იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

იღუმენ ნიკონის შესახებ დღემდე ცოტა რამ იყო ცნობილი. ის გარდაიცვალა 1963 წლის 7 სექტემბერს, ხრუშოვისეული დევნა-შევიწროების დროს. საზოგადოება ახლახან გაეცნო მის ბიოგრაფიას, რომელშიც მკაფიოდ ჩანს იღუმენ ნიკონის უჩვეულო ცხოვრების გზა.

იღუმენი ნიკონი (ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ვორობიოვი) დაიბადა 1894 წელს, ტვერის გუბერნიის ბეჟენსკის მაზრაში, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში, სადაც ნიჭიერება გამოავლინა სხვადასხვა საგანში: მუსიკაში, ფერწერაში, მათემატიკაში, უცხო ენებში. სურდა რა ექიმ-ფსიქიატრი გამხდარიყო, ჩაირიცხა პეტერბურგის ნევროლოგიის ინსტიტუტში, მაგარმ აქ მოხდა ძირეული გარდატეხა მის მსოფლმხედველობაში. ის დარწმუნდა, რომ მეცნიერება უძლურია ადამიანის შეცნობის საკითხში და მთელი არსებით ღმერთს მიმართა. პირველი კურსის შემდეგ მიატოვა ინსტიტუტი და განმარტოებული ასკეტური ცხოვრება დაიწყო. სწავლობდა სახარებასა და წმინდა მამათა ცხოვრებას, რომლებშიც პოვა თავის სულიერ მოთხოვნილებათა შესატყვისი „ჭეშმარიტი ფასეულობანი“. 1917 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სასულიერი აკადემიაში, რომლის დამთავრებაც არ დასცალდა, რადგან 1918 წელს ხელისუფლებამ აკადემია დახურა. სწავლას მოწყვეტილი სტუდენტი ისევ მოსაგრეობრივ ცხოვრებას დაუბრუნდა. მთელი ათი წელი მან პატარა ქალაქ სუხინიჩში გაატარა ლოცვებში. მონაზვნობა მხოლოდ 1931 წელს მიიღო მინსკში, ერთი წლის შემდეგ იქვე აკურთხეს მღვდლად. ბერად აღკვეცის დღეს, 1933 წლის 23 მარტს, ნიკონი დააპატიმრეს და ოთხი წლით გადაასახლეს ციმბირის ბანაკებში. განთავისუფლების შემდეგ ვიშნი ვლოცკში მოსამსახურედ მოეწყო კერძო ექიმთან. ომის მიწურულს, როცა სამრევლოები გაიხსნა, ნიკონი მღვდლად დანიშნეს კოზელში. იქ ძმობის წევრებმა, ნახეს რა მისი ქადაგების წარმატება, შურით ცილი დასწამეს, რის გამოც, გარკვეული დროის მანძილზე, ნიკონს ღმრთისმსახურება აუკრძალეს. შემდეგ, 1947 წელს, ის მონაცვლეობით გადაყავდათ ბელოვში, ეფრემოვსა თუ სმოლენსკში, საიდანაც, გადასახლების მსგავსად, გაგზავნეს ქალაქ გჟატსკის სამრევლოში, რომელიც იმჟამად გაპარტახებული იყო. აქ მან სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო, მოიპოვა სამწყსოსა და სასულიერო პირთა დიდი სიყვარული. იმდენად დიდი წარმატება ჰქონდა, რომ ერთხანს მნახველთა მიღებაც კი აუკრძალეს. მისივე აღიარებით, მხოლოდ ამ უკანასნელ პერიოდში მიაღწია „სიმდაბლის საწყისს“ ე.ი. ნათლად გაიგო არა გონებით, არამედ გულით, რომ ჩვენ თავისთავად არარანი ვართ, ვართ მხოლოდ ღვთის ქმნილებანი; რომ „ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია ღვთის წყალობის გარდა“.

იღუმენ ნიკონის სულიერ წერილა კრებულში იგრძნობა მტკიცე რწმენა, ფსიქოლიგიის, კულტურის უბრალო, მაგრამ ამავე დროს განბრძნობილი ცოდნა. ეს წერილები პასუხობენ თანამედროვე კითხვებს, მათი საფუძველია უფლის განკაცება, როგორც ადამიანისადმი ღმრთის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება და ჯოჯოხეთის ტანჯვათა რეალურად არსებობა მათთვის, ვინც შეგნებულად უარს ამბობს ამ სიყვარულზე. მისი წყაროა აღმოსავლეთის ასკეტიკის ორი დიდი სვეტი: იოანი კიბისაღმწრელი (მე-6 ს.). და ეფრემ ასური (მე-7 - მე-8 ს.ს.), ხოლო რუს მამათაგან ეპისკოპოსი ეგნათე ბრიანჩანინოვი, „რომელმაც წმინდა მამათა შრომები გადმოგვცა თანამედროვე ფსიქოლოგიის გათვასისწინებით უფრო გასაგებად“. როგორც ისინი, იღუმენი ნიკონიც უპირველეს ყოვლისა, ძალზე ხშირად მოგვიწოდებს ჭეშმარიტი სიმდაბლისაკენ, რომლის გაეშეც „ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ სულიერ ცხოვრებაში, მით უმეტეს, ვერც ცხონებას“.

იღუმენ ნიკონის წერილები ღრმადაა დაფუძნებული ყველაზე დიად და ყველაზე წმინდა მართლმადიდებლურ ტრადიციაზე, მაგრამ ამასთანავე ახლებურად ჟღერს, რადგან დაწერილია არა გონებით, არა წიგნებისა და სხვისი სიტყვების მიხედვით, არამედ სულის დაფარულ სიღრმეში წლების მანძლიზე მიმდინარე შინაგანი ბრძოლის შედეგად მიღებული ჭეშმარიტი გამოცდილების საფუძველზე.

 

წერილები სულიერ შვილებს

1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20 
21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40 
41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57 
58  59  60  61  62  63