ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეთორმეტე

(თ. 12, მ. 1-9)

და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.

და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.

ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.

მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.

და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.

უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.

ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.

და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.

აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.

ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.

კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს.

ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.

ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.

მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო.

შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.

მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ დაასხა მარჯვენამ შენმან“, (ფსალმუნი 79, 15); და მოსეც ამბობს „შეიყვანენ და დანერგე იგინი მთასა მკვიდრობისა შენისასა“ (გამოსვლა 15, 17), ზღუდის ქვეშ იგულისმება სჯული, რომელიც უკრძალავდა იუდეველ ხალხს სხვა ხალხთან შერევას. გოდოლი არის ტაძარი, რომელიც შესანიშნავი იყო. საწნახელად იწოდება საკურთხეველი, რომელზეც მსხვერპლშეწირვის სისხლი იღვრებოდა. ღმერთმა მისცა თავისი ხალხი „მევენახეებს“, ანუ იუდეველ მოძღვრებსა და მმართველებს, ყველას თავის დროზე. მა თავიდან ერთი მონა გამოგვიგზავნა, ანუ როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, წინასწარმეტყველნი, დაახლოებით ელიას დროისა, მაგალითად მიქია, რომელიც სცემა ცრუწინასწარმეტყველმა ცედეკიამ (3, მეფეთა 22, 24); გამოგზავნა სხვა, რომელსაც ქვებით გაუტეხეს თავი და ამრიგად სრულიად შეგინებულ ჰყვეს - ეს შეიძლება მივაკუთვნოთ ოსესა და ისაიას დროს; გამოგზავნა მესამე მონაც, ვისშიც შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველთა ტყვეობის დროინდელი წინასწარმეტყველნი, მაგალითად დანიელი და იეზეკიელი. და ბოლოს, უფალმა თავისი ძე გამოგზავნა (რომელიც ადამიანად კაცთმოყვარეწობის გამო იწოდება), ამბობდა რა: „შეიკდემონ ძისა ჩემისათვის“. თქვა ეს რა იმის გამო, რომ იცოდა, თუ რას უზამდნენ მის ძეს, არამედ გამოხატა ის, თუ (მისი განზრახვით) რა უნდა ყოფილიყო და რა იყო შესაძლებელი. მაგრამ, ბოროტმა ქუეყანის-მოქმედებმა, იცოდნენ რა რომ ეს მემკვიდრეა ვენახისა, გაიყვანეს იგი ვენახის გარეთ, ანუ იერუსალიმის გარეთ და მოკლეს. ქრისტე მართლაც ქალაქის გარეთ იქნა ჯვარცმული. სამაგიეროდ ვენახის პატრონი, მამა მოკლული ძისა, ანუ უფრო უკეთ, თავად მოკლული ძე დაღუპავს ქუეყნის-მოქმედთ. მისცეს რა მათ რომაელებს, ხოლო თავის ვენახს სხვა ქუეყანის-მოქმედთ გადასცემს, ანუ მოციქულებს. გინდა იცოდე, მოციქულებმა როგორ დაამუშავეს ეს ვენახი? წაიკითხე საქმე მოციქულთა და ნახავ, თუ როგორ ირწმუნა სამმა ატასმა (საქმ. მოციქ. 2, 41) და ხუთმა ათასმა სულმა ერთბაშად (საქმე მოციქ. 4, 4) და დაიწყეს ნაყოფის მოტანა ღმრთისათვის.

(თ. 12, მ. 10-12)

არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა?

უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?

უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

ყოველივე ამით უფალი გვიჩვენებს, რომ იუდეველები უარყოფილნი არიან, ხოლო წარმართნი შეწყალებულნი. „ლოდი“ თავად უფალია, ხოლო „მაშენებელნი“ არსებითად ხალხის მოძღვარნი. ამრიგად, ის ვინც შეურაცხყვეს ამ მოძღვრებმა, ის „იქმნა თავად კიდეთა“, გახდა რა ეკლესიის თავი: რადგან კიდე აღნიშნავს ეკლესიას, რომელიც თავს უყრის და აერთიანებს ყველას - იუდეველბსაც და წარმართებსაც, ისევე როგორც კიდე აერთებს ორ კედელს, ხვდებიან რა ისინი ერთმანეთს მასში. კიდე, ანუ ეკლესია „უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა“, ერთგულთა მაშინ, როდესაც ურწმუნოებს თავად სასწულების კი სიცრუედ ეჩვენებოდათ. ამრიგად, ეკლესია საკვირველია, იმიტომ, რომ იგი სასწაულებზეა დაფუძვნებული მოციქულთათვის „უფლის შეწევნითა“ და სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი - იგი შეუდგეს მას სასწაულნი“ (მარკოზი, 16, 20)

(თ. 12, მ. 13-17)

და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა.

ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ?

ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.

მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.

მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ?

ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო.

მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.

იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.

ჰეროდიანე;ებზე ვთქვით ჩვენ სხვა ადგილას, რომ ეს იყო რაღაც ახლადწარმოქმნილი სექტა ადამიანებისა, რომლებიც ჰეროდეს ქრისტეს უწოდებდნენ იმ მიზეზით, რომ მის დრო დამთავრდა იუდეველ მეფეთა მემკვიდრეობითობა. სხვები კი ამბობდნენ, რომ ჰეროდიანელებად იწოდებიან აქ ჰეროდეს მეომრები, რომლებიც ფარისევლებმა წაიყვანეს, რათა ისინი მოწმენი ყოფილიყვნენ იმისა, თუ რას იტყოდა ქრისტე, ხოლო შემდეგ შეძლებოდათ შეეპყროთ იგი და სასამართლოსთვის წარედგინათ. მაგრამ შეხედე მათ ავზნეობას, თუ როგორი პირმოთნეობით ესხმიან თავს საცდუნებლად უფალს! ვიცით, ეუბნებიან, რომ შენ არ უყურებ არავის სახეზე, ამიტომ თავად კეისრისაც არ შეგეშინდება. და მაინც, ეს მხოლოდ ეშმაკობა იყო, რომ ყველა შემთხვევაში დაეჭირათ იგი სიტყვაში. ვინაიდან, თუკი იგი იტყოდა, რომ კეისრისთვის ხარკი უნდა გადაეხადათ, ისინი დაადანაშაულებდნენ მას ხალხის წინაშე იმაში, რომ იგი სხვის უღელს უმონებს ხალხს, ხოლო თუკი იტყოდა, რომ არ უნდა გადაეხადათ, მაშინ ისინი შეძლებდნენ კეისრის წინააღმდეგ ხალხის აჯანყებაში მის დადანაშაულებას. მაგრამ წყარო ყოველგვარი სიბრძნისა იცილებს მათ ხრიკებს. მაჩვენეთ მე, ამბობს, დინარი და იხილა რა მასზე კეისრის გამოსახულება, თქვა: ის რაზეც ამგვარი გამოსახულებაა მიეცით მასზე გამოსახულ პირს, ანუ კეისარს, ხოლო „ღმრთისა ღმერთს“. ანუ ვალდებულება კეისრისთვის ხარკის გადასახადისა, ოდნავადაც არ გიშლით ხელს ღმრთის თაყვანისცემის საქმეში, რადგანაც შეგიძლიათ ღმერთსაც შესაფერისი პატივი მიაგოთ. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვყავს ერთგვარი კეისარი: ეს აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებანია. ამგვარად, უფალი გვამცნებს სხეულსაც მივცეთ ჩვეული საკვები და საჭირო სამოსელი და „ღმრთისაც ღმერთს“, ანუ მღვიძარება, ლოცვა და ასე შემდეგ. ჩვენი ძალისამებრ, მაგრამ ეშმაკსაც და ამ კეისარსაც გადაუგდე ის, რაც მისგან მოგეცა, როგორიცაა: მრისხანება, ბოროტი ვნება; ხოლო ღმერთს მიეცი ღმრთისა - სიმდაბლე, თავის შეკავება ყოველივეში და ასე შემდეგ.

(თ. 12, მ 18-27)

და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:

მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.

აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი;

და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე,

ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.

აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ?

რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?

არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.

მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:

მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.

იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.

მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც.

შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.

მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.

იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას?

რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.

ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.

