდგომ. მაგრამ უფალი ამხნევებს მამას და ეუბნება: „მხოლოდ ირწმუნე“. ამასთან, არავის რთავს ნებას გაჰყვეს, გარდა სამი მოწაფისა, იმიტომ, რომ მდაბალ იესოს არაფერი სურს აკეთოს სხვების დასანახად. მის სიტყვებზე, „ბავში არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“, იცინიან; ეს იმიტომ დაუშვა, რომ შემდგომ არ ჰქონოდათ საბაბი ეთქვათ, თითქოს მას გული წაუვიდა და გასაკვირი არ არის, თუკი აღადგინა იგი. პირიქით, ტავინათი თავი თვითონვე ამხილეს ტავიანთი მოწმობით მის მიერ ნამდვილად მკვდრის აღდგინების შესახებ, როცა გაიცინეს კიდეც მის სიტყვებზე, რომ იგი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. უფალი მის ხელს ხელში იღებს, რათა გადასცეს ძალა. ხოლო მისთვის საჭმლის მიცემას იმიტომ ბრძანებს, რათა დაარწმუნოს აღდგომაში, როგორც ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად მომხდარში.