სადუკეველები უდეველებს შორის ისეთი ერეტიკოსები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული. როგორც ვერაგი ადამიანები, ისინი იგონებდნენ ამგვარ ამბავს, რათა გარდააქციონ აღდგომის ჭეშმარიტება მისით. ისინი სვამენ კითხვას იმაზე, რაც არასოდეს ყოფილა და არც შეიძლება იყოს. ის, რომ შვიდ ქმარს (ერთი მეორის მიყოლებით) ერთი და იგივე ქალი მოჰყავთ ცოლად, ეს მათ იმისთვის გამოიგონეს, რათა უფრო მეტად დაეცინათ აღდგომისთვის. უფალი რაღას ამბობს? რამდენადაც ისინი თავისი კითხვის საფუძვლად მოსეს სჯულს წარმოადგენდნე, იგი ამხელს მათ წერილის არცოდნაში. თქვენ, ეუბნება ვერ გულისხმაყოფთ, რომ აღდგომაზეა წერილში საუბარი; თქვენ ფიქრობთ, რომ აღდგომისას ადამიანები ისეთივე მდგომარეობაში იქნებიან (ხორცითა და სულით) როგორც ახლა არიან; არა, ასე არ არის. თქვენ არ გესმით წერილის აზრი და ღმრთის ძალასაც ვერ სწვდებით. თქვენ, როგორც სჩანს, ყუადღებას აქცევთ მხოლოდ საქმის სირთულეს და ამიტომ, საგონებელში ხართ ჩავარდნილი, თუ როგორ შეუძლიათ დაშლილ სხეულებს კვლავ სულებთან შეერთება. მაგრამ ღმრთის ზალისთვის ეს არაფერს ნიშნავს. აღდგომის შემდგომ აღმდგართა მდგომარეობა გრძნობადი კი არ იქნება, არამედ ღმრთის მიმსგავსებული, ხოლო ცხორების წესი ანგელოზებრივი. რადგანაც ჩვენ უკვე აღარ დავექვემდებარებით ხრწნას, არამედ საუკუნოდ ვიცხოვრებთ, ხოლო ამ მიზეზით ქორწინებაც მოისპობა. ახლა ქორწინება არსებობს მოკვდავობის მიზეზით, რათა ვაგრძელებთ რა გვარს, არ ამოვწყდეთ. მაგრამ მაშინ, ანგელოზთა მსგავსად, ადამიანები იარსებებნ ქორწინების გარეშეც, არასოდეს შემცირდებიან რაოდენობრივად და ყოველთვის მოუკლებლად იქნებიან. კიდევ სხვა მხრივ, აღმოჩნდენ სადუკეველები უმეცარნი წერილთან მიმართებაში. მათ რომ ის ესმოდეთ, მიხვდებოდნენ, რატომაა ნათქვამი: „მე ვარ ღმერთი, აბრაჰამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა“ - რაც მიუთითებს ცოცხლებზე, ვინაიდან უფალს არ უთქვამს: „მე ვიყავი“, არამედ „მე ვარ“ ღმერთი მათი, როგორც ცოცხლებისა და არა მკვდრებისა. მაგრამ იქნებ, იტყვის ვინმე, უფალმა ეს მხოლოდ მამამთავრების სულებზე თქვა და არა, მასთან ერთად, სხეულებზეც და რომ აქედან არ შეიძლება დავასკვნათ სხეულთა აღდგომაზე. ამაზე გეტყვით, რომ აბრაამად იწოდება არა მხოლოდ სული, არამედ ერთიანობაში სული და სხეული, რამდენადაც ღმერთი არის ღმერთი სხეულიც, ისეა ცოცხალია ღმრთის წინაშე და არარაში არ დანთქმულა. შემდგომში, რამდენადაც სადუკეველებს მხოლოდ სხეულთა აღდგომა, არ სწამდათ უფალიც ეუბნება მათ სხეულებზე, რომ იგინი ღმრთის წინაშე ცოცხალნი არიან და არა სულებზე; ამ უკანასკნელს სცნობდნენ სადუკეველებიც. შემდეგ დააკვირდით ამასაც: აღდგომა არის დაცემულის აღდგინება: მიწიდან, ნაცრიდან, მაგრამ დაეცა არა სული (იგი უკვდავია), არამედ სხეული. მაშასადამე, იგი აღდგება კიდეც, კვლავ შეუერთდება რა მოკავშირე სულს.

(თ. 12, მ. 28-34)

და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?

ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;

და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.

და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.

ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;

და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.

და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.

მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება?

ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!

და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.

და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება.

მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა;

და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.

როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.

მათე ამბობს, რომ მწიგნობარი მივიდა (ქრისტესთან) „გამოსაცდელას“, ხოლო მარკოზი შენიშნავს მის შესახებ, რომ მან „გონიერად მიუგა“. ხომ არ ეწინააღმდეგებიან მახარებელნი ერთმანეთს? არა; თავიდან, როგორც ჩანს, იგი ეკითხებოდა, როგორც ადამიანი, რომელიც სცდის, ხოლო შემდეგ გონს მოეგო ქრისტეს პასუხით და გონიერად მიუგა და ამგვარად, შექება დაიმსახურა. თუმცა, დააკვირდი, რომ შექებაც მოწმობს მასზე, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილზე, ვინაიდან ქრისტეს არ უთქვამს: „შენ ღმრთის სასუფეველში იმყოფები“, არამედ მხოლოდ „არა შორს ხარ“. რატომ სთავაზობს სჯულის მოძღვარი ასე თამამად ქრისტეს თავის კითხვას? იგი ფიქრობდა ეჩვენებინა თავი სრულყოფილად სჯულის კანონში და ამიტომ მიმართავს მას ამგვარი სიტყვით, თითქოსდა მხოლოდ სჯულს ეხება. მაგრამ, უფალს სურს რა უჩვენოს, რომ სიყვარულის გარეშე, მოყვასის სიძულვილის შემთხვევაში, არ აღესრულება სჯული, პასუხობს სჯულის მოძღვარს, რომ პირველი და დიდი მცნება არის ღმრთის სიყვარული, ხოლო მეორე , მსგავსი ამისა - მოყვასის სიყვარული. რატომ მსგავსი? იმიტომ, რომ ისინი ორივე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. რადგან ღმერთის მოყვარულს მისი ქმნილებაც უყვარს, ხოლო ღმერთთან ყველაზე უფრო ახლო მდგომი ქმნილება ადამიანია; მაშასადამე, ღმერთის მოყვარული ყველა ადამიანსაც შეიყვარებს. და პირუკუ, ვისაც უყვარს მოყვასი, მას მითუმეტეს უყვარს ღმერთი; ვინაიდან, თუკის მას უყვარს ადამიანები, რომლებიც ხშირად საცდურთა და სიძულვილის მიზეზნი არიან, მით უფრო უყვარს ღმერთი, ყოველთვის კეტილისმყოფელი. ისმინე ღმრთის სიტყვაც: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არც, რომელსა უყუარ მე“ (იაოანე, 14, 21). ხედავ, რომ ღმრთის სიყვარულზეა დამოკიდებული მისი მცნებაბების აღსრულება, ხოლო მისი ყველა მცნება ერთ რამეში იყრის თავს - ურთიერთსიყვარულში. და სხვა ადგილას (უფალი ამბობს): „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთსა“ (იოანე 13, 35). ხედავ, რომ ურთიერთსიყვარულზე დგას ქრისტესადმი სიყვარულიც და მისი ჭეშმარიტი მოწაფეები და მეგობრები ამით შეიცნობიან. ყურადღება მიაქციე იმასაც, თუ პასუხში სჯულის მოძღვრის მიმართ, როგორ ჩამოთვალა მან ყველა ძალა სულისა. სულში არის ძალა ცხოველური; მასზე მიუთითებს სიტყვებით: „ყოვლითა სულითა“, რამეთუ ქრისტე გვიბრძანებს, რომ გაღიზიანებისა და გულისთქმის ძალა სავსებით დავუმორჩილოთ ღმრთისადმი სიყვარულს. არის მეორე ძალაც სულისა, რომელიც იწოდება მშვინვიერად, სხვაგვარად მას მკვებავი და მასაზრდოებელი ძალა ეწოდება. და ეს ძალაც მთლიადა ღმერთს უნდა მივუძღვნათ. დაბოლოს, არის სულსი გონიერი ძალაც, რომელსაც სჯული „აზრს“ უწოდებს. ამრიგად, ყველა ძალა სულისა სიყვარულისადმი უნდა იქნეს მიმართული.

(თ. 12, მ. 35-40)

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.

და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა,

და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა,

რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.

კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?

რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.

და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,

სინაგოგებში - წინა რიბები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა.

რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.

რამდენადაც უფალი უნდა ვნებულიყო, იგი ასწორებს მწიგნობართა მცდარ წარმოდეგნას იმის შესახებ, რომ ქრისტე არის (მხოლოდ) დავითის ძე და არა ღმრთისა, ამიტომ იგი ტავად დავითის სიტყვებიდან უჩვენებს, რომ იგი (ქრისტე) - ღმერთია, და არა უბრალოდ, არამედ შესაშინებლად ამბობს: „ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენი ქუეშე ფერხთა შენთა“. ხოლო ისინი (მწიგნობარნი და ფარისეველნი) იყვნენ კიდეც ის მტრები, რომლებიც მამა ღმერთმა ქრისტეს ფერხთით დახსნა. დააკვირდი იმასაც, თუ როგორ ეკითხება რათა არ დააბრკოლოს ისინი, მას არ უთქვამს: რას ფიქრობთ ჩემზე, არამედ - ქრისტეზე. მაგრამ თქვენ ვერ იტყვით, რომ დავითმა ეს სულიწმიდის ჩაგონებით არ წარმოსთქვა. არა, მან სულით უწოდა მას (ქრისტეს) უფალი, სნუ სულიწმიდის მადლით აღძრულმა. როგორღა ვიფიქროთ, რომ ქრისტე მხოლოდ დავითის ძეა და არა ამასთანავე, უფალი მისი და ღმერთი? უბრალო ხალხი, ნათქვამია, „ისმენდა მისსა ტკბილად“ და მან დაუწყო ლაპარაკი ერს: ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებიც დიდებულ სამოსს ატარებენ და ამის გამო მოითხოვენ თავისთვის პატივს; რომელთაც უყვარს მოკითხვისა და ქების მიღება მოედნებზე და ყველა სხვა ნიშანი დიდებისა; რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს, შეიპარებიან რა ამ დაუცველ ქალებთან მათი დამცველების სახით; რომელნიც მოჩვენებითი განგრძნობილი ლოცვით, გარეგნული ღმრისმოსაობითა და პირმოთნეობით აცდუნებენ რა გამოუცდელთ, გადასჭამენ მდიდართა სახლებს. სამაგიეროდ, ისინი უფრო უმძჲმეს სასჯელს მიიღებენ, ვიდრე სხვა იუდეველები, რომლებიც სცოდავენ: (სიბრძნე სოლომ. 6, 6) „მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან“ (სიბრძნე სოლომ. 6, 6) ესაუბრება რა ამგვარად ხალხს, უფალი ამასთან მოციქულებსაც ასწავლის, რათა მათ არ მიბაძონ მწიგნობართა მაგალითს, არამედ თავად მას ბაძავდნენ. რამდენადაც იგი ეკლესიის მოძღვრებად ადგენდა მათ, სამართლიანობის მიხედვით ცხოვრების წესებსაც ჩამოუთვლის.

(თ. 12, მ. 41-44)

და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.

და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე.

და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას;

რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.

დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.

მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს.

მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში.

ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.

იუდეველბმა შემოინახეს განსაკუთრებული ჩვეულება, ის, რომ ვისაც ჰქონდა და სურდა სწირავდა საეკლესიო საგანძურში, რომელსაც „გაზოფილაკიონი“ ეწოდებოდა, რომლიდანაც იღებდნენ გარკვეულ ქონებას მღვდლები, გლახაკები და ქვრივები. მრავალთა შორის, რომელიც ამას ჰყოფდა, მივიდა ქვრივიც და მდიდრებზე უფრო მეტი გულმოდგინება უჩვენა. დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომ შენ მცირედსაც დიდზე უფრო მეტად შეიწირავ! ჰოი, ჩემი სულიც რომ ამ ქვრივს მიმსგავსებოდა, სატანის უარმყოფელი, რომელსაც უმსგავსი საქმეებით შეერთო, და საეკლეიო საგანძურში „ორი მწვლილის“ შეწირვა გადაეწყვიტა - სხეულის და გონების, სრულმყოფელის სხეულისა თავშეკავებით, ხოლო გონებისა სიმდაბლით, რათა მეც გამეგონა, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთს მივუძღვენი, ამსოფლიურ ზრახვითა და ხორციელ წადილთაგან თავისუფალმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16